Home ახალი ამბები საქართველო ბატონებო, კეთილი  ინებეთ, ჯანსაღ კონკურენციაში ჩაერთეთ და ადამიანების ღლეტვის ნაცვლად ბიზნესი ისე...

ბატონებო, კეთილი  ინებეთ, ჯანსაღ კონკურენციაში ჩაერთეთ და ადამიანების ღლეტვის ნაცვლად ბიზნესი ისე აკეთეთ, ყველა კმაყოფილი იყოს

ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეების ბიზნესსაქმიანობა. ამას იმით ხსნიან, რომ თურმე რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა არ არის და მის მოქალაქეებს აქ ფულის კეთების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.

224
სვანეთში საბაგირო გზით გადაადგილება 70 ლარი ღირს

საქართველოში სულ უფრო იზრდება სხვადასხვა ბიზნესში დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილება, უფრო ზუსტად, იმ ადამიანთა უკმაყოფილება, რომლებიც ამ ბიზნესებს ფლობენ, თორემ მომსახურე პერსონალი ხმას არ იღებს.  რა ხდება რეალურად? რა სურთ ბიზნესმენებს და რატომ მატულობს  მათი მხრიდან აგრესია იმ ადამიანების მიმართ,რომლებიც იმავე სფეროში საქმიანობენ, ოღნდ ერთი განსხვავებით – ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან?

 საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულმა პირებმა არაერთი ობიექტი იქირავეს, იქნება ეს კვების ობიექტი, სასტუმრო, ტურისტული კომპანია თუ სხვა. ამასთანავე, ისინი ოფიციალურად იხდიან ქირას, ჰყავთ უფრო მეტი თანამშრომელი, რომელთა ჯამაგირიც უფრო დიდია, ვიდრე მანამდე იყო და… მომსახურება უფრო იაფი, ვიდრე ადრე იყო.  საიდან და როგორ შოულობენ ფულს რუსეთის მოქალაქეები მაშინ, როცა ამას ადგილობრივები ვერ ახერხებენ? სანამ დეტალებზე გადავალთ, გაგაცნობთ მოსკოველი საშას ნაამბობს, რომელმაც ქართული ტურისტული კომპანია იქირავა და, შეიძლება ითქვას, მის ბიზნესს „ჟამი ყვავილობისა“ უდგას.

„კომპანია თავისი ოფისებითა და ტრანსპორტით თვეში 5 ათას დოლარად ვიქირავე, მაგრამ შევცვალე მომსახურების პაკეტების ფასები. გავაუმჯობესე ის სასტუმროები, რომლებშიც ტურისტები უნდა განთავსდნენ, შევამცირე ხარჯი და, თუ აქამდე ერთი ტურისტის მომსახურება 5 ათასი დოლარი ღირდა, ფასი 2 ათასამდე ჩამოვწიე. შესაძლოა, მოგება ცოტა მრჩება, მაგრამ მსურველთა რაოდენობა ისე ბევრია, რომ გაფართოებას ვაპირებ და კიდევ უნდა დავიმატო თანამშრომლები…“

ამ ახალგაზრდა კაცს აქ ცოლ-შვილი ჰყავს, ცოლიც ამ ბიზნესშია ჩართული, ძმაც, დედაც… ანუ საქმე ოჯახური შემოსავლის წყაროდ აქციეს და ირგვლივ ყველა კმაყოფილია. კმაყოფილები არიან ის ქართველი თანამშრომლებიც, რომლებიც მან შეინარჩუნა და ხელფასი… გაუორმაგა. საბოლოო ჯამში კი, მივიღეთ შემდეგი სურათი – ქართველი მფლობელის ხელში თვეში ჩამოდიოდა ერთი ან ორი ტურისტული ჯგუფი, რუსმა მფლობელმა კი სამ თვეში 50-მდე ტურისტული ჯგუფი ჩამოიყვანა. ეს კარგია ქვეყნისთვისაც, რადგან ტურისტები ფულს მხოლოდ სააგენტოს არ უხდიან, ისინი ხარჯავენ თანხას სუვენირებში, საკვებში, ცოტ-ცოტას „შოპინგობენ“ კიდეც და… ამ დროს სვანეთში საბაგიროთი გადაადგილებას  70 ლარი დაადეს…  იცით, ეს რას ნიშნავს? თბილისი-მესტიის ავიაბილეთი, ანუ ფრენა 90 ლარი ღირს,საბაგირო – 70 ლარი. მერე ამბობენ, რატომ არ არის ხალხიო. სანამ არ შეიცვლება მიდგომა, რომ ტურისტებს ბევრი ფული აქვთ და თან სულელები არიან, არაფერი გვეშველება. იმ ტურისტმა ხომ იცის, რომ 70 ლარის გადახდა საბაგიროთი ასვლაში  არარეალური ფასია, მეტისმეტად ძვირია და აღარ  გადაიხდის. პასუხი კითხვაზე  – რატომ შემცირდა საბაგიროზე მსურველი? –  ძალიან მარტივია: არარეალური ფასი ადევს და იმიტომ.

