Home ახალი ამბები საქართველო დამარცხების უფლება

დამარცხების უფლება

601

უკრაინის გადარჩენა მხოლოდ მისი დამარცხებით არის შესაძლებელი, სხვანაირად იგი დაიღუპება. პარდოქსია თითქოს, მაგრამ ფაქტია. ფაქტი კი ჯიუტიაო, ნათქვამია.

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს გეგმავდა, მაგრამ ვერ ბედავდა, ვინაიდან რუსეთთან ომს გიჟის გარდა არავინ მოისურვებს. ომის დაწყებას თვითონ რაკი ვერ ბედავდნენ, იმგვარი გიჟის ძებნა დაიწყეს, რომელიც ამაზე წავიდოდა. მიაგნეს კიდეც თხუთმეტი წლის წინათ. ეს საქართველო იყო, რომლის სათავეში მათ მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოყვანილი სააკაშვილი ეგულებოდათ. დააწყებინეს ომი, მაგრამ საომარ მოქმედებებს ის მასშტაბი ვერ შესძინეს, რომელიც მას ხანგრძლივ ფაზაში გადაიყვანდა. რუსულმა არმიამ პატარა საქართველოში ერთ დღე-ღამეში მიანგრ-მოანგრია სამხედრო ინფრასტრუქტურა და სააკაშვილი პანღურით გამოაძევა ცხინვალიდან. ეს იყო მთელი „ომი”, რომელიც სააკაშვილმა მოახერხა. მართალია, იგი საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა, მაგრამ რუსეთი იმგვარ პროვოკაციასა და ავანტიურაში ვერ ჩაითრია, ამერიკელებს რომ სჭირდებოდათ, ამიტომ მათ ძებნა განაგრძეს და ევროპის კონტინენტზე მდებარე უზარმაზარი უკრაინა ამისთვის ზედგამოჭრილად მიიჩნიეს. იქაც სახელმწიფო გადატრიალებების გზით მოყვანილი საკუთარი „მეხუთე კოლონისა” და სააკაშვილზე გიჟი და გადარეული ზელენსკის ფაქტორზე დაყრდნობით შეძლეს ომის პროვოცირება, რომელმაც გაამართლა იმის გამო, რომ „საზარბაზნე ხორცის” რაოდენობა უკრაინაში გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში.

ომი ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა უკრაინელი ხალხისთვის მოსალოდნელი გამარჯვების ილუზიის შექმნა, რომელსაც ფინანსებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებით, სიტყვიერი თანადგომითა და რუსეთის წინააღმდეგ აღვირახსნილი საინფორმაციო ომით აღწევენ. უმძლავრეს პროპაგანდისტულ მარწუხებში მოქცეული უკრაინელები სიტუაციის მძევლებად იქცნენ: ქვეყანა თავზე ენგრევათ, მაგრამ ბაიდენი, შოლცი, მაკრონი, სტოლტენბერგი და მათი მსგავსი თაღლითები რეალობის გაცნობიერების საშუალებას არ აძლევენ და მიწოდებული თანხებისა და საბრძოლო ტექნიკის ფასად მთელ ერს გარანტირებულ სასაკლაოზე ერეკებიან. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში ყველა გაგიჟდა? აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც შექმნილი ვითარების სწორი ანალიზი და რეალური დასკვნების გაკეთება შეუძლია? არიან ასეთები, მაგრამ მათ ხმის ამოღების უფლებასა და საშუალებას არ აძლევენ. ფაშისტური რეჟიმი სასტიკად თრგუნავს საღ აზრსაც და მისი გამოვლენის გზებსაც. იგი ერთადერთ გზას ტოვებს – მონური მორჩილებისა და ბრიყვული მსახურების.

აღზევებული ფაშიზმი იმიტომ არის საშიში, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ მასზე ძლიერი სამხედრო ძალით არის შესაძლებელი, ურთიერთობის სხვა ფორმებს ისინი არ ტოვებენ. ორი წლის წინათ რუსეთმა გეზი ამ მიმართულებით აიღო – დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ამ ვითარებაში უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია განადგურებული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობისა ანუ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება უკრაინელი ხალხისთვის ეროვნული გენოციდის მოწყობას ნიშნავს, ამიტომ ვამბობ: ვინაიდან გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ, მიეცით უკრაინელებს ამ სასტიკ ომში დამარცხების უფლება. ეს მათი უფლებაა, რადგან სწორედ ამ დამარცხებაზეა დამოკიდებული მათი გადარჩენა!  ომში მონაწილე ორივე მხარეს აქვს (უნდა ჰქონდეს) დამარცხების უფლება. ამ უფლების წართმევა გადარჩენის უფლების წართმევას ნიშნავს, რაც დამარცხებულის მიმართ უსასტიკესი და არაადამიანური მოპყრობაა. ეს უფლება (გარკვეული დოზით) გლადიატორებსაც კი ჰქონდათ. გამარჯვებული გლადიატორი იმპერატორისგან იღებდა დამარცხებული გლადიატორის მოკვდინების უფლებას.  იმპერატორი ზოგჯერ შეიწყალებდა დამარცხებულს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. უკრაინელებს ეს უფლებაც წაართვეს, დამარცხებული მონის უფლება. უკრაინელებს უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლისუფლებადაუტოვეს მხოლოდ, ომელი მათთვის გამოტანილი გენოციდის განაჩენია.

ეს გაუგონარი სისასტიკეა!

