Home ახალი ამბები საქართველო შოთა აფხაიძე: კარგად მახსოვს ნავალნის სიტყვები, 2008 წლის ომში რუსებს საქართველო ფრთოსანი...

შოთა აფხაიძე: კარგად მახსოვს ნავალნის სიტყვები, 2008 წლის ომში რუსებს საქართველო ფრთოსანი რაკეტებით უნდა დაებომბათო

“ნავალნის სიკვდილი ხელს აძლევთ მათ, ვისაც რუსეთში არეულობა სურს”

285

16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გარდაცვალების შესახებ. „სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, _ ნათქვამია განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი _ რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ლიდერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდისდამაარსებელი, 2013 წლის 17 ნოემბრიდან სათავეში ედგა ლიბერალურ პოლიტიკურ ორგანიზაციაპროგრესის პარტიას“.

სიკვდილისთვის ყველა ცოდოა, მაგრამ, რაც საქართველოში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცდება, რადგან გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ის 2008 წლის ომის დროს თბილისის დაბომბვას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას. ვიღაცისთვის ნავალნი თავისი საქციელით შეიძლება მისაბაძიც იყოს, მაგრამ ქართველებისთვის _ არა, რადგან მისი დამოკიდებულება ჩვენდამი მხოლოდ უარყოფით ემოციებს უნდა იწვევდეს

ნავალნი ციხეში გარდაიცვალა თუ მოკლეს, ამ საკითხზე  დიდი ამბავი ატეხეს საქართველოში და არა მხოლოდ აქ. მომხდარს განსაკუთრებით მწვავედ აფასებენ ქართველი .. ანალიტიკოსები _ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ, რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიკვდილზე საუბრობენ, ნავალნის ადარებენ სააკაშვილს და ორივეს პუტინის ტყვედ განიხილავენ და .. ნავალნის სიკვდილს ვლადიმერ პუტინს უკავშირებენ ამერიკაშიც. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა

რისთვის სჭირდებოდა რუსეთის პრეზიდენტს ალექსეი ნავალნის მკვლელობა, რა საფრთხე უნდა შეექმნა საპყრობილეში მყოფ ოპოზიციონერს  ვალადიმერ პუტინისთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება რუსეთში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგი, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების საფინანსო უნივერსიტეტის ექსპერტი, შოთა აფხაიძე:

 _ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, მკვლელობა იყო თუ არა ეს, არავინ იცის, რადგან დადასტურებული არაფერია, ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით უცნობია. ჩვენი ყველა მოსაზრება ვერსიაა, მაგრამ ხელაღებით დააბრალო მკვლელობა ვლადიმერ პუტინს, წარმოუდგენელი სისულელეა.

 სასჯელაღსრულების თანამშრომლების დანაშაული შეიძლება იყოს ის, რომ პატიმარს სათანადო ყურადღება აკლდა.  ამბობენ, ტრომბი მოწყდა და ეს იყო გარდაცვალების მიზეზიო.  თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო საწამლავით, რომელიც მოქმედებს გვიან, ისე გვიან, რომ კვალის აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, ვერ ვხვდები, ვის უნდა ჩაედიან ეს. ვლადიმერ პუტინს პრობლემები არ აკლია არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, თანაც კარს არის მომდგარი არჩევნები, ნავალნის სიკვდილი კი მის პრესტიჟზე დადებითად ვერ იმოქმედებს, ამიტომ გამორიცხულია, რუსეთის პრეზიდენტის ხელი ერიოს ამ საქმეში. პუტინს ხელს არ აძლევდა ნავალნის მკვლელობა. ნავალნის სიკვდილი ხელს აძლევთ მათ, ვისაც რუსეთში არეულობის მოწყობა სურს.

_ ცნობილია, რომ ნავალნის ქართველები არ უყვარდა, არც საქართველოს გამთლიანების მომხრე იყო და რატომ იქცა ქართველთა გარკვეული ნაწილის კერპად?

_ ახალგაზრდა კაცი იყო ნავალნი და სამწუხაროა მისი სიკვდილი, მაგრამ, როგორც ქართველს, კარგად მახსოვს ნავალნის სიტყვები, 2008 წლის ომში რუსებს საქართველო ფრთოსანი რაკეტებით უნდა დაებომბათო. ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, ვის სურდა და სურს საქართველოსთვის კარგი და ვის _ ჩვენი განადგურება.

_ ამბობენ, რუსეთის პრეზიდენტი ნავალნის მკვლელობას გადაჰყვებაო

_ პუტინის ხელისუფლება ნავალნის სიკვდილს არ გადაჰყვება. ეს ვერ გამოიწვევს ისეთ პროცესებს, რომ რუსეთში არეულობა დაიწყოს, ზედმეტია საუბარი გადატრიალებასა და სამოქალაქო დაპირისპირებაზე. რუსეთში არ არის ეს მოცემულობა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. ქართველი ლიბერალების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

_ საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები აპროტესტებენ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილს, ამას აპროტესტებს ქართველთა ნაწილიც

_ საქართველოში ჩამოსული რუსი სტუმრები ნავალნის სიკვდილს რომ აპროტესტებენ, მაოცებს. საქართველო გადაიქცა უცხოტომელთა თავშეყრის ადგილად, სანაგვედ, ცენტრალური აზიის ლგბტ ფრთისა და ლიბერალების თავშესაფრად. მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ნაგავი საქართველოში იყრის თავს და აპროტესტებს ყველაფერს, რაც გაუხარდებათ. ნავალნის  საქართველოში რატომ გლოვობენ ან მის სიკვდილს რატომ აპროტესტებენ, გაუგებარია. რა საქმე აქვთ რუსეთის საშინაო პოლიტიკასთან ან ნავალნის სიკვდილთან?.. საშინელებაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას იყენებენ ათასგვარი სისულელისა და სიბინძურისთვის. ეს არის სრული დესტრუქცია, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ვითომ რუსეთს რაღაც დაუშავონ, საქართველოს სიკეთე არავის აინტერესებს. ორმაგი სტანდარტების ნაძირალები არიან, რომლებიც ემსახურებიან დასავლურ ლიბერალურ იდიოტობებს.

_ შეძლებს თუ არა დასავლეთი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში  ცვლილების შეტანას, ვგულისხმობ არეულობის მოწყობასა და პუტინის ხელისუფლების დამხობას, როგორც ქართველი ლიბერალები ვარაუდობენ

_ რუსეთში დესტრუქციასა და არეულობის შემოტანას ვერ შეძლებს ვერც ამერიკა და ვერც სრულიად დასავლეთი, თანაც წინასაარჩევნოდ. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს ვლადიმერ პუტინი. ამაში ვისაც ეჭვი ეპარება, ძალიან ცდება, რადგან რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ძალიან გაზრდილია უკრაინის ამბების შემდეგ და არა მხოლოდ ამიტომ, საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს. ნურავინ იოცნებებს რუსეთში მასშტაბური არეულობის მოწყობაზე, არ გამოვა ეგ ამბავი, ვისი ხელიც უნდა ერიოს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here