Home ახალი ამბები საქართველო რაც ცუდია ამერიკისთვის, თურმე კარგია ჩვენთვის და, რაც მთავარია, ეს უნდა დავიჯეროთ

რაც ცუდია ამერიკისთვის, თურმე კარგია ჩვენთვის და, რაც მთავარია, ეს უნდა დავიჯეროთ

ჩვენ არც კი ვიცოდით, თურმე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს და აღსადგენია

222
მეთიუ მილერი

კარგად რომ დაფიქრდეთ, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ სხვა სახელმწიფოს, რომლის საშინაო საქმეებშიც  ამერიკა და ევროპა ისე ჯიუტად ერეოდნენ, როგორც საქართველოს.  მხოლოდ დღევანდელობაზე არ ვამბობთ, გაიხსენეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდი, როცა  თანამდებობაზე დასანიშნი პირი კონტროლს ამერიკის საელჩოში გადიოდა და, თუ ამერიკის ელჩი თანხმობას არ იტყოდა, გამორიცხული იყო, ვინმე სადმე დაენიშნათ. ეს იცოდა ყველამ და, რაც მთავარია, ყველა კმაყოფილი იყო. სანაცვლოდ, დასავლელი „პარტნიორების“ მიერ დანიშნულ ადამიანებს ჰქონდათ  ყველაფრის უფლება და ყველაფერში ოპონენტების არა მხოლოდ  დაპატიმრება, არამედ  წამება და ფიზიკური განადგურებაც შედიოდა. ჰოდა, ისინიც ბოლომდე ირგებდნენ ამ პრივილეგიებს და პარალელურად ისე ძარცვავდნენ ქვეყანას, რომ მართლაც ცალ-ცალი კალოშით მოსულები მილიარდერები გახდნენ. არ შეგვშლია, მილიონერები კი არა, მილიარდერები…

 დღეს ქვეყანაში მიმდინარე  პროცესები  ბიუჯეტიდან ნაძარცვი ფულით ფინანსდება  და,  ვისაც ჰგონია, რომ ქუჩაში მართლაც გულანთებული ახალგაზრდები დგანან, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ ყველაფერს, ძალიან ცდება. ავიღოთ თუნდაც 11 მაისის აქცია, რომლის თანხაც  ხალხის ჩამოყვანით, თითოეულ მონაწილეზე 7-ლარიანი მინი-ფანრებისა და საწვიმრის, საკვების ფულის, პარალელურად, უფასო საკვების, უფასო ყავისა თუ ჩაის დარიგებით, 10 მილიონს სცდება და, თუ  ახლა ვინმე იტყვის, რომ სტუდენტებმა ეს 10 მლნ შეაგროვეს,  დამატებით კიდევ 10 მილიონი იმისთვის, რომ 12 და 13 მაისს ღამე გაეთენებინათ, გავჩუმდები, მაგრამ…

14 ამერიკელი სენატორის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას წერილი 29 კონგრესმენმა გამოუგზავნა, აქაოდა, მაგ კანონს თუ არ გაიწვევთ, ფინანსურ სანქციებზე ვიფიქრებთ, გადავხედავთ ამერიკის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარების პროგრამებსა და სავიზო რეჟიმსაცო. წერილში ერთი „უმნიშვნელო დეტალიც“ იყო – ამ კანონის გარდა, სხვა კანონიც გაიწვიეთო (დაკონკრეტებული არ არის), რომელიც ხელს უშლის მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებსო, ანუ საუბარია, ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონპროექტზე.

მოდი, დეტალურად მივყვეთ კონგრესმენების წერილს. ისინი იმუქრებიან, სავიზო რეჟიმს გადავხედავთ საქართველოსთანო და… რომელ სავიზო რეჟიმს, ბატონებო? მექსიკის საზღვარს გაამაგრებთ, საქართველოს მოქალაქეები რომ არ გადმოიპარონ? უვიზო მიმოსვლა არასდროს გვქონია და ამაზე არც მინიშნება ყოფილა. ამერიკა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე არ ფიქრობს და არც არასდროს იფიქრებს, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეები. კონგრესმენების წერილი ოპტიმისტურად სრულდება – თუ კანონს გაიწვევთ, მზად ვართ, განვაახლოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მიზნითო, ანუ ჩვენ არც კი ვიცოდით, თურმე აშშ-ან სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს და  აღსადგენია.

კონგრესმენებმა იმაზეც გააკეთეს აქცენტი, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი  FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) არანაირ კავშირში არ არის ქართული კანონპროექტის ანალოგთან და ის მხოლოდ იმიტომ შეიქმნა გასულ საუკუნეში, რომ ფაშიზმისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ებრძოლათ და  მათგან  თავი  დაეცვათ.  .კონგრესმენები აკონკრეტებენ, ჩვენს FARA-ს სხვა მიზანი არ ჰქონიაო. ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს მათან: თუ FARA მხოლოდ ფაშიზმისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო შექმნილი, ფაშიზმის გაქრობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რატომ არ გააუქმეს ეს კანონი ? მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ  მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ,   აქ მისტერ მეთიუმ იცრუა, რადგან  ამ FARA-ს ძალით შედგენილ სიაში საპატიო ადგილი უკავია  ორ ქართველს – გიული ალასანიასა და დავით კეზერაშვილს. ჰო, მიხეილ სააკაშვილის დედა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტებად არიან შერაცხილნი.  შტატებში განსაკუთრებით „კეზერას“ ერიდებიან, რადგან ამას წინათ მას ამერიკაში შესვლის უფლება არ მისცეს. არადა, სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს საქართველოში ერთ-ერთ ტელევიზიას,  ამერიკელები კი გვეუბნებიან: მეცენატია, დამოუკიდებელი ტელევიზია აქვს,  თქვენ კი დევნით, ეს პოლიტიკური შურისძიებააო. თუ  კეზერაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, წამებული და დემოკრატიისთვის მებრძოლია, შტატებში რატომ არ უშვებთ? იმიტომ ხომ არა, რომ  ევროპელი პენსიონერები  გაატყავა და ნულზე დატოვა? იქნებ იმიტომ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ამერიკიდან საჩუქრად მიღებული იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გააქრო, აქაოდა, ომში დაიკარგაო, სინამდვილეში კი გაყიდა… ანუ, რაც ცუდია ამერიკისთვის, თურმე კარგია ჩვენთვის და, რაც მთავარია, ეს უნდა დავიჯეროთ? ახლა პრეზიდენტზე ვთქვათ, რომელიც დაიმუქრა, კანონს ვეტოს დავადებო, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლები… გაახარა.

