Home ახალი ამბები საქართველო ვრცელი საშვიდნოემბრო მილოცვა ვლადიმერ პუტინს

ვრცელი საშვიდნოემბრო მილოცვა ვლადიმერ პუტინს

848

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მე ასაკში შესული კაცი ვარ. მეორე მსოფლიო ომს არ მოვსწრებივარ, მაგრამკომუნისტებისმიერ პიროვნების კულტის კრიტიკას მოვესწარი და  მათივე ხელით საბჭოთა კავშირის ნგრევაც  ვიხილე. მიუხედავად  ფარისევლობისა  და ღალატისა, ომლითაც გაჟღენთილი იყო სტალინის შემდგომი პერიოდის საბჭოთა ხელისუფლება, მე გავიზარდე და ვიცხოვრე სოციალური სამართლიანობისა და საყოველთაო თანასწორობის პირობებში, რომელმაც, ინერციის წყალობით, იქამდე იარსება, სანამ დასავლეთის უბოროტესი ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა  საბჭოთა  კავშირსა  და  სოციალისტურ  სისტემას ბოლომდე დაანგრევდნენ.

დასავლეთის იმ უბოროტესმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიზანში რუსეთი ამოიღეს და, რომ არა პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება, ის უზარმაზარი სახელმწიფოც, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით, საბჭოთა კავშირის სავალალო ხვედრს გაიზიარებდა, თუნდაც იმის გამო, რომ იგი აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში მესამე რომად და ქრისტიანული მორალის უკანასკნელ ციტადელად აღიქმება. ქება და დიდება თქვენ არამხოლოდ რუსეთის, არამედ ქრისტიანული ტრადიციული ღირებულებების გადარჩენის ზოგადსაკაცობრიო საქმეში გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რომელიც სერიოზული წინაპირობაა იმისა, რომ ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ. თუმცა, ამ წერილს ქება-დიდებისთვის არ ვწერ…

დღეს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 105-ე წლისთავზე, შინაგანი განგაშის ხმა მკარნახობს, რომ საბოლოო გამარჯვებამდე და, აქედან გამომდინარე, საბოლოო ქება-დიდებამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. საბოლოო გამარჯვების ცნება რაკი ვახსენე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ დღემდე არ ვიცი, რა შეიძლება დღევანდელი რუსეთის საბოლოო გამარჯვებაში ვიგულისხმო. ან საიდან უნდა ვიცოდე ის, რაც რუსეთის ფედერაციის არც ერთ ღია სახელმწიფო დოკუმენტში არ არის ნათქვამი და ჩამოყალიბებული. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს იდეოლოგია, თუნდაც იგი პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფო იყოს, მაინც იმისთვისაა განწირული, რომ სხვისი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექცეს. სხვათა  შორის, ის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს იდეოლოგია, უკვე ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელიც რუსეთს სწორედ იმ ძალებმა მოახვიეს თავს, რომლებსაც მოსვენებას უკარგავდა თქვენს ქვეყანაში საკუთარი იდეოლოგიის შემოტანის წყურვილი. ეს იდეოლოგია, რომელც დასავლეთს ხან დემოკრატიის, ხან დასავლური ღირებულებების, ხან გლობალიზაციის სახელით შემოაქვს, მსოფლიოს დაპყრობის იდეოლოგიაა  და  სხვა არაფერი.

