Home ახალი ამბები საქართველო ყველა ერთად გადმოვიდა იერიშზე. აღარ მალავენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერ ფასად...

ყველა ერთად გადმოვიდა იერიშზე. აღარ მალავენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერ ფასად სურთ

კიდევ არაერთი მალგოჟატა გოშევსკა ჩამოვა; კიდევ არაერთი იან კელი იტყვის, რომ აუცილებელია ივანიშვილის გარიყვა და მისთვის სანქციების დაწესება. ეს ყველაფერი კი კეთდება მხოლოდ ერთი მიზნისთვის - საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას და ამით ჰარაკირი გაიკეთოს ... რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება. მათი მთავარი მიზანი სწორედ ხელისუფლების შეცვლაა და ამიტომ უტევენ გააფთრებით ბიძინა ივანიშვილს

305
მალგოჟატა გოშევსკა და იან კელი

ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი მალგოჟატა გოშევსკა. პირველი, რაც მან გააკეთა,  იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ნახვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ  უფლება არ მისცეს. რატომ? იმიტომ, რომ კანონის ჩარჩოებში არ ჯდებოდა და უკანონობას კიდევ… ევროპელები ხომ გვეუბნებიან, –  კანონი ყველაფერზე მაღლა დააყენეთო, და დააყენეს კიდეც. მალგოჟატას კი ეს ყველაფერი  არ მოეწონა და ხელისუფლებას შეუტია.  გამოდის, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპელი დიპლომატების ხასიათსა და განწყობას უნდა მოვარგოთ; დაახლოებით ისე, ნაციონალების პერიოდში ვიღაც საქართველოს ცას რომ გადაუფრენდა, ხინკლის გემო გაახსენდებოდა და აეროპორტიდან  რეკავდა: ვიზიტი დაარქვით, სინამდვილეში კი ხინკლის საჭმელად მოვდივარო.

მოკლედ, გაწიწმატდა გოშევსკა, –  ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა  დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენიაო. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება  კი არა, ეს ქალბატონი ქვეყნიდან კინწისკვრით რომ გაეგდოთ, მართლები ვიქნებოდით და ასეც უნდა გაეკეთებინათ.

მალგოჟატამ იმით დაიწყო საუბარი, რომ საქართველოში თურმე სოციალური ფონი ძალიან გაუარესებულია, რომ  ნახა რიგები პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან _ თურმე ქართველები პოლონეთში გარბიან სამუშაოდ. სავარაუდოდ, პანი მალგოჟატას  დაავიწყდა, ვიზალიბერალიზაცია რომ გვაქვს და ვიზისთვის საელჩო-საკონსულოს არავინ აკითხავს. ამას გარდა, ქალბატონმა გოშევსკამ  პირდაპირ  მიანიშნა, რომ  საქართველო ვალდებულია, რუსეთთან ომში ჩაებას და მეორე ფრონტი გახსნას.

„მე ძალიან დიდი სევდით ვადევნებ თვალს იმას,  რაც ხდება ახლა საქართველოში, როგორ პირობებში უწევთ ქართველებს ყოფნა და რა მდგომარეობაშია დემოკრატია ქვეყანაში. გრძელდება საშინელი ომი უკრაინაში და იმ ბარბაროსობის ფონზე, რომელსაც სჩადის რუსეთის ფედერაცია უკრაინაში. ძალიან სავალალოა იმის ყურება, როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები; მაგრამ დიდი სიამაყით ვადევნებ თვალს, თუ როგორ იქცევა ქართველი საზოგადოება, როგორ ეხმარებიან ისინი უკრაინელ ლტოლვილებს“, – განაცხადა გოშევსკამ.

ჯერ ერთი, უკრაინელებს ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობითა და მასშტაბით ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლება დაეხმარა; მეორეც – რა უნდა გააკეთოს მთავრობამ:  ომი დაიწყოს და მეორე ფრონტი გახსნას? პოლონეთი, სავარაუდოდ, მზადყოფნას გამოაცხადებს ქართველი ლტოლვილების მისაღებად. მერე რა, რომ საქართველოსგან  შეიძლება აღარაფერი დარჩეს?!  სამაგიეროდ, ქალბატონი გოშევსკა დაიძინებს მშვიდად და  იმედი ექნება, რომ, უკრაინისა და საქართველოს გადამკიდე, რუსეთი პოლონეთს არ დაემუქრება. რეალურად  ეს ქალბატონი სწორედ საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს და მზად არის, ამისთვის საქართველო გაწიროს.

