Home ახალი ამბები საქართველო ე.წ. პრეზიდენტმა  ქართველ პოლიციელებს სულში ჩააფურთხა

ე.წ. პრეზიდენტმა  ქართველ პოლიციელებს სულში ჩააფურთხა

უკვე ყველა ხვდება, რომ გრიგორიადისის შეწყალებით ზურაიშვილმა გენერალური რეპეტიცია გაიარა და მზად არის, მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს

223

სალომე ზურაბიშვილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი.  ანუ, ქვეყნის მთავარსარდალმა შეიწყალა პირი, რომელიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას აპირებდა, და შეიწყალა შვილი, რომელმაც მამას დანა დაარტყა.

    ოპოზიციურმა არხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს გრიგორიადისის დედის რეაქცია, როგორ გაუხარდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება; არავის მოსვლია თავში აზრად, იმ პოლიციელთა დედების რეაქცია ეჩვენებინა, რომელთა დაწვასაც ლაზარე აპირებდა. არავის უფიქრია, ეჩვენებინა, რას გრძნობდნენ დედები, რომელთა შვილების სიცოცხლის ხელყოფაში ბრალდებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი პრეზიდენტმა შეიწყალა.  ვიღაცამ ისიც თქვა, ლაზარე ციხეში კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ  9 წელი რა ამბავიაო და… როცა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი და ცდილობ, ცოცხლად დაწვა, 9 წელი ძალიან ცოტაა. ისე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქცია რომ გაიმართოს, მის დასაცავად წინა რიგებში სწორედ ის პოლიციელები უნდა იდგნენ, რომლებსაც მთავარსარდალმა სულში ჩააფურთხა. ქვეყანას რომ დასჭირდეს, საომარი მოქმედებები რომ დაიწყოს, სამხედროებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე ის პოლიციელები უნდა იყვნენ მთავარსარდალ ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელთა სიცოცხლეც იმავე მთავარსარდალმა უკვე ორ შაურად შეაფასა.

გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით დასავლეთს ერთი ადგილი აულოკა (ახლა არ თქვათ, კორექტულობა გმართებსო, კორექტულობა, პირველ რიგში, პრეზიდენტს მართებდა), ახალგაზრდებსაც ნათლად მიანიშნა, – თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ და ციხიდან ლაზარესავით გმირებად გამოგიყვანთო.

გრიგორიადისმა განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში აპირებს წასვლას და მისი ნავსაყუდელი ან „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ან გვარამია-მელიას „ახალი“.  გათავისუფლების შემდეგ მას აუცილებლად დასვამენ სატელევიზიო ეთერებში, აუცილებლად მოაყოლებენ, როგორ „გმირულად“ ებრძოდა სისტემას, როგორ არ „გატყდა“ და როგორი შემართულია იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება შეცვალოს. ჰო, სწორედ ასე ამბობენ  (ხელისუფლების გარდა), რომ საქართველოში  დღეს არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს და იცით, რატომ? თურმე ერის უდიდესი ნაწილი დასავლურად ვერ აზროვნებს და მაგალითისთვის  ლგბტ პროპაგანდის მიმართ გამოხატული პროტესტიც კმარა. მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა ტელევიზია, რომლებიც გრიგორიადისს პირდაპირ ეთერში მიიყვანენ, ლგბტ პროპაგანდისთვის განკუთვნილ გრანტებს „გააპრავებს“ და „გააცოცხლებს“. ისე, საინტერესო იქნება, მამასთან ერთად თუ დაუძახებენ და მამა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ თუ იტყვის: ნასვამი ვიყავი და სწორად მოიქცა, უკანალში დანა რომ გამიყარაო. ცალკე უბედურება  ის არის, რომ შვილი მამას დანას ურტყამს და ცალკე  – ის, მამა რომ ამბობს, უნდა დაერტყა, დავიმსახურეო.

