Home ახალი ამბები საქართველო თითქოს, რაღაც მდუმარე შეთანხმება არსებობს უკვე, რომ რუსეთი და დასავლეთი, რაღაც ზღვარს...

თითქოს, რაღაც მდუმარე შეთანხმება არსებობს უკვე, რომ რუსეთი და დასავლეთი, რაღაც ზღვარს იქით არ გადავიდნენ

202

“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი დგება. რუსეთის შეიარაღებული ძალები გადამწყვეტ უპირატესობას აღწევენ აღმოსავლეთ უკრაინაში. მათ დაკავებული აქვთ სამხრეთი უკრაინა, მთელი აზოვის ზღვისპირეთი და ნაწილობრივ შავიზღვისპირეთი, თითქმის ქალაქ ნიკოლაევამდე, ეს არის რუსეთის სტრატეგიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რუსეთი მინიმუმ შეინარჩუნებს ამ ტერიტორიულ ვითარებას. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, წავა თუ არა უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე და აღიარებს თუ არა რეალობად იმ კონფიგურაციას საზღვრებისა და საერთოდ, ვითარებისა, რომელიც წარმოიშვა” – განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ გამოცემა DalmaNews-თან ინტერვიუში. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

– არის ეს ის პირობა, რაზედაც შესაძლებელია კიევი დასთანხმდეს?

– უკრაინის ხელისუფლება ამაზე სავარაუდოდ არ წავა, მაგრამ იძულებული იქნება ამას ანგარიში გაუწიოს. თუ კი კიევის ხელისუფლება ზავს არ დათანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინული ჯარები განაგრძობენ საარტილერიო ბრძოლებს, ეს იქნება, დავუშვათ, ფრონტის მთელ ხაზზე. სადამდე შეიძლება გასტანოს ამ ვითარებამ, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, იმიტომ, რომ საუბარია არა ლოკალურ, ტერიტორიულად შეზღუდულ კონფლიქტზე, არამედ მთელი საზღვრის პერიმეტრზე, რომელიც წარმოქმნილია რუსეთსა და უკრაინას შორის და ეს საზღვარი გაფართოვდა სამხრეთით, ტერიტორიების მიერთების ხარჯზე, რომელიც რუსეთმა დაიკავა. და, თუ არ დამყარდა ზავი, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალები დაბანდებული უნდა იყოს ამ ფრონტზე, უკრაინის მხრიდანაც, ასევე და დასავლეთი უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც უკრაინას ეხმარება შეიარაღებით, ფინანსურად და სხვა კუთხით.

– რა არის დასავლეთის ინტერესი ამ ვითარებაში?

– როგორც დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში აცხადებენ, – არაფრით არ შეიძლება, რუსეთმა გაიმარჯვოს ამ კონფლიქტში. ომი ხომ არ არის პირდაპირ გამოცხადებული, არის გამოცხადებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია და საქმე არ დგას ისე, რომ ვინმემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. ასეთი შეფასება არ არის სერიოზული მიდგომა. ეს არის რეალობა, რომელიც შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს გამარჯვებად, ან დამარცხებად, მაგრამ ეს არის გადამწყვეტი, თუ რა დაერქმევა. თუმცა, დასავლეთი მიდის იმ გზით, რომ მუდმივად იყოს ცხელი კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის და თუ დასავლეთი არ წავა იმ კონფიგურაციის აღიარებაზე და უკრაინა განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას, გამოიწვევს იმის პროვოცირებას, რომ რუსული ჯარები უკრაინის სიღრმისკენ დაიძვრებიან.

იმ ტერიტორიების მოსახლეობა, რომელსაც რუსეთი ახლა იკავებს, რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი. შესაძლოა მოხდეს რუსეთის პროვოცირება, რომ ის უფრო ღრმად შევიდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობას მაინცადამაინც არ სურს რუსულ სამყაროსთან მიერთება და ამ გზით პარტიზანული ომი გაღვივდეს, დაძაბულობის მუდმივი კერა იყოს და ამით დაასუსტონ რუსეთი.

– რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთმა მისცეს ამ კონფლიქტის ომის სტატუსი? 

