Home ახალი ამბები საქართველო რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლიდანაც ხორბლისა და ფქვილის მიღება შეუფერხებლად და, რაც მთავარია,...

რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლიდანაც ხორბლისა და ფქვილის მიღება შეუფერხებლად და, რაც მთავარია, იაფად არის შესაძლებელი

273

სწორედ რუსეთთან ცდილობენ ხელშეკრულებების გაფორმებას არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნები, არამედ ევროპის ბევრი სახელმწიფო. ჩვენ კი ვიღაცის თუ რაღაცის ხათრით ამას არ ვაკეთებთ და ხორბალსა თუ ფქვილში გადავიხდით იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე უნდა გადავიხადოთ

მსოფლიოში მალე მიაღწევს პიკს სასურსათო კრიზისი. არ მოვიდა ხორბლის ისეთი მოსავალი, როგორსაც დიდი ქვეყნები ისურვებდნენ და ამიტომ, ხორბალზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასმაც მოიმატა და დიდმა მიმწოდებლებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ხორბლის გაყიდვას აუცილებლად შეზღუდავენ და შეეცდებიან, მოთხოვნა ფქვილით დააკმაყოფილონ. ჯერ ერთი, ფქვილი ხორბალზე გაცილებით ძვირი ღირს და მეორეც _ ცალკე რჩება ქატო, რომელიც არანაკლებ გაძვირდა და დიდი მწარმოებლები ორმაგ მოგებას ნახულობენ. ასეა, როცა ქვეყნის ხელისუფლება, უწინარესად, საკუთარ ინტერესზე ფიქრობს და მერე დანარჩენზე.

სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ თუნდაც წელს ხორბლის მეტი მოსავალი გვქონოდა. არადა, შარშანაც ვწერდით, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, შეგვეძლო, ხორბალი დიდ ფართობებზე დაგვეთესა. იმასაც ვწერდით, რომ სხვა ბაზრის მონახვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან იმ „სხვას“ წლების განმავლობაში ეძებდა „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილი და, სურვილის მიუხედავად, მისი დახმარება ამერიკამაც კი ვერ მოახერხა, ამიტომ დავრჩით რუსეთზე დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება რუსეთსა თუ სხვა ქვეყანაზე გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება სერიოზულად არ მიუდგება საქმეს, არ ჩადებს ფინანსებს სოფლის მეურნეობაში და ასეულობით ჰექტარ მიწას არ დაამუშავებს და ხორბალს არ დათესავს.

ცუდი მოსავლის გამო რუსეთმა ხორბლის გატანა შეზღუდა და ამიტომ იძულებულნი ვართ, პურის ფქვილი ვიყიდოთ, თუმცარუსეთმა ხორბლის გატანა იმ ქვეყნებისთვის შეზღუდა, რომლებიც არ ესაუბრებიან, თორემ, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებსა და არაბეთში ისევ ხორბალი გადის და არა პურის ფქვილი, რაც გაცილებით იაფი ჯდება.

ამ ვითარებაში ასპარეზზე ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, დოქტორი კერი ფაულერი გამოჩნდა.

უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან უწევს, თანაც უფრო ძვირად, ამიტომ, ამერიკის მთავრობა, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების ხელშეწყობას ცდილობს“, _ განაცხადა ფაულერმა. მან არც ის დამალა, რომ საქართველოს დელეგაციას და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა და თურმე ფრიად ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ. მეტიც, ამერიკელი დოქტორი გვიმტკიცებს, _ საქართველოზე ფიქრში დღე და ღამე არ მძინავს და ვწუხვარ, რომ ხორბალს სწორედ რუსეთისგან ყიდულობთო.

„საქართველომ ორმაგი ტვირთი უნდა ატაროს _ ერთი ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რომელიც არ არის საიმედო პარტნიორი; და მეორე _ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი, იმპორტირებული ფქვილით“, _ დასძინა ფაულერმა.

გულზე ხელი დაიდეთ, ბატონო ფაულერ, და თქვით, რას ნიშნავს არასაიმედო პარტნიორი? კომუნისტების დროიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობით გაგრძელებული, საქართველოში შემოტანილი ხორბლისა თუ პურის ფქვილის ხვედრითი წილის 95%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდის. კომუნისტებს რომ შევეშვათ, 30-წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში, რუსეთი შეუზღუდავად გვაწვდის ხორბალს და ფქვილს და არასაიმედოა? ანუ, საიმედოობაში დასარწმუნებლად 30 წელი არ კმარა ხომ? და 2008 წელსაც რომ არ შეწყვეტილა ეს მოწოდება, ეგეც არ ნიშნავს საიმედო პარტნიორობას?

