Home რუბრიკები საზოგადოება და ხვალ იყო არჩევნები

და ხვალ იყო არჩევნები

323

“POSTV”-ის პროგრამა “სამნი და კო”-გასული კვირის ერთ-ერთ გამოშვებაში სააკაშვილის კეკლუცი აგიტატორი ნიკა გვარამია, რომელმაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო 150-ათასიანი შეკრების მონაწილეებს ბიომასა უწოდა, შალვა რამიშვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა: ბაჩო ოდიშარიამ და გური სულთანიშვილმა ავლაბრის რკინიგზის ჩიხში მიგდებული სამგზავრო ვაგონის ტუალეტის ბინძურ მინას მიჭყლეტილი ბუზის ჰერბარიუმს დაამსგავსეს ან რაც ეწოდება პარაზიტი მწერის გამხმარ ცხედარს.

რა შარვალი აცვიაო, _ კვდებოდნენ სიცილით, _ პედერასტი კინტოც არ იკადრებდა, ისეთი: მუშთაიდის ნახევრად დაკეცილი პარაშუტივით კლოში გალიფე აზიაცკი ჩექმის ყელივით ვიწროებში ფუმფულა ფეხის გასაყრელით.

თბილისში, ფიქრის გორაზე, სადაც ყოფილი “ვერე პალასის” შენობის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკის ახალ კორპუსად გადაკეთება დასასრულს უახლოვდება, სადარბაზოს წინ გუშინდლამდე მუქი ნაცრისფერი ცისტერნა იდგა ეგზოტიკური წარწერით: “ბიოტუალეტების გაქირავება”.

აფსუს, ნანახი არ ჰქონდათ, თორემ სამეული ამ შტრიხსაც დაუმატებდა დღის სინათლეზე პროვინციული ტყიდან ნაადრევად გამოფრენილი ბუს იდიოტურ გამომეტყველებას, რომელსაც სათვალის წითელი ჩარჩო განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჰმატებდა, ხოლო შარვლის მასშტაბური უბის სრული ტევადობა პატრონის ბიომასით ისე იყო პირამდე სავსე, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე საცობში გაჩხერილ მანქანებში ბლოკირებული თბილისელებიც კი იწამლებოდნენ ყროლი ამბრით, პეტრიაშვილის აყოლებაზეც, “სემიონოვკის” ჩათვლით. უნივერსიტეტის მოპირდაპირე სკვერში ტარას შევჩენკოს სკულპტურას ორჯერ გულიც აერია.

ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიურში” გრუშეს რეპლიკა _ “ჩაიფსი, მიშიკო?” ამჯერად დეფეკაციის შეუკავებლობას ნიშნავდა.

და ყარდა.

მოხდა ესე 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და გაჰყვა მიშისტებს ბოლომდე.

რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება.

შევეცდები, გამოვასწორო ასეთი დაუდევრობა უახლესი ქართულის შეძლებისდაგვარად გამოყენებით.

ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, “შეინიშნა” ქართული ენის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები.

არაერთი.

ეუთოდან მოვლინებულ დამკვირვებელთა მოხსენებას, რომლის კრიტიკული დასკვნები კონკრეტული ფაქტებით არ იყო დადასტურებული და საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამაისო მოწოდებების დირექტიული ტონალობით გამოირჩეოდა, ცხელ-ცხელი მაგალითებით გაგიხალისებთ.

იქნებ ცოტათი ჩაგაფიქროთ კიდეც.

მაგალითად: “ოზურგეთში გაიმარჯვა “ოცნებამ”. ეს იყო ძალიან მაგარი გამარჯვება” (იქაური კანდიდატის გამოსვლიდან). ამ ჟარგონულ განსაზღვრებას (მაგარია) ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა ხშირად უწევს ექსპლუატაციას, რათა დაუმტკიცოს ხალხს _ თქვენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვართო. “სვოი ბიჭები” ვართო. “სარწმუნო ვარაუდით” ასეა.

