Home ახალი ამბები საქართველო კუბის, ჩილესა და ვიეტნამის სკოლაგამოვლილი დანიგანი უფრო ხისტი იქნება, ვიდრე დეგნანი

კუბის, ჩილესა და ვიეტნამის სკოლაგამოვლილი დანიგანი უფრო ხისტი იქნება, ვიდრე დეგნანი

„ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მაღალ თანამდებობაზე არ ინიშნებოდა პირი, თუ ამერიკის საელჩოდან თანხმობა არ იქნებოდა, თანხმობას კი საელჩო მხოლოდ იმ შეთხვევაში გასცემდა, თუ კონკრეტული პირი ამერიკის ელჩს ერთგულებასა და უსიტყვო მორჩილებას შეჰფიცებდა. ასე რომ აღარ არის, ამიტომ გადმოვიდნენ იერიშზე და ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას საქართველოში

490

გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, როცა საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გადაწყვიტა? დაირაზმა მთელი დასავლეთი, ოპოზიცია, არასამთავრობოები და ყველაზე ცუდი, რაც  მათ მოახერხეს,  ახალგაზრდა თაობის შეცდომაში შეყვანა იყო. ახალგაზრდები დააჯერეს, რომ კანონი რუსული იყო.   ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი ევროპულ თუ ამერიკულ განათლებას ვეღარ მიიღებდნენ და უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაფინანსებულ გრანტებზე არ ექნებოდათ წვდომა.  იმ კანონში გრანტები  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ტერმინი იყო, რადგან სწორედ გრანტებით სულდგმულობენ ქართული არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური არხების  უმრავლესობა. კანონი არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებდა, უბრალოდ, გამოქვეყნდებოდა მონაცემები, ვინ საიდან იღებდა დაფინანსებას და ეს იყო დასავლეთისა და მისი აქაური აგენტების  შეშფოთების მიზეზი. ამის შემდეგ მოსახლეობა მარტივად მიხვდებოდა, ვინ საიდან იღებდა თანხებს და შესაბამისად, მარტივი იქნებოდა იმის გარჩევაც, ვის რა სურდა რეალურად.

