Home ახალი ამბები საქართველო დავით მათიკაშვილი – საზოგადოება მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოგვიწოდებენ, ნებისმიერი ასეთი...

დავით მათიკაშვილი – საზოგადოება მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოგვიწოდებენ, ნებისმიერი ასეთი განცხადება იქნება დასტური, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, საქართველო ნახონ ცეცხლმოკიდებული

53

საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას, ნებისმიერი ასეთი განცხადება კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომელთაც სურთ, საქართველო ნახონ ცეცხლმოკიდებული, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველომ 30 წლის მანძილზე რამდენიმე ომი გადაიტანა ოკუპანტ მხარესთან და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის ბრძოლა.

„საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები პირდაპირ ომისკენ მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ სიმართლეს და ტყუილს, რადგან ეს მათ დღის წესრიგში შედის. ეს არაპირდაპირი და პირდაპირი ზეწოლაა ბიძინა ივანიშვილზე. ის რიტორიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს. პოდოლიაკის განცხადებაც ზუსტად ამას გულისხმობდა. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმის, რომ კაციჭამიების და თავისუფლების არჩევანი, პირადად საქართველოსთვის, პირველ რიგში, თავისუფლება მშვიდობაზე გადის. საქართველომ 30 წლის მანძილზე რამდენიმე ომი გადაიტანა ოკუპანტ მხარესთან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ მშვიდობაზე გადის ჩვენი ევროპული გზა, საქართველოს სტაბილურობა და ამიტომაც, ნებისმიერი ასეთი განცხადება კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ხმაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი გააჩნიათ, საქართველო ნახონ ცეცხლმოკიდებული, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით მიაღწევს მიზნებს, რომელიც მას გააჩნია.

გვესმის ძალიან ბევრი განცხადება, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, თითქოს საქართველო ვინმეს მხრიდან გამოყენებულია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად რუსეთთან მიმართებაში. ეს განცხადებებიც, რომელიც თითიდან გამოწოვილია, არ შეიცავს არანაირ მტკიცებულებით ხასიათს და სინამდვილეში, სასურველის რეალობად გასაღების მცდელობაა საქართველოში ომის მოსურნე ძალებისგან. ეს განცხადებაა იმის მტკიცებულება, რომ ჩვენი ქვეყანა არის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების გზაზე. უკრაინას მხარში უდგას აბსოლუტურად ყველაფრით, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კუთხით. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით და ომში ჩართვის თვალსაზრისით, საქართველო, როგორც განვაცხადეთ და როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაა, ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმის სურვილი, რომ ქვეყანა რამენაირად ცეცხლში გახვიონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა. პოდოლიაკის თქმით, „საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here