Home ახალი ამბები საქართველო იმედის თვითმფრინავი

იმედის თვითმფრინავი

“ც”, რომელსაც საქართველოს სწირავდნენ

454

ერთი კვირის განმავლობაში მრავალრიცხოვანი შეხვედრებისა და მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, ცოტაოდენი ამოსუნთქვის საშუალება მომეცა და, სასტუმროს ნომერში განმარტოვებული,  ფიქრებს გავყევი ქართული დელეგაციის წევრები ხვალ დილას სამშობლოში იმ პირველი ავიარეისით დავბრუნდებით, რომელიც დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში გამოფრინდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ მგზავრებს შორის ვიქნებით, რომლებიც ძალიან დიდხანს ელოდნენ ამ დღეს.  დელეგაციაში ის ადამიანები ვართ,  რომლებმაც დიდი ძალისხმევა,  დიპლომატია და შრომა ჩავდეთ ამ საქმეში.

საქმე ორ ქვეყანას შორის მხოლოდ კომფორტულ მგზავრობას არ ეხება. საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების განახლება ისტორიული მოვლენაა. ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის შემოღებას 23 წლის ისტორია აქვს. ჩვენი დელეგაციის ზოგიერთ წევრს ზუსტად ამდენი წლის სტაჟი გვაქვს ამ რეჟიმის გაუქმებისკენ  მიმართული საქმიანობისა. ამ რეჟიმის უკან დისკომფორტის შექმნის სურვილთან ერთად ორი მოძმე ხალხის დაშორებისა და ერთმანეთისგან მათი გაუცხოვების ვერაგული გეგმა იმალებოდა. ეს გეგმა აშის სპეცსამსახურების მიერ იყო შემუშავებული. საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობის ჩამოგდება იმ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არქიტექტურის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლური კამპანიის კონტექსტში ზუსტად ეწერებოდა.

ამ კონტექსტში კოლექტიურ დასავლეთს საქართველოსთვის პროვოკატორის როლი ჰქონდა გამოყოფილი. პროვოკაციის გამო ჩვენც ისევე უნდა დავსჯილიყავით, როგორც უკრაინა დაისაჯა. შემდეგ კი დასავლეთი ჩვენც ისევე “დაგვეხმარებოდა”, როგორც უკრაინას “ეხმარება”- შეგვაიარაღებდა და რუსულ არმიას შეგვალეწავდა. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესი გაჭიანურდა, რადგან ქვეყანა ტერიტორიითაც უზარმაზარია და მოსახლეობითაც, საქართველოს დანგრევა კი ელვის სისწრაფით მოხდებოდა. ეს ტრაგედია მხოლოდ იმისთვის უნდა დატრიალებულიყო, რომ დასავლეთს მსოფლიოს წინაშე ერთის ნაცვლად ორი მაგალითი ჰქონოდა რუსეთის აგრესიის დასამტკიცებლად და საჩვენებლად, რათა ასე განეცხადებინა: არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც! ჩვენი სამშობლოს სახელისთვის ბოლოში ეს რომ მიეწერათ, ამისთვის გვწირავდნენ და გვახსნევინებდნენ მეორე ფრონტს. ზმნებს (“იყო”, “ეწერებოდა”, “გვახსნევინებდნენ”) წარსულ ფორმაში იმიტომ კი არ ვიყენებ, რომ ეს ვითარება დასრულებულია. არა, ამ ვითარების დასრულება მხოლოდ იწყება… ამ ვითარების დასრულების დასაწყისის მაუწყებელია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საავიაციო კომუნიკაციის აღდგენის შესახებ. აი, რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს მოვლენა.  

ხალხისთვის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობა (ეკონომიკური, კულტურული, საყოფაცხოვრებო, ჰუმანიტარული) აქვს მიმოსვლის თავისუფლებას, მაგრამ ამის მიღმა სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი მომენტები უნდა დავინახოთ. საქრთველოს მხრიდან რუსეთის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება რუსეთს აიძულებს (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამრომ არ უნდოდეს, მაინც იძულებული იქნება), ჩვენი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები გაითვალისწინოს, ანუ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ამოცანა საკუთარ ამოცანებთან დააკავშიროს და დააწყვილოს. ამ რთულ პროცესში მეტი სიცხადის შეტანა მოცემულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველაფერში, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ამ პერსპექტივის დანახვას ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშეც შეძლებთ.