ჰოდა, ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეების  ბიზნესსაქმიანობა. ამას იმით ხსნიან, რომ თურმე რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა არ არის და მის მოქალაქეებს აქ ფულის კეთების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.  

მაშინ ისიც აგვიხსნან ქართველმა ბიზნესმენებმა: თუ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის, რატომ შემოგვაქვს იქიდან პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბლისა და ფქვილის 100%? რატომ ვართ გადარეულები რუსულ იაფ ნავთობზე და რატომ ჩანაცვლდა ძირითადად თურქული ბურღულეული და მზესუმზირის თუ სიმინდის ზეთი უფრო ხარისხიანი და უფრო იაფი რუსული პროდუქციით? თუ ეს მეგობრობა ცალმხრივი უნდა იყოს, იქიდან უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც გვსურს და სანაცვლოდ არაფერი გავცეთ? იქნებ საქართველოს   მილიონზე მეტი  მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, ბიზნესს არ აწარმოებს, ფულს არ შოულობს, საქართველოში არ გზავნის?  მაშინ მათაც აუკრძალონ რუსეთში მუშაობა და ყველა აქეთ გამოუშვენ. თანაც, ქართველმა ბიზნესმენებმა ხომ ყველაზე კარგად იციან, არარეალური ფასები რომ უდევთ და ბიზნესის კეთება ხალხის გაღლეტვა-გაღარიბების პრონციპზე აქვთ აწყობილი. ხომ არ შეიძლება,  სვანეთის სიმბოლო კუბდარი ბრაზილიიდან შემოტანილი გაყინული და უგემური ხორცით  აკეთოს რესტორნების 90%-ზე მეტმა? ჰო, სვანეთში ნამდვილი, გემრიელი კუბდარი სანთლით საძებარია და მერე წუწუნებენ, ტურისტები ჩვენთან აღარ შემოდიანო. 8 ლარად ნაყიდი ხორცისგან  5 ცალ კუბდარს რომ აკეთებ, მერე თითოს 35-40 ლარად რომ ყიდი, თან უგემური რომ არის, ტურისტი რატომ უნდა გადაირიოს და რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი, მეორედ გადაყაროს ფული უგემურ საკვებში?

ახლა კიდევ მეორე პრობლემა შეიქმნა. ამასაც ქართველი ტუროპერატორები და რესტორატორები ამბობენ. ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული რეისების  რაოდენობამ  მოიმატა, მაგრამ მათი მასპინძლობა მარტივი არ არის. თურმე ჩინელების ძალიან დიდმა ნაწილმა ინგლისური  არ იცის, აქ კი ჩინურენოვანი გიდებისა თუ  მომსახურე პერსონალის მოძებნა  ძალიან ძნელია. უდიდესი პრობლემაა საკვები, რადგან ჩინელები ქართული სამზარეულოთი დიდად აღფრთოვანებულნი არ არიან, აზიური კერძები  ურჩევნიათ და ვერც იმას ხვდებიან, რატომ დევს სუფრაზე ამდენი პური. თანაც ისინი პირველივე ჯერზეც კი არ „გოიმდებიან“, დეტალებში კითხულობენ: რა ღირს ესა თუ ის პროდუქტი თუ სერვისი, რისგან არის საკვები დამზადებული და… რამდენიმე რესტორანს, კონკრეტული პროდუქტების სერთიფიკატიც მოსთხოვეს, ანუ საიდან იყიდეს ხორცი, ბოსტნეული, მწვანილიც კი… ჰოდა, ახლა არაერთი ჩინელი ბიზნესმენია დაინტერესებული იმით, რომ ტურისტული სააგენტო ან იქირაოს, ან საკუთარი შექმნას და ჩინელები საქართველოში თვითონ ატაროს, თვითონვე მოემსახუროს, ქართველები კი ისევ ბრაზდებიან: ჩვენ არაფერი გვრჩებაო.

