Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხრილაძე: ცუდის მომასწავებელია ალიევის ვიზიტი, ცუდის ნიშანი, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ...

გულბაათ რცხრილაძე: ცუდის მომასწავებელია ალიევის ვიზიტი, ცუდის ნიშანი, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში საღად ვაზროვნებთ, ყველამ ვიცოდით, რომ კარგი არც არაფერი მოხდებოდა

“საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი რუსეთთან თანამშრომლობაა. ხელისუფლების ბედთან მიბმულია ჩვენი ქვეყნის ბედიც და, თუ ხელისუფლებას ისე დაამხობენ, როგორც უკრაინაშია დაგეგმილი, დაზარალდება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ სრულიად საქართველო”

460

6-7 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, თურქეთისა და საფრანგეთის ლიდერები. ამ შეხვედრის შესახებ პრესაში გამოქვეყნდა სტატიები ასეთი შინაარსით: “პრაღაში ევროკავშირის ლიდერები პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მსჯელობენ ახალი წესრიგის შექმნაზე, რომელშიც რუსეთის ადგილი არ არის. ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ახალი პლატფორმაა, რომლის ინიციატივითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ ივნისში გამოვიდა”.

25 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ესტუმრა. მართალია, საუბარი, როგორც საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, მხოლოდ სატრანზიტო გზას შეეხებოდა, მაგრამ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმაუსაფრთხოებაცბევრჯერ ახსენა.…

რას უნდა ველოდოთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისგან, რომლის შედეგებსაც, ალბათ, დრო წარმოაჩენს. ეს ცუდის მომასწავებელი ვიზიტი იყო თუ კარგის? ამ თემაზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ ცუდის მომასწავებელია ალიევის ვიზიტი, ცუდის ნიშანი, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში საღად ვაზროვნებთ, ყველამ ვიცოდით, რომ კარგი არც არაფერი მოხდებოდა და ამაზე თქვენს გამოცემასთან ბევრჯერ მისაუბრია. ბევრჯერ გაგვიკეთებია პოლიტიკური პროგნოზი, რომ საქართველო მოხვდებოდა, უფრო ზუსტად, მას ჩაითრევდნენ თურქულ ორბიტაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მაზოხიზმითა და ქვეყნის დაღუპვით არის დაკავებული.

საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, ნაბიჯები გადადგას რუსეთის მიმართულებით; ვერ ბედავს რუსეთის დახმარებით ვითარების დაბალანსებას საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში. ერთი შეხედვით, საქართველო ვითომ სანქციებს არ უწესებს რუსეთს, რის გამოც აღფრთოვანებულია ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და ამბობს, რომ გენიალური მთავრობა გვყავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფორუმში, რომლებსაც ანტირუსული მიმართულება აქვს.

_ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა ტერორისტულ ქვეყნად რუსეთის გამოცხადების რეზოლუციასჩვენების მხრიდან ეს დიდი რისკი და ვაჟკაცობა იყო

_ რუსეთი ტერორისტად არავის გამოუცხადებია. რუსეთის ტერორისტად გამოცხადებას, ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს, მაგრამ ეს ინიციატივა არ მიიღო ამერიკამ, საქართველოს ვინ ჰკითხავდა ამ თემაზე აზრს და არც ის აინტერესებდა ვინმეს, რას ფიქრობდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ თემაზე… გარდა ამისა, “ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება” “არ არიან ჩვენები”, ისინი მონაწილეობენ ყველა ანტირუსულ ღონისძიებაში, თანაც, თავლაფდასხმულები უკრაინის ხელისუფლებისგან, სანქციებდადებულები, ვგულისხმობ ბიძინას “სემეიკას”. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი დაჩოქილი დადის და თავს იმართლებს, რომ 2008  წელს საქართველომ გამოსცადა ის, რაც ახლა უკრაინას დაემართა და ა.შ. ეს რა პოლიტიკაა? ვის არწმუნებენ, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ მოქმედებენ? ყველაფერი, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის დასაცავად კეთდება; სურთ, არც მწვადი დაწვან და არც _ შამფური, ეს ცუდი დიპლომატიაა. გავიგებდი მათ ნაბიჯებს, მათ პოლიტიკას იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დაბალანსების დიპლომატიას გამოიყენებდნენ, მაგრამ ასე არ არის. საქართველო ცდილობს, ჰქონდეს ერთადერთი ფუნქცია _ იყოს დერეფანი თურქეთისთვის.