დასავლეთში შესანიშნავად იცოდნენ, რომ რუსეთში კაპიტალიზმის აღორძინება და დასავლური იდეოლოგიის შემოჭრა ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესი იქნებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოსახლეობას თავზე წამოაჯდნენ ხალხის ძარცვით გამდიდრებული მილიარდერები და მყარად მოიკიდეს ფეხი დასავლური ცხოვრების წესის ყველაზე აღვირახსნილმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბანს კალიასავით  შეესივნენ.  რუსული გამოთქმაა: ,,წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩებაო’’. რუსეთმა საკუთარ იდეოლოგიაზე უარი რაკი განაცხადა, ეს ადგილი დასავლურმა იდეოლოგიამ შეავსო, რომელიც მუდმივ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ყოფიერებასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. შესაბამისად, სახელმწიფოში იმძლავრა დასავლურმა პოლიტიკურმა განწყობამ, რომლის ქვაკუთხედი რუსოფობიაა. ეს მოვლენა ახალი არ არის. კაცობრიობის მიერ გადატანილი ორივე მსოფლიო ომის მასაზრდოებელი განწყობა სწორედ  დასავლური რუსოფობია (პლუს სოვეტოფობია) იყო,  რაც ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. რუსეთში კაპიტალიზმის რესტავრაციამ ის შედეგი გამოიღო, რომ ქვეყნის გარეთ არსებული რუსოფობია ქვეყნის შიგნითაც შემოიჭრა და შემაშფოთებელი ტემპით გავრცელდა. ამას დაემატა ისიც, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიც (ბელარუსის გარდა) დასავლური კაპიტალიზმისა და დასავლური იდეოლოგიის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რის გამოც ამ რესპუბლიკათა უმრავლესობა დღეს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ბანაკში არიან. ზოგიერთი მათგანი (მაგ., ბალტიისპირეთის რესპუბლიკები) უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ზოგიერთი კი ემზადება საამისოდ. დღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან ყოფილი ვარშავის პაქტის სახელმწიფოებიც. ეს იმის გამოც ხდება, რომ, რაკი ისინი კაპიტალიზმის გზას დაადგნენ, რუსეთი მათთვის აღარ არის მიმზიდველი სახელმწიფო. კაპიტალისტური სამყაროს ცენტრი აშშია, რუსეთი კი მსოფლიო კაპიტალიზმისთვის მხოლოდ პერიფერია და პროვინციაა,  ამიტომ,  რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები)  სანამ აშშის კოლონიებად რჩებიან, რუსეთს მტრულად განწყობილი მეზობლების გარემოცვაში მოუწევს არსებობა, რაც მისთვის, პოტენციურად, იმავე მასშტაბის საფრთხის შემცველია, რა მასშტაბის  საფრთხეც  უკრაინიდან  შეექმნა.

ჰოდა, ვუბრუნდები შეკითხვას რას ნიშნავს და რა იგულისხმება რუსეთის გამარჯვებაში, რა სტრატეგიულ მიზანს უნდა მიაღწიოს მან უკრაინაში დაწყებული სპეციალური  სამხედრო ოპერაციის  შედეგად?

დავუშვათ,  ყველაფერი ის, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმით იყო გათვალისწინებული, განხორციელდა, ანუ უკრაინაში ჩატარდა დემილიტარიზაციაც, დენაციფიკაციაც, შეწყდა რუსი ეროვნების მოსახლეობის გენოციდი, ჩატარდა არჩევნები და სახელმწიფოს სათავეში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მოვიდა. ჩნდება ახალი შეკითხვა – რა იქნება ამის შემდეგ: უკრაინელებს ურთიერთობა აღარ ექნებათ ევროპელებთან და ამერიკელებთან? ამერიკელები კვლავაც არ შემოვლენ ფულით, მოსყიდვით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, საინფორმაციო საშუალებებით, პოლიტიკური პარტიებით, გეიაღლუმებით, გარყვნილების პროპაგანდით, ვიქტორია ნულანდის ფუნთუშებით,  ,,ფერადი რევოლუციებით’’ და ისევ თავიდან არ დაიწყება ყველაფერი? თუკი ამერიკელები თავიდან დაიწყებენ ყველაფერს (ეჭვიც ნუ შეგეპარებათ, რომ ასე იქნება), ასეთ შემთხვევაში რას გააკეთებს რუსეთი, კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაციით შეეცდება უკრაინის შემობრუნებას? ამ უხერხული შეკითხვის დასმით იმის თქმას ვცდილობ, რომ რუსეთი მიზიდულობის ცენტრად თუ არ იქცა, სპეციალური  სამხედრო ოპერაციებით  ათასჯერაც რომ შემოაბრუნოს მისკენ  არამხოლოდ  უკრაინა, არამედ დანარჩენი რესპუბლიკებიც,  დასავლეთი ათას მეერთედ შეეცდება, გამოგლიჯოს ისინი  ხელიდან.  მიზიდულობის ცენტრად კი რუსეთი იქამდე ვერ იქცევა, სანამ  საკუთარ იდეოლოგიას არ ჩამოაყალიბებს და ამერიკული კაპიტალიზმის კალკირებას თავს არ დაანებებს.