არცთუ დიდი ხნის წინათ  ლობისტების შესახებ ამერიკულმა კანონმა (FARA, Foreign Agents Registration Act – უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი, რომელიც „რუსულ კანონად მონათლული პროექტის ანალოგია) გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად  ამხილა:  ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდების სანაცვლოდ თანხებს იღებდნენო (მარგველაშვილის შემთხვევაში კონკრეტული  რიცხვი იყო მითითებული – 11 500 დოლარი), „ ნაციონალური მოძრაობა,“ უშუალოდ  სააკაშვილის ოჯახი თანხას იმისთვის იხდიდა, რომ დასავლეთს საქართველოსთვის  სანქციები  დაეწესებინა. ასეთ  შემთხვევაში ქვეყანა იზოლაციაში მოექცეოდა. ამ ყველაფერმა, უწინარესად,  ამერიკის საელჩოს დაარტყა, რადგან საქმეში საელჩოს თანამშრომლის, ევან ელიოტის, გვარიც ფიგურირებდა და კელი დეგნანი იძულებული შეიქნა, სპეციალური განცხადება გაეკეთებინა. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობაზე ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავინ   მონაწილეობდა  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რომელიც  ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – წერია განცხადებაში,  მაგრამ, როცა დეგნანს „ჩაეკითხნენ“, თქვა, რომ ლობისტებმა საელჩოს თანამშრომელს დაურეკეს  ტელეფონზე და მან, უბრალოდ, უპასუხა. საინტერესოა, რაღა ამერიკის საელჩოს თანამშრომელს დაურეკეს ამერიკელმა ლობისტებმა და არა, მაგალითად, ესპანეთის საელჩოს, საფრანგეთის, პოლონეთის… სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. არავინ ელოდა, რომ FARA ასეთ დეტალებს გამოამზეურებდა, მაგრამ კანონმა იკანონა, დაწერეს ის, რაც რეალურად მოხდა, და ახლა დროა, დეგნანი და მისი გუნდის წევრები თეთრი სახლის წინ დადგნენ და ბოლო ხმაზე იყვირონ : „არა რუსულ კანონს!“ ისე, ძალიან საინტერესოა, რას ეძახის დეგნანი ლობისტობას. დღე არ გავა, ხელისუფლებას არ შეუძახოს, ციხიდან სააკაშვილი გამოუშვითო და, როცა უცხოელი ელჩების არაოფიციალური ბოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, დანარჩენები როგორ მოიქცევიან? ან, როცა ასეთი დონის ელჩი მუდმივად იმეორებს, რომ  დემოკრატიის გზაზე დასადგომად საქართველოს სჭირდება მიშას გათავისუფლებაო, რას ნიშნავს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკისთვის ჩვენი დემოკრატიის გზა არაერთი მუხლით გასამართლებული სისხლის სამართლის დამნაშავის, სააკაშვილის, თავისუფლებაზე გადის? დეგნანმა ისიც იკადრა, რომ ავტოფარეხების განაწილების საქმეში ჩაერთო და კორპუსის ამხანაგობის შეკრებაზე გამოიჭიმა, ანუ, ამერიკის ელჩს ( ეს მხოლოდ დეგნანს არ ეხება) საქართველოში ყოფნისას აქვს განცდა, რომ  შეუძლია ჩაერიოს ყველაფერში, აკონტროლოს ყველაფერი და, რაც მთავარია, მისი სურვილი აუცილებლად უნდა შესრულდეს.  დეგნანს რომ ჰკითხოთ, ვის გამოც კორპუსის ამხანაგობის კრებაზე წამოსკუპდა, მისი ლობისტი არ გამოდის, თურმე დაქალი ყოფილა და კრებაზე მეგობრულად გაჰყვა. ელჩი დაქალს მეგობრულად რომ დაჰყვება საქმის გარჩევაზე და ფართობის  განაწილებაზე,  თურმე, ლობისტობა კი  არა,  ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოში დეგნანმა  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  რიგითი ადამიანების თვალში ამერიკის საელჩოსა და უშუალოდ ელჩს ნდობა დაეკარგა. დეგნანს  ელჩობის ვადა ამოეწურა  და მის მაგივრად ახლა რობინ დანიგანი დაგვმოძღვრავს. დანიგანის  დანიშვნას ამერიკის სენატმა  უკვე დაუჭირა მხარი და ადვილი მისახვედრია, რომ ამერიკა მორიგ „დირექტორს“ გვიგზავნის. გადახედეთ დანიგანის კარიერას – ის ამერიკის საელჩოებში ისეთ ქვეყნებში მუშაობდა, როგორიცაა ვიეტნამი, ჩილე, თურქეთი, კუბა და  სალვადორი. ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც ამერიკას საკუთარი ინტერესების განმტკიცება სჭირდება და ამისთვის უკან არაფერზე იხევს. სერიოზული ეჭვი გვაქვს, კუბის, ჩილესა და ვიეტნამის სკოლაგამოვლილი დანიგანი უფრო ხისტი იქნება, ვიდრე დეგნანი იყო. იმასაც ვეჭვობთ, რომ წლების შემდეგ, როცა დანიგანი საქართველოდან წავა და მას ახალი ელჩი ჩაანაცვლებს, მოგვიწევს იმ „ეპოქის“ გააზრება, დეგნანიდან დანიგანამდე რომ გვქონდა. ისე, დანიგანი დეგნანზე ნიჭიერიც ჩანს – მან მშობლიური ინგლისურის გარდა ესპანური, გერმანული, თურქული და ვიეტნამური ენებიც იცის. ეჭვი გვაქვს, ქართულსაც ისწავლის და ეგებ მეგრულადაც ამღერდეს ჩონგურზე, როგორც ეს თავის დროზე ხალხის გულის მოსაგებად სააკაშვილის პირველმა ცოლმა გააკეთა…  FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის  ის, რომ ლობისტური კომპანია ამერიკულია, ანუ ამერიკელები ფულს იღებდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნის  დასაკმაყოფილებლად და საქართველოს სანქციების ქვეშ მოსახვედრად. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ შეამოწმეს ჩვენი ქვეყანა არაერთხელ, აქაოდა, სანქციების გვერდის ავლით მეზობელ რუსეთს აკრძალულ პროდუქციას აწვდისო, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და შეგვეშვნენ. შესაბამისად, მიშას მიერ გაღებული თანხები წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, მაგრამ არ ინერვიულებს, რადგან ეს ფული საქართველოს ბიუჯეტს წაღლიტა და კარგა ხანს არ გამოელევა. ფაქტია, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს დანიგანი ჩაგვიტარებს. ჰო, სწორედ  ჩაგვიტარებს, რადგან ქართულ არჩევნებში ამერიკის საელჩო თხემით ტერფამდეა ჩართული და შემდეგ ის წყვეტს, უნდა აღიაროს თუ არა დანარჩენმა მსოფლიომ ის არჩევნები, რომელიც საქართველოში  ჩატარდა. დანიგანიც იმიტომ გამოუშვეს საქართველოში, რომ თქვას ყველაფერი, რასაც  ვაშინგტონი  დაავალებს, შემდეგ კი  ევროპელმა ელჩებმა მისი სიტყვები ერთ ხმაში გაიმეორონ. დანიგანი აუცილებლად იტყვის, რომ სააკაშვილი ციხიდან არის გამოსაშვები, რომ ეს პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება (სწორედ ასე გაამართლეს გვარამიას გამოშვება, მაგრამ რადიკალურად სხვა სურათი მივიღეთ). ის აუცილებლად მოგვთხოვს 12 რეკომენდაციის შესრულებას, ანუ იმ რეკომენდაციების, რომლებთანაც ამერიკას, წესით, კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებია, ხოლო მის შესრულება-შეუსრულებლობაზე ევროკავშირთან ვართ პასუხისმგებელნი და არა ამერიკასთან.  სამწუხაროდ, კარგის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ვერ ვიხსენებთ ამერიკის ვერც ერთ ელჩს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში დადებითი როლი შეასრულა. ისინი მხოლოდ ამერიკის ინტერესებს იცავდნენ  და გვექცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც იმავე ამერიკაში ჩასული კონკისტადორები ექცეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათთვის სულერთი იყო და მომავალშიც სულერთი იქნება, როგორ იცხოვრებს ადგილობრივი მოსახლეობა; მთავარია, ხელისუფლებამ შეასრულოს ამერიკის მითითებები, მოიქცეს ისე, როგორც ელჩი იტყვის და… ყველას კარგად მოეხსენება, რომ „ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში  მაღალ თანამდებობაზე არ ინიშნებოდა  პირი, თუ ამერიკის საელჩოდან თანხმობა არ იქნებოდა, თანხმობას კი საელჩო მხოლოდ იმ შეთხვევაში გასცემდა, თუ კონკრეტული პირი ამერიკის ელჩს ერთგულებასა და უსიტყვო მორჩილებას შეჰფიცებდა.  ასე რომ აღარ არის, ამიტომ გადმოვიდნენ იერიშზე და  ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. ამას უკვე პირდაპირ  ამბობენ და საერთოდ არ ანაღვლებთ, რას ფიქრობს მოსახლეობა. ხომ გახსოვთ, წინა ადგილობრივი  თვითმმართველობის   არჩევნებზე მსოფლიოში უპრეცედენტო რამ მოიფიქრეს – „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენეს, თუ ხმების 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, რიგგარეშე საპარლამენტო  არჩევნები უნდა დანიშნულიყო და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის ლამის ყველა ქვეყანაში ხელისუფლების სათავეში ისე მიდიან პარტიები, ამომრჩეველთა ხმების 40%-საც ვერ აგროვებენ. თუმცა რა გასაკვირია?! რაც შეიძლება მათთვის, კატეგორიულად აკრძალულია ჩვენთვის, თუნდაც იგივე კანონი, რომლითაც ამერიკიდან ქართული ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი ამხილეს.

ლევან გაბაშვილი                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here