Home ახალი ამბები საქართველო რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკურ  ზრდაში ლომის წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის,...

რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკურ  ზრდაში ლომის წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, ლაპარაკი აღარ არის რუსეთიდან შემოტანილ იაფ პროდუქციაზე

252

საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, იმაზე ლამის ოთხჯერ ნაკლები დახარჯეს, ვიდრე რუსეთის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მთავარი მოკავშირე და პატრონ-მყვარებელი (ყოველ შემთხვევაშ, ასე გვეუბნებიან) ამერიკა კი  ათეულშიც არ არის... ამერიკელებს იმის მეათედიც კი  არ დაუხარჯავთ საქართველოში მოგზაურობისას, რამდენიც  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა დახარჯეს…

საქართველოს მოსახლეობა მთავარ შემოსავალს ტურიზმიდან იღებს. ჩვენთან ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დახარჯული თანხის უდიდესი ნაწილი ხალხში რჩება, რიგით ადამიანებში და აქ  არა მხოლოდ   რესტორატორებსა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებზე  არის საუბარი, არამედ მათზეც, ვინც ოჯახში დამზადებულ ჩურჩხელას ან ნაქსოვს, ან  ხელნაკეთ სათამაშოებს ყიდის. იყიდება, პრაქტიკულად, ყველაფერი და თვითდასაქმებული ადამიანები  შემოსავალს იღებენ.

  სამწუხაროდ, დღემდე ვერ  ვაწარმოებთ ისეთ რამეს, რითაც მსოფლიოში რაიმე ნიშას დავიკავებთ და ყველას ვათქმევინებთ, რომ ეს არის ქართული და ქართული ყველაზე კარგია. მცდელობა იმისა, რომ ღვინის ნიშა დაგვეკავებინა,  ფუჭი აღმოჩნდა. ევროპაში ესპანური, ფრანგული თუ პორტუგალიური ღვინოები არ გვაძლევს გასაქანს, ქართულ წყალს იგივე ფრანგული, შვეიცარიული და ავსტრიული წყლები ჩაგრავს, ქართული თაფლით მოხიბლულმა ევროპამ ისეთი რეგულაციები დააწესა, გატანა-გაყიდვა დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სხვა კი… სხვა რამ არ გვაქვს.

სამაგიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი სრულად იყიდება მეზობელ რუსეთში და არათუ იყიდება, უბრალოდ, რუსულ ბაზარს სრულად ვერ ვითვისებთ და ვერ ვახერხებთ საჭირო რაოდენობის გატანას…

რუსეთი  შემთხვევით არ გვიხსენებია და ახლავე აგიხსნით, რატომ. ტურიზმის ეროვნული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795,4 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი, გასული წლის პირველ კვარტალში უცხოელი მოგზაურებიდან მირებული შემოსავალი შეადგენდა 393,7 მლნ დოლარს, ხოლო პანდემიის პერიოდში, ანუ 2021 წელს, ეს მაჩვენებელი, სულ რაღაც, 53.6 მლნ დოლარი იყო.

 რა შუაშია ამ ყველაფერთან რუსეთის ფედერაცია? საქმე ის არის, რომ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი სწორედ რუსეთის მოქალაქეებიდან მიიღო. პირველ კვარტალში მათ მიერ დახარჯული თანხა 266,4 მლნ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა თურქეთი 96.3 მლნ დოლარით, მესამეზე  კი… ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად – 73.2 მლნ-ით. ანუ, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, იმაზე ლამის ოთხჯერ ნაკლები დახარჯეს, ვიდრე ერთმა რუსეთმა.  ამაზე საინტერესოც გვაქვს – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მთავარი მოკავშირე და მყვარებელი (ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან) ამერიკა ათეულშიც არ არის. ჰო, ათეულშიც  არ არის და ეს მაშინ, როცა მეათე ადგილზე მყოფი საუდის არაბეთის წარმომადგენლებს პირველ კვარტალში საქართველოში 5,6 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული. რა გამოდის? ამერიკელებს იმის მეათედიც კი  არ დაუხარჯავთ საქართველოში მოგზაურობისას, რამდენიც  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა დახარჯეს?..

