Home ახალი ამბები საქართველო კათოლიკურმა ეკლესიამ ლიბერალების შეტევას ვერ გაუძლო და ჰომოსექსუალიზმის დამცველად იქცა, ახლა აუცილებლად...

კათოლიკურმა ეკლესიამ ლიბერალების შეტევას ვერ გაუძლო და ჰომოსექსუალიზმის დამცველად იქცა, ახლა აუცილებლად შეეცდებიან საქართველოშიც  დაამკვიდრონ ის,რასაც  რომის პაპმა დაუჭირა  მხარი

საქართველოში ე.წ. ლიბერალები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა თავის დროზე სატვირთო მანქანით შენგრეული ეკლესიის კარი კიდევ ერთხელ შეანგრიონ და ამბიონზე ცისარტყელას ფერებით აჭრელებული დროშა აღმართონ.

307
რომის პაპი ფრანცისკე

17 მაისი – დღე, რომლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში მღელვარება იწყება. საქმე ის არის,  რომ ამ დღეს ლგბტ თემის წარმომადგენლები „პრაიდად“ წოდებული აქციისა თუ მსვლელობის გამართვას ცდილობენ, საქართველოს  მართლმადიდებელ ეკლესიას კი 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ აქვს გამოცხადებული და ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოდის, ჯვრებითა და ხატებით, ლოცვითა და მსვლელობით  ეკლესიებისკენ მიემართებიან და იქ  განაგრძობენ ლოცვას. რა ძნელი მისახვედრია, რომ,  თუ ლგბტ თემი მლოცველებს გადაეყრება, კარგი დღე არ დაადგებათ. გულახდილად ვთქვათ: ამას ცდილობენ კიდეც; სურთ,  რიგით ადამიანებს ნერვები ისე მოუშალონ, საქციელის გაკონტროლება გაუჭირდეთ, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და, ლგბტ თემის რომელიმე წარმომადგენელი თუ გაილახა, გეგმა შესრულებულია. ამ კადრებს დონორებს გაუგზავნიან და იქიდან დამატებით გრანტებს მიიღებენ. სამწუხაროდ, ლგბტ თემის მხარეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების 95%-ზე მეტი; სამწუხაროდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ლამის 99%-ს ეს ყველაფერი, უბრალოდ, არ მოსწონს და  პრაიდის წინააღმდეგია.  აღნიშნული არასამთავრობოები ასე რომ არ მოიქცნენ და დადგნენ იქ, სადაც თითქმის მთელი  საქართველო დგას, დასავლური ლიბერალური ფრთა არც ერთ ცენტს არ აღირსებს.

5 თებერვალს რომის პაპმა, აგრეთვე, ანგლიკანური  და პრესვიტერიანული ეკლესიების მეთაურებმა ერთად დაგმეს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია და თქვეს, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები მათმა  ეკლესიებმა უნდა მიიღონ. ქრისტიანული ეკლესიის საჭეთმპყრობელები ამ განცხადებით გამოვიდნენ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამხრეთ სუდანიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მონაწილეობდნენ სამდღიან მომლოცველობაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა იყო. პაპმა ფრანცისკემ ისიც გაიხსენა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ  ერთპიროვნულად აღნიშნა, ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის და კანონი, რომელიც მის კრიმინალიზაციას ახდენს, უსამართლოაო. ცნობისთვის: სამხრეთ სუდანი ერთ-ერთია იმ 67 სახელმწიფოდან, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალთან არის გაიგივებული, ხოლო ამ 67 სახელმწიფოდან 11-ში არატრადიციული ორიენტაცია  სიკვდილით ისჯება.

„ჰომოსექსუალი ადამიანები ღმერთის შვილები არიან. ღმერთს ისინი უყვარს და ღმერთი მათთან არის“, – ასე დაასრულა გამოსვლა რომის პაპმა. საბედნიეროდ, არაფერი უთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაამძღოლ ბართლომეს და ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიურ განცხადებას ფიქრადაც არ გაივლებს.

