Home ახალი ამბები საქართველო ბრძოლა არ დასრულებულა, იგი იწყება!

ბრძოლა არ დასრულებულა, იგი იწყება!

611

ქართული ოცნებიდან განდგომილმა დეპუტატებმა (გურამ მაჭარაშვილმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძე) საქართველოში აშშის ელჩის, კელი დეგნანის, საქმიანობის შესახებ მორიგი წერილი გამოაქვეყნეს, რომელში ვკითხულობთ: “როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული“.

უმძიმესი ბრალდებაა. ელჩი, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მედროშე უნდა იყოს, თავს ჩვენი ქვეყნის კურატორად და, მით უფრო, მეთაურად არ უნდა გრძნობდეს.  როდესაც იგი ამბოხის ორგანიზატორად და რევოლუციების ინსპირატორად გვევლინება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

„ ნაციონალური მოძრაობა“ რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც ერთხელ (2003 წ.) უკვე მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ფაქტია. ალბათ, ეს არის ის, რაც ასე ხიბლავთ ამერიკელებს.  სწორად მსჯელობენ დეპუტატები: თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდნაციონალური მოძრაობისადა მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს“.

ელჩი, რომელიც ერთხელ უკვე გაება ორივე ფეხით და რომლის უკანონო საქმიანობა ამხილეს, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს იხდიდეს ან თუნდაც დიპლომატიური რევერანსებით უკან იხევდეს, კვლავაც თავისაზე დგას და ქართველი ხალხის ნებას უტევს: ფორმულასთვის” “მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ პირიქით საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს“, – აცხადებენ დეპუტატები.

საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ ეს ამბავი ახალი დაწყებული არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიდის დაუფარავი მზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის და ხელისუფლებაში იმ ძალის მოყვანისთვის, რომელიც აშშ-ის ინტერესების ბრმა გამტარებელია საქართველოს საზიანოდ: გასული სამი წლის განმავლობაში საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ, საზოგადოდ, საელჩო წმინდანთა საკრებულო არ არის. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც დიპლომატიურ საქმიანობას არცთუ იშვიათად არის ამოფარებული სადაზვერვო, ჯაშუშური და სხვა სახის ქმედებანი, მაგრამ ის, რასაც ეს კონკრეტული საელჩო საქართველოში აკეთებს, ყველა დაშვებულ და დაუშვებელ, მაგრამ პრაქტიკაში არსებულ საქმიანობას დიდად გასცდა და აბსოლუტურად მახინჯი ფორმა მიიღო. ამას ერთი ქართული სიტყვა შეესაბამება –პარპაში. დეპუტატები წერენ: “ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა“.

პარპაშის გარდა სხვა რა შეიძლება უწოდო იმას, როდესაც ელჩი ხელებს აფათურებს სასამართლოს საქმიანობაში; როდესაც ელჩი სახელმწიფოს აიძულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლოს გასამართლებული პირები; როდესაც ელჩი კანონმდებლებს აიძულებს, საარჩევნო სისტემა მისი თვალსაზრისის შესაბამისად ჩამოაყალიბონ? თუმცა ტერმინ პარპაშის გარდა არსებობს იურიდიული კვალიფიკაციაც, კერძოდ: ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა. საქართველოს საშინაო საქმეებში ხელების ფათური და დამნაშავეთა ციხეებიდან გამოთრევის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა უგულავა-ოქრუაშვილის ტანდემით არ ამოწურულა: „19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ორმა ელჩმა ხელისუფლებას ნიკანორ მელია და გიორგი რურუა იძულებით გაათავისუფლებინა, რამაც ხელისუფლების რეპუტაციას მძიმე ზიანი მიაყენა, – აცხადებენ დეპუტატები. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბისაა დაუსჯელობის გარანტია, რომლითაც დასავლეთისმეხუთე კოლონისწარმომადგენლები საქართველოში სარგებლობენ და, რომელთა თავხედობასაც ასე ხმალამოღებულნი იცავენ აშშისა და ევროკავშირის ელჩები.

ელჩის ასე განუკითხავი პარპაში ვერ განხორციელდება, თუკი ამ საქმეში მას ადგილზე არ ჰყავს თანამზრახველები და ხელისშემწყობნი. დეპუტატები ამ საკითხსაც ეხებიან და კონკრეტულ პერსონებსაც ასახელებენ: ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო. საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდახალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია“. დეპუტატები შეკითხვას სვამენ: “როგორ შეინარჩუნა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როგორ გახდა რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრი და რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს იმ უსერიოზულეს პრობლემებთან (ბასიანის სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით დაშლა, სარალიძის საქმე, ჩორჩანა და ა.შ.), რომლებიც გახარიამ „ქართულ ოცნებას” შეუქმნა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით”.

რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო მოვლენათა გრძელი ჯაჭვი იკინძება, რომელიც სახელმწიფოებრივ შეფასებას ითხოვს. ეშმაკისთვის სულის მიყიდვის პრაქტიკა გიორგი გახარიათი არ დაწყებულა და არ დამთავრებულა. ყურადღებით დააკვირდით, როგორი გაგრძელება აქვს საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთის მიზანმიმართულ ქმედებათა ამ ჯაჭვს და ეშმაკისთვის სულის მიყიდვის ბინძურ პრაქტიკას. დეპტატებმა ფარდა ახადეს სინამდვილეს: “ხელისუფლების შეცვლის გეგმა წელს, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული. სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, ხოლო საქართველოს – არა, რასაც, საელჩოს გათვლით, საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია”.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი

ხომ უკვირდებით სიბინძურის მასშტაბებსა და მის გეოგრაფიას. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ამაში არავინ მონაწილეობდა? ნახეთ, რას ამბობენ დეპუტატები: აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის წამყვან ენჯეოებს სრული პოლიტიკური თვითლუსტრაციისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაყენებისთვის არ გაიმეტებდა. არც მანამდე იზრუნებდა ამდენს სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა. თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს“.

შესასწავლი და გამოსაძიებელია ეს გარემოებები. საერთოდ, შესასწავლი და გამოსაძიებელია სახელმწიფო გადატრიალებების ისტორია თანამედროვე საქართველოში: როგორ მოხდა ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ კი ედუარდ შევარდნაძის დამხობა, რა ძალები იდგნენ ამ მოვლენების უკან, სად დაიწერა სცენარი და ვინ ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას? ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. იმ ფაქტის კონსტანტაცია, რომ პირველი სახელმწიფო გადატრიალების მომწყობნი სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ, მეორე გადატრიალების სულისჩამდგმელებად კი სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე მოგვევლინენ, საკმარისი არ არის. ამ ბინძური მოვლენების უკან ორივე შემთხვევაში დიდი სახელმწიფოს ინტერესები იდგა. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ამბავი, რომ ეს დიდი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებია.დამხობილმა და სამშობლოდან განდევნილმა ზვიად გამსახურდიამ ამის შესახებ მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით განაცხადა: “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა ოკეანის გაღმიდან, პრეზიდენტ ბუშის ლოცვაკურთხევით და სახელმწიფო მდივან ბეიკერის უშუალო მონაწილეობით“.

ედუარდ შევარდნაძეს მსგავსი არაფერი   უთქვამს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ გამოვიძიოთ. აქამდე თუ რაღაც გამართლება ჰქონდა ამერიკელთა თავხედობის გადაყლაპვას, ახლა, როდესაც მსოფლიოში ვითარება ისე დაიძაბა, რომ არ არის გამორიცხული ყველაფერი გლობალური კატასტროფით დამთავრდეს, აზრი აღარ აქვს კუკუდამალობანას თამაშს. მოსახდენი მაინც მოხდება და დაფარულიც გამჟღავნდება. მაგალითად, გამჟღავნდება ის, რომ აშშ სტრატეგიული მტერი უფროა საქართველოსი, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორი, რადგან მისთვის ჩვენი სამშობლო მხოლოდ ის გეოგრაფიული წერტილია, რომლიდანაც რუსეთისთვის პროვოკაციების მოწყობა და მისი სამხედრო ობიექტების მიზანში ამოღებაა შესაძლებელი. ქართველ ხალხს, მის ისტორიასა და კულტურას ამერიკელებისთვის იმაზე მეტი ფასი არ ადევს (არც შეიძლება ედოს), რამდენიც, ვთქვათ, პანამელ, კორეელ, ვიეტნამელ, ავღანელ, იუგოსლავიელ, ერაყელ, ლიბიელ, სირიელ და მრავალ სხვა ხალხს ედო, რომლებსაც ისინი უმოწყალო გენოციდს უწყობდნენ და აიძულებდნენ, რომ მათთვის გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკურ ნებას და ცხოვრების წესს დამორჩილებოდნენ.

“ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დანაშაული “ნაციონალურ მოძრაობასთან” ე.წ. კოაბიტაციაში შესვლა და პოლიტიკურ ასპარეზზე მათი გარანტირებული დატოვება იყო. ამ აზრს ქართველი ხალხის  უმრავლესობა იზიარებს. რატომ მოიქცა ასე ბიძინა ივანიშვილი, რით იყო ეს განპირობებული? აგერ ახლა, ათი წლის გასვლის შემდეგ, ირკვევა, რომ ესქართული ოცნებისდანაშაული კი არა, მისთვის ამერიკელების მიერ თავსმოხვეული მუხანათობა და იძულებითი ნაბიჯი ყოფილა. ეს .. კოაბიტაცია ამერიკელებს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად სჭირდებოდათ. აი, რას წერენ დეპუტატები: საელჩოქართულ ოცნებასთვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. გესმით?! ამერიკელები ყველაფერს კადრულობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ეროვნული ინტერესების გამყიდველი ძალა მოებრუნებინათ. ამას ემსახურებოდა მათ მიერ მოწყობილი პროვოკაცია 2020 წლის 5 ივლისს: “5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა – ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა”, – წერენ დეპუტატები.

ახლა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე ვიცით, ძნელი არ არის იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც, რატომ უნდოდათ ამერიკელებს ასე ძალიან ხელისუფლებაში სააკაშვილის მობრუნება და რატომ არ უნდოდათ ივანიშვილთან და მის გუნდთან პარტნიორობა.

