Home ახალი ამბები საქართველო რატომ არის დასავლეთი იმის გარკვევის წინააღმდეგი, საიდან ფინანსდებიან საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობოები?

რატომ არის დასავლეთი იმის გარკვევის წინააღმდეგი, საიდან ფინანსდებიან საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობოები?

551

სწორედ ახლახან ინიცირებული  კანონის მიღების შემდეგ გაირკვევა, რომ ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეთანხმება, დასავლეთიდან ფინანსდება და თანხას იხდიან იმაში, რაც ადამიანების გაღიზიანებასა და გაბრაზებას იწვევს. მერე გაირკვევა ისიც, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები თუ აქციები ევროპა-ამერიკიდან  ფინანსდება.

პარლამენტართა ჯგუფი „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“  შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივით გამოვიდნენ. კანონპროექტები  უკვე წარდგენილია და, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, ამ პროექტს ისინი მხარს დაუჭერენ. საინტერესოა, რა წერია კანონპროექტში.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში  მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს  დაფინანსების  წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს და, ფინანსური გამჭვირვალობის მოტივით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. სხვათა  შორის, პროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ აღნიშნულ კანონზე მუშაობისას ამერიკული გამოცდილება გაიზიარეს. იგულისხმება აშშ-ში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი-FARA, რომელიც შტატებში დღესაც მოქმედებს. თავის მხრივ, მესამე სექტორი გაკონტროლების არგუმენტით ამ კანონპროექტს არ ეთანხმება და მას მხარს არც ოპოზიცია დაუჭერს, თუმცა, დიდი ალბათობით, უმრავლესობის ხმები კანონის მისაღებად საკმარისი იქნება. ახლა კი, რიგითობით მივყვეთ.

როგორც კი აღნიშნული ინიციატივა გახმაურდა, ჯერ ევროპამ, შემდეგ კი ამერიკამ ლამის ომი გამოგვიცხადეს, – როგორ ბედავთ და არასამთავრობოების გაკონტროლებას აპირებთო. მათი კარგად გვესმის, რადგან ათეული წლებია, დასავლეთის მთავარი საყრდენი საქართველოში სწორედ არასამთავრობო სექტორია, დაფინანსებას კი ის სწორედ დასავლეთისგან იღებს. ჰოდა, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა  დაგმეს ახალი ინიციატივა და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი რუსეთს დააბრალეს და აღნიშნეს, რომ ახალ კანონში რუსული კვალი იგრძნობა, ევროპამ კი…

„შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“. ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის,  ჯოზეფ ბორელის, პრესსპიკერმა გააკეთა და დაადასტურა, რომ აღნიშნული განცხადება სწორედ ბორელის ნააზრევია.

მოიცა, მისტერ ჯოზეფ! რომელი რეფორმები? გასულ კვირას რომ გვითხარით, რეფორმები და რეკომენდაციები „დაიკიდეთ“, მიხეილ სააკაშვილს თუ არ გაათავისუფლებთ, ევროკავშირში კი არა, კანდიდატის სტატუსსაც არ მოგცემთო? იმ რეფორმებზე გველაპარაკებით, ერთი სისხლის სამართლის დამნაშავის თავისუფლებამდე რომ დაიყვანეთ? და თქვენ ნამდვილად იცით, რას უჭერს მხარს „საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა?!“ მართლა იცით? მაშინ რატომ გვიკიჟინებთ, ევროკავშირისკენ სავალი გზა სააკაშვილის თავისუფლებაზე გადისო? ან იმას რატომ გვიკიჟინებთ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ტაშფანდურით უნდა შეხვდეთ და პრაიდიც უნდა ჩაატარებინოთო?!  გგონიათ, რომ ეს სურს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას? იქნებ, თქვენ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები გაწვდიან ცრუ ინფორმაციას და გიმტკიცებენ, რომ ყველაფერს აკონტროლებენ, რომ ხალხის აზროვნება შეცვალეს, რომ ტრადიციებსა და რწმენაზე მდგარი საქართველო აღარ არსებობს და ახლა სხვა საქართველოა?!

