Home რუბრიკები პოლიტიკა დროა, ხელისუფლებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას

დროა, ხელისუფლებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას

რაზე შეიძლება გვევაჭრონ აზერბაიჯანელები?

2891

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონია. აზერბაიჯანი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც მიწის თაობაზე დავა არ გვქონდა და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. თუმცა მაშინ, როცა ჩვენთან სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ერთმანეთის ხოცვით ვიყავით დაკავებული, რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ ჯანდარის ტბის საზღვარი აქეთ გადმოეწიათ, მაგრამ “საზიზღარი კომუნისტების” მიერ საზღვართან ჩასახლებულმა სვანებმა მათ ეს არ დაანებეს. არ დაანებეს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, თვითონ დადგნენ ქვეყნის სადარაჯოზე და დღემდე ამ ხალხისთვის მადლობაც არავის უთქვამს. თუმცა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მიწის მცირე მონაკვეთების დაკარგვა იმ ავბედით წლებში მაინც მოხდა. ნაწილი კახეთის მხარეს დავკარგეთ, როცა საზღვარი რამდენიმე მეტრით გადმოსწიეს, ნაწილი კი _ ქვემო ქართლში, იქ, სადაც ადრე სოფელი ულიანოვკა (ახლანდელი ვახტანგისი) იყო. მაშინ იქ გამავალი არხი გადმოვიდა კალაპოტიდან, ჩვენს მხარეს გადმოიწია და არხს საზღვარიც რამდენიმე მეტრით გადმოაყოლეს. ეს ისე, ცნობისთვის. 

წელს ყველაფერი აირია. საქართველოს ერთ-ერთი სიწმინდე _ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი საჯილდაო ქვა გახდა მას შემდეგ, რაც ტურისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საზოგადოდ, ტურიზმი არაერთი განვითარებული ქვეყნისთვის არის ბიუჯეტის შევსების სოლიდური წყარო, ჩვენი დარი ქვეყნებისთვის კი განვითარებული ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჰოდა, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჯერ ბილიკი გაიყვანეს, შემდეგ ელექტროენერგიის წყაროც გააკეთეს და ბოლოს ისეთი ბაზა წამოჭიმეს, თქვენი მოწონებული. ქვეყანას, რომელიც გეუბნება, რომ არამხოლოდ კეთილი მეზობელი, არამედ შენი სტრატეგიული პარტნიორიც ვარო, ასეთი მასშტაბის ბაზა არ უნდა სჭირდებოდეს ზედ საზღვარზე და მით უმეტეს მაშინ, როცა სიტუაცია დაძაბულია და ნაღმის აფეთქებას ერთი არასწორი ნაბიჯი უნდა, გნებავთ, ჩვენი და გნებავთ, მეზობელი ქვეყნის მხრიდან.

სიმართლე გითხრათ, როცა ახალმა პრემიერმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დაგეგმა, დარწმუნებული ვიყავით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევთან შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მონასტრისკენ სავალი გზები მეორე დღესვე გაიხსნებოდა. გახარიას მხედველობაში ის ეკლესიები ჰქონდა, რომლებიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს, და რომლებშიც არც ერსა და არც ბერს აღარ უშვებდნენ.

მეორე დღეს ეკლესიები მართლაც გაიხსნა, მაგრამ მხოლოდ სასულიერო პირებისთვის, მრევლს კი იქ ასვლა და ლოცვა ახლაც აკრძალული აქვს. რა გამოვიდა? ან გახარიამ მოგვატყუა და არ თქვა, რომ მოლაპარაკება კრახით დასრულდა, ან თვითონ გახარია მოატყუეს, როცა უთხრეს, რომ მეორე დღეს მომლოცველებს ეკლესიებში შესვლის ნებას მისცემდნენ.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული მედია ამტკიცებს, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე ადგილას ძველი აზერბაიჯანული წარწერებია, რაც, უბრალოდ, ტყუილია, რადგან არც ისტორიულ დოკუმენტებშია ამის შესახებ რამე ნათქვამი და არც არასდროს არავის უნახავს აზერბაიჯანული წარწერა დავითგარეჯის კედლებზე, თუ იმას არ ჩავთვლით, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩნდა _ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა კედლებზე ცარცითა და საღებავებით მიაწერეს ზოგმა შეყვარებულის სახელი, ზოგმა _ თავისი, ზოგმა კი, უბრალოდ, რაღაც დახატა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ასეთი რეალობა გვაქვს _ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული (სხვა სახელი ვერ მოვიფიქრე) ეკლესიები 11 ოქტომბრიდან გახსნილია ბერისთვის (ისიც, ყველასთვის არა) და არა ერისთვის. როდემდე იქნება ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩანს, ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და ვერც ის კომისია, რომელიც საზღვრის დადგენის მიზნით შეიქმნა და ვერც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პრობლემას მარტივად ვერ გადაჭრის. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩვენთან ვაჭრობას აპირებს და, რაზე უნდა გვევაჭრონ, ეს არის საინტერესო.

ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებს შორის ყველაზე დიდი ქსელი აზერბაიჯანულ “სოკარს” აქვს; ისე დიდი, რომ საქართველოს ეკონომიკაზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა და საწვავის ბაზარზე ფასებზე თამაში ხომ, საერთოდ, მარტივად ძალუძს. ეს არის თუ სხვა მიზეზი, ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარეს და კონკრეტულად “სოკარის” ხელმძღვანელობას საქართველოში ძალიან დიდ ანგარიშს უწევს. სანაცვლოდ კი რას ვიღებთ? _ ვიღებთ უხარისხო საწვავს (და ამაზე, არა მგონია, რომელიმე მძღოლი შემოგვედავოს), ვიღებთ საინგილოში დაჩაგრულ და უფლებაწართმეულ ქართველებს, რომლებსაც შვილებისთვის ქართული სახელის დარქმევა აკრძალული აქვთ, ვიღებთ გადმოწეულ საზღვარს, საზღვრის დამდგენი კომისიის შეხვედრას შეხვედრისთვის და ამავე კომისიის გაურკვეველ მომავალს, ე.ი., პრაქტიკულად, არაფერს.

ახლა მედლის მეორე მხარეს შევხედოთ. დავითგარეჯა რუსეთის საზღვართან რომ იყოს და იგივე რომ გაეკეთებინა რუსეთს, რა მოხდებოდა? ეჭვი გვაქვს, ამერიკის პრეზიდენტიც კი შეიწუხებდა ჟღალ თავს და ისიც კი გააკეთებდა განცხადებას. აქეთ იუნესკო იყვირებდა: ძეგლი ჩვენს ნუსხაშია და არ გაბედოთ, ხელი არ შეახოთ და, რაც თქვენმა აქტივისტებმა კედლები დაკაწრეს, იკმარეთო; ოპოზიცია იქ გადასახლდებოდა და სოციალურ ქსელებს ბერების გვერდით გადაღებული ფოტოებით აავსებდა; არასამთავრობო ორგანიზაციები ათასგვარ პერფომანსსა და შოუს დადგამდნენ, რუსთაველს ისევ გადაკეტავდნენ და… ახლა კი არაფერი ხდება. მერე რა, რომ პრემიერი მოატყუეს თუ პრემიერმა მოგვატყუა?! მერე რა, რომ დაახლოებით 400 ჯარისკაცზე გათვლილი სასაზღვრო პუნქტი წამოგვიჭიმეს?! მერე რა, თუ მომლოცველებს არ უშვებენ… რა ხდება, ბატონებო? ფულს სუნი არ აქვსო და ბენზინს, დიზელსა და ბუნებრივ აირს ხომ აქვს სუნი? თანაც, თუ უხარისხოა, ისე ყარს, ატანა შეუძლებელია… ვერ ხვდებით, რომ ყარს უკვე, ყარს!

ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ორმაგი სტანდარტით ცხოვრება და, თუ ვინმეს რამეს არ მივუტევებთ, მაშინ არავის მივუტევოთ, ხოლო, თუ ვინმეს რამის უფლებას ვაძლევთ, მაშინ სხვასაც მივცეთ. ის მაინც არ გეჩვენებათ საგანგაშოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით რომ უყურებენ და ხმაც არ ამოუღიათ? გეთანხმებით, რომ აზერბაიჯანი კეთილი მეზობელია და მასთან დიალოგია საჭირო. აგერ, ბატონო, გაიმართა დიალოგი და მარტივი კითხვაც გაჩნდა: ჩვენ მოგვატყუა გახარიამ თუ გახარია მოატყუა აზერბაიჯანულმა მხარემ? ფაქტია, რომ ტყუილი გაჩნდა და, როცა კეთილ მეზობელთან ურთიერთობა ტყუილით იწყება, არ არის მაინცდამაინც მოსაწონ-მისასალმებელი.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს იმას ვამბობდეთ, რომ ხმალამოღებული ვეკვეთოთ მეზობელს, მაგრამ, ადეკვატურები რომ არ ვართ კონკრეტულად აზერბაიჯანის მიმართ, რეალობაა. დავითგარეჯაზე რომ არაფერი ვთქვათ, აზერბაიჯანელთა მოთხოვნით, რამდენი მეჩეთი აშენდა ბოლო წლებში საქართველოში? _ რამდენიმე ათეული და… რამდენი ეკლესია აშენდა საინგილოში? _ არც ერთი. რამდენი აზერბაიჯანელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში? _ ყველა მოწვევის დროს რამდენიმე. და რამდენი წარმომადგენელი ჰყავს საინგილოში მცხოვრებ ქართველებს აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში? _ არც ერთი. რაღაც ცალმხრივი სიყვარულივით გამოდის ეს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა და ხომ არ არის დრო, რაღაცებზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დაკონკრეტება მოვითხოვოთ? როგორ? აი, ზუსტად ისე, როგორც პატრიარქმა მისწერა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს. გთავაზობთ ამონარიდს პატრიარქის წერილიდან:

“დღეს სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით. რის საფუძველზე შეიცვალა დღემდე არსებული მდგომარეობა _ გაუგებარია. მივიჩნევთ, რომ, ვიდრე არ დასრულდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, უნდა აღდგეს დღევანდელ დღემდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოინახულონ უდაბნო და ჩიჩხიტური, მით უფრო, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია…”

როგორც ხედავთ, პატრიარქმა პირველად თქვა, რომ ის, რაც ხდება, არის ძალისმიერი მეთოდი და იქნებ დროა, ხელისუფლებამაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here