აი, ახლა როგორ არ უნდა გავიხსენოთ გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას დანამუსება: რუსი ტურისტები რომ გვიხარია, იცით თუ არა, რომ ისინი ამერიკელებზე ათჯერ ნაკლებს ხარჯავენ და ამიტომ ამერიკელები უნდა გვიხაროდესო? ამერიკელები კი არა, თურქ და ირანელ ტურისტებსაც პატივს ვცემთ, მაგრამ სად არიან ეგ თქვენი ამერიკელები თავიანთი  უზარმაზარი ხარჯებით? ანუ, თუ ერთი ამერიკელი ჩამოვა და დახარჯავს, ვთქვათ, 5 ათას დოლარს და 10 რუსი ტურისტი დახარჯავს 20 ათასს, მაინც ერთი ამერიკელი უნდა გაგვიხარდეს? რატომ?! იქაურ დოლარს სხვა გემო, სუნი და ფერი აქვს თუ მთავარია, ამერიკელმა დახარჯოს და მერე რა, რომ ცოტას ხარჯავს, სამაგიეროდ, უაქცენტოდ საუბრობს ინგლისურად? სამწუხაროდ, ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, რომ ტურიზმის სფეროში რეკორდულად მაღალი შემოსავალი სწორედ რუსეთის მოქალაქეების დამსახურებაა. მათ, უბრალოდ, ციფრები დაასახელეს და აღნიშნეს, – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდესო, მაგრამ ვის ხარჯზე ვითარდება და ვინ არის „მთავარი ინვესტორი“ ამ სფეროში, არ ამბობენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პირველ ადგილზე ევროპელი, ამერიკელი ან თურქი მოგზაურები რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად იტყოდნენ, მეტიც, საჯაროდ მადლობასაც გადაუხდიდნენ, მაგრამ იმავე ხოშტარიას, ვაშაძისა თუ სხვა ოპოზიციური ერთკაციანი პარტიების ლიდერების შიშით რუსეთს ვერ ახსენებენ, მერე ხომ რუსეთუმეობაში დაადანაშაულებენ და, რაც მთავარია, მხარს დასავლელი პერტნიორებიც აუბამენ. მერე რა, რომ არც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებსა და არ ამერიკას ამ მხრივ  სათქმელი არაფერი აქვთ, მაინც იტყვიან, თითქოს ისინი არიან ყველა გადაწყვეტილების მიმღები.

არც იმაზე ამბობს არავინ არაფერს, რომ 266 მლნ დოლარი 700 მილიონამდე ლარია და ეს თანხა სამ თვეში საქართველოს მოსახლეობაზე მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან გადანაწილდა. სამაგიეროდ, ამაყად ვაცხადებთ, რომ ახალი მაჩვენებლებით წლიური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება და ამაში… ამერიკელი და ევროპელი ექსპერტებიც გვეთანხმებიან. და საიდან, ბატონებო, ეს ეკონომიკური ზრდა?! რატომ არ ამბობთ, რომ ამ ზრდაში ლომის წილი სწორედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე მოდის, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთიდან შემოტანილ იაფ პროდუქციაზე?! ამაზე ლაპარაკი ხელს არ აძლევს დასავლეთს და ამის თქმის ეშინია ხელისუფლებას; ეშინია სწორედ ერთკაციანი, ოპოზიციური პარტიების ლიდერების კრიტიკის გამო, რადგან ამ პარტიებს მხარს… დასავლეთი უმაგრებს.