“12 სკამის” ელოჩკა ლუდოედკას (კაციჭამია ელიკოს) ლექსიკური მარაგი 30 სიტყვისგან შედგებოდა, რაც სავსებით საკმარისი იყო “მაღალ საზოგადოებასთან” ურთიერთობის დასამყარებლად.

მისი “ხო-ხო!” გამოხატავდა საუკეთესოსაც, არაჩვეულებრივსაც, ირონიასაც, აგრეთვე _ აღფრთოვანებას, სიძულვილს, სიხარულს, არად ჩაგდებას, კმაყოფილებას.

სადაც რა სჭირდებოდა!

ჩვენი მაგარია უფრო მეტია, რადგან მაშველი რგოლის როლის შესრულებაც შეუძლია, როცა სიტყვა შემოგელევა, ან შეზღუდული აზროვნების დაფარვა გარდაუვალი ხდება. ისევე, როგორც არგუმენტები შემოგელევა და “ასე შემდეგს და ასე შემდეგს” მოიხმობ საშველად.

ელოჩკები საქართველოს პოლიტსივრცეში დეფიციტია. მყვირალა დედაკაცებით არიან ჩანაცვლებული.

“მადმუაზელ სობაკი კულტურულ ქალიშვილად მიაჩნდათ: მის ლექსიკონში დაახლოებით 180 სიტყვა იყო. ამასთანავე, მან იცოდა ერთი ისეთი სიტყვა, რომელიც ელოჩკას არც დასიზმრებია. ეს სიტყვა იყო: ჰომოსექსუალიზმი. ფიმა სობაკი, მართლაც კულტურული ქალიშვილი გახლდათ” (“12 სკამი”).

მაგრამ სიტყვა “ნაცი” იმასაც არ გაუგონა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს არც დასიზმრებია, ნიკანდრო მელიაზე რომ ვთქვა: მელია ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის მერიო.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურა არ ითვალისწინებს სრულიად ჩინეთის მერის ინსტიტუტს. “ფორმულას” კორესპონდენტი ტელეეკრანიდან მაინც დაჟინებით გვიმტკიცებდა, რომ არის ასეთი თანამდებობა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არაო.

როგორც “ბასიანში ბასიანს ეძებდნენ ბასიანელნი” (ვახუშტი კოტეტიშვილი) ამაოდ, ისე მერად ასარჩევ მელიას არ მოუწია ერთ-ორ თვეში კოალიციური მთავრობის “გადანიშვნა” (“მოუწევს გადანიშნოს მთავრობა”). “სარწმუნო ვარაუდმა” დამაჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ იგავ-არაკის დაკოჭლებულ-დამახინჯებულმა სტრიქონმა ზუსტად განსაზღვრა, ნიკანდრო მელიას ხელით არარსებული მთავრობის გადანიშვნის პერსპექტივა ნულის ტოლი იქნებოდა: “მკვახე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო” (“მოუწევს გადანიშნოს მთავრობა”).

როცა ქვეყანაში ბულბულების დეფიციტია, ვირს ვარდისახარს ეძახიან.

იაპონური ტანკა:

დრო რომ დამთავრდა
მიშიზმის,
ციხეში ჩასვეს.
ზის.

შიმშილობს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი კი კლინიკურ დეტალებში ვერ შედის”, მაშასადამე, ვერ არკვევს, ყოფილი პოლიტფიგურა კლინიკური ავადმყოფია თუ თავს ნაცების მხარდამჭერების გასაბითულებლად იგიჟიანებს.

ნაცობა სირცხვილიაო, “გირჩი” _ შარვალჩახდილი სარცხვენელი მისი.

ჭრელია ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკა _ მით უფრო.

ევროპული ნეოლიბერალიზმის საგამოფენო ნიმუშია, რომელიც მავანმა დაჯგუფებამ საერთაშორისო თანამეგობრობას პრეზენტაციად წარუდგინა (“წარუდგინა პრეზენტაცია” _ წარდგენა წარდგენისა, როგორც ამაოება ამაოებისა).

