Home ახალი ამბები საქართველო ნავთობპროდუქტების, ფქვილისა და ახლა უკვე კარტოფილის მოწოდება რომ შეგვიწყვიტოს  რუსეთმა, 90-იანი წლები...

ნავთობპროდუქტების, ფქვილისა და ახლა უკვე კარტოფილის მოწოდება რომ შეგვიწყვიტოს  რუსეთმა, 90-იანი წლები კი არა, პალეოლითის ხანა დაბრუნდება საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ჩამოტანილი ერთი კილოგრამი კარტოფილის თვითღირებულება, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით, 70 თეთრია. ბაზარზე კი ეს პროდუქტი 2 ლარი ღირს, ანუ თითქმის 300%-ით მეტი

273

საქართველოში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური  ფონის გამო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მთავარი საკვები პროდუქტი კარტოფილია. თუ შარშან ძირითადად თურქული და ირანული კარტოფილით ვიკვებებოდით, წელს ბაზარზე რუსული და ბელარუსული კარტოფილი გამოჩნდა. უფრო სწორედ,  კი არ გამოჩნდა, ამ პროდუქტმა თურქულ-ირანული პროდუქცია 90%-ით ჩაანაცვლა და ეჭვი გვაქვს, 1-2 თვეში ასი პროცენტით ჩაანაცვლებს.

რა არის  ამის მიზეზი? საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსეთმა კარტოფილის გატანა ვერ მოახერხა და იძულებული შეიქნა, იაფად და ჭარბად მიეცა იმ  ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციებს არ შეერთებიან. მათ შორის მოხვდა საქართველოც და მომხმარებელმა ძალიან მალე განასხვავა კარგი და ცუდი – უარი თქვა ირანულსა და თურქულზე და მთლიანად რუსულ-ბელარუსულ პროდუქციას მიეძალა. სხვათა შორის, როცა გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს სტუმრობდა, იქიდან ბელარუსული სათესლე კარტოფილი ჩამოიტანა, გვიმტკიცებდა, –  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოაო და, იმის მიუხედავად, რომ იმხანად  ლუკაშენკომ პირდაპირ ეთერში შესთავაზა, ბელარუსული კარტოფილით მოგამარაგებთო, ეს საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ახლა კი…

ახლა საინტერესო ის არის, რომ, საბაჟოს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოტანილი ერთი კილოგრამი კარტოფილის თვითღირებულება,  ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით, 70 თეთრია. ბაზარზე კი ეს პროდუქტი 2 ლარი ღირს, ანუ თითქმის  300%-ით მეტი. თუ გახსოვთ, ორიოდე კვირის წინათ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე დაავალა ეკონომიკურ გუნდს, გაერკვია, საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი ლამის 100%-ს რატომ სცდება, ისინი ამას დღემდე არკვევენ. მაშინ საუბარი ბურღულეულსა და კონსერვებზე იყო, კარტოფილი ირაკლი ღარიბაშვილს არ გახსენებია. ჰოდა, ახლა ჩვენ ვახსენებთ: ბატონო პრემიერო, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები პროდუქტი 300%-იანი ფასნამატით იყიდება და განმკითხავი არავინაა.

ისე, რუსულმა პროდუქციამ მხოლოდ კარტოფილი არ ჩაანაცვლა. რუსულმა ნავთობპროდუქტებმა თითქმის მთლიანად განდევნეს ქართული ბაზრიდან ევროპული და აზიური, რუსულმა მზესუმზირის ზეთმა ასევე თითქმის სრულად ჩაანაცვლა თურქული და ირანული ზეთი. მოსახლეობის მოტყუება ძნელია – როცა დახლზე ხარისხით უკეთესი და იაფი პროდუქტი დევს, ის სწორედ მას ეტანება და რამდენიც  უნდა ამტკიცონ, რუსული პროდუქტი ცუდიაო, არც პირის რეცეპტორები ტყუვდება და არც ავტომობილის ძრავი. ცალკე თემაა პურის ფქვილი, რომელსაც ასი პროცენტით რუსეთიდან ვიღებთ. სხვათა შორის, როგორც წესი, გაზაფხულისთვის ხორბალი მთელ მსოფლიოში ძვირდება და გააძვირა რუსულმა მხარემაც. ქართული ოპოზიცია მაშინვე აყვირდა: ხომ ხედავთ, რუსეთი არასაიმედო პარტნიორია, ხორბალი გააძვირა, წისქვილკომბინატები ჩერდება, იძულებული ვართ, ფქვილი შემოვიტანოთო, მაგრამ…

