რეზერვის შექმნა საბაბით, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, მართებული გადაწყვეტილება კი არა, მძიმე  შეცდომა იქნება

    დასავლეთმა კარგად იცის, რომ ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს საქართველოს გადასაყლაპავად ერთი კვირაც არ დასჭირდება, მაგრამ “სტრატეგიული მეგობრები “ამაზეც თანახმა არიან, რადგან მიიღებენ უმთავრესს - საომარ ტერიტორიას, სამხედრო პოლიგონს, რომელსაც საქართველო ერქმევა ... ხვდებით, რა დონეზე ვყავართ გაწირული?

    239

    დასავლეთში უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მეორე ფრონტს გავუხსნით და იმ გაკვეთილიდან, რომელიც უკრაინის მაგალითზე უნდა მიგვეღო, ვერაფერი  ვისწავლეთ.

    ბოლო დღეებია, საეჭვოდ დაიწყო საუბარი იმაზე, რა რეზერვები აქვს  ქვეყანას და მოახერხებს თუ არა ომის პირობებში საკუთარი მოსახლეობის  გამოკვებას რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც. ჯერ ვერ გავარკვიეთ,  რატომ ალაპარაკდა ომზე მავანი, მაგრამ, ზოგადად, რეზერვი ცუდი არ არის, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ბაზარი (განსაკუთრებით სასურსათო), არასტაბილურია  და ფასები ხშირად  თამაშობს. ისე, დიდი ქვეყნები არ მალავენ, რომ დაახლოებით ორი ათეული წლის შემდეგ მსოფლიოსთვის მთავარი პრობლემა ხარისხიანი საკვები იქნება და არა ნავთობისა და ოქროს ფასი.

    ხარისხიანი საკვები  ძნელი საშოვნელი რომ არის, უფროსი თაობა უფრო დაგვეთანხმება, ისინი, ვისაც პროდუქტების ძველი გემო და სუნი ახსოვს. ჰო, სუნი, რადგან დღეს თითქოს წარმოუდგენელია,  შინ   საზამთრო დაჭრა და   მისი სურნელი დატრიალდეს, ან კიტრი გათალო და მისი სუნი დადგეს. სუნთან ერთად პროდუქტებმა გემოც დაკარგა… საქართველოში ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი „ავადსახსენებელი“ კომუნისტების პერიოდში იყიდებოდა და პროდუქტის ხარისხი  სწორედ იმხანად იყო მაღალი და გამორჩეული.

    რა ძნელი მისახვედრია, რომ „მოსალოდნელ ომს“ რუსეთთან გვიანონსებენ. დასავლეთში უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მეორე ფრონტს გავუხსნით და იმ გაკვეთილიდან, რომელიც უკრაინის მაგალითზე უნდა მიგვეღო, ვერაფერი  ვისწავლეთ. ისე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის  ბოლო განცხადება იყო საინტერესო:  ჩვენ ვიბრძვით იმ იარაღით, რომელსაც გვაწვდიან, და არა იმით, რომელზეც საუბრობენ, გვიანონსებენ და არ გვაძლევენო. ზელენსკის არც ის დაუმალავს, რომ ავდეევკა, უკრაინის ბრძოლის სიმბოლოდ აღიარებული დასახლებული პუნქტი, სწორედ იარაღის უქონლობის  გამო დათმეს.  მან დასავლელი პარტნიორებიც დაანამუსა, მაგრამ სახეზე სიწითლე არავის დასტყობია. ამ გადმოსახედიდან თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთმა (განსაკუთრებით ამერიკამ)  უკრაინა-რუსეთის ომიდან უკვე მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა, დანარჩენი კი, უბრალოდ, დეტალებია.  ახლა უკრაინის რჩენა და იარაღით მომარაგება მძიმე ტვირთად აწევს და აღარ სურს, კიდევ უფრო დაიხარჯოს. აგერ,  ცოტა ხნის წინათ ევროკავშირმა უკრაინას დახმარების 16-მილიარდიანი პაკეტი დაუმტკიცა და ამის შესახებ ზარ-ზეიმით ამცნო საზოგადოებრიობას, თუმცა ევროპარლამენტარებიდან და ევროპელი ლიდერებიდან არავის უთქვამს, რომ დაპირება 50 მლრდ ევროზე იყო, მაგრამ 34 მლრდ „სადღაც“ გაქრა. იგივე ითქმის ამერიკაზეც, კონგრესში შეტანილი დახმარების 100-მილიარდიანი პაკეტიდან საბოლოოდ ნახევარი დამტკიცდა და  ძალიან კარგად ხვდება უკრაინა, ყელამდე ქაქში  რომ არის, მაგრამ ხელს არავინ უწვდის ამოსაყვანად, არავის სურს, უკრაინულ ქაქში  ხელის ჩაყოფა, მერე რა, რომ მისი  99% სწორედ დასავლეთის მოსაქმებულია.