ლიდერები კი ახალი ქართულის ათვისებაში ტრენინგობენ და დედაენისთვის უცხო კონსტრუქციებს, ტერმინებსა და სიტყვებს საკუთარი ფართო განათლების დემონსტრირებით გვასაღებენ. გამონახეთ დრო, მოუსმინეთ ამ გლახა ჭრიაშვილებს (ილია) და თუ ერთხელ მაინც რომელიმე ორატორი _ გინდ ხელისუფლების წარმომადგენელი, გინდ ოპოზიციისა, თავის გამოსვლას დაიწყებს სიტყვებით უწინარეს ყოვლისა”, თითს მოვკაკვავ დამარცხების ნიშნად. სამაგიეროდ პირველ რიგში” ჩააგვირისტებენ ქართულს.

და მოჰყვება ამას ბარბარიზმების ნაკადი: ჩელენჯი (გადატვირთვა), თრეში (ნაგავი), ჰაბი, ბულერობა, სტენსილები და ა.შ.

მხრები გაშალა ოპოზიციამ, წინასაარჩევნო პერიოდში გახშირებული ტელეგამოსვლების დროს აბდაუბდა ქართულისა და ფანტასმაგორიული ბრალდებების მიქსით”: “ხელისუფლებამ აგრესიით სავსე ჯგუფები მოაბილიზა” და “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეავსებს არსებულ შავ ლაქას”.

აქამდე თეთრს ვამბობდით.

ლაქაზე.

გვაკლდა და მივიღეთ მალევიჩის შავი კვადრატი, ოღონდ ლინგვისტიკაში. პასუხისმგებლიანი თამაში” თურმე ეს ყოფილა.

საჯაროდ სიტყვის წარმოთქმისას შეცდომის დაშვება ქართულთან შეჯვარებული ბარბარიზმებით საზოგადოების შეურაცხყოფად ითვლება განათლებულ წრეებში.

ვინ დაგიდევს?! მობილიზირებული”, “დამობილიზდა”, “მოაბილიზოს”, “რეკომენდირებული”, “იფუნქციერა”, “დააორგანიზა”, “იტესტება”, “ლაივში ურთიერთობა”.

ხმაურის ხმა გაიგონეს” კი სხვა ხარისხის სიმახინჯეა, მონტენეგროს პრეზიდენტის თბილისში საზეიმოდ შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ჰიმნების გაცნობის შემდეგ”, ან _ მოველოდებით”; უარესი _ მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანა”.

მანერულია ვიღაც უვიცის აკვიატებით ცოლის მაინცდამაინც მეუღლედ მოხსენიება _ სიტყვა “ცოლი” თურმე აკნინებს მშვენიერი სქესის სოციალურ სტატუსს. ასევე “ქმარი” არ შეეფერება მამაკაცის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში და მეუღლეების რანგი მასაც უნდა მივანიჭოთო. ამით თითქოს პატივი დაგვდეს, სინამდვილეში კი ლგბტ-თემის პრინციპი გვაღიარებინეს _ მეუღლეები, ცოლიც და ქმარიც, უსქესო არსებებად აქციეს.

საიდანღაც გაჩნდა და ტელესიუჟეტებში დამკვიდრდა სიტყვა ჩაინიშნა”, რომელმაც ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში ფეხი ამოუკვეთა ტრადიციულ და უპრეტენზიო დანიშვნას. მაგალითად, სასამართლოს სხდომა მაინცდამაინც მომავალ ორშაბათს არის ჩანიშნული.

“ორშაბათ დილა გათენდა,
რა კარგი დარი დგებაო,
ეს ჩვენი ტურა _ მელია
საომრად ემზადებაო”.

ხალხურია. ხალხი ბრძენია, მაგრამ ხელისუფლება მაინცდამაინც ხალხს არ უწევს ანგარიშს. მელია ტურა კი ხან ზუგდიდში, ხან თბილისში აფორიაქებს მოქალაქეებს პროფესიულად მომზადებული პროვოკაციებით, რომლებსაც უმეტესად თან ახლავს ჩხუბი და დავიდარაბა.

მაგრამ ჩხუბს ვერ იტყვი, უნდა თქვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ან შეხლა-შემოხლა, თორემ საბჭოთა კავშირის გადმონაშთად მოგნათლავენ და ადგილობრივი მნიშვნელობის კონფლიქტის მთვრალი მონაწილის უფლებების შელახვას დაგაბრალებენ. ნასვამი მდგომარეობის ჩარჩოებში უნდა ჩაეტიო.