ისე როგორ იქნებოდა, პოლონეთის ვიცე-სპიკერს ბიძინა ივანიშვილისთვის არ გაეკრა კბილი. მან თქვა ის, რასაც, ამდენი ხანია, ვამტკიცებთ: რაც  უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება.  მათი მთავარი მიზანი სწორედ ხელისუფლების შეცვლაა და ამიტომ   უტევენ  გააფთრებით ბიძინა ივანიშვილს.

„თქვენ შესანიშნავად იცით და ამას განმარტება არ სჭირდება, ვინ მართავს დღეს საქართველოს, ვინ იღებს ყველაზე მნიშვნელოვან, საკვანძო გადაწყვეტილებებს; ასევე ის, რომ არანაირი სანქცია არ დაუწესდა რუსეთის ფედერაციას; ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის უამრავი მოქალაქე დადის საქართველოში და ისმის რუსული საუბარი ყველა ქუჩაზე. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, პრაქტიკულად, ფიქციად არის გადაქცეული, რადგან ის არ ეხება იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს“,- ესეც  მალგოჟატას სიტყვებია.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის გარდა, ივანიშვილზე აქცენტი საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა  იან კელმაც გააკეთა.

„საქართველოს ხელისუფლებას სურს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს“, -განაცხადა კელიმ.

როგორც გოშევსკამ, ისე კელიმ პირდაპირ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოთხოვნა იმიტომ იყო 12-პუნქტიან გეგმაში, რომ ის ერთადერთ პიროვნებას, ბიძინა ივანიშვილს, შეხებოდა. დიახ,  კელიმ პირდაპირ თქვა, რომ ამ გვარის ხილვა სურდა ევროკავშირს და ამის უგულებელყოფა იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ევროკავშირი ეწინააღმდეგება იმასაც, რომ კანონი შეეხოს დავით კეზერაშვილს, რადგან თურმე კეზერაშვილი აფინანსებს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას. რა გამოდის? თავის დროზე ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული კეზერაშვილი არის მეცენატი და დამოუკიდებელი მედიის მებაირაღე, ხოლო მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც ქველმოქმედებაში 3 მილიარდზე მეტი დახარჯა, ოლიგარქია? სად არის ლოგიკა?! მაგრამ, საქმეც ის არის, რომ დასავლეთს ლოგიკა არ სჭირდება, მას სჭირდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, სჭირდება  ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც  უსიტყვოდ დაემორჩილება და გოშევსკას ვიზიტისას რამეს კი არ აუკრძალავს, არამედ ფიანდაზად გაუგებს ქვეყანას, მისცემს ყველაფრის უფლებას და, რაც მთავარია, პირველივე დაძახილზე გახსნის მეორე ფრონტს და დასავლეთის ინტერესებს ზვარაკად შესწირავს ქვეყანას.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მალგოჟატა გოშევსკა ევროპის პოზიციას გამოხატავს, კელი კი ამერიკის რუპორია და ორივე შემთხვევაში მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. მისთვის სანქციების დაწესების ასე ღია მოთხოვნა პირველად წამოვიდა. ევროპა კი გააქტიურდა მაშინ, როცა იგრძნო, რომ თავის დაგებულ  ხაფანგში თვითონვე გაება. ამ კანონმა იმუშავა უკრაინაში და, როცა ქართველებმა გადმოიღეს, მიხვდნენ, რომ აქ არ მუშაობს, რადგან თურმე ოლიგარქს ეროვნება ჰქონია და უკრაინელი  და ქართველი ოლიგარქები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა გამოდის? საქართველოში ქათამი კვერცხს დებს და უკრაინაში კარალიოკს? ეს არის პირდაპირი და ღია გაცხადება იმისა, რომ ევროპასა და ამერიკას საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და მათი მსგავსი ქვეყნების საკუთარ თარგზე მოჭრა სურთ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, უნდა მომხდარიყო  2008 წელს საქართველოში, მაგრამ იმხანად  ქართველებიც დროზე მოეგნენ გონს და დასავლეთიც მიხვდა, რომ მასშტაბებში ვერ გათვალა – საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად თუ გამოადგებოდათ, ამიტომ გახვიეს შარში უკრაინა, მაგრამ გეგმის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია, საქართველო ჩაერთოს ომში, ეს კი არსებული ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია.

