Home ახალი ამბები საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებამ  ეკონომიკური სტაბილურობა და, რაც მთავარია, ეროვნული ვალუტის გამყარება...

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებამ  ეკონომიკური სტაბილურობა და, რაც მთავარია, ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია

ეგებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ ეძებს საქართველოს მოსახლეობა რუსულ პროდუქტს?

269

სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან,  მონაცემები გამოაქვეყნონ  და სურთ თუ არა, ყოველი თვის, კვარტლისა თუ წლის ბოლოს კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოებას გააცნონ. რატომღაც გვგონია,  ეს ვალდებულება რომ არა, არავინ გამოაქვეყნებდა იმ ციფრებს, რომლებზეც ადრეც ვსაუბრობდით და დღესაც ვისაუბრებთ.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, თებერვალში საქართველოში  372 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ამ თანხიდან 187 მილიონი – რუსეთის ფედერაციიდან  და ეს ქვეყანა  ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილი 39 მლნ-ით იტალიას უკავია, შემდეგ მოდის აშშ 30-მილიონიანი გზავნილით, საბერძნეთი – 17 მლნ, ისრაელი – 16 მლნ და ა.შ. ამ ყველაფერში უცნაური თითქოს არაფერია, ისედაც ვიცოდით, რომ ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ ახლა რაოდენობა საგრძნობლად  მომატებულია და ეს, სავარაუდოდ,  იმის გამოა, რომ საქართველოში ზამთრის ტურისტულ სეზონზე რუსეთის არაერთი მოქალაქე იმყოფებოდა.  ის მოქალაქეები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ცხოვრობენ და ბიზნესს აკეთებენ, ქართული ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და დასავლეთის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარან. მეტიც, დასავლეთი გვიკიჟინებდა, რუსები საქართველოში ფულს იშოვნიან, მერე ამ თანხას სამშობლოში გაგზავნიან და რუსულ ეკონომიკას სწორედ აქედან ამოასუნთქებენო. ერთგვარი დივერსიისა თუ შეთქმულების თეორიის შესახებ საჯაროდ საუბრობდნენ როგორც ოპოზიციონერები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. მოდი, ისევ ციფრებს მივუბრუნდეთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოდან  27,6 მლნ დოლარი გავიდა. დავუშვათ, ეს თანხა მთლიანად რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა (რეალურად, გზავნილები 20-ზე მეტ ქვეყანაზე მოდის). გამოვა, რომ რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ ერთ თვეში 160 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა, ანუ დასავლეთისა და ოპოზიციის წუხილი, საქართველოში გაკეთებული ფულით რუსული ეკონომიკა ცოცხლდებაო,  სიცრუეზე აგებული პროპაგანდაა. ჯერ ერთი, რაც უნდა მოხდეს, საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე, რუსულ ეკონომიკაზე გავლენა არასდროს გვექნება და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ აქ, ვიდრე იქით გზავნიან (თუ გზავნიან, საერთოდ). ეროვნული ვალუტის სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის მთავარი კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელთა სიმრავლითაც ვერ დავიკვეხნით. წლიდან  წლამდე ქვეყანაში 1,5-2 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია რომ შემოვიდეს, აუცილებლად გვეშველებაო, – ამტკიცებენ ექსპერტები. 187 მილიონი დოლარი 12 თვეზე რომ გავამრავლოთ, რამდენი გამოდის? ანუ, ის, რაზეც ექსპერტები ოცნებობენ და, რაც მთავარია, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რეალურად ხდება და ახლა იმის უარყოფა, რომ ბოლო პერიოდში  ლარის სტაბილურობა, ფასების შემცირება და სხვა სიკეთეები სწორედ რუსეთიდან შემოსული თანხის დამსახურებაა, რბილად რომ ვთქვათ, სიბეცეა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რუსმა ტურისტებმა ლამის მილიარდამდე თანხა საქართველოს ზამთრის კურორტებზე დატოვეს და ეს განსაკუთრებით სვანეთს ეხება, რადგან სპორტის ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის გამო გუდაურსა და ბაკურიანში  ტურისტები ისე ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ მსოფლიო პირველობის მონაწილე დელეგაციებსა და სპორტსმენებს ჰქონდათ გადავსებული ადგილობრივი სასტუმროები.  საქართველოდან თანხის გადინების მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს 187 მილიონი ადგილზე დარჩა, ხალხში, რიგით ადამიანებში „გაიფანტა“ და დაიხარჯა.  ბიუჯეტიც  აუცილებლად მიიღებდა სოლიდურ შევსებას და, საზოგადოდ, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შემოსული ადამიანების უმრავლესობა „ეფ-ეს-ბეს“ აგენტია და ისინი საქართველოში დივერსიული საქმიანობისთვის  შემოგზავნესო, მაგრამ წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით დივერსიული აქტები არ ჩანს. ისე, იმაშიც საფუძვლიანი ეჭვი შეგვაქვს, იცის თუ არა ოპოზიციამ,  რას ნიშნავს სიტყვა დივერსია.  