Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს  პრეზიდენტი – დასავლური ტროას ცხენი

საქართველოს  პრეზიდენტი – დასავლური ტროას ცხენი

433

ზურაბიშვილმა იცის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ავტომატურად ნიშნავს ქვეყანაში არეულობასა და მეორე ფრონტის გახსნას. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ამბობს, რომ განიხილავს მიშას შეწყალებას  და განიხილავს მაშინ, როცა ამის დრო დადგება, ანუ როცა დასავლეთი იტყვის, რომ სტატუსის მიღება-არმიღების ხაზი სწორედ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.  არადა, დასავლეთი ამას აუცილებლად იტყვის.

ლევან ხაბეიშვილი, სანამ „ნაციონალური  მოძრაობის“  თავმჯდომარედ  აირჩევდნენ, ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილს „ვივამედიდან“ მარტივად გამოვიხსნი, მხარდამჭერებთან ერთად კლინიკაში შევვარდები და პრეზიდენტს გავათავისუფლებთო. თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ  ეს აღარ უთქვამს. სავარაუდოდ, ურჩიეს, – ასეთ განცხადებას ნუ გააკეთებ, კანონსაწინააღმდეგოა, თორემ, რომ დაენებებინათ,  აუცილებლად შეეცდებოდა, ჭკუა დაუშლიდა თუ ინტელექტი?!

  მას შემდეგ, რაც „ვარდენის ქალიშვილის მოტაცების“ გეგმა ჩავარდა, ხაბეიშვილის ოპონენტებმა ქილიკი დაიწყეს და „მძლეთამძლე ლევანი“ კვლავ გააქტიურდა, ადრე ნათქვამი  გაიმეორა და „ვივამედთან“ აქციაც კი გამართა. ის ან დასავლელ პარტნიორებს აღარ უჯერებს (რაც ძნელი სავარაუდოა), ან პირიქით – სწორედ მათი წაქეზებით აკეთებს  ყველაფერს.

ხაბეიშვილი კიდევ არაფერი, მას სერიოზულად თავის პარტიაშიც არ აღიქვამენ. აი, სალომე ზურაბიშვილის გააქტიურება ამ მიმართულებით ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პრეზიდენტი ოფიციალურად რომ გადაბარგდა ოპოზიციაში და დასავლური ნავის ნიჩბებს მძლავრად უსვამს, უკვე დავრწმუნდით დამოუკიდებლობის დღეს, როცა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ხელისუფლება  ღალატში დაადანაშაულა.  ელოდნენ, რომ ზურაბიშვილი ადრე ნათქვამს  სტრასბურგშიც გაიმეორებდა, მაგრამ ვიღაცამ ურჩია, მუხრუჭს დააჭირეო, და მანაც ბევრი არაფერი თქვა, რითაც… ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. ოპოზიცია პრეზიდენტისგან ჯიუტად მოითხოვს როგორც ხელისუფლების კრიტიკას, ისე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. ეს იმის მიუხედავად, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ ზურაბიშვილმა გასაგებად თქვა ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე: „არა და არასოდეს!“. რა შეიცვალა ახლა, როცა ქალბატონი სალომე ძველებურად პრინციპული ვეღარ არის და, რაც მთავარია, მზადაა, გადაფურთხებული ალოკოს (ეს ყველაზე რბილი შედარებაა).

  გამორიცხულია, ზურაბიშვილი ოპოზიციის ფეხის ხმას აჰყოლოდა. ის დასავლეთში ვიზიტების შემდეგ შეიცვალა და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ევროპასა თუ ამერიკაში პრეზიდენტმა მიიღო რაღაც გარანტიები, დაპირებები, როგორც საკუთარ, ისე შვილების მომავალზე  და  საპირისპირო განცხადებების გაკეთება დაიწყო. ის რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს. არადა, გვახსოვს, როცა ლამის ნახევარსაუკუნოვანი სტაჟის მქონე დიპლომატმა ზურაბიშვილმა გამოთქმით თქვა: ყველაზე ძლიერი, ვინც კარიერის განმავლობაში შემხვედრია, სერგეი ლავროვი გახლავთო. ანუ, თუ აქამდე ლავროვს უძლიერეს დიპლომატად აღიარებდა, ახლა ფიქრობს, რომ ის უამრავ შეცდომას უშვებს.

