Home ახალი ამბები საქართველო გეოპოლიტიკური უდაბნო

გეოპოლიტიკური უდაბნო

ზეთის, თავთუხისა და თაფლის ნაცვლად ნატოს ჯარისა და ლგბტ თემის სურნელი

523

დამონებული ებრაელები მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა და ისტორიულ სამშობლოსკენ სავალ მძიმე გზას გაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მათ მხარეს იყო, მოგზაურობა უმძიმესი აღმოჩნდა. ორმოცი ის განმავლობაში მოუწიათ უდაბნოში ხეტიალ. ჩნდება შეკითხვა: რატომ ორმოცი წელიწადი და არა ოცდაათი ან ორმოცდაათი?

ბიბლიაში “შემთხვევით” და “სხვათა შორის” არაფერია ნათქვამი. ყველაფერი გათვლილია და ყველაფერს ახსნა აქვს, თუმცა  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ახსნილია და ყველა მნიშვნელობა სწორად არის გაგებული. მეცნიერთა ნაწილი დაკავებულია იმით, რომ ბიბლიის ყველა ეპიზოდს ისტორიული დასაბუთება მოუძებნოს. სხვები მიიჩნევენ, რომ არ არის აუცილებელი, ბიბლია ისტორიულ რეალობაზე იყოს აგებული. ამ წიგნში ისინი ისტორიულ სინამდვილეზე მეტად მხატვრულ- ფილოსოფიურ სიბრძნეს (სენტენციას, მინიშნებას, ალეგორიას, მეტაფორას) ეძებენ. ორივე საინტერესო მიმართულებაა, რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავს (სიბრძნე ისტორიულობას არ ეწინააღმდეგება და ისტორიულობა სიბრძნეს არ აზიანებს), პირიქით, ავსებენ ერთმანეთს. როგორიც უნდა იყოს მიდგომა, ერთი რამ ფაქტია –  ბიბლიაში უხეშად არც ისტორიაა დარღვეული და არც გეოგრაფია, თუმცა არის რთულად გასაგები ეპიზოდებიც.  ასეთია, ვთქვათ, ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლისა და ისტორიულ სამშობლოში (ისრაელში) მგზავრობის ეპიზოდი, რომელშიც, სიზუსტის თვალსაზრისით, ზოგიერთი შეკითხვა ჩნდება. მაგალითად: რატომ დასჭირდა ეგვიპტესა და ისრაელს შორის მანძილის (370 კმ.) გავლას ორმოცი წელიწადი? როგორც  უნდა გავაზვიადოთ უგზოობა თუ სხვა სახის სიძნელეები, ეს ორი სიდიდე (მანძილი და დრო) ერთმანეთს არანაირად არ შეესაბამება. ამას ორნაირი ახსნა აქვს: ერთი – ძველი აღთქმისეული; მეორე – თეოლოგიური.

ძველი აღთქმის მიხედვით, ლტოლვილებმა ღვთის წყრომა დაიმსახურეს, რადგან, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ ისტორიულ სამშობლოში სხვები სახლობდნენ და ისინი უბრძოლველად მიწას არ დათმობდნენ, წარმატების მიღწევაში ეჭვი შეეპარათ. ღმერთმა მათ სწორედ ეს ეჭვი არ აპატია, ვინაიდან ლტოლვილებმა არათუ ის იცოდნენ, რომ მათ ღმერთი ეხმარებოდა, არამედ ამ მძიმე მგზავრობის პერიოდში ისეთი სასწაულიც კი იხილეს, როგორიც იყო წითელი ზღვის ორ ნაწილად გაყოფა და ფსკერზე მათთვის საგანგებო დერეფნის შექმნა. შემდეგ კი, როდესაც დევნილები სამშვიდობოს გავიდნენ, ხოლო მათი მდევარი ჯარი იმავე გზას გადიოდა ზღვის ფსკერზე, ორად გაყოფილი ზღვა შეერთდა და მდევარი ჯარი ერთიანად შთანთქა. მიუხედავად ღვთის ამგვარი წყალობისა, ლტოლვილებმა მტერზე გამარჯვების მოპოვების ეჭვი ვერ დაძლიეს. ეს ეჭვი ღვთის ძალასა და მის წყალობაში დაეჭვებას ნიშნავდა, რომელიც მორწმუნეთათვის მიუტევებელი ცოდვაა.