კაპიტალიზმი არ არის რუსული ბუნებისა და ხასიათის შესაბამისი სისტემა, რადგან ეს სისტემა მას არასოდეს ჰქონია. რუსეთი შუასაუკუნეობრივი ფეოდალიზმიდან პირდაპირ სოციალიზმში გადაეშვა. სოციალისტური სისტემა არამხოლოდ იშვა რუსეთში, მან ამ ქვეყანაში ისეთ სიმაღლეს მიაღწია, სხვაგან რომ არსად არ მიუღწევია, თვით ჩინეთშიც კი. სოციალური სამართლიანობის საბჭოთა (რუსული) მოდელი ნამდვილი პოლიტიკური ბრენდია, ვინაიდან რუსულმა ხასიათმა მოირგო და შეისისხლხორცა სოციალისტური ცხოვრების წესი. რუსულმა (საბჭოთა) სოციალიზმმა, სულ რაღაც, ოცდაათ წელიწადში ისეთი ნახტომი განახორციელა, რომლის მსგავსი არ იცის ისტორიამყველა პარამეტრით ჩამორჩენილი აგრარული სახელმწიფოდან  მსოფლიო ომში გამარჯვებულ, ბირთვულ  და კოსმოსურ  სახელმწიფომდე.  ამ სასწაულს  სტალინის ფენომენიც განაპირობებდა, მაგრამ, პირველ რიგში, იგი სოციალისტური სასწაული იყო.  სამწუხაროდ, რუსეთში დღეს  სტალინიც  უარყოფილია და სოციალიზმიც. შედეგი კი ისაა, რომ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა დაშლილია, რუსეთი ნატოს ალყაშია, კოლექტიურმა დასავლეთმა კი, უკრაინაში ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალებების გზით, რუსეთზე თავდასხმა განახორციელა და ამ ფრონტს დღითიდღე აძლიერებს. ცხადია, რომ რუსეთის დაჩოქება ადვილი არ არის, მაგრამ მისი დასუსტება შესაძლებელია. მტერი სწორედ ამ გზას ადგას.

24 თებერვალს თქვენ მსოფლიოს გასაგონად განაცხადეთ, რომ სტალინის მიერ დაშვებულ იმ შეცდომას არ გაიმეორებთ, როცა მან პირველმა არ გადადგა ნაბიჯი  და  ფაშისტურ გერმანიას საბჭოთა კავშირზე თავდასხმის  საშუალება  მისცა.  მისიშეცდომითსტალინმა  ის ომი საბჭოთა ხალხისთვის  წმინდა  ომად  აქცია. დღეს კი რუსი ხალხის  დიდ ნაწილს არ ეტყობა,  რომ უკრაინაში მიმდინარე ომს  წმინდა  ომად აღიქვამს. სხვა შემთხვევაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველის საზღვრებს (სხვა საზღვრებზე არაფერს ვამბობ) ახალგაზრდების უზარმაზარი ნაკადი არ მოაწყდებოდა.