მთვრალი და რაღაცით გაბრუებული შეიძლება იყოს მხოლოდ მიშა, რომელიც მახათას მთაზე ეკლესიის საძირკვლის ჩაყრაზე მიიწვიეს. ისეთი გალეშილი მივიდა, რომ უწმინდესისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩაჯდა _ ჩაებერტყა, მზერა კი ზეცას მიპყრობილი დარჩა.

უთუოდ გაოცდებით, თუ გეტყვით, რომ სააკაშვილის უდროობის ჟამის დემონსტრაციების კონსტრუქცია საუკუნეების წინანდელია და დემოკრატიის ექსკლუზივად ვერ ჩაითვლება.

შორეული შუა საუკუნეები. მცხეთის შემოგარენი. ივლისი. “და ხედვიდა წმინდა ნინო ცეცხლის მსახურთა მათ ერთა მოგუებასა და ცთომასა; და ტიროდა წმინდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა…

და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ხმა ოხრისა და საყვირისა; გამოვიდა ერი ურიცხვი, ვითარცა ყვავილნი ველისანი, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, და ჯერეთ მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი, იწყო სივტოლა და მიდამომალვა ყოვლისა კაცისა, შიშით საფარველსა თვისსა შეივლტოდა… ნელად მოვიდოდა ერი. და შეამკუნეს ყოველნი ფოლოცნი თვითოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმა ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და თუალ შეუდრგამითა ხილვითა”.

…”ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი…” და აღივსნეს მთანი იგი დროშებითა და ერითა, ვითარცა ველნი ყვავილთა” …რომლისგან ეშინის ყველასა. და შიშით თაყუანის-ცემენ მას” (ლეონტი მროველი).

და თქვენ წინაშეა სააკაშვილის დაორგანიზებული” ზეიმი აგვისტოს ომში “გამარჯვების” აღსანიშნავად. კერპი მთავარი, რა თქმა უნდა, მიშაა.

არ გეცნოთ სიტუაცია?!

საით მივყავდით ახალგაზრდა დემოკრატებს?! ბათუმში ძირგამოთხრილი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ადგილიდან მოწოდებულ რეპორტაჟში ასეთი წინადადება გამობრწყინდება: “ეზოდან გამოდის მანქანები, რომელსაც გამოაქვს შენობის ნაშალები”.

რიცხვში შეუთანხმებლობა _ მანქანები, რომელსაც, “პრობლემები”, რომელიც და უამრავი იდენტური მაგალითი, ახალ პანდემიად გავრცელდა. ხოლო მაინცდამაინც ეფექტურის ხმარებას, როცა ლაპარაკია ეფექტიანობაზე, შედეგიანობაზე, მგონი, აღარაფერი ეშველება, რადგან ქვეყნის პირველი პირების მიერ არის ბეჭედდასმული.

უხერხულია, უვიცობააო, რომ არ ვთქვათ.

ვერ ეუბნებიან მრავალრიცხოვანი თანაშემწეები, რომ შეცდომაა. ვერ უბედავენ. ან ეს პატივცემული გვამები წვრილფეხობას სრულად უგულებელყოფენ, იმათ რჩევასა და შენიშვნებს.

ან ელოდებიან, როდის დანიშნავს აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ცხენს მთავარ მრჩევლად ენების სიწმინდის დაცვის საკითხებში. და მაშინ თუ გამოიბერტყავენ ყურებს, ხოლო ჯენიფერ ფსაკიმ თუ რამე იცის, პრესკონფერენციებზე სქელი საქაღალდის შემოტანა და ტრიბუნაზე დადებაა.

ერთხელაც არ გადაუშლია.

ბაიდენს ცხენი არ ჰყავს. ცხენს ითხოვდა ბრძოლის ველზე მარტოდ შთენილი რიჩარდ III და იმ ცხენში სამეფო გვირგვინს იძლეოდა. იხვეწებოდა.

ამაოდ.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here