Home ახალი ამბები საქართველო თუ დეგნანი მოახერხებს  ზურაბიშვილის დარწმუნებას სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაში, ეს იქნება არამხოლოდ პრეზიდენტის...

თუ დეგნანი მოახერხებს  ზურაბიშვილის დარწმუნებას სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაში, ეს იქნება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ თვითონ ქალბატონ სალომეს, როგორც ქალის, როგორც დედის, შეურაცხყოფა

ნაცები, ხელისუფლის სათავეში დაბრუნების შემთხვევაში, უსასტიკესად გაუსწორდებიან ოპონენტებს; ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ გაბედა და მონობის უღლის გადაგდება მოითხოვა, რომ ამერიკა ბატონად არ აღიარა, რომ აღარ დაემონა

456

ბევრს ჰგონია, რომ ახალ წლამდე დასავლეთი საქართველოში რამე პროვოკაციას მოაწყობს. ეს განცდა ბევრს აქვს და ამას ყველა თავისებურად ხსნის. ბოლო პერიოდში ისე გამოჩნდა, რომ ევროპა ვეღარ გვაშინებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმოცემით, ვერც ამერიკა გვაშინებს დახმარებების შეწყვეტის პერსპექტივით, რადგან მისი დახმარებების უდიდესი ნაწილი იმ არასამთავრობოებში მიდის, რომლებიც ისევ ლიბერალიზმით გაჯერებულ დასავლურ ღირებულებებს გვტენიან ცხვირში. ჰოდა, „სტრატეგიულმა პარტიორებმა“ რაღაც  უნდა მოიფიქრონ, თორემ მართლა დამოუკიდებლობისკენ მიდის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რიგით კოლონიად მიაჩნდათ და… ალბათ, იყო კიდეც, განსაკუთრებით  2003 წლის შემდეგ, როცა ამა თუ იმ  ამერიკელ სენატორსა თუ კონგრესმენს იმაზე მეტი ძალაუფლება და პატივისცემა ჰქონდა საქართველოში, ვიდრე ნებისმიერ ქართველს, და მათთან ურთიერთობაც სწორედ დასავლურ თარგზე იყო მოჭრილი.

და მაინც, რას აპირებს დასავლეთი, რა უნდა ჩვენგან?  ხომ შეიძლება, ერთ დღეს თქვან: დემოკრატია ვერ დავამყარეთ თქვენს ქვეყანაში, სხვანაირი ხალხი ხართ, თავს დაგანებებთ, თქვენი გზით იარეთ და, თუ დაგჭირდებით, დაგვიძახეთო. არა, ბატონებო, არა, ისინი ძალაზე არიან – ზუსტად იმ წესით და კანონებით უნდა იცხოვროთ, რომლებზეც ჩვენ მიგითითებთო… და მერე რა, რომ ეს წეს-კანონები ბევრ ჩვენგანს  არ მოსწონს,  ვერ გავითავისეთ, ვერ   შევისისხლხორცეთ და ისევ ჩვენებური, ქართული, მამა-პაპური გვირჩევნია. გვახსოვს, სააკაშვილის იმპერატორობის (სხვა რამე თუ ერქვა, შეგვისწორეთ) პერიოდში ქართული გენის შეცვლაზე  აქტიურად საუბრობდნენ და საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ გენის შეცვლას თურმე ათასწლეული სჭირდება… ანუ, ათი საუკუნე, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია დასავლეთმა,  რადგან,  როცა კოლონია  გაქვს, არ ფიქრობ, რომ ხვალ აღარ გექნება და, ათასწლეული კი არა, სამყაროს დასასრულამდე თაობიდან თაობას უნდა გადააბარო და მათ უნდა იცოდნენ, რომ ოკეანის გაღმა აქვთ მცირე კოლონია, სადაც წესებს თვითონ ადგენენ…