რუსეთის მიერ რუსულ სოციალიზმზე უარის თქმა და ამერიკული კაპიტალიზმის არჩევა ისტორიული დანაშაული იყო, რომლის გამოსწორება რუსეთს აქამდე არ უცდია. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში რუსეთი სოციალიზმის უარყოფისა და კაპიტალიზმზე გადასვლის გზას კი არ უნდა დადგომოდა, საითაც მას, დასავლეთის აგენტურასთან ერთად, გორბაჩოვისა და ელცინის  მსგავსი პოლიტიკური ავანტიურისტები ექაჩებოდნენ, პირიქით, სისტემის გადარჩენის გზით უნდა ევლო. დღეს კი რუსეთის განვითარების ახალი გზა,  კრიზისში შესული და  ყველანაირად ყავლგასული კაპიტალიზმის  შენარჩუნების ნაცვლად, უსამართლოდ უარყოფილი სოციალიზმის  რესტავრაცია  უნდა  იყოს,  რაც ქვეყანას უმოკლეს ვადაში თანამედროვე მსოფლიო მიზიდულობის უმძლავრეს ცენტრად ჩამოაყალიბებს და ეკონომიკური განვითარების არნახულ პერსპექტივას გადაუშლის. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა რუსეთის მარცხნივ  შემოსაბრუნებლად,  მაგრამ ვინ უნდა ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში? ეს, რა თქმა უნდა, კომუნისტების გასაკეთებელი საქმეა. სამწუხაროდ, რუსეთის კომუნისტური პარტია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. იგი, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს სოციალისტური არჩევანისთვის რაზმავდეს, კაპიტალისტური რუსეთის პრეზიდენტს (ანუ, თქვენ) ისე გიჭერთ მხარს, თითქოს მმართველ პარტიაში შემავალი რომელიღაც  ფრაქცია იყოს. ამ პოზიციის გამართლება იმით, რომ ახლა სახელმწიფოს უჭირს და იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების დრო არ არის, ბურჟუაზიასთან გარიგების ნიშნებს შეიცავს. მესმის, რომ ომის ვითარებაში მყოფ ქვეყანას რევოლუციისკენ არ უნდა უბიძგონ, მაგრამ სისტემის კონსტიტუციური გზით შესაცვლელადაც თუ არ იბრძვიან, იმ დროს, როდესაც ამისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს, ეს უკვე არ არის იმ პარტიის საკადრისი საქციელი, რომლის წითელ დროშაზეც გამოსახულია მშრომელი მასების მარადიული სიმბოლო – ნამგალი და ურო.

