Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: იარაღი გვაქვს შუბლზე  მობჯენილი და უფლება არ გვაქვს, ხელი ავიფაროთ

მიხეილ ჟღენტი: იარაღი გვაქვს შუბლზე  მობჯენილი და უფლება არ გვაქვს, ხელი ავიფაროთ

“ეს ისტორიული ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტისა იქნება მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესის დასაწყისი, რომელშიც საქართველოს, კეკლუცობის მიუხედავად, მაინც შეიყვანენ”

2806

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს “3+3” ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს “3+3” ფორმატთან შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ “3+3” ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე“,  _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო “3+3” ფორმატს?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი.

_ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ხშირად ჰქონია ისეთი შემოთავაზებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ინტერესებს. საქართველო, 30 წელიწადია, დაკვეთას ასრულებს, სხვის ინტერესებს ემსახურება, თანაც არა ქვეყნისთვის სასიკეთო ინტერესებს, სწორედ ამიტომ ვართ ამ დღეში…

_ რა დღეში ვართ?

_ წელიწადზე მეტია, ჯვარს გვაცვეს იმის გამო, რომ ომში არ ვებმებით, დასავლეთმა ჯვარს გვაცვა იმისთვის, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს მშვიდობა ქვეყანაში.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რისი ღირსიც არის, კარგად იცის საზოგადეობამ, ბევრი საკამათო თემაა, მაგრამ ეს სხვა დროს სალაპარაკოა… ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფლებას არ აძლევენ, ქვეყანა არ დააქციოს; რომ სურვილი აქვს, აარიდოს მას  ომი. დასავლეთს აქვს კოლონიური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ეს დავინახეთ ე.წ. აგენტების კანონის მიღებისას, კანონის, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცოდონი არიან. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება შიგნით, რა ზეწოლას უძლებენ. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მათ მხარს უჭერს, ბევრ შეკითხვას დასვამს.

თქვენ მკითხეთ, რა დღეში ვართო. აი, ამ დღეში ვართ: დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გვეძლევა, იარაღი გვაქვს შუბლზე მობჯენილი და უფლება არ გვაქვს, ხელი ავიფაროთ. ეს არის დასავლეთის სახე, ეს არის ენჯეოებში დახარჯული მილიონების შედეგი.

“3+3” ფორმატი ჩვენთვის მისწრებაა. თავის დროზე დსთ-ში შესვლას გვეხვეწებოდა რუსეთი და, სანამ აფხაზეთი არ დავკარგეთ, ჭკუა არ გვეყო, ასე ხდება დღესაც. ლავროვი არ არის ის ფიგურა, რომელიც სიტყვებს ტყუილად ფანტავს. რადგან ის გვიწვევს “3+3” ფორმატში, თანაც დაჟინებით, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი და გასაკეთებელია. ამ ფორმატში მონაწილეობას  ამერიკის შეერთებული შტატები გვიკრძალავს. ამას ჰქვია კოლონიის მდგომარეობაში ყოფნა.

_ რუსეთში ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი ჩავიდა. ეს იყომეფური შეხვედრა”. ასე შეაფასეს ეს შეხვედრა მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა. ჩინეთი და რუსეთი მშვიდობისმყოფელებად გვევლინებიან. ფაქტია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება, ორი უდიდესი სახელმწიფო ერთიანდება. ამ დროს საქართველო ბევრ რამეზე ამბობს უარს რუსეთთან ურთიერთობაში. როგორ ფიქრობთ, გვიღირს, საფლავში ჩავყვეთ ამერიკაევროპას თუ დავუჯეროთ ლავროვს და “3+3” ფორმატში მონაწილეობას დავთანხმდეთ?

_ ამერიკა, 30 წელიწადია, გვითხრის საფლავს და მხოლოდ ერთი ხელის კვრაღა გვინდა, რომ შიგ გადავეშვათ…

ორი ზესახელმწიფო, ერთი _ ეკონომიკურად უძლიერესი, მეორე _ სამხდრო და პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ ადგილზე მყოფი, ხვდებიან ერთმანეთს და თანხმდებიან ძალიან ბევრ რამეზე, მეგობრობენ და გეგმავენ ერთობლივ მოქმედებებს. მსოფლიო ლიდერებს შორის პუტინი და სი ძინ პინი მთავარი პოლიტიკოსები არიან. რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ორი ზე სახელმწიფო ერთიანდება საერთო გამოწვევის წინააღმდეგ.