თეოლოგთა ინტერპრეტაციით კი ღმერთს ებრაელები არ დაუსჯია, არამედ თაობათა ცვლას დაელოდა. ამ ვერსიის მიხედვით, უნდა დაღუპულიყო ის თაობა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის მომენტისთვის ოც წელზე მეტის იყო და რომელსაც მონის ფსიქოლოგია უკვე გამომუშავებული ჰქონდა. ისრაელში მხოლოდ ის თაობა უნდა დაბრუნებულიყო, რომელმაც შინაგანი თავისუფლების დაკარგვა და მონობასთან შეგუება ვერ მოასწრო. ებრაელებს ისრაელში საკუთარი ნების შესაბამისად, საკუთარი ცხოვრებითა და წესებით უნდა ეცხოვრათ. უფლის გადაწყვეტილებით, მოსემ ორმოცი წელიწადი (იმდენი, რამდენიც მონობასშეგუებული თაობის შეცვლას სჭირდებოდა) ატარა ლტოლვილები უდაბნოში, მთელი ამ ხნის მანძილზე ციური მანანით კვება ისინი, რაშიც ბავშვები ზეთის, ახალგაზრდები თავთუხის, ხოლო ხანდაზმულნი თაფლის სურნელს შეიგრძნობდნენ. ამ ყოფაში ორმოცი წელიწადის გატარების შემდეგ ებრაელებმა გაიმარჯვეს იმ ტომებზე, რომლებსაც მათი ისტორიული ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ასე დაიბრუნეს მათ სამშობლო ძველი წელთაღრიცხვის მე–15–მე–16 საუკუნეებში.

რატომ გავიხსენე ეს ბიბლიური ისტორია?

საქართველოში ხშირად გაიგონებთ: საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის პირობებში გაზრდილი თაობის წარმომადგენლები სანამ ცოცხლები იქნებიან, თავისუფლებას ვერ ვეზიარებითო. რადიო ,,თავისუფლების’’  საიტზე ასეთ მსჯელობას წავაწყდი: “ოთხი ათწლეული მოსეს ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე დასჭირდა არა იმიტომ, რომ ამ ობიექტებს შორის ორმოცი წლის სავალი გზაა, არამედ იმიტომ, რომ მონობაში გაზრდილ-აღზრდილი ხალხი ვერასდროს შექმნის თავისუფალ, პროგრესულ საზოგადოებას. თაობები უნდა შეიცვალოს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ვთქვათ: ჩვენ მხოლოდ თაობების ცვლა გვიშველის”.

ამ სიტყვების ავტორის სახელი და გვარი (ნათია ხუციშვილი), არა მგონია, ვინმეს რამეს ეუბნებოდეს, მაგრამ სწორედ იმით არის ეს აზრი საინტერესო, რომ იგი მოარულ ფრაზად აქციეს. ეროვნული მოძრაობის ლიდერებიდან მოყოლებული, ვისაც არ ეზარება, იმეორებს ამ დებულებას და მოუთმენლად ელოდება საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობის უკანასკნელი წარმომადგენლის სიკვდილს, რადგან, მათი ჭკუით, მხოლოდ ამ “ბედნიერი” დღის შემდეგ დაივანებს საქართველოში ჭეშმარიტი თავისუფლების სულისკვეთება. სისულელე მხოლოდ იმის გამო, რომ მას ვიღაც ბრძენის იერით წარმოსთქვამს, სიბრძნედ ვერ იქცევა!

საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. 1990 წელს დაბადებულნი ჯერ მხოლოდ 33 წლისანი არიან. რა გამოდის, ამ (და უფროსი) ადამიანების სიკვდილზე უნდა ავაგოთ საქართველოს ბედნიერება?! ეს ზმნა (ავაგოთ) პირველ პირში კი ვთქვი, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანს ვინ მისცემს მომავალზე ფიქრის უფლებას, როდესაც, მათი ამ იდიოტური ფილოსოფიის მიხედვით, ოცდაცამეტს გადაცილებულთა მასობრივი დახოცვაა თურმე მომავალი თაობების თავისუფლებისა და ბედნიერების აუცილებელი წინაპირობა?! ვიღაც იტყვის: ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ბიბლიური ისტორია თუ იმას გვეუბნება, რომ უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალი სწორედ თაობის გამოცვლისა და მათი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავიდან მოცილების აუცილებლობის აპოლოგიაა, რატომ არ შეიძლება ეს უცნაური ისტორია ჩვენთვის მაგალითი იყოს?

