Home ახალი ამბები საქართველო მესამე ირაკლი

მესამე ირაკლი

აკვიატებული აუცილებლობიდან შეცნობილი აუცილებლობისკენ

499
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

უაღრესად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ამის კონკრეტული გამოხატულებაა ის, რომქართული ოცნებისდელეგაცია, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ამ კვირას პეკინსა და შანხაის ეწვია.

ჩინეთის პარლამენტის, ანუ ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე სიაო ძიესთან 16 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია”. კობახიძემ აღნიშნა, რომ გარდა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისა საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობასაც შეეხო. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამის შესახებ დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობების გაღრმავება, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებსა და მმართველ პარტიებს შორის“,  –  განაცხადა მან.

როგორც უნდა შეაფასონ ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ამ ფაქტს, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს მიერ მრავალპოუსიანი მსოფლიოს აღიარებას ნიშნავს. ამიერიდან საქართველო აღარ არის მიბმული ერთ პოლუსზე. ეს ქართული ეროვნული ცნობიერების გათავისუფლებას ნიშნავს. საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით დასავლეთს მიჯაჭვული ქართული ეროვნული ცნობიერება თავისუფლდება დასავლური ერთადერთობისგან  მისი აუცილებლობისგან და შეუცვლელობისგან. იგი უკვე აღარ ჰგავს ეტლში შებმულ ცხენს, რომელსაც თვალებზე სპეციალური ფირფიტები მიამაგრეს, რათა მხოლოდ წინ იყუროს და გვერდზე გახედვამ ყურადღება არ გაუფანტოს.

ამ თვალსაზრისით ბოლომდე როდი ტყუიან დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები, რომლებიც ლამის შარვლებიდან ამოხტნენ იმის გამო, რომ საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად განიხილავენ. ისინი ხვდებიან, რომ დასავლეთთან საქართველოს მიჯაჭვულობის ხანა სრულდება. დასავლეთი ჩინეთს მთავარ მოწინააღმდეგედ ასახელებს, საქართველო კი, რომლის ოფიციალური სტრუქტურები სწორედ დასავლეთს (აშშ და ევროკავშირს) აღიარებენ სტრატეგიულ პარტნიორად, უცებ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გვევლინება. რა თქმა უნდა, არის ამაში წინააღმდეგობაც და შეუსაბამობაც, ოღონდ ძველი (ერთპოლუსიანი) მსოფლიოს პოზიციებიდან. ახალი (მრავალპოლუსიანი) მსოფლიოს გადმოსახედიდან კი ამაში არათუ წინააღმდეგობა არ არის, პირიქით –  სწორედ ეს შეესაბამება იმ რეალობას, რომელმაც ძველი, დანგრეული მსოფლიო წესრიგის ნაცვლად ახალი, თანამედროვე წესრიგი და საერთაშორისო სამართალი უნდა შვას. ეს ახალი რეალობა, ანუ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი გვკარნახობს, რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ და ყველა მიმართულებით  ვიმუშაოთ, სადაც კი საშუალება გვექნება. არანაირი  აკვიატებული მიმართულებები და პრიორიტეტები არ გვჭირდება; უდიდეს ფილოსოფოს ჰეგელს თუ დავესესხებით, შეცნობილი აუცილებლობის გზით უნდა ვიაროთ და არა – აკვიატებული აუცილებლობის გზით. ეს სხვადასხვა რამ არის, ამიტომ „ქართული ოცნების“ დელაგაციის ჩინეთში ჩასვლა, გასაკრიტიკებელი  კი არა, მისასალმებელი მოვლენაა. ეს გზა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაკვალა და მას ახლა მმართველი პარტია განაგრძობს, რაც ლოგიკურიცაა და პერსპექტიულიც.

“ქართული ოცნების” დელეგაციის ჩინეთში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში – ჭოუ ციენს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი „ერთი ჩინეთის პრინციპს”. ელჩმა კი, თავის მხრივ, პრემიერმინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას უარყოფით შეფასებას აძლევენ და ბრიყვული ღრიანცელით ეგებებიან. მმართველ პარტიებს შორის გამოცდილების გაზიარების თემამ საქართველოში დასავლეთის “მეხუთე კოლონას”, ეტყობა, ყური მოჭრა. „როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში”,  –  აცხადებს დეპუტატი ბექა ლილუაშვილი (პარტია „საქართველოსთვის”). როგორც ჩანს, ლილუაშვილისნაირი პოლიტიკოსებისთვის სრულიად საკმარისია დასავლური სტერეოტიპები და შაბლონები კომუნისტურ პარტიასა და სოციალისტურ სისტემაზე. ჩინეთის ტრიუმფალური სვლა კი მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მიმართულებით მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს კაცი იმას სჯერდება, რასაც კარნახობენ. რეალობა კი, არათუ არ იცის, არც უნდა, რომ იცოდეს. ეს არის ადამიანის უვიცობისა და უგუნურების მაუწყებელი პირველი ნიშანი.