გამოვთქვამ ჩემ ფრთხილ მოსაზრებას _ ის ე.წ. კორპორაციული მსოფლიო მმართველობა, რომლის შედეგად ამოღებული იქნებოდა სახელმწიფოს ცნება და რომლის დამკვიდრებაც სურდათ დასავლეთსა და ამერიკას, ჩაფლავდა. დღეს აღარ არსებობს საერთაშორისო სამართალი. ეს ყველაფერი 1999 წელს დაიწყო იუგოსლავიის დაბომბვით და დასრულდა რამდენიმე დღის წინათ პუტინის დაკავების ორდერის გაცემით.

მსოფლიო ჩამოშლილია, არაფერი აღარ მუშაობს, არც ერთი იურიდიული საერთაშორისო ნორმატივი აღარ არსებობს. ახლა იწყება მსოფლიოს ახალი მოწყობა, ახალი წესრიგის შემოღება. ეს ისტორიული ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტისა იქნება მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესის დასაწყისი, რომელშიც საქართველოს, კეკლუცობის მიუხედავად, მაინც შეიყვანენ. ჩვენ არავინ გვკითხავს, ბალი ათი შაურია თუ რა… მაინც შეგვიყვანენ და თანაც საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი პირობებით. ახლა მნიშვნელოვანია, წამოეგება თუ არა 3 მილიონი ქართველი 500 ადამიანის ავანტიურას, მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას და ოკენის გაღმიდან მოსული დირექტივების შესრულებას  ახლა არჩევანი ქართველ ხალხზეა. საბედნიეროდ, ვერავინ გვეტყვის, რომ არ გაგვიფრთხილებია. ყველამ ყველაფერი იცის, ახლა მოქმედებაა საჭირო.

7-8 მარტის აქციებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ოფიციალური კოლონიაა. არ ვიცი, “სამშვიდობო რუკაზე” საქართველო არის თუ არა გათვალისწინებული… საქართველოს აქვს ერთი ამოცანა _ სასწრაფოდ დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება და ურთიერთობა. თუ რუსეთთან არ შეუძლიათ, ჩინეთთან მაინც დაიწყონ რამე ფორმის მოლაპარაკება. დასავლეთში ჩვენი სალაპარაკო თემა აღარ არსებობს, თვითონ დასავლეთი აღარ არსებობს და არარსებულთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!

_ ამბობთ, რომ მალე დაიწყება ცვლილებები. როდის დადგება ეს დრო?

_ წლის ბოლომდე. ეს მაქსიმუმალური ვადაა. ეს წელი იქნება გადამწყვეტი. შეიძლება რამდენიმე თვეც არ დასჭირდეს იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც ვამბობ. ეს წელიწადი იქნება ამ მთავრობის ამოყირავების მცდელობების პერიოდი, რადგან დასავლეთს თვითონ აღარ აქვს დრო. თუ ამ მარათონში კიდევ ერთხელ გავიწირეთ, მერწმუნეთ, საქართველოსგან აღარაფერი დარჩება. მერე რუსეთს როგორ უნდა ველაპარაკოთ, წარმოდგენაც არ მაქვს. ალბათ, ძალიან მძიმე განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ეს სიბნელე, რომელიც საქართველოშია და, რომელიც მმართველი პარტიის დაბნეულობაში გამოიხატება, რადგან ვერ გაიგეს, საით წავიდნენ, მაშინებს და მალაპარაკებს სასტიკ სიმართლეს.

_ თქვენ ახლა მოსკოვში იმყოფებით. რა შეხვედრებს მართავთ და ვისთან? ეს 7 დეკემბრის თემის გაგრძელება ხომ არ არის? საინტერესოა, 7-8 მარტის აქციების შემდეგ როგორ შეგხვდნენ რუსები?

_ 7-8- მარტის აქციებს, პროვოკაციებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ეწყობა, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ის ხალხი, რომლისთვისაც სამშობლო ძვირფასია და არ სურს რუსეთთან დაპირისპირება.

ჩვენი დელეგაცია მიწვეულია ქართულ-რუსულ ბიზნესფორუმზე, რომელსაც ესწრებოდა რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე და სათათბიროს 5-6  წევრი, დეპუტატი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რუსეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოდგილე, ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან და რუსეთიდან. ფორუმზე საუბარი იყო 2022 წლის 7 დეკემბრის შეხვედრის თემაზე. ამ შეხვედრის ინიციატორი იყო ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის”. ჩვენი საუბრები შეეხება ვიზების გაუქმებას და პირდაპირ ავიამომოსვლას რუსეთთან. ფორუმზე კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, დაფიქრდეს უვიზო მიმოსვლის აღდგენასა და იმ პრობლემებზე, რომლებიც უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ავიარეისების გაუქმებას მოაქვს. რუსეთი უკვე არის პირველი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის, ამიტომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის მტკიცე, მეგობრული და პირდაპირი ურთიერთობა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here