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის გარდა, არც ერთი სხვა ქვეყანა არ არის მზად, ჩვენთვის საჭირო ოდენობის ხორბალი ან ფქვილი მოგვაწოდოს. თანაც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ფქვილიცა და ხორბალიც, ხარისხით რუსულზე ცუდი და, რაც მთავარია, უფრო ძვირია. და ყველაზე საინტერესო – საქართველოში არის რამდენიმე მსხვილი ფერმერი, რომელთაც ანგარებში ასობით ტონა ხორბალი აქვს დაბინავებული და ცდილობენ, გაყიდონ, მაგრამ წისქვილკომბინატები თანხას არ იხდიან. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთიდან შემოტანილი, დაფასოებული პურის ფქვილი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში მოწეული ხორბალი. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ: ეს ქართული ბაზრის პრობლემაა თუ რუსულის და  რატომ ხდება, რომ აქ აღებული მოსავალი ბევრად ძვირად ფასობს, ვიდრე რუსეთიდან შემოტანილი, განბაჟებული პროდუქტი…

1 მარტიდან მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ზეთიც ძვირდება და, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ პროდუქტს აძვირებს რუსეთიც. ქართული მხარე კვლავ უკმაყოფილოა, გვიძვირებენო, მაგრამ  ქართულ მხარეს, ხმა არ ამოუღია, როცა სწორედ რუსეთიდან შემოტანილი ზეთის შემდეგ ერთ ლიტრზე ფასმა ლამის სამი ლარით დაიკლო. ანუ, როცა რუსეთიდან შემოტანილი ნებისმიერი პროდუქცია შეღავათს გვაძლევს, კარგია,  ჩუმად ვართ, მაგრამ, როცა რამე არა მხოლოდ რუსულ ბაზარზე, არამედ მსოფლიოში ძვირდება, მაშინ რუსეთი ცუდია, რადგან გვიძვირებს და ძველ  ფასს არ ტოვებს.

შესაბამისმა სამსახურებმა დათვალეს და გაარკვიეს, რომ საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან  ჩამოსული ადამიანების გამო გაცილებით მეტ პროდუქტს მოვიხმართ და ამიტომ ექსპორტი გაზრდილია. ამას თითქოს დანანებით ამბობენ და იმას კი არ აღნიშნავენ, რომ მეტი პროდუქტი მეტი შემოსავალია როგორც ქვეყნის ბიუჯეტში, ისე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულნი. ცალმხრივ სიყვარულს ჰგავს ეს დამოკიდებულება და რატომღაც წინა ხელისუფლებასაც ეგონა და ამჟამინდელსაც ჰგონია, რომ ყველაფრის თქმისა და კეთების უფლება აქვთ, როცა საქმე რუსეთს ეხება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვაკეთოთ ყველაფერი, მათ კი ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ. თუნდაც ეს სამი რამ – ფქვილის, ნავთობპროდუქტებისა და ახლა უკვე კარტოფილის მოწოდება რომ შეგვიწყვიტოს  რუსეთმა, რომ თქვას,  ჩემთვის მინდა და ვეღარ მოგაწვდითო, 90-იანი წლები კი არა, პალეოლითის ხანა დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ხელისუფლებას გულის სიღრმეში ს ჯერა, რომ რუსეთი ამას არ იკადრებს. ჰო, არ იკადრებს, თორემ, გათვლა რომ იმაზე იყოს, საქართველოში გამოსაგზავნი პროდუქტი თუ გააჩერა რუსეთმა, მათ ეკონომიკას ზიანი მიადგებაო, გულუბრყვილობაა. კრასნოდარის მხარე უფრო მეტ პროდუქტსა და საწვავს მოიხმარს, ვიდრე  საქართველო. ხმამაღლა ამას არავინ ამბობს და, ალბათ, არც არავინ იტყვის, მაგრამ ქართული ეკონომიკის წინსვლა, რომელიც 2022 წელს დაიწყო და რომელზეც ასე  საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები, სწორედ რუსეთის დამსახურებაა. სანქციების ფონზე რუსულმა მხარემ ალტერნატიული ბაზრის ძებნა დაიწყო და იმასაც ხვდება, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, პროდუქცია იმ ფასში იყიდოს, რომელშიც მსოფლიო ბაზარზეა, ამიტომ იაფად გვაძლევენ, მაგრამ  ჩვენ მაინც მიზეზებს ვეძებთ. ეს იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამჟამინდელი პერიოდი გამოვიყენოთ, გრძელვადიანი ხელშეკრულებები გავაფორმოთ, რუსულ ბაზარზე ჩვენი ინტერესი გავზარდოთ, ხოლო რუსული პროდუქტის მიმართ ქართველი მომხმარებლის ინტერესი გაზრდილი რომ არის, აშკარაა. შესადარებლად გეტყვით: თევზის რუსული კონსერვი 3,50 ლარი ღირს, თურქეთიდან შემოტანილი – 6,50 ლარი. ახლა თვითონ განსაჯეთ, რუსული ზღვის პროდუქტები სჯობს თუ თურქული.