ნიშნავს თუ არა რომის პაპის განცხადება იმას, რომ აღსარების დროს მამათმავლობა, ლესბოსელობა აღარავინ უნდა ახსენოს, რადგან  თურმე ცოდვა არ ყოფილა? არის თუ არა ეს საუკუნეების წინათ დამკვიდრებული წესების გადაწერის მცდელობა? არის თუ არა ეს ლიბერალების მიერ თავსმოხვეული გადაწყვეტილება და,  რაც მთავარია, არის თუ არა ეს გარყვნილების ოფიციალურად, ეკლესიურად დამკვიდრება? რა თქმა უნდა,  არის და, საქართველოში ანალოგიური რამ რომ მოხდეს, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რადგან, საბედნიეროდ, კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ქალისა და ქალის ან კაცისა და კაცის.

სხვათა  შორის,  ქვეყნები, რომლებშიც მამათმავლობა, ლესბოსელობა და ა.შ. მკაცრად ისჯება, თურქეთი და სირიაა. რელიგიურ საფუძვლებზე დამყარებული კანონმდებლობა ლგბტ თემს პრაქტიკულად არანაირ უფლებას არ აძლევს და ახლა, როცა ორივე ქვეყანაში საშინელება ტრიალებს, ათასობით ოჯახი გამოჩნდა, რომლებიც მზად არიან, ობლად დარჩენილი ბავშვები იშვილონ. ჰოდა, მსურველთა უდიდესი ნაწილი სწორედ ლგბტ ოჯახებია –  ქალი და ქალი ან კაცი და კაცი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიბერალური ფრთა ამ მიმართულებით სერიოზულ შტურმს აწყობს და ტრადიციულ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს უდიდესი საფრთხე ელოდებათ; საფრთხე იმისა, რომ, რაც მათთვის მიუღებელი იყო, რასაც მშობლები ასწავლიდნენ, ცუდიაო, ჩვეულებრივი ამბავი უნდა იქნეს და ფასეულობათა გადაფასება უნდა მოხდეს. თუ ქვიარ თემი ამას განახორციელებს, გავა 10 ან 20 წელიწადი და ათასობით, ათი ათასობით თურქი ან სირიელი ადამიანისთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება ეს ყველაფერი და ისინი, არათუ წინააღმდეგობას გაუწევენ ლგბტ პროპაგანდას, მიემხრობიან კიდეც, რადგან მაშინ, როცა მათი ფსიქიკა და ცნობიერება ყალიბდებოდა, ისინი ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე უყურებდნენ…

რუსეთმა ოფიციალურად აკრძალა ლგბტ მოძრაობა და ისინი კრიმინალებად გამოაცხადა, ამიტომ ჰომოსექსუალები  რუსეთში ქუჩაში აქციის ჩატარებას ვერ ბედავენ. ეს კანონით ისჯება და იციან, რომ ციხე ელით. მართლმადიდებლური უკრაინაც ამ გზაზე იდგა, მაგრამ შეიცვალა მიმართულება, ხელისუფლებაში მოვიდა ვოლოდიმირ ზელენსკი  და მას მრჩევლად დაუსვეს არესტოვიჩი, რომლის ინტიმური ცხოვრების ამსახველმა ვიდეომ, რომელშიც ის მამაკაცთან არის გადაღებული, მსოფლიო მოიარა და ესეც ლიბერალური ფრთის გამარჯვება იყო. თუმცა დასავლეთი ამას არ დასჯერდა და მსოფლიოს ორი უდიდესი მართლმადიდებლური ქვეყანა ერთმანეთს  სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდა. როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ნამდვილი ვაჟკაცები, სულით მეომრები წვებიან მიწაში და, ლგბტ თემის წარმომადგენელი ხელში იარაღს რომ არ აიღებს, ადვილი მისახვედრია.

ლიბერალები აუცილებლად შეეცდებიან, საქართველოშიც  დაამკვიდრონ ის, რასაც  რომის პაპმა დაუჭირა მხარი; აუცლებლად შეეცდებიან, ქართველ მღვდლებსაც ათქმევინონ იგივე. და ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მღვდელი ამას გააკეთებს, ცდუნებას ვერ გაუძლებს, გამოაცხადებს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელსაც მიიღებს და,  რასაც აკეთებს, ცოდვად არ ჩაუთვლის.

წლებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში აუცილებელია რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების ჩატარება;  აუცილებელია იმის გარკვევა, ვინ არის ეკლესიაში ღვთისა და ხალხის მსახურებისთვის  მისული და ვინ  რწმენაზე აგებული ამ  ინსტიტუტის დასანგრევად, დასაკნინებლად, სახელის შესაბღალავად.

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ  გლდანის ეკლესიის დარბევა 2004 წლის 12 მარტს

დავით IV არ და ვერ იქნებოდა აღმაშენებელი, რომ არ ყოფილიყო რუის-ურბნისის კრება. ისტორიკოსები დავითის სამხედრო ნიჭსა და ბრძოლისუნარიანობაზე აკეთებენ აქცენტს და იშვიათად ახსენებენ კრებას, რომელმაც საქართველოს ისტორიაში არანაკლები გარდამტეხი როლი ითამაშა, ვიდრე თუნდაც დიდგორის ბრძოლამ. არც თუ დიდი ხნის წინათ ვაიპოლიტიკოსმა  დავით ბერძენიშვილმა მიტინგზე გამოსვლისას  თქვა, –  ჩვენ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა ვართო, და იმ აქციაზე არავინ გამოჩნდა ისეთი, პროტესტი გამოეთქვა. საბედნიეროდ, აქცია არ იყო ხალხმრავალი, ანუ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 99% სხვა აზრზეა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლიბერალურ ფრთას ფრთები შეეკვეცა. იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ იყო მცდელობა, ქვეყანა  ლიბერალურ რელსებზე  ბოლომდე  გადაწყობილიყო,  ამ საქმიდან, საბედნიეროდ, არაფერი გამოვიდა; ასევე საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილმა დაპირება შეასრულა, პოლიტიკაში „შუა გაკრიფა“, პოლიტიკური მოთამაშეები გააშიშვლა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ბევრს თვალი აეხილა.  თუნდაც გიგა ბოკერია ავიღოთ, ლიბერალების საყრდენი და ეკლესიის მაგინებელი, დღეს კამერების წინ პირჯვარს იწერს, რასაც ადრე არათუ არ აკეთებდა, არამედ ამის გამო ადამიანებს დასცინოდა. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ბოკერია და მისნაირები ლოცვითა და მეტანიებით  იტყავებენ მუხლებს, უბრალოდ, ისინი მიხვდნენ, რომ ამომრჩევლის გულს ეკლესიის გინებით ვერ მოიგებენ და ტაქტიკა შეცვალეს. ჰო, ლიბერალები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა თავის დროზე სატვირთო მანქანით შენგრეული ეკლესიის კარი კიდევ ერთხელ შეანგრიონ და ამბიონზე ცისარტყელას ფერებით აჭრელებული დროშა აღმართონ.

ისევ რომის პაპს დავუბრუნდეთ. პონტიფიკოსის სიტყვების შემდეგ განცხადება კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხი აქტუალურია ინგლისის ეკლესიისთვის და დასძინა, რომ  მოახლოებულ სინოდის სხდომაზე ის პაპის სიტყვებს ზუსტად გაიმეორებს.

„ვისურვებდი, პაპივით მჭერმეტყველი ვყოფილიყავი და მასავით მკაფიოდ მესაუბრა. სრულად ვეთანხმები მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას“, – განაცხადა უელბიმ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე ინგლისის ეკლესიაც მხარს დაუჭერს ლგბტ თემს. შედეგად, დარჩება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესია, რომელიც ჯერჯერობით მყარად იცავს ტრადიციებს და ბოლომდე ემიჯნება აღნიშნულ განცხადებებს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ლიბერალურ ფრთას  შეტევა ახლა  სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიისკენ აქვს მიმართული და,  ამ შეტევას   კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა რომ ვერ გაუძლო, ფაქტია.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here