Home ახალი ამბები საქართველო რაც უფრო ვშორდებით დასავლეთს, მით უფრო ვუახლოვდებით ნამდვილ დამოუკიდებლობას და ახლა ჩვენი...

რაც უფრო ვშორდებით დასავლეთს, მით უფრო ვუახლოვდებით ნამდვილ დამოუკიდებლობას და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, რომელი სჯობს

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ერთადერთი, ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, ეგებ იქ მაინც იყოს შინაარსობრივი მსჯელობა და დასაბუთება, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი და რა არის მასში რუსული. ეჭვი გვაქვს, საფუძვლიანი დასაბუთება არც იქ იქნება და იქაც მხოლოდ ის ეწერება, რომ ეს კანონი დასავლეთს გვაშორებს.

256

როგორც მოსალოდნელი იყო, სალომე ზურაბიშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტო დაადო. ასევე, მოლოდინისამებრ, მას არ ჰქონია არანაირი შენიშვნა რომელიმე მუხლის მიმართ, არ ჰქონია  მოთხოვნა, კანონში რამე შეცვლილიყო, პრეზიდენტმა ვეტო მთლიანად კანონს დაადო და მოკლედ მოჭრა – ეს კანონი რუსულია თავიდან ბოლომდე და ამიტომ ხელისუფლებას არ „გავაპრავებ“, განხილვას  არ დავიწყებო.

სიმართლე გითხრათ, არ გვჯერა, ქალბატონ სალომეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებწაკითხული ჰქონდეს, მაგრამ, თუ წაიკითხა, ბოლომდე გაეაცნობიერებინა, რა წერია იქ. ის  ბრმად ენდო და  დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც აღნიშნული კანონის მიღება ხელს არ აძლევთ, და ვეტო დაადო. მას ეჭვი ჰქონდა, რომ რომელიმე კონკრეტული მუხლის დაწუნების შემთხვევაში მარტივად დაუმტკიცებდნენ საპირისპიროს და შემდეგ  ვეტოს დადება აზრს დაკარგავდა, ამიტომ მარტივი გზა აირჩია… მარტივი მისთვის და არა იმ ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტი და მთავარსარდალიც ჰქვია.

პრეზიდენტის ვეტოს პარალელურად, ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები დაიმუქრნენ, დეპუტატებსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დავუწესებთ და  ამერიკაში ჩამოსვლა აეკრძალებათო. იმავეს ამბობენ ევროპარლამენტარები, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს არ აქვთ უფლება და ბერკეტი, ვინმეს ან რამეს სანქციები დაუწესონ და, მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ. ისინი მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევიან, გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ და კონკრეტული გადაწყვეტილების  მისაღებად   27-ვე ქვეყნის ლიდერის თანხმობაა საჭირო,  ამიტომ ევროპული სანქციები  არარეალური პერსპექტივაა. რაც შეეხება ამერიკულს, მეტი სანქცირების დაწესება რა საჭიროა?  აშშ-თან სავიზო რეჟიმი მოქმედებს და, იქ  რომ წახვიდე, იმდენი დოკუმენტი უნდა მოაგროვო, ერთი წელიწადი დაგჭირდება, შემდეგ კიდევ ერთი წელი რიგში დგახარ და, ცხრა მთას იქით ყვავი რომ ცხოვრობს, იმ ყვავის მარჯვენა ფრთის მეცხრე ბუმბულსაც  რომ მიიტან საელჩოში, უარს გეუბნებიან. ჰო, ამერიკაში ოფიციალურად წამსვლელ ქართველთა 90%-ს დაუსაბუთებელი უარი მისდის. სამაგიეროდ, ამერიკელები გვიმტკიცებენ: თქვენი სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ჩვენ გარეშე დაიღუპებითო, არადა, რეალურად მათ გარეშე ვართ და დაღუპვის არაფერი გვეტყობა, უფრო პირიქით.