– რუსეთი თუ გადაწყვეტს მთელი უკრაინის დაკავებას, მაშინ მან მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს, იმიტომ, რომ ცოცხალი ძალების რესურსი საკმარისი იყოს. როგორც ვხედავთ, ამ საომარმა მოქმედებებმა უკვე მიიღო რეგულირებული ხასიათი, თითქოს, რაღაც მდუმარე შეთანხმება არსებობს უკვე, რომ რუსეთი და დასავლეთი, რაღაც ზღვარს იქით არ გადავიდნენ. მოსკოვი გამოკვეთილად აღარ ბომბავს კიევს. არც თავიდან დაბომბილა სამთავრობო შენობები. ზელენსკის რეზიდენციები და უმაღლესი რადას შენობა აბსოლუტურად ხელუხლებელია, სადაც ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით. კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული. გარდა ქალაქების შემოგარენში არსებული სამხედრო ობიექტებისა და სარკინიგზო კვანძებისა, საიდანაც იარაღი მოდის. რატომ არ ანგრევს რუსეთი მთელს ინფრასტრუქტურას? რუსეთი ერიდება დასავლეთში ლტოლვილების ტალღის გაზრდას, რაც დასავლეთს ძალიან არ აწყობს და რისიც დასავლეთს ძალიან ეშინია. შესაძლოა ნავთობზე მოჩვენებითი ემბარგო, ამის მიზეზი იყოს, რომ მდუმარე შეთანხმებაა რუსეთსა და დასავლეთს შორის. კერძოდ, რუსეთი არ დაბომბავს კიევს და არ გამოიწვევს ლტოლვილების დიდ ტალღას, ხოლო დასავლეთმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში იქონიოს ზღვარი. ასეთი შეთანხმების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ.

– უკრაინაში დევნილებმა დაიწყეს დაბრუნება, რა არის ამის მიზეზი?

– თუკი ახლა 5 მილიონი უკრაინელი არის გასული ევროპაში და ძირითადად პოლონეთში, შეიძლება ეს რიცხვი გაორმაგდეს და გასამმაგდეს. უკრაინაში 45 მლნ-ზე მეტი ადამიანია. თუ ამ ხალხმა იგრძნო, რომ განადგურების საფრთხის წინაშე არიან, აირჩევენ ფიზიკურ გადარჩენას, რუსეთში ვერ შევლენ და ისევ დასავლეთის ქვეყნებს მიაწყდებიან. ეს არის ძალიან მძიმე სოციალური საფრთხე დასავლეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოაწყეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ხელგაშლილი დახვედრა, მათ შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული სერვისები უკვე იზღუდება. როცა ხედავს ეს ხალხი, რომ კიევი აღარ იბომბება, დასავლეთ უკრაინაში ალაგ-ალაგ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზეა შეტევა, ისინი ნელ-ნელა ბრუნდებიან ისევ სამშობლოში. მაგალითად, თბილისში მყოფმა ერთმა ლტოლვილმა მარიუპოლიდან მითხრა, რომ უკან დაბრუნდება; მართალია, მისი სახლი დანგრეულია, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ ყველაფერი აღდგებაო.

– „აზოვის“ ტყვეებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ დაიწყეს ჩვენებების მიცემა და აღიარებენ ნაციზმის იდეოლოგიისადმი ერთგულებას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

– მეც მოვისმინე ასეთი ინფორმაცია. ერთი-ორმა აღიარა კიდეც, რომ დახვრიტეს ტყვეები. „აზოვის“ გარდა იქ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების დანაშაულებიც. რუსული მხარე მიუთითებს დონბასის ტრაგედიაზე, რომელიც დღემდე გრძელდება და უკრაინის არტილერიის მიერ იბომბება დონეცკი, გორლოვკა, მაკეევკა და ა.შ დასახლებული პუნქტები. დონბასში უკრაინელების ბოლო გაბრძოლებაა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გაამწარონ  ეს მხარე.

– ომის დაწყების დღიდან იყო მოლოდინი, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური რღვევა დაიწყებოდა, იკვეთება ასეთი კონტურები?

– რღვევა არ არის მოსალოდნელი, არც იყო მოსალოდნელი, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მწიფდებოდა წლების განმავლობაში, ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. საზოგადოებაც, მათ შორის, მეტ-ნაკლებად შემზადებული იყო – განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც პუტინმა შარშან შემოდგომაზე გაუგზავნა წერილი ნატოსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, რომ შეთანხმებულიყვნენ ევროპაში ახალი უსაფრთხოების სისტემის გარშემო და შეეზღუდათ ნატოს გაფართოება. ამას რომ არ მოჰყვა ის რეაქცია, რაც სასურველი იყო რუსეთისთვის, ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების შემზადება უარყოფითი გადაწყვეტილებებისთვის. სხვა საქმეა, რომ ყოველთვის შეიძლება იყოს პოლიტიკური საბოტაჟი, ღალატი, რითიც განთქმულია მოსკოვი. რუსი მეფეები, როგორც მაგალითად, ივანე მრისხანე ან საბჭოთა ლიდერი სტალინი, პერიოდულად  აწარმოებდნენ საკადრო წმენდებს. თანამედროვე პირობებში წმენდა არ გულისხმობს მხოლოდ ან უპირატესად ფიზიკურ ანგარიშსწორებას არასანდო ელემენტებთან, მაგრამ იგი აუცილებელია, ჯანსაღ სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად.