ხომ საინტერესოა, რატომ არის დასავლეთი იმის გარკვევის წინააღმდეგი, საიდან ფინანსდებიან საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობოები? რის ფასად დარბიან „ჩემი ფუჩუ ჩემიას“ პლაკატებით ახალგაზრდა გოგონები, რის ფასად იცვამენ 17 მაისს ბიჭები კაბებს და რუსთაველზე გატანტალებას ცდილობენ, რის ფასად გვიმტკიცებენ დაყენებული სახეებით არასამთავრობოების ლიდერები, თეთრზე შავიაო? სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გაირკვევა, რომ ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეთანხმება, დასავლეთიდან ფინანსდება და თანხას იხდიან იმაში, რაც ადამიანების გაღიზიანებასა და გაბრაზებას იწვევს. მერე გაირკვევა ისიც, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები თუ აქციები ევროპა-ამერიკიდან ფინანსდება; გაირკვევა ისიც, რომ, რაც უფრო მეტ აგრესიას გამოხატავს მოსახლეობა ამა თუ იმ არასამთავრობოს მიერ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ, მით მეტია დაფინანსება. ანუ, ხალხის გაღიზიანება წახალისებულ-დაფინანსებულია დასავლეთიდან და წერტილი.

მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ არიან ამ ინფორმაციის გასაჯაროების წინააღმდეგი უშუალოდ არასამთავრობოები. ფულის აღება არ „უტყდებათ“ და იმის თქმა „უტყდებათ“, ვისგან ან რისთვის იღებენ? ჰო, დაფინანსების წყაროს გარკვევის შემდეგ ისინი ომახიანად ვეღარ იყვირებენ თავსმოსახვევ ლოზუნგებს და, როცა ვიღაცა სახეზე ააფარებს ფურცელს, რომელზეც  ეწერება, რომ, მაგალითად, კონკრეტული არასამთავრობოს მთავარი დონორი სოროსის ფონდია, ხმის აწევა აღარ გამოვა. ვეღარც ნიდერლანდების წარმომადგენლები დაგვიქნევენ თითს, როცა ოფიციალურად გაცხადდება, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერი აქციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან ფინანსდება. აქვე იქნება ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი… და ამ ყველაფრის ოფიციალურად, დოკუმენტურად გარკვევის შემდეგ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება კითხვა – გვსურს თუ არა ასეთი ამერიკა და ევროპა? გვინდა თუ არა სწორება მათ ღირებულებებზე?