მოსკოვიდან მხოლოდ ის თვითმფრინავი კი არ ჩამოგვყავს, რომელიც დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის შემდეგ პირველ რეისს შეასრულებს და საქართველოს მონატრებულ მგზავრებს ჩამოიყვანს, არამედ ის თვითმფრინავი ჩამოგვყავს, რომელსაც საქართველოს გამრუდებული ისტორიული გზის გასწორებისა და ნათელი მომავლის იმედი მოაქვს.

ჰოდა, მოვფრინავთ საქართველოს გადარჩენის იმედით გაერთიანებული ქართველები (დელეგაციის წევრები და ასზე მეტი მგზავრი), რომლებსაც გვიხარია, რომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობას სხვათა (უცხოელთა) მონაწილეობის გარეშე ვაწესრიგებთ, საერთო ინტერესების აღმოჩენისა და მათი გათვალისწინების ბაზაზე.

მოვფრინავთ და  ჩვენთან ერთად სრულიად საქართველოს უხარია ის შედეგი, რომელსაც  ჩვენმა დელეგაციამ რამდენიმე თვეში მიაღწია (რუსეთის ოფიციალურ პირებთან, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ჩვენი პირველი შეხვედრა გასული წლის 7 დეკემბერს გაიმართა, 2023 წლის 10 მაისს კი, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, სავიზო რეჟიმიც გაუქმდა  და ფრენებიც აღდგა), თუმცა ერთი ბინძური სექტა, ვიღაც ლიაკა ხოშტარიას მეთაურობით იმუქრება, რომ ფიზიკურად აღუდგება წინ რუსული თვითმფრინავის დაშვებას. საკითხავია: როგორ? რა მეთოდით? ტერორისტული აქტით?!  უბედურება ის არის, რომ აშშ-ის ელჩიც სააკაშვილის ამ ხროვის ენით ლაპარაკობს და საქართველოში რუსოფობიის გაღვივებით არის დაკავებული. აშშის სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც  საქართველოში სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხანი რის, ტერორისტული აზროვნებაა დანერგილი. მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძაღლებივით გაწვრთნეს ფსიქიკურ და ფიზიკურ მოძალადეებად (ნამდვილ ტერორისტებად), რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.

იმაზე დიდი პრობლემა, რომ ამ გაწვრთნილი ჯგუფის გამოყენებით ისინი მთელი ხალხის დაშინებასა და დათრგუნვას ცდილობენ, არის ის, რომ ისინი კლავენ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების ყოველგვარ შანსს. ისინი ცოტა არიან, მაგრამ ბევრი ტელეარხი აქვთ, რომლებიდანაც მუდმივად ინთხევა სიძულვილი, შხამი, ტერორისტული აზროვნება. სხვა მხრივ მშვიდად ბრძანდებოდეთ. ლაკა ხოშტარიას რაზმი ვერც ქართველი ხალხის ნება-სურვილს აღუდგება წინ და ვერც ქართველებით სავსე თვითმფრინავს. მათი განწირული ფართხალი პოლიტიკური აგონიისა და სიკვდილისწინა კრუნჩხვების გამოხატულებაა. ჩვენი დელეგაცია გამარჯვებული და პირნათელი ბრუნდება სამშობლოში. ნაბიჯი, რომელიც სამი ათეული ის განმავლობაში ვერ გადაიდგა, სამიოდე თვეში გადავდგით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება სწორად შევაფასეთ, საკითხი სწორად დავძარით და დაკეტილ ციხესიმაგრეს სწორი გასაღები მოვარგეთ. ეს იმის  საწინდარია, რომ იმ პრობლემებსაც სწრაფად გადავჭრით, რომელთა გადაჭრას ასე დიდი ხანი ველოდებით.

ახლა მთავარია, დაბნეულობის დაძლევა. იმ მცირე ნაწილს საზოგადოებისა, რომელიც სააკაშვილის ბინძური სექტის გავლენის ქვეშაა, კეზერაშვილის მსგავსთა ნაქურდალითა და ნაყაჩაღარით დაფინანსებული ტელეარხებით საზოგადოებაზე ფსიქიკური ძალადობის განხორციელების საშუალებას თვითონ ხალხი აღარ მისცემს, რადგან ხალხი იღვიძებს.

ხალხის გამოღვიძება განთიადის მოახლოების მაუწყებელია.

ვალერი კვარაცხელია                                                                                           

მოსკოვი, 2023 წლის 18 მაისი                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here