Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი დოჭვირი: ქართველებო, ნული გონიერებაში

ირაკლი დოჭვირი: ქართველებო, ნული გონიერებაში

“ფილმის გადაღების პერიოდი ემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას. ამოქმედებულია ანტიფაშისტური მოძრაობა და მსოფლიოს პროგრესული ძალების ყურადღება მიპყრობილია სტალინისადმი, როგორც ფაშიზმთან შეურიგებელი მებრძოლისადმი. ეს ყველაფერი დე სიკას ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია და სტალინის გავლენით, გადატანითი მნიშვნელობით, ქართველ ერზე თქვა ის, რასაც შემდეგ მთელი მსოფლიო მოისმენდა”

481
ირაკლი დოჭვირი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არა მხოლოდ საქართველოში მოხდა, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენი ქვეყანა პატარაა, აქ ყველა პოლიტიზებულია, შესაბამისად, ქართველ საზოგადოებაში ყველაზე მეტად ჩანს ე.წ. აზრთა სხვადასხვაობა უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ. საქართველოში გვყავს უკრაინის მთავრობის მოწინააღმდეგეები და მომხრეები, აგრეთვე, რუსეთის ქმედებების მომხრეები და მოწინააღმდეგეები…

“ქართველებო, ნული გონიერებაში!” _ ასე მიმართა სოციალურ ქსელში საზოგადოებას სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი დოჭვირმა, რომელიც ზემოაღნიშნულ პროცესებზე გვესაუბრება:

_ რატომ იქცა საქართველო დედამიწის მარგალიტიდან პლანეტის საგიჟეთად, რომელშიც თავი მოიყარა ყველანაირმა გიჟმა?! ამაზე პასუხის გაცემა შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს…

მინდა, საზოგადოებას გავახსენო ერთი ფილმი. 1940 წელს დიდმა იტალიელმა რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამ  გადაიღო აპოლიტიკური ფილმი ,,მადალენა, ნული ყოფაქცევაში”. ფილმში მოთხრობილია უფროსკლასელი გოგონების ცელქობის შესახებ. ალბათ, ამ კუთხით და შინაარსით ფილმს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა 30-ე წუთზე განვითარებული ერთწუთიანი სცენა, როცა გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს. ის მოსწავლეებს უხსნის: “ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ამ რეგიონის მცხოვრებთა ანთროპოლოგიური კვლევების შედეგი და აღვნიშნავთ, რომ ქართველები ოდითგანვე ითვლებოდნენ თეთრი რასის პროტოტიპად”… შემდეგ მასწავლებელი ახასიათებს ქართველ მამაკაცს, როგორც ახოვანს, მუქთმიანს, ძალიან ლამაზსა და ისეთი ძალის მქონეს, როგორებიც იყვნენ მითოლოგიური გმირები… ამ მომენტში ზარი ირეკება და მასწავლებელი საუბარს წყვეტს.  

 უდიდესმა იტალიელმა რეჟისორმა მუსოლინის ფაშისტური დიქტატის პირობებში ეს სცენა ისე ალეგორიულად გადმოსცა, რომ ფაშისტ ცენზორებს ეჭვი არაფერში შეჰპარვიათ.  პირიქით, ალბათ, მათი აღფრთოვანებაც კი გამოიწვია, რადგან რასებზეა საუბარი, მეტიც, ერთი რასის უპირატესობაზე.  ეს კი ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი ქვაკუთხედია. გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგი გერმანელი რასისტი მეცნიერი ქართველებს მიიჩნევდა არიულ რასად. ნეორეალიზმის კლასიკოსი კი ანტიფაშისტი იყო. მაშ, რამ გაახსენა საქართველო და ქართველი ერი ვიტორიო დე სიკას?  1930-იანი წლებიდან იწყება ქართული ხელოვნების პროპაგანდა მსოფლიოში. მსოფლიოს ხალხთა ენებზე ითარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, მოეწყო ქართული ხელოვნების დეკადები მოსკოვში. თანაც, ფილმის გადაღების პერიოდი ემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას. ამოქმედებულია ანტიფაშისტური მოძრაობა და მთელი მსოფლიოს პროგრესული ძალების ყურადღება მიპყრობილია სტალინისადმი, როგორც ფაშიზმთან შეურიგებელი მებრძოლისადმი. ეს ყველაფერი დე სიკას ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია და სტალინის გავლენით,  გადატანითი მნიშვნელობით, ქართველ ერზე  თქვა ის, რასაც შემდეგ მთელი მსოფლიო მოისმენდა.