ახლა უშუალოდ სააკაშვილსა და გვარამიაზე ვთქვათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზურაბიშვილი მზად არის ორივეს შესაწყალებლად, მაგრამ  შესაბამისი ნიადაგის მომზადება სჭირდება. აკი თქვა  ქალბატონმა სალომემ: ყველაზე კარგად ამ გადაწყვეტილებაზე მაშინ დავფიქრდები, თუ ამ ორი ადამიანის თავისუფლება წყალგამყოფი იქნება დასავლურ ღირებულებებთანო. ამით  ზურაბიშვილმა ევროპა-ამერიკას პირდაპირ უთხრა: განაცხადეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების თემა  სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაზეა დამოკიდებული და შევიწყალებ, აბა, რას ვიზამო.  პრეზიდენტმა ზუსტად იცის, როგორ არ უნდა მოიქცეს და არც იქცევა, უფრო ზუსტად კი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და დასავლეთის პროვოცირებას ცდილობს. დასავლეთს კი ეს ყველაფერი ხელს აძლევს, რადგან ერთადერთი, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც,  შანსი იმისა, რომ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება შეიცვალოს, სააკაშვილის გარეთ ყოფნაა. თავის მხრივ, ნიადაგს ამზადებს „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათი ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილი არსად წასულა,  ის ქართულ პოლიტიკაში რჩება და გათავისუფლების შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში უდიდეს როლს შეასრულებს.

„ვფიქრობ, სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ და ამას ხმამაღლა ადრეც ვამბობდი – ისე, როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომელთა შესახებაც ვიცით, და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება“, – განაცხადა  ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში.

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი – ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე ვიღაცას რაღაც სამაჯური და ალიკაპი უნდა ეკეთოს“, – ეს კი ნაციონალების სახელით ხაბეიშვილმა განაცხადა.

არაერთხელ გვსმენია, ქართველებს მოკლე მეხსიერება გვაქვსო. ვგონებ, მართლაც ასეა. ახლახან არ იყო, სამაჯურით გამოშვებულმა ნიკანორ მელიამ  შუა აქციის დროს პირდაპირ ეთერში რომ მოიხსნა 1500 ლარად შეფასებული სამაჯური, ხალხში მოისროლა და დაიქადნა: ვერც დამიჭერთ და ვეღარც სამაჯურს გამიკეთებთო. სახელმწიფომ ეს ამბავი მაშინ „ჭამა“ და როგორ გგონიათ, რას იზამს სააკაშვილი, გარეთ სამაჯურით რომ გამოუშვან? აქციაზე კი არა, კლინიკის კართან მოიხსნის და მხარდამჭერებს მოუწოდებს:  იარაღით დამიცავით,  თან იმავე იარაღით პარლამენტის შენობა ავიღოთო! არ იზამს? ისე კარგად იზამს, როგორც დაგიბარებიათ და სწორედ ამის იმედი აქვს დასავლეთს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში სააკაშვილი ყველაფერს იკადრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რაც მთავარია, მას დასავლეთისგან  ექნება მწვანე შუქი ოპონენტებზე ნებისმიერი ფორმით შურისძიებისთვის. ადვილი მისახვედრია,  გათავისუფლებულმა სააკაშვილმა კაცი რომ მოკლას პირდაპირ ეთერში და დააკავონ, დასავლეთი ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლავს, აქაოდა, ოპონენტი ციხიდან გამოუშვა და მერე ისევ უკან შეაბრუნაო. ამას ხვდება ოპოზიციაც, ამას ხვდება დასავლეთიც, ხელისუფლებაც და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, – მიშას გათავისუფლება პოლარიზაციის დასასრული იქნებაო. ვითომ არ ახსოვს, სწორედ მიშას მმართველობის პერიოდში  იყო ნამდვილი პოლარიზაცია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ასე უდგებოდა ყველას და ყველაფერს – არ ხარ ჩვენთან, ე.ი.ჩვენი მტერი ხარ.