უბრალოდ, ოპოზიციას აქვს დასავლეთის მითითება, რომ რუსულის კონტექსტში  ყველაფერზე  უარყოფითი დასკვნა  დადოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს დადებითი მხარეები და ვაი, რომ ამას ხელისუფლება თავისი  ნებით აკეთებს და არა ვინმეს მითითებით. თუნდაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხომ აქვს შესაძლებლობა,  გამოვიდეს და თქვას: ხალხნო, ეს 187 მილიონი დოლარი ჩვენი ეკონომიკისთვის და ლარის სიმყარისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო, მაგრამ, რომ თქვას, მის სახლთან აქციები გაიმართება, სამშობლოს მოღალატის იარლიყს ისე მარტივად მიაკრავენ, როგორც სხვა დანარჩენებს მიაკრეს, და მერე თავის მართლება მოუწევს. ჰო, თავის მართლება იმის გამო, რომ ხმამაღლა თქვა სიმართლე. ბოლო პერიოდში კარგის თქმა ისჯება იმ შემთხვევაში, თუ ეს კარგი რამ რუსეთიდან მოდის, თორემ ოპოზიცონერებმა და არასამთავრობოებმა  სპეციალური ბრიფინგები  გამართეს, ბრიტანეთი 10-მილიონიან დახმარებას გვაძლევსო. ჯერ ერთი, ეს 10 მილიონი საქართველოსა და მოლდოვასთვისაა გამოყოფილი; და მეორეც, ეს თანხა 187 მილიონთან შედარებით  სასაცილოდ ჩანს. გასულ კვირას საქართველოს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა,  არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც ეწვია დელეგაცია. ეკონომიკის მინისტრმა სიამაყით გამოაცხადა, – შარშან არაბეთში თითქმის ორი მილიონის ცხვარი გავყიდეთო. ჯერ ერთი, თითქმის 2 მილიონის კი არა, 1.4 მილიონის და მეორეც, 187 მილიონის ღირებულების ცხვარი შეიძლება საერთოდ არ იყოს საქართველოში.  ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებამ და განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრმა, ძალიან კარგად იციან, რაც ხდება რეალურად, ვისი და რისი ბრალია ლარის გამყარება, ეკონომიკური წინსვლა და ცდილობს, ეს ყველაფერი არაბეთში გაყიდულ ცხვრებს, გერმანიაში გაყიდულ 50 კილოგრამ ფორთოხალს, საფრანგეთში ჩატანილ ორ ყუთ ღვინოსა და სხვა რამეს დააბრალოს და არ თქვას ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარ სავაჭრო პარტნიორად თურქეთის წარმოჩენას რომ ვცდილობთ, თებერვალში თურქეთიდან  9 მლნ დოლარის გზავნილი გვქონდა. ახლა იტყვით, – გაუჭირდათ თურქებს, თორემ  მეტი იქნებოდაო.  ნურას უკაცრავად, ამ „გაჭირვების“ ჟამს გადმორიცხული  9 მილიონი შარშანდელ თებერვალთან  შედარებით 19%-ით მეტია. თურქეთს შემოჰქონდა ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში და მას შემდეგ, რაც რუსეთიდან დაიძრა ეს პროდუქტი, მოსახლეობამ უპირატესობა სწორედ რუსულს მიანიჭა სიიაფისა და ხარისხის გამო. ამაზეც არავის ამოუღია ხმა, მაგრამ, მოსახლეობამ შეღავათი რომ იგრძნო, ფაქტია და მაღაზიებსა თუ ბაზარში სულ უფრო ხშირად გაიგონებთ კითხვას – რუსულია? ეგებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ ეძებს მოსახლეობა რუსულ პროდუქტს.  იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოში ზუსტად ისე აფასებენ რუსულ პროდუქტებს, როგორც რუსეთში – ქართულს და ამიტომ ვყიდით ყველაზე მეტს სწორედ რუსეთში… ახლა უკვე ყველაზე მეტი სწორედ იქიდან შემოგვაქვს. სავაჭრო ბრუნვის  გაზრდას  ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომს აბრალებენ, აქაოდა, რუსეთი სხვაგან ვერ ყიდის პროდუქტს და საქართველოსთან ვაჭრობა იმიტომ გაზარდაო. საინტერესოა, ოდესმე გვქონდა მცდელობა, თუნდაც იგივე კარტოფილი შემოგვეტანა და უარი გვითხრეს? ან, როცა ძველ კალაპოტს დაუბრუნდება ყველაფერი,  ვინმე აუხსნის მომხმარებელს, რატომ გაიზარდა ფასი პროდუქტებზე და რატომ გაქრა დახლიდან რუსული პროდუქცია?  სწორედ დღევანდელობამ დაგვანახვა, რომ კონკრეტულად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებამ, გზავნილების გაზრდამ ეკონომიკური სტაბილურობა და, რაც მთავარია, ეროვნული ვალუტის ლამის ერთი ლარით გამყარება გამოიწვია, რაც აქამდე არ მომხდარა. ლარი გამყარებას განაგრძობს და,  თუ ამ ტემპით იარა, წლის ბოლოსთვის 2-იან ნიშნულს ჩასცდება, ანუ მოხდება ის, რასაც ვერც ერთი ქართველი ექსპერტი სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენს.

სწორედ ეს არის  ერთადერთი მიზეზი იმისა, ჯიუტად რომ გავიძახით: აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან პირისპირ საუბარი და, უწინარესად, ეს ვაჭრობის თემით უნდა დავიწყოთ. როცა ამ მიმართულებით ურთიერთობა დალაგდება და დასტაბილურდება, შემდეგ უკვე სხვა თემებზე შეიძლება გადასვლა და სწორედ ეს არის, რაც აშინებს დასავლეთს. ის არაფრის დიდებით არ უშვებს თუნდაც იმის მცირე შესაძლებლობას, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან მარტო დარჩეს და, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ, ისე აწარმოოს მოლაპარაკებები. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური კეთილდღეობა,  შესაძლოა,  ისე თვალში საცემი იყოს, რომ დასავლეთმა ვერანაირი ბერკეტი ვეღარ გამოიყენოს და წლების განმავლობაში შექმნილი მტრის ხატი ერთ დღეში დაენგრეს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here