და ამ ერს ახლა გონიერებაში უწერია ნული.

_ მაინც რაში უწერთ “ნულს” მთელ ერს? ის, რაც ხდება, მხოლოდ ჩვენი, ქართველების, პრობლემა არ არის…

_ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ… იმ ისტორიის შემდეგ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სააკაშვილს რომ ახსენებ, ნული გაქვს გონიერებაში. სტალინის სამშობლოში დაბადებულმა სააკაშვილზე როგორ უნდა ილაპარკო?! სააკაშვილი გაშიშვლდა და, შიშველ სააკაშვილს რომ მხარს დაუჭერს ვინმე, ის მასზე მეტი გიჟი არ არის?  მაგრამ ამ გიჟების მასას რაღაც ლოგიკა მაინც აქვს. მათი აზრით, თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, კვლავ ხელისუფლების სათავეში მოვლენ. ლოგიკურია ეს აზრი, რა თქმა უნდა, თანაც მაშინ, როცა პირდაპირ ვხედავთ, როგორ უჭერს მათ მხარს ზელენსკი და მისი ჯგუფი. ახლა გადავხედოთ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკს. ამ ბანაკში შედიან უკრაინისდროშიანი ოცნების მომხრეები. აი, ამ ხალხის აზროვნება სააკაშვილის მომხრეების აზროვნებაზე დაბლა დგას. ელოდებიან უკრაინის გამარჯვებას და, მერე თვითონ რა მოელით, იმას ვერ ხვდებიან… უკრაინისდროშიან სამღვდელოებასაც გადავწვდეთ: თუ “ზელემ გაიმარჯვა” (რაც გამორიცხულია _ ი. დ.), იციან, რომ “უკრები” გუმბათებზე მოუსაქმებენ? – არ იციან, ვერ ფიქრობენ…

ცალკე თემაა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ჯგუფები. ისინი კვლავ მიესალმებიან ამერიკულ და გერმანულ ტანკებს იმ იმედით, რომ ურდოებს (ასე უწოდებენ ისინი რუსებს) მალე გაანადგურებენ…  ზვიადისტების დიდმა ნაწილმა შეხედა რა ბოლო 30 წელიწადში განვითარებულ მოვლენებს, ცვლილება განიცადა, რაღაც ნაწილის აზროვნება კი ვერ შეიცვალა. ესეც კლინიკაა, ფსიქიატრიაა… ასე და ამრიგად, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემორჩა მოაზროვნე. ვიტორიო დე სიკა ახლა ცოცხალი რომ იყოს და ფილმს იღებდეს, ამ ხალხის შემყურე და იმისა, რასაც ქართველთა უმრავლესობა ევროპაში  სჩადის,  იტყოდა თავის ფილმში ასეთ  რამეს? არა მგონია. ამიტომაც ვამბობ: ქართველებო, ნული გონიერებაში!

_ წლებია, ქართველები და საქართველო  დასავლელი  ე.წ. პარტნიორების გავლენის ქვეშაა. ჩვენ ვცდილობთ, მათნაირები გავხდეთ. ჩვენი ქვეყნის მიზანია, ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ. რამდენიმე დღის წინათ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა დასვა შეკითხვა: “საქართველო ჩვენნაირია? აქვს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ამაზე პასუხს ელოდების ევროკავშირის ქვეყნები”…

_ დეგნანს თქვენი გამოცემის საშუალებით გავცემ პასუხს: საქართველო თქვენნაირი არც ერთ კომპონენტში არ არის. თქვენ მძარცველები ხართ, ძარცვავთ მსოფლიოს, ხოლო ჩვენ გაძარცვულები ვართ თქვენ მიერ.  ჩვენი გაძარცვა მდგომარეობს იმაში, რომ წაგვართვით სამუშაო იარაღები  (ფაბრიკა-ქარხნები), რომლებითაც პროდუქციას ვაწარმოებდით. ახლა არაფერი გაგვაჩნია. ხალხი დარჩა უმუშევარი და ერთ დროს თავისუფალი და ამაყი ერის წარმომადგენლები აიძულეთ, საკუთარი ნებით წამოსულიყვნენ თქვენთან მოჯამაგირედ, ათრიონ თქვენი ,,გარშოკები” და პამპერსები.   