რა, ივანიშვილი ნატოს წევრობაზე ამბობდა უარს თუ ევროკავშირის წევრობაზე? რა, ივანიშვილი ანტიდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსი იყო თუ მზე და მთვარე რუსეთზე ამოსდიოდა? არა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი დაქრთული ოცნებისწევრები დღესაც პროდასავლურად არიან განწყობილნი, მაგრამ ირკვევა, რომ ამერიკელებისთვის ეს არ არის საკმარისი. საქართველოში მათ ის ხელისუფლება სჭირდებათ, რომელსაც არავითარი ქართული ინტერესები არ ექნება და, რომელიც მხოლოდ ამერიკული პოლიტიკის კატეგორიებით აზროვნებს, ან საერთოდ არ აზროვნებს და დავალებებს რობოტივით მექანიკურად შეასრულებს. მაგალითად: მათ სჭირდებათ ხელისუფალი, რომელსაც ეტყვიან, რომ უნდა შეიჭრას ცხინვალში და ისიც შეიჭრება; ეტყვიან, რომ უნდა შეიჭრას აფხაზეთში და ისიც შეიჭრება; დაავალებენ, რომ უკრაინასთან ერთად რუსეთს უნდა გაუხსნას მეორე ფრონტი და ისიც დაუფიქრებლად გადაჩეხავს ქვეყანას ქართველი ხალხის დამღუპველ ომში. ბიძინა ივანიშვილი კი, მიუხედავად მისი დასავლური ორიენტაციისა, არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლისთვისაც სულერთია ქვეყნისა და ხალხის ბედი, ოღონდ საკუთარი პრობლემები ჰქონდეს მოგვარებული. მან სამშობლოს გამო სასწორზე შეაგდო მისი უზარმაზარი კაპიტალიც, საკუთარი სიცოცხლეც, საკუთარი შვილების სიცოცხლეც და უყოყმანოდ დადგა საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყველამ ვნახეთ, რომ იგი უზარმაზარი რისკის ფასად საკუთარ ხალხს მკერდით გადაეფარა და დამანგრეველი ომი აარიდა. აარიდამეთქი, ვამბობ, მაგრამ აქვე უნდა დავამატო, რომ აარიდა ჯერჯერობით, რადგან ეს საშიშროება ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

მოვუსმინოთ დეპუტატებს: “საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა… გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება; კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან დაენჯეოებთანერთად, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტისახალხო დამცველიც კი ჩაერთო; ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, რომლიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა“.

დეპუტატებმა უმძიმესი, თუმცა სრულიად რეალური, სურათი დახატეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. “საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება”, – აცხადებენ ისინი.

საზოგადოება ვალდებულია, რომ ამ რეალობაში კარგად გაერკვეს. “ქართულმა ოცნებამ” ბევრი მისი წინასაარჩევნო დაპირება თუ ვერ შეასრულა, ამას ახსნა ჰქონია: რა უნდა შეესრულებინა და როგორ უნდა შეესრულებინა, აშშისა და მისი საელჩოსგან ამდენ წინააღმდეგობას, ზეწოლას და შანტაჟს თუ განიცდიდა?! თანაც საკუთარ ხალხს ამ მიზეზთა შესახებ ვერ ელაპარაკებოდა და პირში წყალს იგუბებდა, რადგან როგორი სათქმელი იყო: ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, მაგრამ ის დასავლეთი ყოველ ნაბიჯზე ხაფანგს გვიგებს და კატასტროფისკენ გვიბიძგებსო. დაუკვირდით და გაიაზრეთ, სანამდე მიდიოდა დასავლური ვერაგობა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიმართ. აი, რაში ამხილეს დეპუტატებმა ევროპა: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე უარის თქმა იგეგმებოდა, რაც საარჩევნოდქართული ოცნებისთვისზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამაქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა“. ამის მომფიქრებელი და ამის გამკეთებელი დასავლეთია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და გადამრჩენელი?!

მმართველი პარტია დღესაც ვერ ამბობს იმას, რასაც საზოგადოება იმ ოთხი დეპუტატის მეშვეობით იგებს, რომლებმაც საკუთარ თავში აღმოაჩინეს ძალა და, თუ გნებავთ, გმირობაც იმისა, რომ აქამდე დაფარული ეს სიმართლე სააშკარაოზე გამოეტანათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთელიქართული ოცნებაამ გაბედული და ქვეყანაზე მოფიქრალი დეპუტატების გვერდით აღმოჩნდება. არც იმას გამოვრიცხავ, გარკვეულმა ნაწილმა კელი დეგნანისა და აშშის გვერდით დგომა ამჯობინოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში მერკანტილიზმის ჭიას სამშობლოს სამსახურში დგომას მოვალეობა ძლევს.

ბრძოლა, რომელიც უშეღავათო და უკომპრომისო იქნება, არ დასრულებულა, იგი მხოლოდ იწყება. ვნახოთ, რას გვიქადის მომავალი…

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here