Home ახალი ამბები საქართველო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  გააშიშვლებს დასავლეთს და მის ნამდვილ სახეს გვიჩვენებს

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  გააშიშვლებს დასავლეთს და მის ნამდვილ სახეს გვიჩვენებს

ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის, ბრიტანეთისთვის, ამერიკისთვის, უკრაინისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მათთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება შეიძლება და ჩვენთან არა?

377

გემახსოვრებათროცა შარშან, მარტში  გამართული აქციების შემდეგ პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია, გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ სახელმწიფოს არ უნდა დაეთმო, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა და ყველას სცოდნოდა, ვინ ვინ არის და ვინ ვის ძუძუზეა ჩამოკიდებული. ჰო, სწორედ ძუძუზე, რადგან საქართველოში ე.წ. სამოქალაქო სექტორი  დამოუკიდებლად არ მოქმედებს და კონკრეტული ძალების  ინტერესებს ატარებს, რის გამოც სოლიდურ გრანტებს იღებს. საუბარია ბოლო  წლების განმავლობაში გადმორიცხულ ასობით მილიონზე.  ბოლო მაგალითი გავიხსენოთ – გასულ კვირას კონკრეტულმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ მორიგი გრანტი მიიღო და, როცა გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს გრანტი ლგბტ პროპაგანდისთვის იყო განკუთვნილი, უარყვეს, აქაოდა გრანტი მოგვცეს, ოღონდ მიზნობრიობის გარეშეო. ვინმეს სჯერა, რომ ვიღაც მილიონებს იხდის მიზნობრიობის გარეშე, ანუ, უბრალოდ, ფულს იძლევა და ამბობს: როგორც გენებოთ,  გამოიყენეთო?

საბედნიეროდ, ხელისუფლებამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კვლავ შემოიტანა  განსახილველად და ვიმედოვნებთ, ახლა მაინც მიიყვანს საქმეს ბოლომდე. დასავლეთის  აგრესია (ჰო, აგრესია) იმაზე ათჯერ მეტია, ვიდრე შარშან იყო, რადგან  დარწმუნდა, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში გადახდილმა მილიონებმა თუ მილიარდებმა  ჩაილურის წყალი დალიოს. ვისაც არ დაეზარა, პროტესტი ყველამ გამოთქვა, მათ შორის, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, აქაოდა, თუ ამ კანონს მიიღებთ, ნატოში ინტეგრაციის პროცესს ხელი შეეშლებაო. დაგვცინის ეს კაცი, საჯაროდ დაგვცინის. რას ჰქვია ნატოში ინტეგრაციის პროცესი, აგვიხსნის ვინმე? ათეული წლების განმავლობაში მათ მითითებებს ვასრულებდით, საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავდნენ და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ. ნატოში დღეს, ხვალ, ერთი და ათი წლის შემდეგ კი არა, არასდროს მიგვიღებენ, იმიტომ, რომ ნატოს საქართველო წევრად, უბრალოდ, არ სჭირდება. მას  სჭირდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორია, რათა აქ ბაზები განათავსოს და რუსეთს დაემუქროს. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, რომელსაც დასავლეთი ასე მკაცრად გვიპროტესტებს, აღნიშნული კანონი სხვადასხვა სახელწოდებით უკვე დამტკიცებულია იმ ქვეყნებში, რომელთა პირველი პირები თუ დიპლომატები ახლა თავში ხელს იცემენ, – ამ კანონს როგორ იღებთ, რუსულიაო. დავიწყოთ:

დიდ ბრიტანეთში აღნიშნულ კანონს ჰქვია „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ავსტრალიაში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“, კანადაში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“, საფრანგეთში ინიცირებულია პროექტი „უცხოური გავლენის დასაძლევად“, უკრაინაში – „გარკვეული საკანონმდებლო აქტების შესწორების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში“, აშშ-ში  – „უცხო აგენტის რეგისტრაციის აქტი“, ევროკავშირში – „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზრის ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება…“