ჰოდა, სანქციებზე  დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ ის აშავებს, მაშინ პირადად უნდა დაუწესონ სანქციები და რა შუაშია ამ შემთხვევაში მისი შვილი ან შვილიშვილი?! ისინი ხომ ცალკე ოჯახს წარმოადგენენ, ცალკე საზრუნავითა და ცხოვრებით, მაგრამ არა, ამერიკა სწორედ ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებითაც  იმუქრება და მერე კიდევ გვიკვირს, რატომ არის  ქუჩაში გასული დემონსტრანტების დიდი ნაწილი მზად, არა მხოლოდ დეპუტატებს გაუსწორდეს ფიზიკურად, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც და ზარებსა თუ შეტყობინებებში  სწორედ ოჯახის წევრებს ემუქრებიან. ჰო, ამ მუქარასა და შანტაჟზე დასავლელი პარტნიორები არ რეაგირებენ ხოლმე, რაც დემონსტრანტებს უფრო ათამამებს. დაუსჯელობის სინდრომის ბრალია ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ  მისმა თანატოლებმა სათვალთვალო კამერები დააზიანეს. ამას  ოპოზიციური არხები პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ და  აგულიანებდნენ: მიდით, დალეწეთ, დაამტვრიეთო. და სად იყო ამ დროს დასავლეთი? არსად…  და გვერწმუნეთ, ისინი მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდ კი ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს და მათ გავლენას შესუსტების საფრთხე არ დაემუქროს.

სხვათა შორის, როგორც ოპოზიცია, ისე დასავლეთი ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ  ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და აღარ იქნება დემოკრატია. მაგალითად მათ რუსეთი მოჰყავთ, ის რუსეთი, რომელშიც ორიოდე თვის წინათ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს რამდენიმე ათეული კონკურენტი ჰყავდა. კი ამბობენ, მაინც პუტინი მოიგებდაო, მაგრამ ასე „მაინც“ სააკაშვილიც მოიგებდა და რატომ ვერ ბედავდა ვერც ერთი გავლენიანი პირი მის წინააღმდეგ წასვლას? იმიტომ, რომ არავის ჰქონდა გარანტია, არჩევნებამდე ან მის შემდეგ რომ არ მოჰკლავდნენ და დასავლეთიც დუმდა. ჰო, დასავლეთი დუმდა იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდა,  აქ ქართველებს სიკვდილის შიშით აჩერებდნენ, მაგრამ, როცა ერის გადაშენების საფრთხე დადგა, როცა ყველამ გაიგო, რომ 2012 წლის პარლამენტში  ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ იმსჯელებდნენ, სიკვდილის შიშიც დაიძლია. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ახლაც – ქუჩაში გამოსული ადამიანები, საკუთარ თავზე კი არა, მომავალ თაობაზე ფიქრობენ და იმიტომ გაიმართა 17 მაისს საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი მსვლელობა, რათა მტერსა და მოყვარეს მკაფიოდ  დაენახა, რა ხდება სინამდვილეში, ვის მხარეს არის ერი და ბერი და როგორ უჭირს რეალურად ოპოზიციას და დასავლეთს მთავარში – ადამიანურ რესურსში.

ამერიკულ დემოკრატიაზეც ვთქვათ, პუტინს რომ მიადგებიან ხოლმე. დონალდ ტრამპმა „შემთხვევით“ რომ არ გაიმარჯვოს,  ორ შტატში  არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. გესმით? პუტინი გააკრიტიკეს, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად ვინც  შერაცხილია, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალაო (ანუ, აგენტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას რატომ არ აძლევსო) და აშშ-ის  ყოფილ პრეზიდენტს  მეორედ კენჭისყრის შესაძლებლობას უსპობენ; იციან, რომ ვერ მოერევიან და, სანამ არჩევნების დრო მოვა, მანამდე კიდევ რამდენიმე შტატში მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას. მიზეზი აქაც „მარტივია“:  ტრამპს არ მოსწონს ლიბერალები, არ მოსწონს ლგბტ თემი, არ სურს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ქვიარ თემის უფლებები საუბრის მთავარი  თემა იყოს, ხმამაღლა ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევიდან ორ თვეში რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს…  იმ ომს, რომელშიც ამერიკამ და ევროპამ ჩამოწერილი და გასანადგურებლად გამზადებული იარაღი შეტენეს უკრაინას, თანაც ამ იარაღის ფასს უკრაინის მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ვერ გადაიხდის… ჰოდა, თურმე რუსეთში არ არის დემოკრატიული არჩევნები და ამერიკაში ყველაფერი დემოკრატიულად ხდება…

