Home ახალი ამბები საქართველო დიდ  სამამულო ომში გამარჯვების დღის ისტორია და  ტრადიციები

დიდ  სამამულო ომში გამარჯვების დღის ისტორია და  ტრადიციები

197
გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე

9 მაისს რუსეთსა და სხვა  სახელმწიფოებში  ყოველწლიურად აღინიშნება  1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში  გამარჯვების დღე.

დიდი სამამულო ომი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის ნაწილია, დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირსა და  გერმანიას შორის 1939 წელს დადებული  ხელშეკრულებების დარღვევით თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანიის მხარეს დადგა იტალია და რუმინეთი, 23 ივნისს მათ შეუერთდა სლოვაკეთი, 25 ივნისს – ფინეთი,  27 ივნისს – უნგრეთი,   16 აგვისტოს –  ნორვეგია.

ომი თითქმის ოთხ  წელიწადს გაგრძელდა. ეს იყო ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაშიბარენცის ზღვიდან შავ  ზღვამდე გადაჭიმულ ფრონტზე ომის სხვადასხვა პერიოდში ორივე მხრიდან  ერთდროულად იბრძოდა 8 მლნდან 13 მლნმდე ადამიანი, გამოყენებული იყო 20 ათასი ერთეული  ჯავშანტექნიკა, 85 ათასიდან 165 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი,  7 ათასიდან  19 ათასამდე თვითმფრინავი.

გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე

ნაცისტებმა თავიანთ აგრესიულ გეგმებში მთავარი ფსონი დადეს „ელვისებურ ომზე”: ერთ-ნახევარ-ორ თვეში დაემარცხებინათ წითელი არმია, დაეპყროთ მოსკოვი და ლენინგრადი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ევროპული ნაწილის ინდუსტრიული ტერიტორიები, მიეღწიათ  არხანგელსკ-ვოლგის ხაზამდე და ურალის ინდუსტრიულ რეგიონებზე ავიაციის მძლავრი  დარტყმებით  გამარჯვებით დაესრულებინათ  ომი საბჭოთა კავშირთან. ფაშისტებს  დაგეგმილი ჰქონდათ  სსრკ-ის დაშლა, მისგან უკრაინის, ბელორუსიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ყირიმის, მოლდოვისა და კავკასიის  გამოყოფა, მაგრამ  ოკუპანტთა  გეგმამ საბჭოთა ხალხზე სწრაფი გამარჯვების შესახებ კრახი განიცადა. საბჭოთა ჯარებმა სისხლისმღვრელ  ბრძოლებში გამოფიტეს  მტერი, აიძულეს იგი, გადასულიყო თავდაცვაზე მთელი  ფრონტის გასწვრივ, შემდეგ კი არაერთი მარცხი აგემეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა სისხლისმღვრელ ბრძოლებში დაამარცხეს ფაშისტები მოსკოვის, სტალინგრადის (ახლანდელი ვოლგოგრადი), ლენინგრადის მახლობლად, კურსკის რკალზე, დნეპრზე, ბელორუსიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში; სრულიად გაასუფთავეს სსრკ-ის ტერიტორია მტრისგან,  ანტიჰიტლერულ კოალიციაში შემავალი მოკავშირეების ჯარებთან  ერთად დაასრულეს ნაცისტური გერმანიის დამარცხება 1945 წელს და გაათავისუფლეს ევროპის ქვეყნები ოკუპაციისგან. საბჭოთა ჯარების გადამწყვეტი  შეტევითი მოქმედებები განხორციელდა ათასი კილომეტრის სიგრძის ფრონტზე.

1945  წლის 1 მაისს წითელი არმიის მებრძოლებმა:  მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ  ეგოროვმა  რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა აღმართეს

ფრონტზე ყველაზე დიდი დანაკარგები ნაცისტურმა გერმანიამ განიცადა.საბჭოთა ჯარებმა დაატყვევეს  და გაანადგურეს მტრის 607 დივიზია. ფრონტზე გერმანიისა და მისი მოკავშირეების აუნაზღაურებელმა  დანაკარგებმა შეადგინა 8,5 მლნზე მეტი ადამიანი. მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის 75%-ზე მეტი განადგურდა. საბჭოთა კავშირს გამარჯვება ძვირი დაუჯდა. საბჭოთა ხალხის  ადამიანურმა დანაკარგებმა (მთელი ომის განმავლობაში) შეადგინა დაახლოებით 27 მლნ ადამიანი. ოკუპანტებმა მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურეს 1710 ქალაქი და დაბა, 70 ათასზე მეტი სოფელი.

1945 წლის 24 ივნისი. გამარჯვების აღლუმი. საბჭოთა მეომრებმა მავზოლეომის წინ ფაშისტთა 200-მდე შტანდარტი დაყარეს

სამამულო ომი, რომელიც თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახს შეეხო, სსრკ-ის გამარჯვებით დასრულდა. 1945  წლის 1 მაისს წითელი არმიის მებრძოლებმა: მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ  ეგოროვმა  რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა აღმართეს.

