Home ახალი ამბები საქართველო დროა, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე დამოუკიდებლები გავხდეთ

დროა, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე დამოუკიდებლები გავხდეთ

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი მიაგდეს კუთხეში, სწორედ ისე უნდა მიაგდონ ეს 12-პუნქტიანი გეგმაც

234

„გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს,  ყველაზე მეტად მოსაწონი იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას. ჩემი აზრით, ეს დისკუსიის კარგი საწყისი წერტილია, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა“, –  განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

რა გამოდის? ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, შელამაზების გარეშე ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენების შემცირება უნდა მოხდეს, ანუ ის ეთანხმება ოპოზიციას და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი  არის ოლიგარქი. ისიც ვთქვათ, რომ ოლიგარქი ბევრს სალანძღავი და კრიმინალთან გათანაბრებული სიტყვა ჰგონია, რეალურად კი, „ოლიგარქია“  ასე ითარგმნება – „მცირეთა მმართველობა“, ანუ მმართველობის ფორმა, როცა ძალაუფლება ხელთ აქვს ადამიანების ვიწრო წრეს. დასავლეთმა ოლიგარქებად რუსეთში გამდიდრებული ადამიანები მონათლა, თორემ უორენ ბაფეტსა და ბილ გეიტსზე არავინ ამბობს, ოლიგარქები არიანო, თუმცა მათ ერთად და ცალ-ცალკე ყველა ოლიგარქზე მეტი ფული აქვთ.

ჰარცელი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება უნდა დათმოს, ივანიშვილი ყველაფრიდან უნდა ჩაიხსნას და გაკეთდეს კოალიციური მთავრობა. ჰო, კოალიციური მთავრობა,რომლის ნიშნებიც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩანასახშიც არ ჩანს. დასავლელმა ელჩებმა, ჰარცელის თამადობით,  ე.წ. სამოქალაქო სექტორის მიერ ჩატარებულ აქციებს ტაში დაუკრეს, მივიდნენ კიდეც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს გასროლაც ფუჭი გამოდგა და ამ გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა, ამიტომ ახლა კოალიციური მთავრობის ჩანაფიქრი გააცოცხლეს.

დასავლეთი ერთიანი ფრონტით გვიტევს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ევროპამ და ამერიკამ ვერ გაბედეს რომელიმე ქართველისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ აგერ არ არის უკრაინა? უკრაინა, რომელიც პროვოკაციაზე სწორედ დასავლეთმა წამოაგო და მისთვის დამანგრეველ ომში ჩართო. ჰოდა, სწორედ უკრაინელები ადგენენ თავიანთ სიას,რომელშიც შეიყვანენ იმ პირებს, რომლებსაც, მათი აზრით, სანქციები ეკუთვნით. უკვე დაანონსდა, რომ ამ სიაში ქართველებიც იქნებიან და იმის გათვალისწინებით, რომ სიის ერთ-ერთი შემდგენელი დავით არახამიაა, ადვილი მისახვედრია, ვინ შეიძლება მოხვდეს სიაში. ჰოდა, ამის შემდეგ ევროპასა და ამერიკას ხელ-ფეხი გაეხსნება, მშვიდად იტყვიან, – უკრაინა ჩვენი პარტნიორია, მათი გვჯერა და იმ პირებს, რომლებსაც დაუწესეს სანქციები, ჩვენც დავუწესებთო… და ასე მარტივად „გააპრავებენ“ სანქცირებულთა სიაში ქართველების შეყვანას.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი თანამდებობებიდან მაღალჩინოსნების მოხსნას განაგრძობს. რამდენიმე მინისტრის გაშვების შემდეგ ელჩებს დაერია და  გერმანიაში, ნორვეგიაში, უნგრეთში, ჩეხეთსა და ინდოეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები გაათავისუფლა. როგორც თავად აღნიშნა, მათი მუშაობით უკმაყოფილოა და თუ, მაგალთად, უნგრეთში ელჩის მოხსნა გასაგებია, ყოვლად გაუგებარია გერმანიიდან ელჩის გაწვევა. თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ელჩების მოხსნა ზელენსკიმ საქართველოდან დაიწყო და პირველი კენჭიც სწორედ ჩვენ გვესროლა.