მაშინ სად იყო დასავლეთი, როცა შს მინისტრის ცოლის ხუშტურების გამო „დემოკრატიის სახელით“ სანდრო გირგვლიანი  მოკლეს, მერე კი  მკვლელები სააკაშვილმა შეიწყალა? (ისე, მათი შეწყალება ძალიან ჰგავს გრიგორიადისის შეწყალებას); სად იყო დასავლეთი, სერგო თეთრაძეს წამებაში რომ ამოჰხადეს სული?  სად იყო დასავლეთი, ქუჩაში რომ ჩაცხრილავდნენ ბიჭებს და შემდეგ  ცდილობდნენ, მათთვის იარაღი ჩაედოთ? ამ დროს დასავლეთს საღათას ძილით ეძინა და ხმას არ იღებდა, რადგან მიშასთვის გამზადებული იყო 2008 წელი, გამზადებულ იყო ლგბტ თემის დაცვის პროექტი, გამზადებული იყო ერთნაირსქესიანთა დაკანონების აქტი, მაგრამ  2012 წელს ქართველმა ერმა კოვზი ნაცარში ჩაუგდო და ამიტომაც სძულთ ის ერი, რომელიც ვერ დაიმონეს.

სამწუხარო რეალობაა – ქვეყნის მთავარსარდალი და სახელმწიფოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში უდგას იმ ხალხს, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად შვილებთან ერთად გამოვიდა. იქ იყვნენ თაობები – ბებიები, ბაბუები, რომლებსაც ამაყად ჰქონდათ ხელი ჩაკიდებული შვილებისა და შვილიშვილებისთვის, თავს იწონებდნენ ეროვნული სამოსით და ეს ყველაფერი დასავლეთისთვის უცხოა. თუმცა, უცხოა მაშინ, როცა სჭირდებათ, თორემ საკმარისი იყო, ხელისუფლებას საქართველოში ჩამოსული გაბრიელიუს ლანდსბერგისი გაეკრიტიკებინა, ოპოზიციამ მაშინვე ხმაური ატეხა: როგორ ბედავთ, ლეგენდარული ვიტაუტას ლანდსბერგისის  შვილიშვილის გაკრიტიკებასო? ვიტაუტას ლანდსბერგისი იმხანად  მოღვაწეობდა, როცა ლიეტუვა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, მისი შვილიშვილი კი ევროპარლამენტარია, მაგრამ, რომ გითხრათ, რაიმე ღირებულებებს იცავს-მეთქი, მოგატყუებთ. ის სხვების ფეხის ხმას არის აყოლილი და პრობლემა არ აქვს თუნდაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე.

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ერთადერთი, ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, ეგებ იქ მაინც იყოს შინაარსობრივი მსჯელობა და დასაბუთება,  რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი და რა არის მასში რუსული. ეჭვი გვაქვს, საფუძვლიანი დასაბუთება არც იქ იქნება  და იქაც მხოლოდ ის ეწერება, რომ ეს კანონი დასავლეთს გვაშორებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – რაც უფრო ვშორდებით დასავლეთს, მით უფრო ვუახლოვდებით ნამდვილ დამოუკიდებლობას და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, რომელი სჯობს!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here