საბედნიეროდ, ფაულერს გამბედობა ეყო, ეთქვა, რომ პროგრამები, რომლებსაც ამერიკა საქართველოში განახორციელებს, რამდენიმეწლიანია და შედეგს აუცილებლად მოიტანს. თუმცა, როცა ამას ამბობდა, ბატონი კერი, ალბათ, არ ფიქრობდა, რომ პროგრამები კი არის რამდენიმეწლიანი, მაგრამ ადამიანებს საქართველოშიც პური ყოველდღიურად სჭირდებათ. რაც მთავარია, ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაფინანსდება და რომლისთვისაც 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი, ხორბლის მოსავალზე მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი ძალიან კარგად კი ისმის, მაგრამ… რომელი ხორბლის მოსავალზე? სადმე გვაქვს დათესილი და არ ვიცით თუ 3-4 წლის შემდეგ, მწერებს რომ მოვსპობთ, მერე უნდა დავთესოთ? და ის თუ გაგიგიათ, დათესილი ხორბლის შეწამვლა რომ შეიძლება, ანუ დათესვა და პარალელურად მწერებთან ბრძოლა? ჩემი ნაცნობი ფერმერები სწორედ ასე აკეთებენ და მოსავალიც მოსდით, მაგრამ ფართობებია პატარა, პატარა კი იმიტომაა, რომ სახელმწიფო მეტს არ აძლევს. ჰო, არ აძლევს ან აძლევს, მაგრამ ისეთ იჯარას ითხოვს, მოსავლის აღებისა და გაყიდვის შემდეგ ბედნიერი ხარ, ვალი რომ არ დაგრჩა, მოგებაზე კი ფიქრიც ზედმეტია… ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ჩამოეკიდოს ამერიკულ ფქვილს (და არა ხორბალს), რომელიც ტრანსპორტირების გამო, საუკეთესო შემთხვევაში, სამჯერ ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე რუსეთიდან შემოტანილი. ეს ყველაფერი ამერიკელმა პარტნიორებმა კი იციან, მაგრამ გვეუბნებიან: ასეთ შემთხვევაში, ძვირს გადაიხდით, სამაგიეროდ, რუსეთზე არ იქნებით დამოკიდებულიო. არადა, რეალურად, კუჭზე ვართ დამოკიდებული და საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვცდილობთ, ეს დამოკიდებულება, რაც შეიძლება, იაფი დაგვიჯდეს და ახლა პურის სამჯერ გაძვირება, აქაოდა, ამერიკულს ვჭამთო, შეღავათი არ უნდა იყოს. ეს იცის ამერიკამაც, მაგრამ სურს, რომ სწორედ მათზე ვიყოთ დამოკიდებული მთავარი საკვები პროდუქტით, თორემ ენერგორესურსებს რომ ვერ შემოგვტენის, თვითონაც იცის _ საქართველოს მოსახლეობა უარს იტყვის. მაგრამ რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკულ ფქვილს დავხარბდებით, ნამდვილად ვერ გეტყვით.

საზოგადოდ, იშვიათად, მაგრამ მაინც გვგონია ხოლმე, რომ ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოდან სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. არ ეუბნებიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს დასავლურ პერსპექტივებს, რომ უდიდეს ნაწილს აღარ სჯერა ნატოში ოდესმე გაწევრების და ახლა იგივე ბედი ევროკავშირის პერსპექტივასაც შეიძლება ეწიოს. ამის მიუხედავად, აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო სწორედ მასზე იყოს დამოკიდებული და მერე რა, რომ ამერიკიდან საქართველომდე ძალიან შორია და, შესაბამისად, ყველაფერი _ ძალიან ძვირი; მეათე პირ ტყავს გააძრობენ მოსახლეობას (ცხრა პირი უკვე გამძვრალი აქვს), ოღონდ კი როგორმე დაიმონონ, დაიქვემდებარონ.

თქვენი აზრით, რატომ არ წუწუნებს ეგვიპტე ხორბლის სიძვირეზე? ან ტაილანდი? ან საუდის არაბეთი, მოდლოვა, უნგრეთი, ბელორუსი… იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ხელისუფალნი პირისპირ ესაუბრნენ რუს კოლეგებს, მოაგვარეს ურთიერთობა, გააფორმეს გრძელვადიანი ხელშეკრულებები, 10-15 წელზე გათვლილი და რუსეთიც, ეს `არასაიმედო~ პარტნიორი, საიმედოდ აწვდის ხორბალს და ბაზარზე ფასის თამაში ამ ურთიერთობაზე ნაკლებად აისახება. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, კონკრეტულად ხორბლის გამო რუსეთთან რომელიმე ქვეყანას პრობლემა შექმნოდეს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ამერიკა გვიმტკიცებს, რუსეთი არასაიმედო პარტნიორიაო.

რაც შეეხება საქართველოს, მწერების განადგურებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი დოლარი კი არა, დაუმუშავებელი მიწები მიეცით ხალხს და ისინი თვითონ მიხედავენ. პირობაც ჩამოართვით, რომ ხორბალს დათესავენ და ის გადასახადი შეამცირეთ, ჰექტარზე წლიურად 1200 ლარს რომ სცდება და ნახავთ, როგორი მოსავალი იქნება. საქართველო იმდენ ხორბალს ვერ მოიწევს, თავისი მოსახლეობის გამოსაკვებად ეყოს, მაგრამ პროცენტულად სერიოზული შედეგის მიღწევა ნამდვილად შეიძლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორედიდი პრობლემაამაღალჩინოსნები, რომლებიც ფქვილისა და ხორბლის ბიზნესში არიან ჩართულნი და ყოველთვიურად მილიონობით მოგებას იღებენ. ისინი  თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან და ამას არ დაუშვებენ. ჰო, არ დაუშვებენ ზუსტად ისე, როგორც ერთხანს ითხოვდენენ, რომ ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით არ ეზიდათ მცირე მეწარმეებს და მათ მილიონობით შემოსავალს ათასები არ მოჰკლებოდა. ვაღიაროთ ისიც, რომ რუსეთია ერთადერთი (და არა ერთერთი) ქვეყანა, რომლიდანაც ხორბლისა და ფქვილის მიღება შეუფერხებლად და, რაც მთავარია, იაფად არის შესაძლებელი, სწორედ რუსეთთან ცდილობენ ხელშეკრულებების გაფორმებას არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნები, არამედ ევროპის ბევრი სახელმწიფო. ჩვენ კი ვიღაცის თუ რაღაცის ხათრით ამას არ ვაკეთებთ და გადავიხდით იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე უნდა გადავიხადოთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here