ჩვენ იმ ურთულეს  პერიოდში ვცხოვრობთ, რო ღირეულებები აღრეულია; იმ  ეპოქაში, რომელში ადამიანებს სქესი აურიეს და მამაკაცურ და ქალურ იდენტობას აკარგვინებენ, რა გასაკვირია, რომ პარტიებს მარჯვენა  და  მარცხენა  აერიოთ და პოლიტიკური იდენტობა დაკარგონ?! ამიტომ  დღეს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 105-ე წლისთავზე, უცნაური რამ უნდა გირჩიოთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ: ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ კომუნისტების ტვირთიც თქვენ უნდა იტვირთოთ. მოეშვით ბოლშევიკების გაუთავებელ და სრულიად დაუსაბუთებელ კრიტიკას, მიაფურთხეთ კაპიტალისტურ ეშმაკს, მოიხედეთ მარცხნივ, სადაც ულვაშებში ღიმილშეპარული თქვენი დიდი წინაპარი მოთმინებით გელოდებათ.  იმ ფოლადის კაცმა  წმინდა ომისა  და ექსპლოატაციისგან თავისუფალი  სახალხო  შრომის ყველა საიდუმლო იცის. აიღეთ მისგან  სიბრძნისა  და  სიმტკიცის  მაგალითი, ომლითაც მან დიდ რუს ხალხთან (მისი სიტყვებია) გაერთიანებული მრავალეროვანი საბჭოთა ხალხი კაცობრიობის ისტორიაში არნახულ გამარჯვებამდე მიიყვანა.  აბსოლუტურად  დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს დღესაც სტალინი (სტალინად ქცეული პუტინი) სჭირდება. სხვა შემთხვევაში გამარჯვება წარმოუდგენელია. თქვენ ან სტალინივით იმოქმედებთ და გაიმარჯვებთ,  ან  სტალინივით ვერ იმოქმედებთ  და დამარცხდებით. ამას სტალინის ფორმულა ჰქვია.  ეს ის ფორმულაა,  რომელსაც ვერ ასცდებით. დასავლეთის  ბურჟუაზიული ხროვა  სტალინის გარდაცვალების  შემდეგაც ისეთივე გააფთრებით ებრძვის მის პიროვნებას, როგორც მის სიცოცხლეში ებრძოდ. ეს იმიტომ,  რომ  ერთხელ უკვე იწვნიეს მისი ძალა. ამ ახალ საუკუნეში დასავლეთმა თქვენც იმავე მასშტაბის მტრად გაღიარათ, რომელი მასშტაბის მტრადაც გასულ საუკუნეში სტალინს აღიარებდა. თქვენც სისხლიან დიქტატორსა და დესპოტს გიწოდებენ; თქვენც მკვლელად და მანიაკად გნათლავენ; თქვენც (ისევე, როგორც სტალინს) ჰიტლერთან გაიგივებენ და უნიჭო ფონეტიკური ჟონგლიორობით პუტლერს გეძახიან. თქვენ ხომ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ამ ეპითეტებს არ იმსახურებთ და დასავლეთი ამ შემთხვევაში უსინდისო ცილისმწამებელია?! ნუთუ ეს საკმარისი არგუმენტი არ არის იმისთვის, რომ დასავლეთის ცილიმწამებლობა სტალინის მიმართაც ისევე აღიაროთ, როგორც თქვენ მიმართ აღიარებთ.  სხვა  შემთხვევაში იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ დასავლეთი  სტალინის  შეფასებებში სწორია,  მაგრამ თქვენს შეფასებებში ცდება.  პირდაპირ გეტყვით, თქვენგან ასეთი პოზიციის დაკავება არამხოლოდ  მძიმე,  არამედ  მეტისმეტად უხერხული შეცდომა იქნება.