რა გამოდის? ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის, ბრიტანეთისთვის, ამერიკისთვის, უკრაინისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ამ კანონის მიღება შეიძლება და ჩვენთან აკრძალულია? რომ გაჰკივიან, – კანონი რუსულიაო, გამოვიდა გირჩელი  იაგო ხვიჩია, რომელმაც აღიარა: წავიკითხე კანონი, წავიკითხე მისი ამერიკული ანალოგი და სწორედ ამერიკულიდან არის ნათარგმნი და გადმოწერილიო. ანუ, აქ კანონის შინაარსზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ფარდა ძალიან ბევრ რამეს აეხდება. თანაც, რას ნიშნავს რუსული კანონი? მკვლელობა რუსული სისხლის სამართლის კოდექსითაც ისჯება და ამიტომ ჩვენი კოდექსიდან უნდა ამოვიღოთ, რუსებს რომ არ დავემსგავსოთ ერთნაირ კანონებში?! თუ გახსოვთ, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ სისხლისსამართლებრივი დევნა პირველად საქართველოში დაიწყო და შემდეგ ეს კანონი ჯერ რუსეთის ფედერაციამ წაიღო, შემდეგ – ბელარუსმა, უკრაინამ, ევროპის რიგმა ქვეყნებმა. მაშინ  ვინმემ თქვა, კანონი ქართულია და არ გვინდაო? კანონს, რომელიც ეფექტიანად  მუშაობს, არც წარმომავლობა აქვს და არც ავტორი ჰყავს, ის  ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის არის  განკუთვნილი.

ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს – რატომ არ უნდა ვიცოდეთ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია ან რომელი ტელევიზია საიდან და რისთვის ფინანსდება? რატომ არ უნდა ვიცოდეთ, „მუსიკის“ შემკვეთი და „სიმღერის“ შინაარსი? იმიტომ ხომ არა, რომ შარშან ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას 2 მილიონი დოლარი გრანტის სახით აღმოსავლეთ ევროპის ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გადაურიცხეს და მერე ამ პარტიის ლიდერი დივანზე იყო წამოკოტრიალებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისის წინ, აქაოდა, მისმენენ და მითვალთვალებენო.

აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გაუჩნდება სურვილი, ოპოზიციურ პარტიებს მხარი დაუჭიროს; არავის ექნება სურვილი, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანდეს. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ამ კანონის ამუშავების შემდეგ ქართველი ერის უდიდესი ნაწილი დასავლეთისკენ გაიშვერს ხელს და იტყვის: „მეფე შიშველია!“ ჰო, სწორედ ეს კანონი გააშიშვლებს დასავლეთს და მის ნამდვილ სახეს გვიჩვენებს. მერე გავიგებთ, უკვე ოფიციალურად, რომ დასავლეთი სტრატეგიული პარტნიორი კი არ არის, არამედ ცდილობს, დაამკვიდროს აქ ისეთი რამ, რაც ქართველი ერისთვის მიუღებელია. პირველად, ხმამაღლა 2003 წელს, ანუ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ ითქვა, რომ ქართველი ერის ცნობიერება უნდა შეცვლილიყო –  უარი უნდა გვეთქვა იმაზე, რითაც ვამაყობდით: ტრადიციებზე, წარსულზე, უფროსების პატივისცემაზე… უნდა გამოეყვანათ ახალი ტიპის ქართველი, რომელიც  დასავლეთზე იქნებოდა დამოკიდებული და მშვიდად შეხვდებოდა არა მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არამედ ტაშს დაუკრავდა ქუჩაში გამოსულ ლგბტ თემის წარმომადგენლებს; შვილებს ეტყოდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ არ „ტეხავს“ და, თუ სურვილი აქვს, თვითონაც შეუძლია ასე მოიქცეს… აქედან დაიწყებოდა ერის გადაგვარება, სხვა თარგზე მოჭრა, გადაგვარებული ერის დამონება კი დროის ამბავი იყო…