„სალომე ზურაბიშვილი თუ კანონს ვეტოს დაადებს, უნდა ახსნას, რა მიზეზით გააკეთა ეს და კონკრეტული მითითება უნდა მოგვცეს, რა არ მოსწონს და რატომ, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის განხილვაში შევალთ და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს ვეტოებზე დასკვნებს ან ენჯეოები უწერენ, ან დასავლელი მეგობრები, საინტერესო იქნება მათი მოსაზრება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ  და დასავლეთიდან შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა. ევროპარლამენტარებმა, ამერიკელმა დიპლომატებმა და აქაურმა ოპოზიციამ თუ არასამთავრობოებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, კონკრეტულ მუხლს კი არა, მთლიანად კანონს დაადოს ვეტო, ანუ თქვას, რომ კანონის არც ერთი მუხლი არ ვარგა, რაც არარეალური და წარმოუდგენელია, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, მაგრამ სალომე უკვე ჯიბეში უზის   დასავლეთს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებინებს. ამიტომ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტს არა რომელიმე კონკრეტულ მუხლზე ექნება შენიშვნა, არამედ  მთლიანად კანონს დაადებს  ვეტოს. მითითება უკვე მიღებულია და თავად ნახავთ, როგორ უსიტყვოდ შეასრულებს… ქვეყნის მთავარსარდალი.

კონგრესმენები და სენატორები კიდევ გასაგებია, მაგრამ იან კელიც აქტიურად არის ჩართული პოლემიკაში. ეს კაცი 2015 -2018 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო და  სწორედ მას აბრალებენ საქართველოს მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას. ჰოდა, კელი რეაბილიტაციას ცდილობს, ეგებ ამ სიბერეში, ლექციების წაკითხვის გარდა, კიდევ რამე დამავალონო. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ იან კელიმ დიპლომატიური კარიერა საქართველოდან წასვლის შემდეგ დაასრულა, ელჩად აღარსად აღარ გაუშვეს და სასჯელი სწორედ იმიტომ მიიღო, რომ ქართულმა ხელისუფლებამ მონობის უღლის გადაგდება დაიწყო. მერე იყო კელი დეგნანი, რომელმაც არ დაიჯერა, რომ ამერიკელებს თავს აღარ უხრიდნენ ქართველები და დაქალს „გარაჟის“ ფართობის კრებაზეც კი გაჰყვა. ახლა კი რობინ დანიგანი გვყავს, რომელსაც ერთადერთი დავალება აქვს – საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორ მოხდება. ისე, ალალად რომ ვთქვათ, დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილს, კარგა ხანია, აღარ მალავს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

წინ ძალიან მძიმე დღეები გველის. დასავლეთმა ყველა რესურსი ჩართო და ბოლომდე შეეცდება,  საქართველოს ხელისუფლებას კანონი არ მიაღებინოს, მააგრამ, თუ მაინც მიიღებს, რევოლუციაზე იფიქროს.  მოახერხეს და ქუჩაში ხალხის ის რაოდენობა გამოიყვანეს, რომელიც ოპოზიციას ასე ენატრებოდა და ყველაზე თამამ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა. ჰოდა, ახლა ამ ახალგაზრდების იმედად დასავლეთმა შეიძლება გარისკოს, რამე პროვოკაცია მოაწყოს და შემდეგ უკვე რევოლუციის მცდელობა ტექნიკის საქმეა. მით უმეტეს, ოპოზიციის ლიდერები არ მალავენ, რომ ამის სურვილი აქვთ და დრო მოვიდა, შენობების პიკეტირებაზე იფიქრონ. ამდენი ხალხის დანახვის შემდეგ  ყველა ძველი და ოდიოზური ფიგურა გამოჩნდა, აღარ იმალებიან არც გივი თარგამაძე, არც ბაჩანა ახალაია, არც ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და  წარსულის ის სხვა აჩრდილები, რომლებსაც  სწორედ მათი „საგმირო საქმეების“ გამო მალავდნენ საგულდაგულოდ.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქციის მშვიდობიანმა მონაწილეებმა იმდენი მოახერხეს, რომ ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლი აიძულეს, ტაძარი საღამოობით გამოკეტოს, რათა თავიდან  აიცილოს პროვოკაციები. არადა, მანამდე ტაძარი ლამის მთელ ღამეს ღია იყო, აქციის მონაწილეებს სასულიერო პირები მასპინძლობდნენ, მათთან ერთად ლოცულობდნენ, მაგრამ, როცა რწმენა გულსა და გონებაში არ გაქვს, ძნელია, ითამაშო და თამაშიც დასრულდა – 10 მაისს აქციის მონაწილეები ტაძარში  ლამის მუშტი-კრივზე გადავიდნენ და ამის გამო ბოდიშიც არავის მოუხდია. ახლა სწორედ ის დროა, ვიკითხოთ: ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს? – არა!  მაშ, რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს?!

ლევან გაბაშვილი

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here