ორ კვირაზე მეტია, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი იხვეწება, ეგებ ვინმე დაჯდეს პირდაპირ ეთერში და  აგვიხსნას, კონკრეტულად რომელი მუხლია რუსული და რატომ ჰქვია ამ კანონს რუსულიო, მაგრამ არა, ზოგი ტანით გრძნობს, რომ კანონი რუსულია,ზოგი ფიქრობს, რომ, რადგან ოპოზიცია ამბობს, რომ რუსულია, ე.ი.  ასეა; ზოგს ჰგონია,  ვიოლა ფონ კრამონია სამყაროს ცენტრი და სიმართლე  მისი პირიდან  იღვრება. ეგ კი არა და, აგერ, ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე თარჯიმანმა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, ბუნდესკანცლერის სიტყვები სხვანაირად თარგმნა და აღიარა კიდეც:  ჩემი აზრით, ქართველი ხალხი უკეთ როგორც გაიგებდა, ისე ვთარგმნეო. ანუ, ის კი არ თქვა, რაც შოლცმა, არამედ ის, რაც თვითონ ჩათვალა საჭიროდ. და იმის ნაცვლად, რომ გერმანელებს განგაშის ზარები დაერისხებინათ, პირიქით –  საქართველოს ხელისუფლებას შეუტიეს: მერე რა, რომ სხვანაირად თარგმნაო.  შოლცის განცხადების სტენოგრამაც გამოაქვეყნეს და ამით მორჩა. კიდევ კარგი, რომ ის თარჯიმანი გერმანელების დაქირავებული იყო, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ეს ხელისუფლების მიერ დაქირავებულ პირს რომ გაეკეთებინა, მაშინვე დემოკრატიის მტრად გამოაცხადებდნენ.

უკვე ყველა ხვდება, რომ გრიგორიადისის შეწყალებით ზურაიშვილმა გენერალური რეპეტიცია გაიარა და მზად არის, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თანაც ქალბატონმა სალომემ აშკარად ბევრი იცის და აშკარად დასავლეთის გეგმის მიხედვით მოქმედებს. სწორედ ამიტომ განაცხადა, – 26 ოქტომბრის არჩევნებამდე  უნდა მივიდეთ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 26 ოქტომბერს დასავლეთს 2003 წლის სცენარის გამეორება სურს და მთავარი მოქმედი პირის გამოშვებას მოთმინებით ელოდება. გარანტია იმისა, რომ არჩევნებს სააკაშვილი თავისუფალი შეხვდება, დასავლეთმა სწორედ ზურაბიშვილისგან  მიიღო და… ვაი, რომ გრიგორიადისის შეწყალების განცხადებას ისეთი პროტესტი არ მოჰყვა, როგორიც უნდა მოჰყოლოდა. დადგა მაისი, მოვა პოლიციელის დღე და ყველა (მათ შორის სალომეც) დაწერს, რომ პოლიციელი გმირია და გმირების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ჩვენთან შეწყალებით „ისჯება“!

კანონი რომ რუსული არ არის, იცის  აბოსოლუტურად ყველამ, მაგრამ იმ „ყველამ“ ისიც იცის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ დასავლეთს ასე მყარად მორგებული მზრუნველი პარტნიორის ნიღაბი ჩამოეხსნება და მის რეალურ სახეს დავინახავთ; დავინახავთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მამამთავრები დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ, რომ ყოველი 17 მაისის დადგომის წინ მათ ევროპული ქვეყნები თუ ორგანიზაციები 2-3 მილიონ დოლარს ურიცხავენ, რომ ლგბტ პროპაგანდისთვის ფულს არ ზოგავენ და ცდილობენ, ეს ყველაფერი არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ბაღებშიც კი შეიტანონ. სწორედ ეს გამჭვირვალობა და რეალური სახის გამოჩენაა ერთადერთი (ჰო, ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ამ კანონს ყველანაირად ეწინააღმდეგებიან და ახლა დასავლური მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა,  დასავლელი „მეგობრები“ კი მზად არიან, გადათელონ ყველა და ყველაფერი; მზად არიან, მოაწყონ ნებისმიერი სახის პროვოკაცია, რათა  პროცესი ქუჩაში გადავიდეს, მერე კი… მერე ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მანამდე მომხდარა, მაგრამ დასავლეთმა ერთი რამ ვერ გაიგო: ქართველი  საზოგადოება გაიზარდა და იმას, რაც 2003 წელს „ჭამა“, ახლა აღარ „შეჭამს“, ახლა აღარ იქნება „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, აღარ იქნებიან  ახალგაზრდა რეფორმატორები, რომლებიც ძალიან მალე ახალგაზრდა მკვლელებისა და პატარ-პატარა დიქტატორების გუნდად ჩამოყალიბდნენ და  იყვნენ მარიონეტები.  ამ მორჩილების სანაცვლოდ კი  მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ადამიანების მკვლელობის ჩათვლით. აკი კლავდნენ კიდეც,  აწამებდნენ, სულში აფურთხებდნენ, სახლებში უვარდებოდნენ და კამერების წინ  შიშველ ცოლ-შვილთან ერთად დაარბენინებდნენ. იმხანად  დასავლეთი დუმდა და დუმდა იმიტომ, რომ ვითარებას ამწიფებდა იმისთვის, რაც 2012 წელს ვერ განხორციელდა. ხომ არ მალავს რესპუბლიკური პარტია, რომ მზად იყო კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ისახავდა მიზნად; როგორ გგონიათ, 2012 წელს, ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, მიიღებდნენ თუ არა აღნიშნულ კანონს და იქნებოდა თუ არა დასავლეთისთვის 17 მაისი ერთ-ერთი „ღირსშესანიშნავი“ დღე?!

