Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: აბსოლუტურად მართალია მამუკა ანდღულაძე, ის დასაცავი იყო ჟურნალისტის თავდასხმისგან, მაგრამ...

ნანა კაკაბაძე: აბსოლუტურად მართალია მამუკა ანდღულაძე, ის დასაცავი იყო ჟურნალისტის თავდასხმისგან, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციამაც გაამტყუნა და მოსამართლემაც”

“სახელმწიფო ვერ მართავს ისეთი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მედიასაშუალებები. დიახ, არ მოგესმათ, ტერორისტები არიან, ტერორისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რით გაუხეთქავს ადამიანს გულს”

291

“2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ თავს. გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა მამუკა ანდღულაძესთან, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ კონსერვატიული მოძრაობა “ალტ-ინფოს” მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, მამუკა ანდღულაძე თავს დაესხა ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა”, _ აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

როგორც საქმის დეტალებიდან ირკვევა, მამუკა ანდღულაძის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ისე შევიდა ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, რომ არ წარუდგა ოჯახის უფროსს. როდესაც დაადგინა, ვინ იყო ეზოში შეჭრილი ქალბატონი, რესპონდენტმა უარი განაცხდა ინტერვიუზე. შემდეგ “კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მივიდა მის დედასთან და ჰკითხა: “არ გრცხვენიათ, თქვენი შვილის საქციელის გამო?”

მამუკა ანდღულაძე ხუთი არასრულწლოვანი ბავშვის მამაა, ონკოპაციენტი, ქვრივი, რომლის წინააღმდეგაც “აღდგა” ე.წ. კრიტიკული მედია, მას მხარი დაუჭირა პოლიციამაც და მოსამართლემაც. მამუკა ანდღულაძე უსწრაფესად გაასამართლეს…

მომხდარზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ჟურნალისტებს ათამამებენ მხდალი, მშიშრა, უზნეო მოსამართლეები; მოსამართლეები, რომლებსაც მანტია მოუსხამთ, საქართველოს სახელით განაჩენი გამოაქვთ და განაჩენის გამოტანისას შიშსა და უსუსურობას ავლენენ.

_ ვინ აშინებს მოსამართლეებს _ ის ტელევიზიები, რომლებიც ხალხს აბულინგებენ და “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან გაიგივებულნი?

_ ახალი ამბავი არ არის, რომ ნაცტელევიზიები ადამიანებს აბულინგებენ, მაგრამ, თუ მოსამართლე ვერ უძლებს წნეხს, მაშინ უნდა მოიხსნას მანტია და წავიდეს თავის გზაზე, საქართველოს სახელით აღარ უნდა გამოიტანოს განაჩენი.

სხვა საკითხია, რომ სახელმწიფო ვერ მართავს ისეთი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მედიასაშუალებები. დიახ, არ მოგესმათ, ტერორისტები არიან, ტერორისტისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა, რით გაუხეთქავს ადამიანს გულს. ჩვენ შემთხვევაში ნაცტელევიზიები გულს უხეთქავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათი მომხრე არ არიან ან  არ სურთ პოლიტიკაში ჩარევა.

როცა მოსამართლე არარაობაა, ხელისუფლება _ უძლური, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა ითამაშოს დიდი როლი. საზოგადოების პრობლემაა ის, რომ მოსამართლეს შიშის გამო გამოაქვს განაჩენი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მოსამართლეს ეშინია ერთი პატარა ტერორისტული ჯგუფის და არ ეშინია საზოგადოების, რომელიც ვალდებულია, მშიშარა მოსამართლე თავის ნაწილად არ ჩათვალოს, არ მიიღოს.

მოსამართლემ შიშის გამო ვერ შეძლო, გაეთვალისწინებინა მამუკა ანდღულაძის ოჯახური მდგომარეობა. არადა, მამუკა ანდღულაძე ქვრივია, ონკოპაციენტი, რომელიც ხუთ არასრულწლოვან ბავშვს უვლის. ასეთი მოსამართლის წინააღმდეგ ხალხი უნდა აღდგეს.

_ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ისჯება. აქვს თუ არა დანაშაული ამ მხრივ ანდღულაძეს?

_ დიახ, ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა კანონით ისჯება, მაგრამ, თუ ჟურნალისტი რესპონდენტს კერძო საკუთრებაში შეუვარდა, ესეც ისჯება. იმ ამერიკაში, ასე ძალიან რომ მოსწონთ, კერძო საკუთრებაში შეჭრა კანონით ისჯება _ მესაკუთრეს შეუძლია, ესროლოს და ადგილზე მოკლას კიდეც.