 გამარჯვების  შეტევითი ოპერაცია 2 მაისს დასრულდა.  გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი მოეწერა ბერლინის გარეუბან კარლჰორსტში 1945 წლის 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 22:43 საათზე (მოსკოვის დროით 9 მაისს, 0:43 საათზე). კაპიტულაციაზე ხელმოწერის ოფიციალურად გამოცხადების თარიღი (8 მაისი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, 9 მაისი – სსრკ-ში) აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე ევროპასა და სსრკ-ში, შესაბამისად. ისრაელში გამარჯვების დღე აღინიშნება 9 მაისს სსრკ-დან რეპატრიანტების ინიციატივით.

მარადიული ცეცხლი დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე

სსრკ-ის  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 8 მაისის ბრძანებულებით, საბჭოთა კავშირში  9 მაისი გამოცხადდა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ. დოკუმენტის მიხედვით, 9 მაისი გამოცხადებულია  „ეროვნული ზეიმის დღედ“ საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში გამარჯვების  აღსანიშნავად ნაცისტური დამპყრობლების წინააღმდეგ.

1945 წლის 9 მაისს საბჭოეთის ტერიტორიაზე ყველგან იმართებოდა ზეიმები და ხალხმრავალი მიტინგები. თეატრისა და კინოს პოპულარული  არტისტები გამოდიოდნენ ქალაქებისა და სოფლების სკვერებსა და პარკებში. 21:00 საათზე საბჭოთა ხალხს მიმართა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე  იოსებ სტალინმა. 22:00 საათზე  დაიწყო საზეიმო სალუტი საარტილერიო ზალპებით.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების პირველი ტრიუმფალური აღლუმი

1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში ჩატარებული  გამარჯვების აღლუმი, რომელშიც წითელი არმიისა და საზღვაო ძალების 35 325 ჯარისკაცი და მეთაური მონაწილეობდა,   ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში  სსრკ-ის გამარჯვების  საბოლოო წერტილი გახდა. საბჭოთა  ჯარისკაცებმა მავზოლეუმის წინ  ფაშისტთა  200- მდე  შტანდარტი დაყარეს.

სსრკ-ში სამხედრო აღლუმები წითელ მოედანზე გამარჯვების დღეს ჩატარდა მხოლოდ 1965, 1985 და 1990 წლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1995 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ღონისძიება ყოველწლიურად აქცია.

სტალინი და გიორგი ჟუკოვი ტრიბუნაზე

წუთიერი  დუმილი

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგების ტრადიცია  დაიწყო 1965 წლის 9 მაისს, როდესაც ქვეყანამ ფაშიზმზე გამარჯვების 20 წლისთავი აღნიშნა. მას შემდეგ ეს  ახლდა არა მხოლოდ ყოველი გამარჯვების დღეს, არამედ ყველა ტრაგიკულ მოვლენას ქვეყნის ისტორიაში.

მარადიული ცეცხლი

სსრკ-ში მარადიული ცეცხლი პირველად ლენინგრადში აანთეს „რევოლუციის მებრძოლების” ძეგლთან მარსის ველზე. ეს მოხდა 1957 წლის შემოდგომაზე. მას შემდეგ მარადიული ცეცხლი ინახავს იმ  ჯარისკაცების ნათელ ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის. დღეს მარადიული ცეცხლი ამშვენებს მრავალ მემორიალს, რომლებიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის წლებს.

რომელი ქვეყნები აღნიშნავენ გამარჯვების დღეს

გამარჯვების დღე აღინიშნება არა მხოლოდ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც მონაწილეობდნენ  მეორე მსოფლიო ომში. ზოგიერთ ქვეყანაში გამარჯვების დღე აღინიშნება ერთი დღით ადრე –  8 მაისს, ეს გამოწვეულია  დროის სხვაობით, როდესაც ხელმოწერილი იყო კაპიტულაციის  აქტი. დღესასწაულის სახელი და თარიღიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს. რუსეთის გარდა, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ დსთ-ის ქვეყნები: ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა და უზბეკეთი.

დანიასა და ნიდერლანდებში  5 მაისს აღინიშნება  ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლების დღე. ნორვეგიაში ანალოგიურ დღეს აღნიშნავენ  8 მაისს. 2011 წლიდან დღესასწაულს ვეტერანთა დღე ეწოდება. დიდ ბრიტანეთში გერმანიის კაპიტულაციის დღე ცნობილია, როგორც ევროპაში გამარჯვების დღე ( Victory in Europe Day ან მოკლედ  V-E Day), რომელიც აღინიშნება  8 მაისს. ოფიციალურ დონეზე ეს დღე მხოლოდ 1945 წელს აღინიშნა:  გახარებულ ლონდონელებს აივნიდან მიესალმა მეფე გეორგ VI ოჯახთან და პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილთან ერთად. დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას    დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა  8 მაისს აღნიშნავს, 9 მაისი კი ევროპის დღეა ევროკავშირში. 2023 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით  ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. ადრე  ეს დღესასწაული 9 მაისს აღინიშნებოდა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here