Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

ბატონო პრემიერმინისტრო, თვალცრემლიანი ვუყურებ ვანდალიზმს, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე ხდება, რადგ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იანი წლების იმ უმძიმეს მოვლენებს მახსენებს, რუსთაველის პროსპექტის გადაწვით, სახელმწიფო გადატრიალებითა და სამოქალაქო ომით რომ დასრულდა.

ახლაც ანალოგიური პროცესების განვითარებას ცდილობენ. მიმდინარეობს ნგრევა და შეურაცხყოფა ყოველი ქართველისთვის უძვირფასესი იმ პროსპექტისა, რომელზეც თავმოყრილია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ნაგებობები, არამედ ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები.

მეორე მხრივ, ვხედავთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ახალგაზრდების ერთი ნაწილის ცნობიერებისა, რომელიც უკვე დაუნგრევიათ და გადაუგვარებიათ. ასე იშლება ჩვენ თვალწინ შემზარავი სურათი ორმაგი ნგრევისა – საზოგადოებრივი ცნობიერებისა და საზოგადოებრივი ყოფიერებისა, რომელიც დასავლეთიდან არის ინსპირირებული და ჩვენი სახელმწიფოებრივი და კულტურული სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული.

ბატონო პრემიერმინისტრო, მესმის, რომ ორმაგი ნგრევის ეს საზარელი აქტი დემოკრატიის ჩვრებშია გახვეული და მასთან უხეშ ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვად გაასაღებენ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმოქმედობა ვანდალიზმის წახალისება იქნება, რაც დაუშვებელია.

ვფიქრობ, პოლიტიკური ხასიათის მიტინგებისა და მანიფესტაციებისთვის უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილი (დემოკრატიულ სახელმწიფოებში საამისო პრაქტიკა არსებობს), სადაც ყველას მიეცემა პოლიტიკური ვნებებისგან დაცლის შესაძლებლობა ისე, რომ მოსახლეობა ნაკლებად შეწუხდეს და საზოგადოებრივი წესრიგიც შენარჩუნდეს, რუსთაველის პროსპექტზე კი უნდა აიკრძალოს მიტინგებისა და მანიფესტაციების გამართვა, რაც მას არა მხოლოდ ვანდალიზმისგან, არამედ პარალიზებისგანაც დაიცავს. ეს სამომავლო წინადადება არ არის, ამისი გაკეთება დღესვე შეიძლება.

ამით არა მხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგს შევინარჩუნებთ, არამედ ქართულ პოლიციასაც ვიხსნით იმ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაზიანებისგან, რომელსაც ისინი ყოველდღიურად განიცდიან საზოგადოების დეგრადირებული ნაწილისგან. წესრიგის დამცველთა თმენის მოვალეობა მათი დათრგუნვისა და დემორალიზების წინაპირობად არ უნდა იქცეს, ისინი ხომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს უბანზე იღვწიან. მათი მოვალეობა თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა, საზოგადოების პასუხი მათი ჯანმრთელობისა და რეპუტაციის დაცვაში უნდა გამოვლინდეს.

სხვათა შორის, ამ ვანდალებისგან დემოკრატიაც გადასარჩენია, რადგან მას არაფერი აზიანებს ისე, როგორც ანარქია და ყოვლისნებადართულობის დამღუპველი პრაქტიკა.

რაც მთავარია, ეს არის დასავლეთში დაგეგმილი იმ ოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანსაც არა მხოლოდ სახელმწოფო გადატრიალება, არამედ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს უკრაინიზაცია შეადგენს.

ბატონო ირაკლი, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ხმა თუ ოპოზიციას მისცა, ხალხის უმრავლესობამ ხმა თქვენ მოგცათ. გვესმის, რომ თქვენ უმცირესობის უფლებების დაცვა გევალებათ, მაგრამ უმცირესობის აგრესიისგან უმრავლესობის დაცვაც თქვენი პასუხისმგებლობაა. ძალიან გთხოვთ, საზოგადოების ზნედაცემული უმცირესობის უფლებების დაცვას ნუ გადააყოლებთ საზოგადოების საერთო ინტერესებსა და ქვეყნის მომავალს.

პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია
2დეკემბერი, 2024 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here