ასეთ კითხვას ამერიკა მხოლოდ კოლონიურ ქვეყნებს უსვამს ან ისეთებს, სადაც მათი მეხუთე კოლონა მძლავრობს. ჩვენ დაგვისვა, მაგრამ აზერბაიჯანს ვერ დაუსვამს მსგავს შეკითხვას, ვერც ბელარუსს, ვერც ყაზახეთს.  საქართველო ყველა ქვეყნისთვის ხელწამოსაკრავი გახდა აქ დაბუდებული “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების  გამო, რომლებიც რეალურად ამერიკის მეხუთე კოლონას წარმოადგენენ.  

რას სთავაზობს ამერიკა ,,მეგობრებს”? რის შემოთავაზება შეუძლიათ ამერიკელებს ჩვენთვის, დეგრადაციის იდეოლოგიის გარდა რამე მატერიალური ემეტებათ? მატერიალურიდან ემეტებათ მხოლოდ ბომბები, “ჯაველინები”, რაკეტები…  ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთს მივუშვერთ. ასეთია ამერიკის დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოსადმი, არამედ პლანეტის თითქმის ყველა ქვეყნისადმი. ამერიკა იქცა დედამიწის ჭირად, მუწუკად და, თუ ის არ მოშორდა იმ სახით, როგორადაც ახლაა წარმოდგენილი, არა მხოლოდ პლანეტის განვითარებას შეაფერხებს, არამედ საშინელი უფსკრულისკენ გააქანებს კაცობრიობას.  

ამერიკის ელჩი სვამს შეკითხვას ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაშინ, როცა მის ქვეყანაში ფეხქვეშაა გათელილი ადამიანის უფლებები. ჩვენ სულ რაღაც ხუთი წლის წინათ ვიხილეთ შავკანიანი ადამიანების მკვლელობები ქუჩაში ამერიკელი პოლიციელების მიერ. აი, ზუსტად იმ დღიდან დაკარგა ამერიკამ მორალური უფლება იმისა, იყოს ადამიანის უფლებების გარანტი საერთაშორისო ასპარეზზე,  მაგრამ სად აქვთ მათ მორალი? სამწუხაროდ, არ აქვთ და აქეთ გვასწავლიან იმას, რაც თავად არ გააჩნიათ.     

ქართველ  ერში ამერიკული ოცნება თანდათან ინგრევა, თანდათან ნადგურდება.  მაშინ, როცა საბჭოთა ხალხები ამერიკასთან ერთად ანტიფაშისტურ კოალიციაში შევდიოდით და ფაშიზმს ვებრძოდით, თურმე ის ომი საბჭოთა კავშირმა და სტალინის გენიამ კი არა, არამედ ,,ლენდ-ლიზმა” მოიგო. ეს აბსურდი, ეს ამერიკული ზღაპარი ისე  სჯეროდა ზოგიერთ ქართველს, რომ, როცა ბაიდენმა ახალ “ლენდ-ლიზს” ხელი მოაწერა, ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა ამ აქტს და რუსეთის ძალიან მალე განადგურებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი შეტევაზეა, საომარი ინიციატივა დაიბრუნა და “ლენდ-ლიზი” უკვე აღარავის ახსოვს, ის “ლენდ-ლიზი”, რომელსაც თურმე ფაშიზმი გაუნადგურებია.

30-წლიანმა ამერიკულმა ბატონობამ საქართველოსა და უკრაინაში,  გამოიწვია ერის დეგრადაცია, დაკნინება…  და ამერიკის ელჩი უკვე დაუფარავად ბედავს, უხამსი შეკითხვების დასმას. მართლაც, ქართველებო, ნული გონიერებაში, რადგან ვითმენთ დეგნანს და ვირჩევთ სალომეს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here