ამ გადმოსახედიდან  ჩანს, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დასავლეთის ტროას ცხენია. სხვაგვარად ძნელია იმის ახსნა, რატომ და როგორ მივიდა იმ დასკვნამდე სალომე ზურაბიშვილი, რომ შეუძლია სისხლის სამართლის დამნაშავე გაათავისუფლოს (რომელიც გარანტირებულად არევს საქართველოს შიგნით ვითარებას  და გარანტირებულად შეეცდება მეორე ფრონტის გახსნას) და გაათავისუფლოს ადამიანი, რომელმაც  ისეთი სიტყვები აკადრა, მოსისხლე მტრებიც რომ ერიდებიან ხოლმე ხმამაღლა თქმას. დასავლეთმა ტროას ცხენი გამოაგორა და კარიბჭესთან კი არ დააყენა, შუაგულ ქვეყანაში დაგვისვა და ახლა, ალბათ, დროის საკითხია, როდის გადმოვა და ჩვენ წინაშე წარსდგება ამ ცხენიდან მეხუთე კოლონა სრული „მშვენიერებით“.

დადასტურებულად ვიცით, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში  ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომში ვიქნებოდით ჩართული. იმ ომში, რომელშიც ჩანასახშივე მარცხისთვის ვიქნებოდით განწირული,  ათასობით დედა ჩაიცვამდა შავს და დასავლელი ლიდერები მაღალი ტრიბუნიდან იყვირებდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია. დაუწესებდნენ რუსებს სანქციების ახალ პაკეტს, გაზრდიდნენ თავიანთ ბიუჯეტს და მერე რა, რომ ამ სანქციების ფონზეც კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს თითქმის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ – მთავარია, ხალხმა იცის, რომ რუსეთი სანქცირებულია. ზვარაკად შეწირული უკრაინელები ხვდებიან, რა წისქვილის ქვა ტრიალებს მათ თავს, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, თავად მოიჭრეს და უკრაინის ხელისუფლება ვერ უხსნის თავის  მოსახლეობას, რატომ შეაწყვიტეს ამდენი ადამიანი არაფრისმომცემ ომს დასავლეთის ხუშტურების გამო. ეს 2008 წელს  ვერც ჩვენ აგვიხსნეს  დასავლელმა პარტნიორებმა, ვერც ხელისუფლებამ,  თუმცა… დაგვაჯერეს, რომ ის ომი მოვიგეთ. ჰო, მოვიგეთ და გვაზეიმეს კიდეც. იმავე სცენარის განხორციელება  იგეგმებოდა ახლაც, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით. სადაც ასიათასობით  უკრაინელია მოკლული, იქ საქართველოს  ოცი თუ 30 ათასი მოქალაქე რა ბედენა იქნებოდა –  სტატისტიკა და მეტი არაფერი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ზურაბიშვილმა იცის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ავტომატურად ნიშნავს ქვეყანაში არეულობასა და მეორე ფრონტის გახსნას. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი უკვე ორაზროვნადაც აღარ ამბობს, რომ მიშას შეწყალებას განიხილავს და განიხილავს მაშინ, როცა ამის დრო დადგება, ანუ, როცა დასავლეთი იტყვის, რომ სტატუსის მიღება-არმიღების ხაზი სწორედ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის. არადა, დასავლეთი ამას აუცილებლად იტყვის.

ლევან გაბაშვილი 

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here