რთული შეკითხვაა. ამ შეკითხვაზე პასუხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თვითონ ძველ აღთქმაშია გაცემული, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები ღმერთმა, მთელი თაობის თავიდან მოცილების მიზნით კი არა, ღმერთის წყალობაში ეჭვის შეტანის გამო დასაჯა, თავისუფლების მოსაპოვებლად თაობის შეცვლის აუცილებლობის ვერსია კი შემდეგი დროის ინტერპრეტატორთა ფანტაზიის ნაყოფია. გარდა ამისა, მოსე გამორჩეული ხვედრის ადამიანი იყო. მან შეძლო მიზნის მიღწევა – ებრაელთა გამოყვანა ეგვიპტელთა მონობიდან და დიდი წვალებისა და ბრძოლების შედეგად აღთქმულ მიწაზე მათი დაბრუნებაც და დამკვიდრებაც. მე არ ვიცი, ვინ ვისში ხედავს მოსეს ანალოგიას საქართველოს ბოლო წლების მაგალითზე, ან რამდენად არის შესაძლებელი, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სამიათასხუთასი წლის წინანდელი ეგვიპტის ანალოგიად დავსახოთ, მე უფრო ის ვიცი, რომ მოსეს არავითარი ანალოგია და ღვთისგან რჩეული რაინდი საქართველოს ამ პერიოდში არ ჰყოლია. გვყავდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოზრდილ-გამოწვრთნილი ე,წ. დისიდენტები და კომუნისტურ პარტნომენკლატურაში ჩანერგილი აგენტები, რომლებმაც ამერიკული ინტერესები ქართულ ეროვნულ ინტერესად შემოგვასაღეს, სოციალისტური სისტემა საკუთარი ხელით დაგვანგრევინეს და თავისუფლების ძახილში ქვეყანა დასავლეთის კოლონიად აქციეს. ამიტომ მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგი პერიოდის ხეტიალს გეოპოლიტიკურ უდაბნოში ქართველი ხალხი აღთქმული მიწისკენ კი არ მიჰყავს, პირიქით:

* ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული სამოთხისდარი მიწების დაკარგვისკენ მიჰყავს;

* ერის შეთხელებისა და გაქრობისკენ მიჰყავს;

* დეგრადაციისა და გადაგვარებისკენ მიჰყავს;

* სიდუხჭირისკენ მიჰყავს;

* გარყვნილებისა და დაცემისკენ მიჰყავს;

* ღვთის გმობისა და სატანის მსახურებისკენ მიჰყავს.

იქნებ ვინმემ სცადოს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ნატო-ნატოს ოცდაცამეტწლიანი ძახილი და ჩვენთვის ასე შეურაცხმყოფელი ე.წ. “ღია კარის პოლიტიკა” სწორი მიმართულებით სვლაა;

იქნებ ვინმემ სცადოს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ევროკავშირის წინაშე ოცდაცამეტწლიანი დაჩოქება კანდიდატის (მხოლოდ, კანდიდატის) სტატუსის მოსაპოვებლად სწორი მიმართულებით სვლაა;

იქნებ ვინმემ სცადოს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ სოციალისტურ იდეოლოგიაზე უარის თქმა და ლგბტ იდეოლოგიის აღიარება სწორი მიმართულებით სვლაა;

იქნებ ვინმემ სცადოს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ განვლილი ოცდაცამეტი წელიწადი საქართველოს მიმართულებით სვლაა.

არა, ბატონებო, იმ გეოპოლიტიკურ უდაბნოში, ქართველმა მოსეებმა მთელი ამ ხნის მანძილზე რომ გვატარეს, ჩვენ საქართველოსკენ კი არ მივდიოდით, საქართველოდან მივდიოდით, საკუთარ თავს გავურბოდით და სხვათა აღთქმულ მიწაში სხვათა ხიზნებად ქცევას ვლამობდით.

თუ რამე ჯერ კიდევ გვაკავებს უფსკრულში საბოლოოდ გადაჩეხვისგან, ამაში დიდია უფროსი თაობის დამსახურება. საერთოდ, თაობათა ხელაღებით დადანაშაულება არაკვალიფიციური, ზედაპირული და, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო მიდგომაა, ხოლო მთელი თაობის სიკვდილის ლოდინი იმის იმედად, რომ შემდეგი თაობა უფრო ღირსეული, უფრო თავისუფალი და უფრო ზნეკეთილი იქნება, არამხოლოდ შეცდომა და დანაშაულებრივი სიბრიყვეა, არამედ დაუფარავი ღვთის გმობა და შემზარავი უსინდისობა. რაც მთავარია, ამ სულისკვეთებით აღზრდილი და განმსჭვალული თაობა ვერასოდეს შეიგრძნობს იმას, რასაც ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს ცის მანანასთან ერთად აწვდიდა – ზეთის, თავთუხისა და თაფლის სურნელს, ურომლისოდაც ადამიანი ცისგანაც და მიწისგანაც ერთნაირად მოწყვეტილი დარჩება მუდამ!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here