ვის სჭირდება ეს? ამერიკელებსა და ნატოს, რომლებიც უკრაინასა და უკრაინელებს წარმოუდგენელი გულქვაობით  სწირავენ რუსეთის დასუსტების იდეას ისე, რომ არც კითხულობენ, აღწევენ თუ არა  ჩანაფიქრის განხორციელებას. სამწუხაროდ, ამერიკელები მათ მიერ უკრაინელებისთვის მიწოდებულ ვაზნებსა და ჭურვებს უფრო ითვლიან, ვიდრე უკრაინელ ჯარისკაცებს, რადგან თითოეულ ვაზნას ფულის ერთეულში გამოხატული გარკვეული ღირებულება აქვს, უკრაინელ ჯარისკაცს კი – არა. უკრაინელებს ამერიკელებისთვის რიყეზე დაყრილი ქვა-ღორღის ფასიც არ აქვთ.

ზემოთ ვთქვი, 2008 წელს ამერიკელების ჩანაფიქრს საქართველოს მასშტაბი არ ეყო-მეთქი. უკრაინის მასშტაბი, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი ამერიკელთა მადის დაკმაყოფილებისა და მიზნების მისაღწევად. მათ ომის არეალის გაფართოება სწყურიათ და თვალი კვლავ საქართველოსკენ უჭირავთ, რადგან, უკრაინისთვის დანამატის სახე თუ ექნება, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მასშტაბიც რაღაცას ნიშნავს. ტყუილად და უმიზნოდ კი არ დაწანწალებს კავკასიაში ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს: „ნატო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს”. სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა მან ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის გამო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „დასავლეთის ქვეყნებს ხელს არ აძლევთ თვითონ ფაქტი ამ ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობისა, რომელიც რეგიონში გლობალური მშვიდობისკენაა მიმართული. ისინი ცდილობენ, გაწყვიტონ ურთიერთობები, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ასევე ამ ქვეყნებს შორისაც”, – ხაზი გაუსვა ზახაროვამ.

საქართველოში ჩამობრძანებულმა სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში მიღების შესახებ განგვიცხადა: „ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, ისაა, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებს საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა ნატოს წევრი თუ შედარებით შორეულში”.

მოგეწონათ? ახლაც კი, როდესაც საქართველო იძულებულია,  კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, ნატოს გენერალური მდივანი, ნაცვლად იმისა, რომ რამე კონკრეტული ეთქვა, გვეუბნება:ან ახლო ან შორეულ მომავალშიმიგიღებთ ნატოს წევრადო.

გენერალურ მდივანს ჟურნალისტმა კონკრეტული შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუშაობენ რუსეთთან შეერთების გეგმაზე: „ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?”

ახლა ყურადღებით მოვუსმინოთ ბატონ სტოლტენბერგის პასუხს: ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს არანაირი ძალა საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს ტერიტორიების აღიარება, როგორც სუვერენული ქვეყნებისა. გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას“. მორჩა. არც ერთი სხვა სიტყვა ამ საკითხზე გენერალურ მდივანს არ უთქვამს. რუსეთმა ცხინვალი და აფხაზეთი რომ შეიერთოს ისე, როგორც ყირიმი და სევასტოპოლი შეიერთა, ისე, როგორც დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები შეიერთა, ნატო რას იზამს? მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს ტერიტორიების აღიარება, როგორც სუვერენული ქვეყნებისა. გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას“.

ეს არის დასავლეთის დახმარება. ასე დაეხმარნენ ისინი ნოე ჟორდანიას მენშევიკურ მთავრობას საუკუნის წინათ; ასე ეხმარებიან ისინი დღეს უკრაინას (სხვათა შორის, „თავისუფლების” ჟურნალისტის შეკითხვას, სადამდე მიდის მათი მხარდაჭერა უკრაინაში, სტოლტენბერგმა ასე უპასუხა: „ჩვენ უფლება გვაქვს, მათ მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენვე ვწყვეტთ, რა მხარდაჭერაზეა ლაპარაკი. გადავწყვიტეთ, რომ ამ მხარდაჭერას სამხედრო დახმარების ფორმა ექნება – აღჭურვილობით, შეიარაღებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციებითაც. წლების განმავლობაში მოკავშირეებმა ასევე გაწვრთნეს უკრაინის ჯარები, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ სამხედროების გაგზავნას). აი, ასე გაწყდა უკრაინაში ასიათასობით თუ მილიონობით ჯარისკაცი და ჩვენც თურმე ასე დაგვეხმარებიან იმ შემთხვევაში, თუკი აფხაზეთი და ცხინვალი ოფიციალურად აღმოჩნდება რუსეთის შემადგენლობაში.

გჯერათ ასეთი დასავლეთის? დასავლეთის წყალწყალა დაპირებების თუ არ გჯერათ, ის მაინც ხომ გჯერათ,  ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საქართველოს გაბრიყვებისა და აქედან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში ჩვენი მცირერიცხოვანი მოსახლეობაც ისეთივე საზარბანე ხორცად იქცევა, როგორც უკრაინელი ხალხი იქცა? ამიტომ ჩვენ ერთადერთი პერსპექტივა დაგვრჩა – ჯანდაბისკენ გზა ვუსურვოთ ეშმაკის მოციქულ სტოლტენბერგს და ისე ავლაგმოთ მათი „მეხუთე კოლონა”, რომ გაფართხალებაც ვერ მოასწროს. ასე უნდა მოვიქცეთ, სანამ ჯერ კიდევ დროა, თორემ ცოტაც და გვიანი იქნება. მერე ვიღაცას ისევ მოუწევს თქმა, –  მიეცით საქართველოს დამარცხების უფლებაო, როგორც მე ვიხვეწები დღეს: მიეცით უკრაინას დამარცხების უფლება, რადგან ახლა მხოლოდ დამარცხებაშია ხსნა ამ შეცდენილი ხალხისა!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here