ირაკლი კობხიძე ჩინეთში

„ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „სავაჭრო დონეზე ურთიერთობები კარგია, გარდა რუსეთისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ, რასაც ჩინეთთან ურთიერთობების კუთხით ვხედავთ, ეს არის რევანში დასავლეთზე”. გეგელიას აზრით, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან აწარმოებს, არის „ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციისთვის გადადგმული ნაბიჯები”. ოპოზიციის ამ უსუსური განცხადებების მიღმა ძნელი აღმოსაჩენი არ არის დასავლეთის ძველი (ერთპოლუსიანი) მსოფლიოს კრახისა და მოახლოებული საკუთარი პოლიტიკური აღსასრულის გამო განგაშის მაუწყებელი სიგნალები.

ჩინეთში “ქართული ოცნების” დელაგაციის ვიზიტის პარალელურად, დავოსის (შვეიცარია) ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთ (ერთადერთ) მიმართულებაზე მიჯაჭვულობის ადრინდელი მავნე პრაქტიკის მექანიკური გაგრძელება. იმ დროს, როდესაც მმართველი პარტიის ოფიციალური დელეგაცია აღმოსავლეთში იმყოფება, პრემიერმინისტრის დასავლეთში ყოფნა სხვა მნიშვნელობას იძენს და მას სრულიად სხვა ფასიც ედება. ეს უკვე რამდენიმე მიმართულებით მუშაობის მაუწყებელია და სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ერთ მიმართულებაზე მონური მიჯაჭვულობა ჰქვია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც სტერეოტიპებიდან განთავისუფლებისა და რეალობის შეცნობაზე გადასვლის ეპოქას დავარქმევდი, რომელიც დიდი ხნის წინათ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორი დაგვიანებულიც უნდა იყოს, პროგრესი მაინც პროგრესია. ჩინეთით დაიწყო საქართველოს გამოღვიძება. აქედან უკან დასახევი აღარ არსებობს, ეს შეუქცევადი პროცესია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გარე სამყაროს 360 გრადუსით აღქმას ჯერ კიდევ ისეთი მიმართულება აკლია, რომლის გარეშეც გამოღვიძება სრული ვერ იქნება და ძილბურანში ყოფნას ემსგავსება. ეს რუსეთის მიმართულებაა. მიმართულება, რომელიც დასავლეთის (ერთპოლუსიანმა) პოლიტიკამ წაგვართვა და ჩაგვიკეტა. დასავლეთის პოლიტიკური ვერაგობის შედეგია დაკარგული აფხაზეთითა და ცხინვალის რეგიონით ჩახერგილი სახმელეთო საზღვრები რუსეთთან, რომლის აღდგენის შანსს ცერბერივით ფხიზლად მოდარაჯე ძაღლები არ გვაძლევენ. დასავლური ცერბერი რუსეთთან არათუ ჩახერგილი გზების გახსნის საშუალებას არ გვაძლევს, უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან დიალოგის საშუალებასაც გვისპობს. ქართველებმა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან დიალოგი შევძელით, მაგრამ რუსეთთან დიალოგის დაწყებას ვერ ვახერხებთ. როდესაც ერთი ირაკლი დასავლეთში (დავოსი) შეხვედრებს მართავს, ხოლო მეორე ირაკლი აღმოსავლეთს (პეკინი, შანხაი) სტუმრობს, მესამე (პირობითი) ირაკლი მოსკოვში ან პეტერბურგში ინტერესთა შეჯერებისა და ჰარმონიზაციის შესახებ უნდა საუბრობდეს. სამწუხაროდ, ეს მესამე ირაკლი (ამ სახელს საქართველოს ისტორიაში უზარმაზარი დატვირთვა აქვს) ჯერჯერობით არ ჩანს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე.

არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება!

ვალერი კვარაცხელია

                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here