ალიევი რისთვის ჩამოვიდა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ შეკითხვას, რომელიც რამდენიმე თვის  წინათ დავსვი: სად არის დავითგარეჯის ის რუკა, რომელიც აღმოაჩინეს მოსკოვში და რომელიც დიდი ზარზეიმით ჩამოიტანა ივანაშვილის კარისკაცმა? მაინტერესებს, ააფარეს ეს რუკა ალიევს ცხირწინ? თუკი არ ააფარეს, მაშინ რატომ იყო საჭირო ამ რუკაზე ყვირილი?!

საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ისაუბრეს სატრანზიტო გზაზე, რომლითაც ყაზახეთის ნავთობი უნდა წამოვიდეს კასპიის ზღვის გავლით და გავატაროთ ჩვენ… მათ ისაუბრეს იმაზე, რა სიმძლავრეებია, როგორ იქნება დაცული და ა.შ., მაგრამ ვერ გაქაჩავს ნავთობის ტრანსპორტირებას ყაზახეთი… ვერ იმუშავებს ეს გზა, ყაზახეთი დიდხანს ვერ შეძლებს ამ გზის დაცვას, ვერავინ აიღებს თავის თავზე გარანტიას, რომ სიმძლავრეები არ შემცირდება, რომ სულ იქნება. ეს ტრანზიტი მუდმივი ვერ და არ იქნება. ეს დროებით გამოსავალია ყაზახეთისთვის, რადგან არ არის სიმძლავრეები, არ არის ტანკერები… ეს არის დროებითი ტრანზიტი კასპიის ზღვაზე. ეს იქნება დროებითი ნიშა ყაზახეთისთვის ევროპაში რუსეთის ნავთობის ჩასანაცვლებლად. ეს პროექტი თავიდანვე დასაღუპადაა განწირული და სულ ტყუილად ფაფხურობენ ღარიბაშვილი, ალიევი და ერდოღანი. ისინი დროს ტყუილად ხარჯავენ. თუ მე ვცდები და რამე მართლაც გამოვა, რუსეთს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ რაღაც-რაღაცებს ხელი შეუშალოს.

აუცილებლად უნდა ითქვას რიგებზე ლარსიდან სამას-ოთხას კილომეტრში, იმაზე, რა დღეში არიან ქართველი მძღოლები _ რუსეთის მხარე ვერ აუდის თუ შეგნებულად აფერხებს მძღოლების გასვლა-შესვლას. მე ჩვენს ხელისუფლებას გავუგზავნე შეკითხვა _ რატომ არ იცავენ ქართველი მძღოლების ინტერესებს? სადაც საქართველოს ინტერესები დასაცავია რუსეთთან, სადაც რუსეთი არ იქცევა სწორად, ქართულ მხარეს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რადგან ეს მათ ოლიგარქიულ ინტერესებს არ ეხება, ეს ეხება “ვიღაც მძღოლებს”, რომლებსაც ტვირთი მიაქვთ-მოაქვთ და ხელისუფლების ინტერესებში ეს არ შედის. ხმას თუ არ ამოიღებს ჩვენი მთავრობა და რუსეთს არ დაელაპარაკება ამ თემაზე, რუსებს შეუძლიათ, უფრომოუჭირონამ მძღოლებს _ საერთოდ, აღარ მისცენ სატრანზიტო ვიზები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლოა, ხორბლის შემოტანის პრობლემაც დადგეს.  არადა, ბევრი ქართველი პროდუქტების გაძვირების ფონზე მხოლოდ პურს ჭამს, მისთვის სხვა საკვები ხელმისავდომი არ არის. საქართველოს ხელისუფლების დუმილი ზემოაღნიშნულ პრობლემაზე დიდ სოციალურ რისკებს შეიცავს, ამაზე არ ფირობენ, მაგრამ ფიქრობენ იმ ავანტიურაზე, რომ რუსეთის ჯიბრით გახდნენ ნავთობის გამტარებელი შუა აზიიდან.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმებზე დარბიან და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მთავრობა შეურაცხყოფს  სრულიად საქართველოს, უთავმოყვარეო პოლიტიკას განაგრძობენ და ურთიერთობენ იმ ძალებთან, რომლებიც მათ არაფერში გამოადგებათ, რომლებიც არ დაინდობენ.

საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალია რუსეთთან თანამშრომლობა. ხელისუფლების ბედთან მიბმულია ჩვენი ქვეყნის ბედიც და, თუ ხელისუფლებას ისე დაამხობენ, როგორც უკრაინაშია დაგეგმილი, დაზარალდება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ სრულიად საქართველო. ამიტომ ვცდილობთ, “ქართული ოცნება” ჭაობიდან ამოვიყვანოთ, შევუძახოთ სიტყვითა და საქმით, სადაც კი შევძლებთ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here