ანდღულაძესთან ჟურნალისტი კამერით არ შესულა, ტელეფონი ჰქონდა და სახლის პატრონს ვერ დაესიზმრებოდა, ვინ შევიდა მის ეზოში. ჟურნალისტი არც კი წარუდგა მას და არც ნებართვა აუღია. აბსოლუტურად მართალია მამუკა ანდღულაძე, ის დასაცავი იყო ჟურნალისტის თავდასხმისგან, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციამაც  გაამტყუნა და მოსამართლემაც.

ჟურნალისტმა ანდღულაძის დედაც შეურაცხყო _ ეს უკვე ფაშიზმია. ფაშიზმი ვირუსივით არის მოდებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც იკიდებს ფეხს. ამას უნდა დაუპირისპირდეს  საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპებით.

 ასე იწყებოდა ფაშიზმიც, მათ თავიდანვე არ დაუწყიათ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში ხალხის შეყრა, ნელ-ნელა იწყებოდა ყველაფერი, ამას წლები დასჭირდა. იგივე ხდება აქაც. დააკვირდით, ძირითადად, რაზე მიდის საუბარი: “შენ რუსი ხარ”, “შენ რუსეთუმე ხარ”… ერთი ადამიანის გამო მთელ ერს შეურაცხყოფენ.

_ ანდღულაძის მხარეზე თითქმის მთელი საქართველოა. მზადდება კიდეც მისი მხარდამჭერი აქცია. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების გაერთანება  შეცვლის განაჩენს, ჭკუას ასწავლის მოსამართლეებს?

_ სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ვაპირებ, ქუთაისში ჩავიდე სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ საზოგადოება მკვდარი არ არის, ჩვენ ცოცხლები ვართ. მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ფაშისტები არ არიან ამ ქვეყანაში, არის  საზოგადოება, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა.

პროტესტი აუცილებელია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე მოსამართლე მსგავს შეცდომას არ დაუშვეს და განაჩენი შეიცვლება, შეცდომა გამოსწორდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეცდომა მოხდა…

_ ჟურნალისტები მეოთხე ხელისუფლებას წარმოადგენენ, არ ჰყავთ მინისტრი და ზემდგომი ორგანო… შეიძლება თუ არა სახელმწიფომ აღკვეთოს ისეთი ჟურნალისტების საქმიანობა, რომლებიც, როგორც თქვენ ამბობთ, ფაშისტები არიან ან ფაშისტებივით მოქმედებენ?

 _ არსებობს ჟურნალისტური ქარტია, რომელიც პოლიტიზებულია, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს ევროპული კანონმდებლობა. დემოკრატია ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვაა. დემოკრატიაა ის, რომ ადამიანის უფლება იყოს დაცული. საქართველოში კი ადამიანი დაცული არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, მას ხელისუფლება დაჩაგრავს, პოლიცია თუ ჟურნალისტი. აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც ბულინგს, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, აღკვეთს.

 ამერიკული და ევროპული სტანდერტები ძალიან კარგია ასეთ დროს, იქ ტელევიზიებში არ ხდება ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვუყურებთ. თუკი იქ ვერ ბედავენ მსგავს ბულინგს, ჩვენთან რატომ ხდება? იმიტომ, რომ აქ ყველაფრის საშუალება აქვთ ჟურნალისტებს. ქართველი ჟურნალისტები არაპროფესიონალებიც არიან და სინდისისგანაც დაცლილებიც… დემოკრატიაა, როდესაც კანონი ყველაზე ერთნაირად ვრცელდება. ჟურნალისტი დაცული იყოს და მოქალაქე არა _ ეს დემოკრატია არ არის, ეს დიქტატურაა. ეს ხდება ისეთი მმართველობის დროს, როგორიც, სამწუხაროდ, ჩვენთან ჩამოყალიბდა.

ყოველდღე ვუყურებთ ფაშისტურ საქციელს და ხმას არავინ იღებს. ერთა შორის შუღლი ღვივდება, ადამიანებს განსხვავებული აზრისთვის აპატიმრებენ, რაც ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს, ცუდისკენ მიდის ქვეყანა… ამებასავით ერთუჯრედიანი ადამიანები ზეობენ, ღვივდება ფაშიზმი, სარეველა სწრაფად იზრდება და მალე წალეკავს ყველაფერს. სარეველებმა გადაჯეგეს ქვეყნები, ამას რეაგირება სჭირდება განსაკუთრებით საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში.

7-8 მარტს “მოლოტოვის კოქტეილი” გამოიყენეს, იარაღი, რომელიც ომის დროსაც კი იკრძალება, რადგან წამებით სიკვდილს იწვევს. ამ ფაქტზე დღემდე არავინ დაუკავებიათ. ასეთი რაღაცის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here