Home ახალი ამბები საქართველო ფუთი მარილი თუ… მილიონი გირვანქა  სტერლინგი?

ფუთი მარილი თუ… მილიონი გირვანქა  სტერლინგი?

447

კაცობრიობის წინაშე ყოველთვის იდგა ადამიანის გამოცნობის პრობლემა. ადამიანის გამოცნობა და მისი რეალური ბუნების გაშიფვრა ურთულესი საქმეა, ვინაიდან არის ადამიანთა ერთი დიდი ნაწილი, რომელიც ქამელეონივითაა და იმ დროსაც კი, როდესაც მისი ბუნება სრულიად საწინააღმდეგოა, მუდმივად ცდილობს საზოგადოების წინაშე იმ რაკურსით წარსდგეს, რომელიც დადებითად ფასდება. ადამიანთა ამ ნაწილის ეს თვალთმაქცობა საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ისე დაიხვეწა, რომ თითქმის შეუძლებელია, გაარჩიო, როდის არის იგი გულწრფელი და როდისყალბი ან რას წარმოადგენს სინამდვილეში და რა როლს ირგებს საზოგადოებაში. ქართველებს ამაზე კარგი ანდაზა გვაქვს: „ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ერთად ფუთი მარილი უნდა შეჭამო“. ფუთი მარილის შეჭმას დიდი დრო სჭირდება (ალბათ, მთელი ცხოვრება). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის შესამეცნებლად მთელი ცხოვრებაა საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ დღემდე ვერ შეიქმნა ტესტი ან ფსიქოლოგიური ხელსაწყო, რომელსაც მიადებ ან დაუმიზნებ ადამიანს და  მის უტყუარ შეფასებას (ფსიქოლოგიურ პორტრეტს) დაგიწერს

ამ კვირას ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. წიგნი 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული. მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.  აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა.

უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს.

წიგნს თან ერთვოდა მისი კოლოფონი (ცნობები ავტორის, მთარგმნელის, წიგნის შესახებ), რომელშიც წერია: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით”; „თქვენს წმინდა ლოცვებში მომიხსენეთ ცოდვილი იოანე”. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი კერძო კოლექციაში მოხვდა.

ბერი იოანე ზოსიმე ცნობილია, როგორც ავტორი ტექსტისა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, აქედან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდა – ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იოანე ზოსიმე იყო მთარგმნელი და გადამწერი, ასევე ამკინძველიც და მომხატველიც.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი რადიოსადგურ „თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იოანე ზოსიმეში თავს იყრიდა ყველა უნარი, რომლებიც წიგნის შექმნისთვის იყო საჭირო: სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში მისი არც ერთი ხელნაწერი არ ინახება. ძირითადად ისინი თავმოყრილია სინას მთაზე. XIX-XX საუკუნეებში, როდესაც ხელნაწერების მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ხელნაწერი გაიტანეს, მათ შორის ქართულიცდღეს იოანე ზოსიმეს გადაწერილი ტექსტები, სრულად თუ ფრაგმენტულად, უამრავ ქვეყანაში ინახება. ერთადერთი, სადაც არაფერი არ გვაქვს, საქართველოა. გარდა იმისა, რომ ეს წიგნი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი, საყურადღებოა ის ტექსტიც, რომელიც ქვედა ფენაში იკითხება. მისი გაშიფვრა და შესწავლა ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხელნაწერი, რამდენადაც ვიცი, მამათა სწავლებებს გადმოსცემს, მაგრამ რა ტექსტიც უნდა იყოს, ვფიქრობ, ღირსების ამბავია სახელმწიფოსთვის, რომ იოანე ზოსიმეს ერთი ტექსტი მაინც ინახებოდეს საქართველოში“.

ეს მეცნიერის შეფასებაა და არავითარი საფუძველი არ არსებობს ამ ნათქვამში თუნდაც მცირეოდენი ეჭვის შესატანად. ესე იგი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ისტორიული ძეგლის შესყიდვით და ქართული მუზეუმისთვის მისი გადაცემით უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა. ეს მოვლენა სწორედ ასე შეაფასა ერის სულიერმა მამამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ: დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილიქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს, მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ“.