– ჩვენ გვესმის კიევის მხრიდან საქართველოს მიმართ მოწოდებები, რომ მეორე ფრონტი გახსნას. რას ნიშნავს თავად ომში მყოფი ხელისუფლებისგან ასეთი მოწოდებები?

– ეს არის პროვოკაციული მოწოდებები და სულაც არ არის ცარიელ ადგილზე გაჩენილი ვიღაცის ემოციები. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გაჩნდა უნიკალური შანსი, რომ არსებული გაუგებრობები და ორივე მხრიდან არსებული ნეგატიური რიტორიკა გადაილახოს და ორმა მეზობელმა ქვეყანამ თავიანთი ურთიერთობები ურთიერთინტერესის საფუძველზე ააწყონ, არსებული წინააღმდეგობები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაილახოს და არ გახდეს საფუძველი ახალი კონფრონტაციისთვის. სწორედ ეს იკითხება იმაში, რომ ცხინვალში გაუქმდა რეფერენდუმი, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გაგლოევმა ამ გადაწყვეტილებას თან დააყოლა ფრაზა, რომ არ გვაქვს უფლება, რუსეთის ინტერესების წინააღდეგ წავიდეთო. აქედან დასკვნა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ეს რეფერენდუმი. ეს არის საქართველოს ხელისუფლებისთვის შანსი, რომ გაატაროს პატრიოტული პოლიტიკა. სწორედ კარასინმა უთხრა აბაშიძეს, რომ კრემლში ცხინვალის რეფერენდუმის იდეას მხარს არ უჭერენ.

– რამდენად შესაძლებელია არსებულ სიტუაციაში საქართველომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს?

– თვითონ კიევი გვიადვილებს გარკვეულ ნაბიჯებს. ჩვენს მიმართ კიევიდან მოდის მუდმივი შეურაცხყოფა, ის, რასაც ვისმენთ, შეურაცხყოფასთან ერთად, უბრალოდ უმადურობაა. ამ მხრივ, მორალურად იოლდება ჩვენთვის, საერთოდ უარი ვთქვათ უკრაინასთან არსებითი ხასიათის ურთიერთობებზე, ვინაიდან ჩვენ აქედან სარგებელი არ გაგვაჩნია. საერთოდ შავ ზღვაზე გასასვლელი თუ დარჩება უკრაინას, ის აწი იქნება ძალიან სუსტი ქვეყანა, პოლონეთის გავლენის ქვეშ მყოფი. რაში გვჭირდება ჩვენ უკრაინა? შეურაცხყოფების მოსასმენად? პოროშენკოს კანფეტების გასასაღებლად? მაპატიეთ, მაგრამ მე რუსეთთან ურთიერთობები მიმაჩნია უფრო პრიორიტეტულად. ჩვენზე გაბრაზებულმა ზელენსკიმ და მისმა კამარილიამ, რა უნდა დაგვიშავონ? რა, აფხაზეთს აღიარებს და ამით იძიებს ჩვენზე შურს? ეს პირიქით, ჩვენთვის კარგი იქნება, ვინაიდან რუსეთთან დიალოგში არგუმენტი იქნება – ნახეთ, თქვენს მიერ ფაშისტურად გამოცხადებული რეჟიმი ებრძვის საქართველოს მთლიანობას-თქო, ვეტყვით რუსებს… თუმცა საქმე არც აქამდე მივა, ზელენსკის რეჟიმის ბედი გადაწყვეტილია, ეს რეჟიმი ცუდად ასრულებს არსებობას.

ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ მსოფლიოში მიმდინარე გარდამტეხ პროცესებს, რომლებიც ჯერ კოვიდმა, შემდეგ კი უკრაინის კონფლიქტმა გამოიწვია ან გაამძაფრა. დღეს მსოფლიოში დარღვეულია ერთიანი სტანდარტები, მრავალმხრივი შეთანხმებები, საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების სავალდებულოება. რეალურად, ყველაფერი წყდება ინდივიდუალური წესრიგით და წინა პლანზე გამოდის საკუთარი ძალების მობილიზაცია სახელმწიფოების მხრიდან და მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, ნაცვლად მრავალმხრივისა. ომი დიდი უბედურებაა და არავის ახარებს, არც მე, მაგრამ ამ ომით სერიოზული დარტყმა მიადგა გლობალიზაციის პროცესს, რაც ამ უბედურების თანმხლები დადებითი მოვლენაა.

https://georgia-news.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here