Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: ორბანი საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს

გულბაათ რცხილაძე: ორბანი საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს

“საქართველო შეიძლება პორტის გარეშე დარჩეს, რადგან ბათუმისა და ფოთის პორტები დიდწილად სხვის ხელშია. პორტების გასხვისება და იქ მხოლოდ უცხოური ინვესტიციების ჩადება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს სერიოზულად დაარტყამს”

366

საქართველოს  მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  უმასპინძლა, 10 ოქტომბერს კი _ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობის მიზეზი გასაგებია, ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანთან მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებსმაგრამ რისთვის ჩამოვიდა ვიქტორ ორბანი?

 საქართველოში მაღალი დონის სტუმრების ვიზიტებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ აზერბაიჯანი მეზობელი სახელმწიფოა და მასთან ინტენსიური ურთიერთობები რომ გვაქვს, საიდუმლო არავისთვის არის. დასავლეთის მიმართულებით ყველა ტრანზიტი საქართველოზე გადის, ამასთანავე, ჩვენი ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან იღებს. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება, მათ შორისაა საქართველოს მთავრობის ინიციატივა, შეასრულოს მომრიგებლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ეს ყველაფერი ორივე ქვეყნის ინტერესებშია. სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის სასაუბრო თემიდან ამოვარდნილია დავითგარეჯის პრობლემა, რომელზეც ალაპარაკდნენ 2020 წლის არჩევნების წინ, დღეს კი დავიწყებულია მელაშვილიც, ილიჩოვაც და მათი სასამართლოებიც. არადა, პრობლემა პრობლემად რჩება.

ასე რომ, აზერბაიჯანთან ახალი არაფერი ხდება. ის თავის ინტერესებს ლობირებს ჩვენს ქვეყანაში. ალიევმა გამოთქვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი. მას სურს, ჩაერთოს ანაკლიის პორტის მშენებლობაში.

_ ანაკლიის პორტისადმი ალიევის ესოდენ დიდი ინტერესი კარგია თუ ცუდი? ვიცით, რომ ჩინეთია დაინტერესებული პორტის მშენებლობით

_ მხოლოდ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული, დიახ, ჩინეთიც დაინტერესებულია. ჩინეთიდან ალტერნატიული მარშრუტით რომ წამოვიდეს ტვირთები, ჯერ აზერბაიჯანი უნდა გაიაროს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. ასე რომ, აზერბაიჯანის ესოდენ დიდი ინტერესი ანაკლიის პორტისადმი სავსებით ნორმალურია. საქმე ის არის, რომ საქართველო შეიძლება პორტის გარეშე დარჩეს, რადგან ბათუმისა და ფოთის პორტები დიდწილად სხვის ხელშია. პორტების გასხვისება და იქ მხოლოდ უცხოური ინვესტიციების ჩადება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს სერიოზულად დაარტყამს, შესაძლოა, ბოლო ჯვარის დასმაც იყოს.

_  უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მეუღლესთან ერთად თბილისს სტუმრობდა…

_ ორბანის სტუმრობა მართლაც გასაკვირი და დასაფიქრებელია. არ ვიცი, ორბანის ჩამოსვლა უკავშირდება თუ არა ალიევის ვიზიტს… ეს, ალბათ, ცალკე კონტექსტშია განსახილველი, რადგან აზერბაიჯანსა და უნგრეთს აქვთ განსაკუთრებული დადებითი ურთიერთობები. უნგრელები თურქული წარმოშობის ხალხია, ისევე, როგორც აზერბაიჯანელები. ისინიც ჩასახლებულნი არიან დასავლეთში. ასე რომ, მთლად უცხოებიც არ არიან ერთმანეთისთვის, მაგრამ არ მგონია, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან.

ორბანი მეგობრობდა სააკაშვილთანაც. ის 2012 წლის არჩევნების წინ ჩამოვიდა მიშასთან და გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც თავისი ჩამოსვლით. უნგრეთში ახლაც აქტიურად დადიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არაერთ დანაშაულში არიან მხილებულნი. აქედან გამომდინარე, ცოტა რთული გასაგებია ორბანთან ჩახუტება.

უნგრეთის პრეზიდენტთან ჩახუტებით თითქოს დისტანცირება ხდება ევროკავშირისგან, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, როდესაც დისტანცირებისკენ მივდივართ?! ორბანი საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს.

_ ამბობენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ორბანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანიაო

_ პირიქით, უნგრეთის პრემიერმინისტრის ზედმეტი აქტიურობა ჩვენთვის საზიანოა. მხარი დაგიჭიროს ორბანმა, არც ისე მნიშვნელოვანმა ლიეტუვამ, ლატვიამ და ა.შ., არაფერს ნიშნავს. მხარს არ გვიჭერს საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ვისი გავლენაა უფრო დიდი?

თუკი ჩვენი ხელისუფლების სურვილია, ჩაშალოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, პირდაპირ ამას ვერ აცხადებენ და სურთ ბოლოს თქვან, ორბანმა დაგვიჭირა მხარი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდაო, ეს სხვა საქმეა…

არ ვიცი, რა ჩაიფიქრეს მთავრობის წევრებმა, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, მაინც ამ მთავრობას დაბრალდება ყველაფერი და ეს უარესია. ევროკავშირს არაფერს დააბრალებენ, ვერც ორბანი უშველის “ქართულ ოცნებას”, როდესაც აქ წიხლს ამოკრავენ. სწორედ ამიტომ არ მესმის ორბანთან მეგობრობისა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროკავშირის შიშით ამ სახელმწიფოსთან და მის მეთაურთან საერთოდ არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა.

საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობას ხელოვნული ხასიათი აქვს. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას უნგრეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ვინმე გვეტყვის, რამდენია ჩვენსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, რას ვუკეთებთ უნგრეთს ან ის რას გვიკეთებს? ეს არის ხელოვნური ალიანსი, რომელსაც მყიფე საფუძველი აქვს, გამომდინარე ორბანის წარსული კავშირებიდან საქართველოსთან. ეს ტიპი სოროსთან ვითომ დაპირისპირებულია, მაგრამ ის მეგობრობდა სოროსელ სააკაშვილთან. მოკლედ, არ ვიცი, რა ხდება და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებამ არ იცის. ჩნდება კითხვები, რომლებიც ყველამ უნდა დასვას: რა ხდება? რა უნდა ორბანს? რატომ იმართება ეს შეხვედრები და რა ფასი აქვთ მათ? ეს ხომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვერ შეცვლის?!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here