ევროპელები დაერივნენ ევროპის გამათავისუფლებელი საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებსა და ობელისკებს, რომლებსაც ჭეშმარიტად ფაშისტური ვანდალიზმით სპობენ და ანადგურებენ. საკვირველი ფაქტია – ამერიკული იდეოლოგიით მოწამლული ევროპა  წარსულის  შეფასებისას ფაშიზმის მხარეს დგება და მისი გამათავისუფლებელი საბჭოთა კავშირისა და წითელი არმიის  წინააღმდეგ გამოდის. უფრო  საკვირველი კი ისაა, რომ მთელი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი (მათ შორის, პირადად თქვენც) ამ ფაქტებზე ღიზიანდებით და პროტესტს გამოთქვამთ, მაგრამ, როდესაც საქმე საბჭოთა კავშირისა და სტალინის პიროვნების შეფასებაზე მიდგება, დასავლეთის ოფიციალურ პოზიციას იზიარებთ და მათ მიერ შექმნილი სტერეოტიპების ტყვეობაში რჩებით. ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებთ, თითქოს ანტისაბჭოთა და ანტისტალინური სიბინძურის მთელი ეს მანქანა დასავლეთს რუსეთის სასიკეთოდ ჰქონდეს შექმნილი. ნუთუ ძნელი დასანახია, რომ სტალინის სიძულვილი ყველაზე დიდი გამოხატულებაა რუსოფობიისა, რომელიც თქვენ ასე გაღიზიანებთ?! ვისაც სტალინი სძულს, მას რუსეთი სძულს და ვისაც რუსეთი სძულს, მას სტალინი სძულს. ესეც ფორმულაა, რომელიც თქვენ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ. სტალინი გძულთ, მისი უბრწყინვალესი გამარჯვება კი ერთადერთ იდეოლოგიურ საყრდენად გაქვთ გამოცხადებული. თქვენ ცდილობთ, რომ იმ დიადი გამარჯვების ისტორიიდან  სტალინის  სახელი თანდათანობით წაშალოთ, რაც,  რბილად რომ ვთქვათ, განუხორციელებელი ჩანაფიქრია, ვინაიდან  ეს ერთი მთელია, ერთი მოვლენაა და ერთი ისტორიაა. სტალინის სახელი ისევეა დაკავშირებული დიდ სამამულო ომთან, როგორც თქვენი სახელია დაკავშირებული უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იქ გამარჯვება მიღწეულია, აქ კი ჯერაც არ ვიცით, რით დასრულდება ყველაფერი. ისე, სტალინგრადის ბრძოლა, სადაც ორივე მხარეს სამ მილიონამდე ჯარისკაცი დაეცა და, რომლის მასშტაბი უპრეცედენტოა ომების ისტორიაში, ექვს თვესაც არ გაგრძელებულა, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია კი მეცხრე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო ჯერაც არ უჩანს. ოპერაციის მასშტაბსა და მნიშვნელობას კი არ ვამცირებ, შესანიშნავად მესმის, რომ თქვენც მთელი დასავლეთი დაგიპირისპირდათ, მაგრამ, ეს რომ ასე იქნებოდა, ოპერაციის დაწყებამდეც ცნობილი იყო. იგივე ძალა უპირისპირდებოდა  სტალინს, რომელსაც თქვენგან განსხვავებით  ბირთვული ფარი არ გააჩნდა, რის გამო იგი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო,  ვინაიდან მტერს თქვენსავით ვერ განუცხადებდა: «A зачем нам такой мир, если там не будет России?» აი, რატომ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა  შინაური მტრებისგან (“მეხუთე კოლონისგან”) ქვეყნის გაწმენდას. მათ, ვისგანაც ქვეყნის გაწმენდა სტალინს მოუწია, თქვენ მისტირით და ხსოვნის უკვდავსაყოფად “გოდების კედელს” უშენებთ, რითაც ცდილობთ, რომ წამებულთა გვირგვინი დაადგათ, სტალინი კი სამარცხვინო ბოძზე გააკრათ. ჯერ კიდევ თუ არ გაქვთ ნაფიქრი, აუცილებლად მოგიწევთ დაფიქრება შინაურ მტრებთან ურთიერთობაზე. რუსეთში დასავლეთის “მეხუთე კოლონა” ორგანიზებულად როდესაც წამოჰყოფს თავს (სამწუხაროდ, ეს დღე შორს არ არის), თქვენც აუცილებლად აღმოჩნდებით იმ უმძიმესი ალტერნატივის წინაშე, რომელსაც სახელმწიფოს გადარჩენასა და რეპრესიების ჩატარებას შორის არჩევანი ჰქვია. ეს წინამძღოლისთვის უმძიმესი გამოცდაა, რომელიც სტალინმა უკვე ჩააბარა. ამ გამოცდის ჩაბარება თქვენც მოგიწევთ. გახსოვდეთ, ისტორია მკაცრი გამომცდელია.