ისევ კანონს დავუბრუნდეთ, რომლის გაპროტესტებასაც… 9 აპრილს აპირებენ არასამთავრობოები. ესეც დასავლეთის მოფიქრებულია, იმ დღის შერჩევა, რომელი დღეც ქართველთათვის მნიშვნელოვანი და წმინდაა. გაგახსენებთ: ვანო მერაბიშვილმა პოლიციის დღე 6 მაისს, გიორგობას  დაამთხვია, რადგან ზუსტად იცოდა, მისი პოლიციის დღეს ქართველი ერი, უბრალოდ, არ აღნიშნავდა, გიორგობას კი… მერე ფონს შექმნიდა, რომ ქართველები გიორგობას კი არა, პოლიციელის დღეს ზეიმობდნენ. ახლა სხვა რეალობაა: 6 მაისს გიორგობაა, 31 მაისს – პოლიციის დღე და დღევანდელობის გათვალისწინებით, არავის ეზარება და „უტყდება“ იმის თქმა, რომ პოლიციელი გმირია! 9 აპრილი დასავლეთისთვის მორიგი ტესტი იქნება, რა რაოდენობის ხალხი გამოვა ქუჩაში და რისი იმედი უნდა ჰქონდეს. პირველი მცირე გამოსვლა უკვე ჰქონდათ და მთავარ ბანერად ლაზარე გრიგორიადისის სურათი გამოფინეს. აქაოდა, ეს გმირი ბიჭი ციხეშია და, თუ თქვენც ისევე მოიქცევით, როგორც ლაზარე,  გმირებად შეგრაცხავთო. აქ ჩანს დასავლეთის სახე ყველაზე ნათლად – ბიჭი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც პოლიციელები სასიკვდილოდ გაიმეტა, გმირად  შერაცხეს და თურმე ევროპისკენ სავალი გზა ლაზარეს თავისუფლებაზე გადის. არ გვინდა ასეთი ევროპა, არც ამერიკა გვინდა ასეთი, რომელიც გვაიძულებს, მკვლელს ტაში დავუკრათ. ჰო, მკვლელს, რადგან მას ორჯერ ჰქონდა ამის მცდელობა: ერთხელ, როცა მამას დანა დაარტყა, და მეორედ, როცა პოლიციელებს ცოცხლად წვავდა.

დაზუსტებული ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური კავშირების წარმომადგენლებს ეკონტაქტება და 9 აპრილს რუსთაველზე ეპატიჟება. საბედნიეროდ, გასული წლის შემდეგ ხელისუფლებამ მოახერხა და კანონპროექტის შესახებ მოსახლეობას ბევრი რამ აუხსნა. რაც მთავარია, სწორედ ბოლო ერთ წელიწადში  კანონი, რომელიც ჩვენ რუსულად მოგვინათლეს, არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო და, ვინც არ მიიღო, მიღებას აპირებს. ახალგაზრდების დიდი ნაწილიც გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს და ახლა ქუჩაში აღარ გავლენ, მაგრამ ოპოზიცია და არასამთავრობოები მაინც მოახერხებენ არც თუ მცირე ნაწილის კვლავ მოტყუებას და ვაი, რომ რუსთაველზე მისული ადამიანების 90%-ზე მეტს კანონპროექტი, უბრალოდ, წაკითხული კი არა, ნანახიც არ ექნება. ისინი იჯერებენ იმას, რასაც უყვებიან და მერე ხმის ჩახლეჩვამდე ყვირიან, რომ არ სურთ, მაგრამ ვერავინ დაასაბუთებს, რეალურად რა არ სურთ. რაღა ახალგაზრდები, აგერ, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ამბობს, – ეს კანონი რუსულიაო და, როცა ეუბნებიან, კონკრეტულად რა არის რუსულიო, ვერ ამბობს.

შესაბამისად, არა მხოლოდ 9 აპრილს, არამედ, საერთოდ, ახლა, ამ ეტაპზე გადამწყვეტი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. ისე ჩანს, სწორედ ახლა ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, სწორედ ახლა მივდივართ სრულ დამოუკიდებლობამდე და, დასავლეთი ასე მარტივად რომ არ დათმობს, მისი განცხადებებიდანაც ჩანს. პრინციპში, რაღა განცხადებებიდან,  პირდაპირ იმუქრება: თუ ამ კანონს მიიღებთ, ცულს მოვიტანთ ცუნცულასო და…

და ერთიც – ლატვიელმა დიპლომატმა განაცხადა: ბექა ოდიშარია ჩვენი საპატიო კონსულია. მან  პარლამენტში ქალების მიმართ უხამსი ფრაზა თქვა და კონსულის წოდება უნდა ჩამოვართვათო. ჯერ ერთი, ოდიშარიას თავის გამოსვლაში არც ერთი უხამსი სიტყვა არ უთქვამს, არ შეუგინებია და, რაც მთავარია, სად იყო ეს დიპლომატი მაშინ, როცა მის მიერ ნაქები ოპოზიციონერი ქალები დედის გინების გარდა მუშტი-კრივზე რომ გადადიოდნენ პირდაპირ ეთერში? ან სააკაშვილი და მისი ბიძა არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ ერს რომ დედას აგინებდნენ?  თუ  ოპოზიციისთვის დასაშვებია სხვებისთვის ხელის ქნევა და გინება,   ხელისუფლებისთვის კი კრიტიკაც არა? წაიღეთ ეგ თქვენი კონსულობა და საპატიო ადგილზე… შეინახეთ.

 ბესო ბარბაქაძე                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here