გოშევსკა საქართველოში მხოლოდ ამისთვის არ ჩამოსულა. მან ოპოზიცია უნდა გაააგრესიულოს, უფრო მეტად უნდა აყვიროს და აყეფოს…  ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს ოპოზიციას და, თუ აქამდე  ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალნი ერიდებოდნენ კონკრეტული ოფიციალური პირების  გვარების დასახელებას და ამას მხოლოდ ევროპარლამენტში სახალხო პარტიის დეპუტატები აკეთებდნენ, ახლა ისინიც აყვირდნენ. ყველა ერთად გადმოვიდა იერიშზე; აღარ მალავენ,  საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერ ფასად რომ სურთ. ფაქტია – მოქმედი მთავრობა ბეწვის ხიდზე გადის და ერთი შეცდომაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ოპოზიციაც აცნობიერებს ამას, რომ მთავარია, ხელისუფლებამ ერთი შეცდომა დაუშვას, მერე შესაძლოა, ყველაფერი დაღმართზე დაგორებულ იმ ქვას დაემსგავსოს, რომლის შეჩერება  წარმოუდგენელია. მერე რა, რომ ყველა დაგორებული ქვის ბოლო ერთია – უფსკრულში გადაჩეხვა ან რამეზე დიდი ძალით შეხეთქება და ნაწილებად დამსხვრევა. ოპოზიცია, დასავლეთის მსგავსად, მზად არის, წავიდეს ყველაფერზე და გაწიროს ქვეყანა, ოღონდაც  ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

რაც უფრო მოახლოვდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადა, მით უფრო გააქტიურდება დასავლეთი. ოპოზიციას რისი თავი აქვს, კი ვხედავთ, მაგრამ, სავარაუდოდ, დასავლეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოში ვითარების  დაძაბვას; წავლენ ყველაფერზე, ოღონდ კი საქართველო ომში ჩაერთოს და ზამთარი, რომლისაც ასე ეშინია ბებერ კონტინენტს, საქართველოსთვისაც ისეთივე გაუსაძლისი აღმოჩნდეს, როგორიც მათთვის იქნება. საინტერესოა,რომ ევროპა და ამერიკა არ გვთავაზობენ ალტერნატივას, არ გვთავაზობენ არაფერს სანაცვლოდ და მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია, მაგრამ ამ ადგილს ათეული წლების განმავლობაში ვერ მივიღებთ. ამიტომ ახლა საზოგადოების ჯერია, იმ საზოგადოების, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ომში ჩართვის, რადგან ეს ჯოჯოხეთი არაერთხელ გვაქვს გავლილი და ომების შემდეგ წელში ჯერაც ვერ გავმართულვართ. ჰოდა, სწორედ ასეთი, წელგაუმართავი, დაჩაგრული, გაჭირვებული საქართველო უნდა დასავლეთს, რათა უფრო მარტივად მართოს; მაგრამ  ამ ყველაფერში ხელს დღევანდელი ხელისუფლება უშლის. კიდევ არაერთი მალგოჟატა გოშევსკა ჩამოვა, ეს მათი კრებსითი სახელია, კიდევ არაერთი იან კელი იტყვის, რომ აუცილებელია ივანიშვილის გარიყვა და მისთვის სანქციების დაწესება. ეს ყველაფერი კი კეთდება მხოლოდ ერთი მიზნისთვის – საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას და ამით ჰარაკირი გაიკეთოს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                       

1 COMMENT

  1. 100%იანი სიმართლეა,მაგრამ ესმით კი ეს ჩვენ მთავრობას? მემგონი ესმით, მაგრამ არუნდათ რომ გაიგონონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here