ისევ ჰარცელზე ვთქვათ: ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუფარავად თქვა, – ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა და სწორედ მას მართებს მოქმედებაო. სამაგიეროდ, არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ამ ბურთს ახლოს არ ეკარება ოპოზიცია და ამის გამო მათი 12-პუნქტიანი გეგმის პირველი და, მათივე აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, დეპოლარიზაცია, უბრალოდ, ვერ შესრულდება. გეგმა უკვე მზად არის, დასავლეთი ემზადება იმისთვის, რომ დეკემბერში, როცა სტატუსს ისევ არ მოგვცემენ, ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალოს და  თქვას: აგერ, ჰარცელმა ჯერ კიდევ ივლისში, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, სამოქალაქო სექტორის გეგმას მიჰყოლოდა და არ დაიჯერესო. იმას კი აღარავინ გაიხსენებს, იმავე ჰარცელმა აქცენტი ოლიგარქიზაციის შემცირებაზე რომ გააკეთა და პირდაპირ  ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნა.

თუ უკრაინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს, ტრაგედია ნამდვილად არ იქნება, მაგრამ, თუ უკრაინელებს ევროპიას და ამერიკის ოფიციალური პირებიც აჰყვებიან, ეს პირდაპირი მინიშნება იქნება იმაზე, რომ დასავლეთს ხელების გადაგრეხვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სურს ხელისუფლების შეცვლა. დასავლეთს აშკარად არ მოსწონს ის, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ბრმად არ ასრულებენ მათ ნებისმიერ მითითებას, არ აპირებენ ომში ჩართვას, არ სურთ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენონ. დასავლეთს საქართველოში მორჩილი მთავრობა უნდა და საამისოდ ყველა გზასა და საშუალებას ცდის. რატომღაც გვგონია, რომ მთავარი დარტყმა სწორედ ზამთრისთვის მზადდება, ანუ იმ დროისთვის, როცა ახლა მიღებული გადაწყვეტილება გახმაურდება სტატუსს არ მოგვცემენ და „სამოქალაქო სექტორი“ ხალხს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ეს ყველაფერი იმის იმედად, რომ იმხანად მოსახლეობას დავიწყებული ექნება ევროკავშირში გაწევრების სურვილით დაანონსებულ აქციებზე ნაციონალების პლაკატ-ბანერების გამოფენა.

ახლა სწორედ ის დროა, საქართველოს ხელისუფლებამ, ჰარცელისა და თუნდაც კელი დეგნანის განცხადებების შემდეგ, ევროკავშირს 12-პუნქტიანი გეგმა დახვეულ მდგომარეობაში დაუბრუნოს; დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ სამომავლოდ როგორც დიპლომატიური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავებაზე. ხომ ფაქტია, რომ რუსეთის გარეშე, საქართველოს იურისპრუდენციაში  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ნებისმიერი ფორმით წარმოუდგენელია და , თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით, არაფერი გამოვა. თანაც, ქართული ეკონომიკა, ათწლეულებია, მთლიანად რუსულ ბაზარზეა მიბმული და ეს მიმართულება სწორედ ახლაა გასაღრმავებელი; ახლა, როცა სანქციების გამო რუსეთს ზღვაზე გასასვლელი საქართველოს გავლით აქვს. დიახ, ჩვენ ჩვენს ეკონომიკაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი, რისი შემოტანაც იაფად შეიძლება რუსეთიდან, შემოვიტანოთ და ვითომ ევროპული და ძვირი საქონელიც იდოს  დახლზე, ვნახოთ, რომელს მიანიჭებს მყიდველი უპირატესობას.