ათეული წლებია,  გავიძახით, რომ ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს სფერო ვერ და არ დავხვეწეთ, არ მოხდა არაფრის რეგულირება, წლიდან წლამდე ვაძვირებთ ყველაფერს, რისი გაძვირებაც კი შეიძლება – მღვიმეების დათვალიერებით დაწყებული, საბაგიროს ფასითა  და კანიონზე ნავით გასეირნებით დასრულებული. ჰო, ტურისტები მეწველი ძროხები გვგონია და  ვბრაზდებით კიდეც, რატომ აღარ იწველებიან და რატომ აღარ იხდიან არარეალურ ფასებს.  არ შეიძლება, სოფლად სასტუმროების ფასი „რედისონისა“ და „მერიოტის“ ფასებს უტოლდებოდეს; არ შეიძლება, სერვისში საუზმე გეწეროს და ტურისტს ერთ ჭიქა ჩაიში, ერთ ცალ კვერცხსა და ერთ ნაჭერ ყველში 30 ლარი უანგარიშო; არ შეიძლება, აჭარული ხაჭაპური ერთი კვერცხით სხვა ფასი ღირდეს და ორი კვერცხით 10 ლარით უფრო ძვირი. ეს არის ის მწარე თუ სულელური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და  არ გვიკვირს, რატომ ურჩევნიათ ტურისტებს, საქმე დაიჭირონ არა ქართველ, არამედ რუს და გნებავთ, ჩინელ ოპერატორებთან. არის კიდევ არანაკლებ საინტერესო დეტალი – აჭარის რეგიონში ტურისტული სააგენტოები თურქეთის მოქალაქეებს აქვთ „დათრეული“ და ამას არავინ აპროტესტებს, არავინ ამბობს, რომ თურქი ტურისტები (რომელთა ხვედრითი წილი დაბალი ნამდვილად არ არის) სრულად თანამემამულეთა მიერ შეთავაზებულ სერვისს იყენებენ, არც იმას ამბობს არავინ, რომ, მაგალითად, ანტალიაში 10 დღით 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება ორი ადამიანისთვის სამჯერადი კვებით, სპა-მომსახურებით იმაზე გაცილებით  იაფი ჯდება, ვიდრე იგივე სერვისი იმავე აჭარაში. ერთ-ერთი სასტუმროს თურქი მეპატრონე ამბობდა: უზარმაზარი კომპლექსი მაქვს, 2 ათას სტუმარზე გათვლილი სასტუმროთა ქსელი და თითო ტურისტისგან დღეში მხოლოდ 5-დოლარიან მოგებას ვვარაუდობ და ვგეგმავ, მეტი არ მჭირდება და სასტუმრო წლის განმავლობაში თითქმის სულ სავსეაო. გესმით? ერთი დამსვენებლისგან  დღეში მხოლოდ 13-ლარიან მოგებას გეგმავს და ეს მაშინ, როცა საქართველოში ეს მარჟა 30-40 ლარიდან იწყება.

ამას წინათ ვწერდი, რომ ანალოგიური რამ  ხდება ავტობაზარზე. ავტოდილერები წუწუნებენ კონკრეტულად რუსი ბიზნესმენების შემოსვლა-ჩარევაზე. ბატონებო, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ  ადამიანები, რომლებიც დიდ ფულს ხარჯავენ, ამ ფულს თვითონ შოულობენ, ანუ არ არიან სულელები და მარტივად თავს არავის მოატყუებინებენ; ან ერთხელ თუ მოტყუვდებიან, მეორედ ამას აღარ გააკეთებენ და ამოიწურა რესურსი, ბატონებო, აღარ „გოიმდებიან“ და თქვენმა შემოსავალმაც ამიტომ იკლო. კეთილი  ინებეთ, ჯანსაღ კონკურენციაში ჩაერთეთ და ადამიანების ღლეტვის ნაცვლად ბიზნესი ისე აკეთეთ, ყველა კმაყოფილი იყოს. არ შეიძლება, მილიონიანი კრედიტი აიღო იმის იმედად, რომ ვალს ერთ წელიწადში გადაიხდი და მეორე წელს უზარმაზარი მოგება დაგრჩება. ასე არ ხდება არსად და რამდენიც  უნდა ეცადოთ, არც  საქართველოში მოხდება.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here