აგერ გვაქვს საბერძნეთის მაგალითი, პირველი მართლმადიდებლური ქვეყნის, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. რამდენიმე წლის წინათ საბერძნეთს, ეკონომიკური კრიზისის გამო, ნახევარ წელიწადში ოთხჯერ თუ ხუთჯერ შეუცვალეს ხელისუფლება, დაშალეს მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი და ქვეყანა გაკოტრებულად გამოაცხდეს. მერე ევროკავშირის ყველა წევრმა ფული  ასესხა საბერძნეთს,  ამოასუნთქეს და… სანაცვლოდ გააკეთებინეს ის, რაც არც ხელისუფლებას სურდა და არც მოსახლეობას – დაკანონდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

დასავლეთი გვემუქრება და გვემუქრება არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის წართმევით, არამედ ვიზალიბერალიზაციის  გაუქმებითაც. რეალურად, მხოლოდ ვიზალიბერალიზაციაა ერთადერთი სიკეთე, რომელიც  ევროპისგან მივიღეთ 35 წლის განმავლობაში; ვისაც ჰგონია, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირამდე ერთი ნაბიჯი გვიკლია, ძალიან ცდება. თუ ოდესმე გადაწყდება ევროკავშირში ჩვენი მიღება, ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება და იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებაში დასავლეთის მორჩილი და თვინიერი, ცალ ფეხზე შემდგარი ხელისუფლება გვეყოლება.

სამწუხარო რეალობა ასეთია: ქვეყნის მთავარსარდალმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის საწინააღმდეგოდ შეიწყალა მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული პირი, დამნაშავე, პოტენციური მკვლელი (უდანაშაულობის პრეზუმფციას ნამდვილად არ ვარღვევთ, რადგან განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული) და ამით დასავლეთს თავს აწონებს. დასავლეთიც ტაშს უკრავს, – ეს რა კარგი რამე ქენიო. საინტერესოა, რომელიმე პოლიციელი მართლა რომ დამწვარიყო, მაშინაც გმირი იქნებოდა ლაზარე თუ მკვლელის იარლიყს აარტყამდნენ? მან ადამიაანი არ კი არა, ვერ მოკლა და ამ აზრს არ იზიარებს პრეზიდენტი ან იაზრებს და არ აინტერესებს, რადგან თავიდან ბოლომდე დასავლურ ხიბლშია გადავარდნილი და ერთი სული აქვს, როდის დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას, მერე დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული თანამდებობა რომ მიიღოს და სიბერის წლები „პაღიში“ უზრუნველად გაატაროს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                          

1 COMMENT

  1. ახლა დათმობა ამ მეხუთე კოლონასთან საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასრულებს, დიდი ალბათობით. ეს არის მთავარი ხიფათი, ამიტომ არავითარი დათმობა!”- ეს ხელისუფლების ბრალიც არის, არ მუშაობენ სათანადოდ ახალგაზრდებთან და არ შეცვალეს ლიბერალური განათლების სისტემა, ახალგაზრდები დატოვეს ილიაუნისა და მსგავსი მავნებელი დაწესებულებების ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here