Home ახალი ამბები საქართველო ნუკრი შოშიაშვილი: მიკ ვოლასი და კლეირ დეილი  დამოუკიდებელი ევროდეპუტატები არიან, რომლებიც აკრიტიკებენ...

ნუკრი შოშიაშვილი: მიკ ვოლასი და კლეირ დეილი  დამოუკიდებელი ევროდეპუტატები არიან, რომლებიც აკრიტიკებენ აშშ-ის პოლიტიკას, ცდილობენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ომში ჩაურთველობასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

“ჩვენ კიდევ ვაპირებთ უამრავი საჭირო ადამიანის ჩამოყვანას აქ, რათა საქართველო გაეცნოს დასავლეთში არსებულ კრიტიკულ აზრს, რომელიც ასე აშინებთ საქართველოში მყოფ დესტრუქციულ ძალებს”

603

სოციალისტური პლატფორმის ინიციატივით, რამდენიმე დღეა, თბილისს ირლანდიელი ევროპარლამენტარები სტუმრობენ.

თბილისში 28 მაისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებითთანამედროვეობა, როგორც კრიზისი“. კონფერენციას ფილოსოფოსებთან, პოლიტოლოგებსა და ანალიტიკოსებთან ერთად დაესწრნენ ირლანდიელი ევროპარლამენტარებიც _ მიკ ვოლასი და კლეირ დეილი.   ირლანდიელი სტუმრები შეხვდნენ ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრებს, შეხვედრები გამართეს საპარლამენტო პარტიაევროპელ სოციალისტებთანაც”.

თუ რა მისიით სტუმრობდნენ საქართველოს ირლანდიელი ევროპარლამენტარები, გვესაუბრება კონფერენციის მონაწილე, ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი:

_ ევროპარლამენტარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდ ასოციაციას იწვევს ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში, თქვენ კი მათ უმასპინძლეთ, რა განსხვავებაა იმცუდევროპარლამენტარებსა და ახლახან ჩამოსულებს შორის, რა საკითხებში ხართ თანამოაზრეები?

_ მიკ ვოლასი და კლეირ დეილი  დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, რომლებიც აკრიტიკებენ აშშ-ის პოლიტიკას, ცდილობენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ომში ჩაურთველობასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ისინი აკრიტიკებენ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს  ბოიკოტირებასა და კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას აპირებენ…

_ ითანამშრომლებთ თუ არა მათთან და, თუ ითანამშრომლებთ, რა ფორმით?

_ “გლობალური ინიციატივა ცვლილებებისთვის” _ ეს არის ორგანიზაცია, პლატფორმა, რომელიც დავაფუძნეთ სხვადასხვა პლატფორმაზე მყოფმა ადამიანებმა; ზოგი კონსერვატორია, ზოგი _ მემარცხენე, მაგრამ ყველას გვაერთიანებს ანტიჰეგემონური, ანტიკოლონიური პოზიციები.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჰეგემონურლიბერალური ინსტიტუტები აყალბებენ რეალობას. გაყალბება კი ხდება ტოტალურად _ სხვადასხვა უნივერსიტეტით დაწყებული, დამთავრებული ენჯეობით, ტელევიზიებითა და პოლიტიკური პარტიებით. ჩვენ, სხვადახვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, შევეცდებით, ამ გაყალბების მანქანას დავუპირისპირდეთ ცოდნით და ინტელექტუალური პოზიციებიდან. ჩვენ ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩავატართ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “თანამედროვეობა, როგორც კრიზისი”. კონფერენციას, როგორც თქვენთვის ცნობილია, დაესწრნენ ევროპარლამენტარები _ მიკ ვოლასი და კლეირ დეილი.

ვაპირებთ უამრავი საჭირო ადამიანის ჩამოყვანას აქ, რათა საქართველო გაეცნოს დასავლეთში არსებულ კრიტიკულ აზრს, რომელიც ასე აშინებთ საქართველოში მყოფ დესტრუქციულ ძალებს. ორივე ევროპარლამენტარმა საკმაოდ საინტერესო სიტყვა თქვა, მათ დაგვანახვეს ევროკავშირის პრობლემები ისეთი კუთხით, როგორითაც აქ არავინ აშუქებს.

კონფერენციაში მონაწილეობდა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, ხოლო კომენტატორები იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები.

მოკლედ, პირველი ნაბიჯი გადავდგით. განზრახული გვაქვს, უფრო აქტიურად დავიწყოთ მუშაობა, ვაპირებთ თანამშრომლობას, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და ევროპარლამენტიდან პროქართული პოზიციების გამოხატვას.

_ შეხვედრაზე .. 12-პუნქტიან გეგმაზეც თუ ისაუბრეთ? რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ამ საკითხზე, რა რეკომენდაციები მოგვცეს?

_ შეხვედრა არ გამართულა 12-პუნქტიან გეგმაზე, მაგრამ გვითხრეს, თუ ქართველ საზოგადოებას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, მხარს დავუჭერთო.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here