ბოლო ათ დღეში რამდენიმეჯერ მოინახულა ამერიკის ელჩმა  კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ოფიციალურად  ორივე ამბობს: საღამოობით  ჩაის მივირთმევთ და ვჭუკჭუკებთ ხოლმეო. ადრე არ გიჟდებოდა დეგნანი პრეზიდენტის ჩაიზე და ახლა, ალბათ, რომ აცივდა, მოსწონს  ბუხართან ცხელი ჩაის ხვრეპა, მაგრამ… დეგნანი არ იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას უდიდესი კითხვის ნიშანი რომ დაუსვა და ოპოზიციას უკიჟინებდა: არ დათმოთ, არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგოო?  ახლა რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ ამერიკას სწორედ სალომე ზურაბიშვილი დასჭირდა, რათა  მან ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს. სხვა გზა, სხვა ხსნა იმისა, რომ სააკაშვილმა ციხე დატოვოს, უბრალოდ, არ ჩანს, თუმცა ყველაფერს რიგითობით მივყვეთ…

ვისაც ჰგონია, რომ ბოლო ორ თვეში ამერიკიდან ექიმები თუ ექსპერტები საკუთარი ნებით ჩამოდიოდნენ, ,,არიქა, მიშა უნდა გავსინჯოთო’’, ძალიან ცდება. ეს ხალხი, ნობელის პრემიის მფლობელები და თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები, სწორედ ამერიკამ გამოუშვა იმისთვის, რომ  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა დაედოთ და, თუ ექსპრეზიდენტს  სასიკვდილო რამ სჭირდა, განგაში აეტეხათ: აგერ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმუშავეს, ჩვენ რა შუაში ვართო.

იმ პროფესიონალებმა მიშა გულდასმით გასინჯეს და ერთადერთ დასკვნამდე მივიდნენ – სააკაშვილი ვერ ეგუება გისოსებს, ამის გამო აქვს ფსიქიკური აშლილობა და ნერვების მეშვეობით სხეულის სხვადასხვა ორგანოს ვეღარ აკონტროლებს. ამიტომაა, სააკაშვილს ხან რომ აქანავებს და ხან ფეხზე თვლემს… ბარემ ისიც ვთქვათ, რომ, როცა ადამიანს იჭერენ, იმიტომ გადაჰყავთ ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში, მერე – ციხეში და მერე – ზონაში, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილს ეტაპობრივად შეეგუოს. ასეა, ციხეში მოხვედრა დიდი სტრესია და, სავარაუდოდ, ეს არ იცოდა სააკაშვილმა, როცა ქართული ციხეები გაავსო და ახლა, როცა ციხეში თვითონ მოხვდა, არ მოეწონა. ექსპერტების დასკვნის  შემდეგ ამერიკა მიხვდა, რომ ამ გზით მიშას გამოშვება გამორიცხული იყო, რადგან მისი დიაგნოზი ქართულმა მხარემაც გადასარევად იცის (ამერიკამ, უბრალოდ, შეამოწმა). ჰოდა, დაიწყო მუშაობა იმ მიმართულებით, რომელსაც პრეზიდენტის შეწყალება ჰქვია. მერე რა, რომ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პირადად სააკაშვილი ისე შეურაცხყოფდნენ, რომ ვერ დაწერ?!  მერე რა, რომ მიშა სალომეს ყალბ პრეზიდენტს ეძახდა?! ახლა სწორედ „ყალბი პრეზიდენტის“ რეალური ხელმოწერაა საჭირო შეწყალების ფურცელზე, სხვანაირად არაფერი გამოდის. ამერიკას სააკაშვილი თავისუფალი სჭირდება, რათა საჭიროებისამებრ ან უკრაინაში გამოიყენოს, ან საქართველოში. ჰო, ამერიკას სჭირდება და არა ევროპას, რადგან ევროპა მიხვდა, როგორ  შარში გაეხვია; მიხვდა იმას, რომ რუსეთის სანქცირებით თვითონ უფრო ზარალობს და აცნობიერებს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში რუსეთზე სწრაფად თვითონ ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში. შტატები კი…სწორედ ომის დაწყების შემდეგ გამყარდა დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში ევროს მიმართ გაუფასურებული იყო; სწორედ ომის შემდეგ გახდა ამერიკის ეკონომიკა კვლავ ყველაზე მძლავრი და შეჩერდა როგორც რუსული, ისე ჩინური ეკონომიკის აღმასვლა. სწორედ ახლა იგრძნო ევროპამ, რომ რუსეთის ბოლო წლების სტრატეგია – აქცენტი არა ნავთობზე, არამედ ხორბალზე გაეკეთებინა –  მომაკვდინებელი იყო ამერიკისთვის, მაგრამ ახლა ვერაფერს ცვლის. შტატებს კი დაწყებულის ბოლომდე მიყვანა სურს და არც ის გამორიცხოთ, გათავისუფლებული  სააკაშვილი კიევს რომ მიაყენონ მხარდამჭერებთან ერთად და ზელენსკისთვის „გადადექი, გადადექი“ აძახებინონ.