ისიც ვთქვათ, პრემიერმა ყველაფერი რომ იღონა, თურქული წამლები საქართველოში რომ შემოსულიყო და მომხმარებელს იაფი ბაზარი ჰქონოდა. იმავეს გაკეთება რუსულ მედიკამენტებზეც შეიძლება და გვერწმუნეთ, გაცილებით იაფიც გამოვა და ხარისხიანიც. ჩვენთვის კარგად ნაცნობი წამლების უმრავლესობას რუსული დასახელება რომ აქვს, ხომ ყველაფერზე მეტყველებს, თუმცა… ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი მთავრობის წევრებისთვის თურმე არ შეიძლება, რადგან მაშინვე რუსეთუმეობას დასწამებენ, ქვეყნის მოღალატეობას და… მიგვიყვანა დასავლეთმა იქამდე, რომ საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა ღალატში ითვლება. თანაც, საკმარისია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რაიმე დადებითი წამოსცდეს ჩრდილოელ მეზობელზე, ოპოზიცია მაშინვე ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობს, –  ხომ ხედავთ, საით მივყავართ, დასავლურ კურსს გადავუხვიეთო. ისე, ამ დასავლურ კურსს, მესამე ათეული წელია, მივყვებით და ერთხელ მაინც რატომ არსად გადავაწყდით ჩვენთვის მისაღებ ფასად პურის ფქვილს, ხორბალს, ნავთობპროდუქტებს… ერთხელ მაინც რატომ არ გავიყოლეთ ამ დასავლეთისკენ სავალ გზაზე ჭარბი ქართული პროდუქცია, ჩვენთვის ერთხელ მაინც რომ დაეცალათ ხელი „სტრატეგიულ პარტნიორებს“?

დასავლეთმა რუსეთისთვის სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. საქართველო არც წინა სანქციებს შეუერთდა და არც ახლანდელს  შეუერთდება, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება. ჰოდა, ეს მეათე პაკეტი გულისხმობს იმას, რომ დასავლეთი ამ კონკრეტული მიმართულებით უკან დახევას არ აპირებს. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ დასავლური სანქციები საჩვენოდ გამოვიყენოთ, ნამდვილად არის. არ ვამბობთ იმას, რომ სანქციების გვერდის ავლა უნდა დავიწყოთ და კონტრაბანდული საქონელი ვზიდოთ რუსეთში. არა, ჩვენ ჩვენი უნდა ვეძიოთ, რუსულ ბაზარზე პოზიციები გავიმყაროთ და იქაური პროდუქცია, რაც შეიძლება დიდი ოდენობით შემოვიტანოთ, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ფარმაცევტული ბაზრის გარდა, ფეროშენადნობების ათვისება შეიძლება; ხორბლის გარდა, სიმინდისა და ქერის წამოღება; საუცხოო გემოს მქონე რძის პროდუქტების ჩამოტანა. ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს მოსახლეობასა და ეკონომიკას წაადგება. ჰო, მოდით, იმაზეც გავჩუმდეთ, რომ მთის კურორტებზე ადგილები არ არის, ყველა სასტუმრო გადავსებულია და ყველამ იცის, რომ ტურისტების 95%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში დასასვენებლად, ალბათ, ჯერ არ სცალიათ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here