ის ევროპა, რომელიც ჭკუას გვარიგებდა, ახლა შავ დღეშია. ჯერ იყო და მაკრონის პარტიამ დაკარგა პარლამენტში უმრავლესობა, ახლა პოლიტიკის ვარსკვლავბიჭუნად და ახალ ჩერჩილად აღიარებული ბორის ჯონსონი მოისროლეს სანაგვეზე, გადადგა ესტონეთის პრემიერმინისტრი… ანუ, რაც ხდება ევროპაში, ხალხს რეალურად არ მოსწონს და უნდობლობას არჩევნებზე გამოხატავს, მაგრამ ამის შესახებ ევროპელები დუმილს არჩევენ. რატომ არავინ ამბობს ხმამაღლა, რომ ჯონსონმა, რომელმაც თურმე ბრიტანეთი ახალ განზომილებაში გადაიყვანა და უკრაინის მხარდამჭერთა შორის  უპირველესი იყო, რეალურად ქვეყანაში სერიოზული კრიზისი შექმნა, სხვების დევნაში საკუთარი ქვეყანა გაექცა და გვიან მიხვდა, რომ პრემიერობა დილით ჟურნალისტებისთვის ჩაისა და ბუტერბროდების გამოტანა არ არის მხოლოდ.

საქართველოს ხელისუფლებას უკვე მერამდენედ უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ სწორედ ახლააა ის დრო, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი სითამამეა საჭირო და, რაც მთავარია, პირველ ადგილზე მხოლოდ საქართველოს ინტერესი უნდა იყოს. ნათლად გამოჩნდა, დასავლეთი საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ ის სურს, რომ სარგებელი მიიღოს და ამ სარგებლის სანაცვლოდ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა დასანგრევად გაწირა, 11 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა უმნიშვნელო როლი აკისრია საქართველოს მოსახლეობას მათ გეგმებში. სადაც 11 მლნ გაიმეტეს უსახლკარობისთვის, მათხოვრობისთვის, 4-მილიონიან ქვეყანას ხომ  ხელის ერთი მოსმით გადააგდებენ და მოისვრიან. 

10-მილიონიანმა უნგრეთმა უარი თქვა ამერიკისა და ძლიერი ევროპული ქვეყნების ავანტურაში მონაწილეობაზე და რა მერე? მოსახლეობამ ხელისუფლებას მხარი დაუჭირა და მათ ვერაფერი ვერ უქნეს. სამაგიეროდ, სწორედ უნგრეთია ის ქვეყანა, რომელიც ფასებს სტაბილურად იჭერს და რომელსაც ომის საფრთხე არ ემუქრება. დასავლელმა ლიდერებმა მათი პრემიერის კრიტიკაც შეწყვიტეს, რადგან პრემიერი ვიქტორ ორბანი ყოველი კრიტიკის შემდეგ ისეთ მწარე სიმართლეს ამბობდა, ზედაპირზე ისეთი რაღაცები გამოჰქონდა, ამერიკამაც და დანარჩენებმაც გაჩუმება არჩიეს.

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი მიაგდეს კუთხეში, სწორედ ისე უნდა მიაგდონ ეს 12-პუნქტიანი გეგმა. გეგმა იმისა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი და დაველოდოთ ევროკავშირის წევრობას, საუკეთესო შემთხვევაში, 10-15 წლის განმავლობაში და ეს სტატუსი საუკეთესო საშუალება იქნება შანტაჟისთვის. ნებისმიერი სურვილი, რომელიც დასავლელ ლიდერებს ექნებათ, თუ არ შესრულდება, იტყვიან, რომ ჩვენ ევროპას დავშორდით და სტატუსი ტყუილად გვაქვს. მერე ეს ადამიანების ნაწილში გაბრაზებას გამოიწვევს და ასე, მოჯადოებულ წრეზე ტრიალს გავაგრძელებთ მომდევნო წლების განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ საკუთარ ქვეყანაზე უნდა იფიქროს და, თუ საჭიროა, გადააბიჯოს ყველას და ყველაფერს. ამას ხალხი რომ დაინახავს და იგრძნობს, გვერდით დაუდგება ხელისუფლებას და მერე ვერც ამერიკა მოგვერევა, ვერც ევროპა და ვერც ვერავინ. დროა, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე დამოუკიდებლები გავხდეთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here