1941 წლის 22 ივნისს დასავლური ფაშიზმი უკრაინიდან  შემოიჭრა საბჭოთა კავშირში. იმ ავბედითი დღიდან ოთხმოცდაერთი წლის გასვლის შემდეგ იგივე დასავლური ფაშიზმი კვლავ უკრაინიდან  შემოიჭრა, ოღონდ, ახლა  უკვე რუსეთში.  პირველი შემოჭრიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ რაიხსტაგზე  წითელი დროშა ფრიალებდა, მთავარი სამხედრო დამნაშავეები კი თოკებზე ქანაობდნენ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სადაც მათ განაჩენი საერთაშორისო სასამართლომ გამოუტანა. ასეთი იყო დიადი გამარჯვების ეპოპეა, რომელსაც თქვენ წითელ მოედანზე პომპეზურად აღნიშნავთ ყოველი წლის 9 მაისს. მართალია, თქვენს მისასალმებელ სიტყვებში ერთხელაც არ გიხსენებიათ სახელი იმ კაცისა, რომელიც იმ ისტორიული გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო, ლენინისა და სტალინის (დიახ, ლენინისა და სტალინის) მავზოლეუმს კი გულმოდგინედ ფარავთ ფანერებით, მაგრამ ამგვარი მიდგომით ისტორია არ იფარება. ეს მიდგომა მხოლოდ ართულებს აღორძინებულ დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვებას. დიდი რუსი ხალხი ელის, რომ ამჯერადაც აფრიალდება რუსეთის სამფეროვანი (ისე, წითელი სჯობს) დროშა, ვაშინგტონისა და  ბრიუსელის თავზე თუ არა, კიევის თავზე მაინც. სატანიზმისა და ფაშიზმის გავრცელებით, ომებისა და ქაოსის თესვით, ძალადობისა და გარყვნილების ქადაგებით მსოფლიოს წინააღმდეგ ამხედრებული დასავლეთი კიდევ  ერთხელ უნდა გასამართლდეს. ასე თუ არ მოხდებ, თქვენს  ომს  “დიდი სამამულოვერ დაერქმევა და, ღმერთმა იცის, ვისი დროშა ვის თავზე აფრიალდება.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ამ ჩემს საუბარში, შესაძლებელია, პესიმისტური განწყობა სჭარბობს, მაგრამ რეალობაა ასეთი. საქართველოში ხალხის დიდ ნაწილს რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება შენარჩუნებული აქვს, თუმცა  იმასაც გეტყვით, რომ აქ რუსეთის არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობს. საერთოდ, არავინ არაფერს არ აკეთებს. ალბათ, ასეთი დავალება გაქვთ მათთვის მიცემული. თქვენ ჩაიკეტეთ თქვენს სავიზო რეჟიმში, რომლის მოხსნასაც საშველი არ დაადგა, სამაგიეროდ, გზა გაგვეხსნა თურქეთისკენ, ევროპისკენ, ამერიკისკენ, რაც რუსი და ქართველი ხალხების ერთმანეთისგან გაუცხოვებას აძლიერებს. დასავლეთი კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მძლავრი რუსოფობიის გასაღვივებლად. დარწმუნებული ვარ, მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ რესპუბლიკებშიც. რუსეთის ეს დამოკიდებულება ძირფესვიანად შესაცვლელია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოძრაობა “РУССКИЙ МИР” ამ ნაკლს ვერ შეავსებს, რადგან იგი მხოლოდ რუსი ეთნოსის წარმომადგენლებისთვის იქნება მიმზიდველი, ინტერნაციონალურ მისიას კი ვერ შეასრულებს. ერთი სიტყვით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ძალიან ბევრი…

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, დღეს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 105-ე წლისთავზე,  წარმატებები მინდა გისურვოთ, რადგან დასავლური სატანიზმისა და ფაშიზმისგან ხსნის ერთადერთ გარანტად რუსეთი გვეგულება, ისევე, როგორც საუკუნის წინათ ჩვენს წინაპრებს საბჭოთა კავშირი ეგულებოდათ.

პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. მთლიან საქართველოს ვულოცავ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 105 წლისთავს.თქვენ კი ბატონო ვალერი მადლობას გიხდითამ სტსტიისათვის და გეკითხებით არის რაიმე შანსი იმისა რომ ეს სტატია ვ.პუტინამდე მიაღწევს და მას ამ სტსტიის შინაარს თუ მაინც წაუკითხავენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here