სასაცილოა , რომ დასავლეთიც და ქართული ოპოზიციაც აქცენტს რუსეთზე აკეთებენ; აქაოდა, ამ ყველაფერში რუსულ კვალსა და კანონებს ვხედავთო. არადა, მათ ზუსტად იციან, რომ რუსული ფული არ გამოჩნდება არც ერთი არასამთავრობოს მიერ შევსებულ დეკლარაციაში, ანუ რუსეთი აქ არასამთავრობოებს არ აფინანსებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ინტერესს არ ატარებს, საკუთარ მოსაზრებებს  არასამთავრობოების პირით არ ახვევს მოსახლეობას თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში ხომ ასე იყო – კვარტალში ერთხელ ძალოვან უწყებას ერთობლივი სპეცოპერაციით  უნდა დაეკავებინა ვინმე, ვინც შემდეგ  რუსეთის აგენტი აღმოჩნდებოდა.  ფარული გადაღებებით  გვიჩვენებდნენ, როგორ დადიოდა ადამიანი სამსახურში. ჰო, სამსახურში და მერე გვეუბნებოდნენ, ეს კაცი აგენტია,  აღიარაო. ვინც აგენტობა არ აღიარა, „შემოაკვდათ“, ვინც აღიარა – უზარმაზარი სასჯელები ჩამოურიგეს და დასავლეთთან თავს იწონებდნენ: აგერ, ვმუშაობთო. პარალელურად, სწორედ იმ პერიოდში, არასამთავრობოები რუსეთისკენ ხელს იშვერდნენ, – საქართველოში აგენტურულ ქსელს ამუშავებს, ყველგან  თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილიო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოში უზარმაზარ თანხებს დებდა, ჩვენი საშინაო საქმეები აინტერესებდა და აგენტებსაც ამიტომ გზავნიდა. ახლა კი აუცილებლად გაირკვევა, რომ  ასეულობით მილიონს დასავლეთი აბანდებს საქართველოში და აბანდებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრებები არასამთავრობოების მეშვეობით მოახვიოს თავს საქართველოს მოსახლეობას. ისე ნუ იფიქრებთ,  რომ ამ ყველაფერს შედეგი არ მოაქვს. აგერ, წლების წინათ  ვერავინ იფიქრებდა, რომ ტელევიზიების ეთერებში დასხდებოდნენ კაბიანი ბიჭები, ქუჩაში ვიღაც ამაყად იტყოდა, – ტრანსგენდერი ვარო; ქალის სამოსში გამოწყობილი  ბიჭი იტყოდა, – თავს მეძავობით ვირჩენო; ევროპაში წასული მამაკაცი ოპერაციას გაიკეთებდა, ქალად მოგვევლინებოდა და თავშესაფარს ითხოვდა. ეს ყველაფერი მართლაც წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა კი… ახლა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. ლგბტ თემის არაერთი წარმომადგენელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტელევარსკვლავია, სხვადასხვა შოუში იწვევენ და სწორედ ეს არის პროპაგანდა – ბავშვებს, რომლებიც ამ შოუებს უყრებენ, უვითარდებათ განცდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამის გამო არავინ გაკიცხავს, რომ თუნდაც ტრანსგენდერობა ყველაზე იოლი გზაა პოპულარობისკენ. მერე ეს ყველაფერი გონებაში ილექება და, ეს თაობა რომ გაიზრდება, მათთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იქნება და პროტესტიც მინელდება, ბოლოს კი საერთოდ გაქრება. ეს არის მთავარი ჩანაფიქრი და ეს არის ის, რისკენაც მივდივართ თუ მივყავართ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს.

არანორმალური ზეწოლის მიუხედავად, გვჯერა, რომ  მმართველი გუნდი  გადაწყვეტილებას არ შეცვლის და პროექტს კანონად აქცევს. აუცილებელიც არის, მოსახლეობამ იცოდეს, ვინ საიდან იღებს ფინანსებს და დასკვნაც გააკეთოს, ვინ იხდის ფულს იმ „მუსიკისთვის“, რომელსაც გვასმენინებენ. შემდეგ უკვე ინდივიდუალურად გადაწყვეტენ ადამიანები, უნდა ენდონ თუ არა, მაგალითად, სოროსის ფონდის დაფინანსებულ ორგანიზაციას, უნდა შეუერთდნენ თუ არა ევროპის ლგბტ კავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით განხორციელებულ აქტივობებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეგებ არ ვიცით და რომელიმე არასამთავრობო რუსეთიდანაც  ფინანსდება… გავიგოთ, გავაანალიზოთ, რას გვეუბნებიან, რას აფინანსებენ. დასავლეთის მხრიდან ჩანასახშივე  ისტერიკული ყვირილი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და თურმე მათ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, უფრო მეტ ეჭვს აჩენს.

„თუ ოდესმე ფაშიზმი ამერიკამდე მოაღწევს, მას ექნება ლიბერალიზმის სახე!“-  ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გააკეთა და ფაქტია, ფაშიზმს ლიბერალიზმის სახე აქვს. სწორედ ლიბერალური ფრთა ცდილობს საქართველოს საბოლოოდ დამონებას და უსიტყვო მორჩილებას. ლიბერალური ფაშიზმი საქართველოსკენაც დიდი ნაბიჯებით მოიწევს და, ვისი ხელით ცდილობენ ქვეყნის ლიბერალიზაციას,  უნდა ვიცოდეთ.

ლევან გაბაშვილი                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here