წინ საზაფხულო ტურისტული სეზონი გვაქვს, დრო, როცა ბევრი დამსვენებელი ჩამოდის და ბევრ ფულს ხარჯავს, იმიტომ, რომ ეს შვებულებების პერიოდია და გრძელვადიანი მოგზაურობები იგეგმება. ქართული ტუროპერატორები არ მალავენ, რომ ჯავშნები ზაფხულის პერიოდშიც სწორედ რუსეთიდანაა და უმრავლესობა კვლავ რუსი ტურისტი იქნება. სავარაუდოდ, სწორედ ხელისუფლების, დასავლეთისა თუ ერთკაციანი პარტიების ლიდერთა გამო საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც თითქოს ერიდებიან იმის თქმას, რომ მათი კლიენტების  უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია, რომ მათთან კომუნიკაცია მარტივია, რომ ისინი არაფერს აფუჭებენ, არ ღრეობენ, არ იქცევიან ისე, რომ შენიშვნა მიიღონ და, რაც მთავარია, სოციალური ქსელის მეშვეობით ეპატიჟებიან ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და ძალიან, ძალიან ბევრი ტურისტი იქვე შოულობს სასტუმროსთვის ახალ კლიენტს, იქვე აჯავშნინებს ადგილს და ყველა ბედნიერია. კი არსებობს გამოთქმა, ბედნიერებას სიმშვიდე და სიჩუმე უყვარსო, მაგრამ,  რომ ვთქვათ, რისი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, ვითომ რამე დაშავდება? ერთ ჭიქა ღვინოს რომ დალევენ საერთაშორისო ფესტივალებზე ევროპაში, ლამის ერთსაათიან სიუჟეტებს უძღვნით და გაკვრით, ცალ ყურში მოსასმენად მაინც რომ აღვნიშნოთ ხოლმე, რა ხდება სინამდვილეში, ეგებ არც არაფერი დაშავდეს. მანამდე კი… მანამდე,  საზაფხულო ტურისტული სეზონის წინ, ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეეცდებიან  მოსახლეობაში ცუდი განწყობის შექმნას, რათა აგრესია დათესონ, აქაოდა, რუსები არ შემოუშვათ, გინდათ თუ არა, ჩვენი მტრები არიან და ნახევარზე მეტი „ეფესბეს“ აგენტიაო. ისე, კუდიანებზე ნადირობა სააკაშვილის სტილი იყო და მართალია, მაშინ ყოველდღიურად ახალ-ახალ ჯაშუშებსა თუ ტერორისტებს იჭერდა და საქართველო რამდენიმეჯერ „მასშტაბურ ტერორისტულ აქტს გადაარჩინა“, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და, მე-11 წელია, აფეთქების მოწყობის მსურველი ერთი ადამიანიც არ დაგვიკავებია, რატომღაც არავინ გვაფეთქებს და არც ტერორისტების შემოსევა აღინიშნება. მაშინ ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ მოსახლეობას დაეჯერებინა, რუსეთს ჩვენი გადაბუგვა სურდა, მაგრამ  ამის გაკეთებას სააკაშვილის ხელისუფლება არ ანებებდა.  „სუპერმენის“ წასვლის შემდეგ არაფერი რომ არ მოხდა, ამ ტყუილსაც ფარდა აეხადა.

ხელისუფლების მისამართით კი ვიტყვით, რომ დროა, ხმამაღლა ვისაუბროთ რეალობაზე, აღარ დავმალოთ, სინამდვილეში რა ხდება და ვის რა დამსახურება აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე რუბიკონი უკვე გადალახულია, დასავლეთი გადამწყვეტ იერიშზე გადმოვიდა და სწორედ ახლაა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ტურისტული, არამედ სხვა მიმართულებითაც რუსეთთან ურთიერთობა გავაღრმავოთ. პირველ რიგში, ეს ვაჭრობის სფეროს ეხება, რადგან სწორედ რუსეთთან ვაჭრობის უმნიშვნელოდ გაზრდამ  საქართველოში ეროვნული ვალუტაც გაამყარა, პროდუქტსა და საწვავზე ფასებიც შეამცირა და, საზოგადოდ, ამ ურთიერთობის მცირედით გაზრდითაც კი რიგითმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს.

ლევან გაბაშვილი                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here