შეფასება ამ საკითხისა სხვაგვარი ვერ იქნება, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავალი ეროვნული განძი და სიწმინდე არსებობს, რომლებიც პოლიტიკურმა ქარტეხილებმა ისტორიული კუთვნილების ადგილს მოსწყვიტა. მენშევიკური მთავრობის მიერ მითვისებული და გატაცებული განძის უდიდესი ნაწილი ისე გაიყიდა და განიავდა, ისე გადანაწილდა დასავლურ კერძო კოლექციებში, რომ მათი მთლიანად დაბრუნების თეორიული შანსიც არ არსებობს. ყველაფერს თავი  რომ დავანებოთ, შეხედეთ, რა ფასი ადევს მათ დასავლურ აუქციონებზე. ერთ ხელნაწერში (თუნდაც იგი იოანე ზოსიმეს ეკუთვნოდეს) მილიონი გირვანქა სტერლინგის გადამხდელი ჩვენი სახელმწიფო როდის იქნება, ღმერთმა იცის. ის კი, ვისაც ამ მასშტაბის ეროვნული ქველმოქმედების კეთება შეუძლია, შეიძლება ბევრი გვყავს, მაგრამ მათ შორის,  ვინც ამას რეალურად აკეთებს, ერთადერთი ბიძინა ივანიშვილია. პატარა სახელმწიფოსა და სამი მილიონი მოქალაქის პირობაზე, როგორც ვთქვი, საკმაო რაოდენობის მილიონერი და მულტიმილიონერი (მილიარდერიც) გვყავს, მაგრამ მათ შორის ეროვნული მუზეუმის შესავსებად და ქართული საგანძურისა და სიწმინდეების საქართველოში დასაბრუნებლად ასეთი სოლიდური თანხის გამღები სხვაც გეგულებათ; მაგალითად: მილიარდერი მიხეილ სააკაშვილი, ან მულტიმილიონერი დედამისი გიული ალასანია, ან მულტიმილიონერი ბიძამისი თემურ ალასანია, ან სააკაშვილის ძველი და ახალი ხროვის წევრი მულტიმილიონერები – კეზერაშვილი, ნაყოფია, ხაზარაძე და სხვები და სხვები?

„მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია დაიწყო – დამცირება, ქილიკი და მმართველი გუნდის წევრების დაცინვა”, – ვკითხულობთ ქართულ პრესაში.

აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი პრესიდან:

* „ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად ეს ქველმოქმედება საქილიკო გახდა პრეზიდენტისთვისაც, რომელმაც მყიდველის სახელისა და გვარის გაგებამდე სოციალურ ქსელში ამ ხელნაწერის მნიშვნელობაზე პოსტი გააზიარა, ქველმოქმედებისა და ქველმოქმედის გამოაშკარავების შემდეგ კი მისთვის, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას ოპოზიციაში გამართლება უკვე მოუძებნეს და თქვეს, რომ, როცა ქველმოქმედებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, საზოგადოების მხრიდან მსგავსი შეფასებები სრულიად მოსალოდნელია”.

* „ეს კიდევ ერთი წინასაარჩევნო ქმედება მგონია იმიტომ, რომ, თუ მას ამ ტიპის ქველმოქმედება სურდა, შეეძლო იქამდე გაეკეთებინა, სანამ პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე გახდებოდა ან თუნდაც არჩევნების შემდეგ, ამ ტიპის შეფასებები რომ არ მოჰყოლოდა”, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა თეონა აქუბარდიამ.

* „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, სოციალურ ქსელში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ სტატუსიც კი წაშალა, რომელშიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მნიშვნელობაზე იყო საუბარი”.

* „ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი რუსული რეჟიმი შეინარჩუნოს და უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს არაფერი მას ისე არ უქნია, რომ მისი ეს ქველმოქმედება საბოლოოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინა,  – განაცხადა „ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

ამ პოლიტიკოსთა ციტირებით იმიტომ კი არ შეგაწუხეთ, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ, პორიქით, ამ შემთხვევაში ისინი საინტერესო სწორედ თავიანთი არარაობითა და უმნიშვნელობით არიან. ყველა ის ადამიანი, რომლები ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულიად საქართველოსთვის მოძღვნილი ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე საჩუქრისთვის პოლიტიკური სარჩულის მორგებას შეეცადნენ, ისე გაიშიფრა თითქოს მათ ის ხელსაწყო დაუმიზნეს ან დაადეს, რომელიც, მართალია, ჯერ არ შეუქმნიათ, მაგრამ, რომელმაც (ალბათ, შორეულ პერსპექტივაში) ადამიანის ბუნების, ხასიათისა და მორალის ამოცნობა უნდა შეძლოს. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ამ ახალი ტესტის თუ ხელსაწყოს გამოყენებით მიღებული უტყუარი შედეგი და დასკვნა ასეთია: ესენი ადამიანები არ არიან, ესენი არაადამიანები არიან!

ბიძინა ივანიშვილს ამ გარეწრებთან, ქართული ანდაზის შესაბამისად, ფუთი მარილი არ უჭამია. მან ამისთვის იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა, რაშიც უზარმაზარი თანხა –  მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გადაიხადა.

ვალერი კვარაცხელია                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here