    საქართველოს რეზერვებს დავუბრუნდეთ. თურმე შესაძლებელი ყოფილა, საქართველოში ნახევარი მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის  შესანახი საცავი ავაშენოთ და ეს ოდენობა კარგა ხანს გვეყოფა. ჰო, საცავი რომ აშენდება, იქ რუსული ბუნებრივი აირი უნდა შევინახოთ. ასევე შესაძლებელი ყოფილა, დაახლოებით 3-4 თვის საკმარისი ხორბალი ვიყიდოთ და ამ ხნის განმავლობაში, კრიზისის შემთხვევაში, პურზე პრობლემა არ გვექნება. იგივე შეიძლება გაკეთდეს ბურღულეულზეც და საინტერესო ორივე შემთხვევაში  არის ის, რომ, დასავლელი ექსპერტების აზრით, ხორბალიც და ბურღუეულიც  რუსეთიდან უნდა შემოვიტანოთ. შესაძლებელია ნავთობპროდუქტების მარაგის შექმნაც, ბენზინის, დიზელის  საწვავის, და ისინიც რუსეთიდან არის შემოსატანი. აი, აქ ჩნდება  ყველაზე საინტერესო კითხვა:  ჯერ ჩვენ ყველაფერი შემოგვაქვს რუსეთიდან და შემდეგ რუსეთი იწყებს ომს? ანუ, ჯერ გვამარაგებს და ომს მერე იწყებს თუ პირიქით –   ჩვენ ვიღებთ მარაგებს და შემდეგ, ვინც ეს მარაგი მოგვცა, ვუწყებთ ომს? ჰო, მეორე ვარიანტი უფრო მართებულია, რადგან, თუ ხელისუფლება შეიცვლება, შანსი იმისა, რომ საქართველომ  მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს, უზარმაზარი იქნება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია პირველს, რასაც გააკეთებს, მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, მიშას კი  ჭკუა ნაკლებად მოეკითხება.

    სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილმა თქვა, დასავლელი პარტნიორები მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე როცა მიგვანიშნებდნენ, იქვე დასძენდნენ, ჩვენგან სამხედრო დახმარებას, ეკონომიკურ თუ ფინანსურ ქოლგასა და სასურსათო პროგრამას არ ელოდოთო. ანუ, ხვდებით, რა დონეზე ვყავართ გაწირული? მზად იყვნენ, საქართველო ომში ჩაეთრიათ და შემდეგ ზუსტად ისე დაიწყებდნენ საუბარს, როგორც 2008 წელს აშშ-ის  სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი:  სააკაშვილს ვაფრთხილებდი,  რუსეთთან ომი არ დაეწყო, მაგრამ თავისი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთს საფუძველი მისცაო. ჰო, ახლაც გვაიძულებენ ომის დაწყებას  და შემდეგ იტყვიან, საფუძველი თქვენ მიეცით, ჩვენ რა შუაში ვართო. დასავლეთმა  კარგად იცის, რომ ომის დაწყების  შემთხვევაში, რუსეთს საქართველოს გადასაყლაპავად ერთი კვირაც არ დასჭირდება, მაგრამ ამაზეც თანახმა არიან, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ უმთავრესს – საომარ ტერიტორიას და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამხედრო პოლიგონზე, რომელსაც საქართველო ერქმევა,  სამხედრო ბაზები განალაგონ.

    დასავლეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოსთვის არანაირ ეკონომიკურ გეგმასა თუ განვითარების პერსპექტივას  არც კი  განიხილავს. დაასახელეთ ერთი პროექტი მაინც, რომელიც საქართველოში დასავლეთმა (ამერიკა, ევროკავშირი) განახორციელა და მას ისეთი ეფექტი ჰქონდა, ქვეყანამ შვება იგრძნო, ეკონომიკას დაეტყო, სადმე რამე ნიშა დავიკავეთ. არა, ბატონებო, არა. შესადარებლად გეტყვით:  ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთი მსოფლიოში სოკოს ნომერი პირველი მიმწოდებელია, თურქეთმა მარწყვის წარმოებაში მოხსნა რეკორდი და მსოფლიოში ლიდერობს, ნიდერლანდები სოფლის მეურნეობის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებაში არის საუკეთესო  და… პოლონეთსა და თურქეთს თავი რომ დავანებოთ, ნიდერლანდებს ჩვენზე გაცილებით ნაკლები მიწის ფართობი აქვს, მოსახლეობა კი ჩვენზე ხუთჯერ მეტი და მაინც პირველები არიან. თურქეთში, რომელიც მარწყვის ყველაზე დიდი მწარმოებელია, წარმატებულად ითვლება ფერმერი, რომელსაც მარწყვი 15 ჰექტარზე მოჰყავს, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებით 15 ჰექტარზე იმდენი მოჰყავს, რომ იმ ქვეყანაში ლიდრობს, რომელიც მსოფლიოში პირველია. ჩვენ კი… საქართველოში 15 კი არა, 500 ჰექტარი აქვს არაერთ ფერმერს,  მხოლოდ თავისით ამოსულ ბალახს თიბავენ და არანაირი ინტერესი არ აქვთ, თუნდაც მარწყვი აწარმოონ. ისე არ გაიგოთ, მხოლოდ სურვილებზე ვიყოთ დამოკიდებულნი, საქმე გასაღების ბაზარსაც ეხება და ჩვენ ბაზარზე შესვლაც გაგვიჭირდება. რეალურად, არც პოლონელები დაგვითმობენ სოკოს ბაზარს, არც ნიდერლანდელები და არც თურქები, ამიტომ თითქოს ყველაფრის დაწყება აზრს კარგავს, მაგრამ… ხომ გვეუბნება ამერიკა და ევროპა, თქვენი მეგობრები ვართო, მოგვცენ რჩევები, მოგვცენ შესაძლებლობები და, რაც მთავარია, უფლება იმისა, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება ვცადოთ, მაგრამ არა. ფლაგმანად ქცევას ვინ ჩივის, საკმარისია, რომელიმე ქართული პროდუქცია ტონაზე მეტი ოდენობით გამოჩნდეს ევროპაში და მაშინვე ახალ რეგულაციებს გვიწესებენ (თანაც, მხოლოდ ჩვენ გვიწესებენ), გატანა რომ ვეღარ მოვახერხოთ. ჰოდა, იძულებულნი ვართ, ძველი გზით ვიაროთ და ყველაფერი ისევ რუსეთში გავყიდოთ, იმ რუსეთში, რომელთან ომის დაწყებასაც, პირდაპირ თუ ირიბად, გვაიძულებენ და ამით საბოლოოდ სურთ, ქართული სახელმწიფოს სამომავლო პერსპექტივას ცელი გამოუსვან.

    კიდევ გავიმეორებთ:  ძალიან კარგია, როცა ქვეყანას აქვს მარაგი, როცა აქვს რეზერვი და თუნდაც ნავთობპროდუქტების დიდი საცავი, რადგან ფასების თამაშისას, ეგებ დროებით მაინც, დაბალი ფასი შევინარჩუნოთ ხოლმე, მაგრამ  რეზერვის შექმნა  საბაბით, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, მართებული გადაწყვეტილება კი არა, მძიმე შეცდომა იქნება. ეს შეცდომა არ დაუშვა მოქმედმა ხელისუფლებამ, მაგრამ აუცილებლად დაუშვებს  „ნაციონალური მოძრაობა“, და ვისაც  ჰგონია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ან „გირჩი“, ან „ლელო“ და ან სხვა ნებისმიერი პარტია რამეს გადაწყვეტს და ყველას ერთად არ გადაყლაპავს „ნაცმო“, ძალიან ცდება. ცალ-ცალკე გასული ნაციონალები ისევ შეერთდებიან და შეეცდებიან,  ყველაფერი ისე შეფუთონ, რომ ვეღარაფერი გავიგოთ და გავაწყოთ. ის არასამთავრობოებიც ხომ მათი გაგრძელებები არიან და ხმას ზუსტად ისე არ ამოიღებენ, როგორც ის 9 წელი იყვნენ ჩუმად და  დასავლეთიდან წამოსულ გრანტებს ინაწილებდნენ.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here