რაც შეეხება საქართველოს, ნულოვანი რეიტინგის მქონე   ოპოზიცია ვერაფერს ახერხებს, გისოსებს მიღმა მყოფი მიშა კი ავტორიტეტი არავისთვის არის. სააკაშვილი მისი პარტიის წევრებსაც  აღარ სჭირდებათ, მაგრამ ამერიკას სჭირდება; იციან, ის ყველაფერზეა წამსვლელი იმის სანაცვლოდ, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოვიდეს და  მოსაზრება, მიშას ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და ნაციონალების დაბრუნების  შემთხვევაშიც კი არანაირ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებსო, ზღაპარია. ნაცები, ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემთხვევაში, უსასტიკესად გაუსწორდებიან ოპონენტებს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ გაბედა და მონობის უღელის გადაგდება მოითხოვა, რომ ამერიკა ბატონად არ აღიარა, რომ აღარ დაემონა. ზუსტად ისე მოგვექცევიან, როგორც რომაელთა ლეგიონები ექცეოდნენ აჯანყებულ ერებს და არაერთი ერი, უბრალოდ, ამოწყვიტეს.  აი, ეს გველოდება და ამისკენ ისწრაფვიან ამერიკელები. თუ დეგნანი მოახერხებს და ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაში დაარწმუნებს, ეს იქნება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ  თვითონ ქალბატონ სალომეს, როგორც ქალის, როგორც დედის (გემახსოვრებათ, ნაციონალები და მათი ტელევიზიები მხოლოდ მას კი არა, მის შვილებსაც დასცინოდნენ, ამასხარავებდნენ), შეურაცხყოფა. ასეთ შემთხვევაში ნაციონალები ჩათვლიან, რომ უფრო მეტის უფლება აქვთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა და ყველას ყველაფერი ეპატიება. სწორედ ამიტომ  ქალბატონმა სალომემ  შეწყალების შესაძლებლობა არც კი უნდა განიხილოს;  არ უნდა განიხილოს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის… საკუთარი თავისთვის. ადამიანის ციხეში ყოფნა როგორ უნდა გიხაროდეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ბევრს უხარია საქართველოში და არ უხარია ის, რომ, მაგალითად, გიგა ბოკერია, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია და სხვები ციხეს გადაურჩნენ.  ეს არის მწარე რეალობა, ამერიკის ორმაგ სტანდარტზე ერთიც ვთქვათ – 2014 წლის მარტში ამერიკამ ავსტრიაში მყოფი უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის, დაკავება მოითხოვა და ავსტრიელებმა დააკავეს კიდეც, მაგრამ 125 მილიონი ევროს გირაოს  გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 8 წელიწადია, ამერიკა მის გადაცემას მოითხოვს, აქაოდა, ეს კაცი ტიტანის უკანონო მოპოვებით არის დაკავებული და რუსეთში ყიდისო. ჰოდა, გასულ კვირას გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ფირტაშისა და… დავით არახამიას შეხვედრაა ასახული, იმ არახამიასი, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლის და უკრაინაში მმართველი პარტიის ფრაქციას რომ ხელმძღვანელობს რადაში. არახამიამ ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, –  ფირტაშს მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივაზე ვესაუბრეო. როგორ გგონიათ, ეს კაცი გაბედავდა ოლიგარქად გამოცხადებულ და ამერიკის მიერ ძებნილ პირთან  შეხვედრას  შტატების თანხმობის გარეშე? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, ამერიკას ფირტაში დასჭირდა. სწორედ  ახლა სჭირდება სააკაშვილიც შტატებს, თორემ,  როცა არ სჭირდებოდა, მის ციხეში ყოფნასაც მშვიდად შეხვდა.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here