Home ახალი ამბები საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩვეულებრივი მარგინალები, რომლებიც, რაც უფრო მეტად ამოსვრიან ლაფში  სამშობლოს,...

არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩვეულებრივი მარგინალები, რომლებიც, რაც უფრო მეტად ამოსვრიან ლაფში  სამშობლოს, მით მეტ დაფინანსებას მიიღებენ, რაც მთავარია, ამას   ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან აკეთებენ

იმედია, 20 თებერვალს რეგისტრირებული კანონი აუცილებლად დამტკიცდება და მალე გვეცოდინება, ვინ ვის მხარეს დგას რეალურად, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე

359

საიდუმლო არავისთვის არის, რომ საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. პრინციპით, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს, არასამთავრობოები სწორედ იმ ქვეყნების ან დონორების დაკრულზე ცეკვავენ, რომლებისგანაც შემოსავალს იღებენ, ამიტომ ნუ გვიკვირს ხოლმე, მაგალითად, ლგბტ თემის დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს რომ აკეთებენ, რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოიწვიონ თუნდაც აქტივისტთა ფიზიკური დაზიანების ხარჯზე, რადგან ყოველი ასეთი გამოსვლა და გაგზავნილი ვიდეო დამატებითი შემოსავალია. სამწუხაროდ, ჩვენში არასამთავრობოთა უმრავლესობის  ქცევა არ მოსწონს მოსახლეობის უმრავლესობას. ისინი თითქოს უმცირესობის ინტერესებს იცავენ, მაგრამ ხშირად ეს უმცირესობა, გარკვეული ჯგუფი კი არა, ერთობაა ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი აზრი მთელ ქვეყანას  მოახვიონ თავს, ამიტომ მმართველ უმრავლესობაში შემავალმა „ხალხის ძალამ“ მოამზადა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და ყველას ეცოდინება, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას და, როცა იცი დაფინანსების წყარო, შემდეგ უკვე ადვილია იმის განსაზღვრა, რა ინტერესი აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას.

კანონპროექტი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ განიხილება, საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. ასევე, რეგისტრაციისას  აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა და საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება. ამავე კანონპროექტში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, ჩაატაროს კვლევა „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად“. რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან დეკლარაციის შევსებაზე უარის თქმის გამო ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით.  აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 20 თებერვლის სხდომაზე წარედგინა. მანამდე კი…

„საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით და ევროკავშირის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი არაპარტიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ დემოკრატიის შემცირება გამოიწვია. დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოსა და ზედამხედველობის ორგანოების, შესუსტება ამ მიზნის მისაღწევად ცნობილი სტრატეგიაა. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ მიიღონ შემოთავაზებული კანონმდებლობა „უცხოური აგენტების“ შესახებ, რადგან ეს კიდევ უფრო ჩაითრევს ქვეყანას რუსეთის პოლიტიკური გავლენის ორბიტაში და ქართველ ხალხს ევროპული მისწრაფებებისგან დააშორებს“, – აღნიშნული განცხადებით საქართველოს პარლამენტს  ზუსტად 40-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. ამ 40-დან მხოლოდ ორია ქართული, დანარჩენი  კი პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებსა და  ევროპაშია რეგისტრირებული…კვირაში ერთხელ მაინც რომელიმე ოპოზიციონერი აუცილებლად ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა უცხო ქვეყნის არც ერთი ჯაშუშის დაკავება და ეს ძალიან ცუდია; თურმე არც დაზვერვა მუშაობს, არც კონტრდაზვერვა და არც უშიშროების სამსახური, თორემ როგორ შეიძლება, 10 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში მაინც  ვერ გამოავლინესო?!  ნაციონალების მმართველობის პერიოდში კი  ლამის ყოველდღიურად აკავებდნენ „ჯაშუშებს“, მათგან აღიარებით ჩვენებას ყველა მეთოდის გამოყენებით იღებდნენ, და ვინც არ აღიარებდა, კლავდნენ… სწორედ ასე მოკლეს პოლკოვნიკი  სერგო თეთრაძე. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმ ადამიანების დაკავებას ითხოვს, რომლებიც იტყვიან, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობენ, თორემ ევროპისა და ამერიკის სასარგებლოდ  არავინ ჯაშუშობს, ამას სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია. ჰო, სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას საკუთარ ქვეყანაში და თან მაშინ, როცა ამ ინტერესებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისიც ფაქტია, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთიდან არ ფინანსდება, ყველა დასავლეთზეა ჩამოკიდებული და ჩვენ მაინც რუსი ჯაშუშები უნდა ვეძებოთ; თუ ვერ ვიპოვით, უნდა მოვიფიქროთ, უნდა შევქმნათ, უნდა ვაწამოთ, მოვკლათ კიდეც და მერე რა, თუ 1-2 ადამიანი ამ მიზანს შეეწირება, თეთრაძე ხომ მაშინვე ჩამოწერა დასავლეთმა და მხოლოდ მაშინ აღიარა მისი წამებით სიკვდილი და უდანაშაულობა, როცა ხელისუფლება შეიცვალა და სიმართლე დადგინდა. აღნიშნული კანონპროექტის მიღება-დამტკიცების შემთხვევაში ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ  ყველა არასამთავრობოს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, საჯარო რეესტრში  „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაცია მოუწიოთ, ანუ ის, რაც ისედაც ყველამ იცის –  დოკუმენტურად გაფორმდნენ. ამან შეაწუხა არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან მათ კარგად ესმით, აღნიშნული კანონი თუ საქართველოში ამოქმედდება, დიდი შანსია, სხვა სახელმწიფოებიც ანალოგიურად  მოიქცნენ და მაშინ გაირკვევა დასავლეთის გავლენის სფეროები, მათი თამაშის წესები და ის,  რა თანხები იხარჯება „განვითარებადი“ ქვეყნების დასამონებლად. სწორედ რომ დასამონებლად, რადგან ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. არ სურს დასავლეთს, საქართველოსთვის დადგმული უღელი თავის ხელით ჩამოიღოს და საამისოდ ყველაფერს აკეთებს. საქართველოს რუსეთთან ყველაზე ხელსაყრელი და სტრატეგიული ტერიტორია უკავია და ამიტომ ეს ტერიტორია დასავლეთის ინტერესებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული; მნიშვნელობა არ აქვს, მიწის ეს ნაწილი იქნება თუ არა ხალხით დასახლებული. სწორედ ტერიტორია აინტერესებს დასავლეთს და არ აინტერესებს მოსახლეობა, ამიტომ არასამთავრობოები შავზე თეთრიაო, ამბობენ და პირიქით  – ცდილობენ, ცნობიერება შეცვალონ; გაჰკივიან, საქართველოში ხალხი ჩვენს მხარესაა და ხელისუფლება არ აძლევს ნებას, თავისუყფალი აზრი გამოთქვასო.ზემოაღნიშნული 40  არასამთავრობო პირდაპირ იერიშზეა გადმოსული. განცხადებაში მათი ტონი მკაცრი და დამრიგებლურია: „საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლის კუთხით…“ ანუ, ისინი პირდაპირ ამბობენ: დემოკრატიული ქვეყანა არ ხართ, მაგრამ მაინც გესაუბრებით, მაინც გაფრთხილებთ და რჩევებს გაძლევთო. არასამთავრობოები იმას კი არ ამბობენ, უფლება არ გვაქვს, რომელიმე უცხო ქვეყნის კანონმდებლობაში ჩავერიოთ, ხელისუფლებას ვასწავლოთ, რომელი კანონი უნდა იყოს მიღებული და სახელმწიფოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ჭკუას არ უნდა ვარიგებდეთო, პირიქით, იციან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ქვეყანა, რომელშიც ადრე ყველაფერი „მოსული იყო“ და ახლა რატომღაც აღარ არის. ახლა არასამთავრობოები აღარ წყვეტენ ქვეყნის განვითარების საკითხებს,  საგარეო კურსის მიმართულებას და ეს ვერ აიტანეს დასავლელმა დონორებმა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, გერმანულ ბუნდესტაგს ან ამერიკულ კონგრესსა თუ სენატს არასამთავრობოებმა წერილი რომ მისწერონ, –  ეს კანონი მიიღეთ, ის არ მიიღოთ, თორემ ჩავთვლით, რომ დემოკრატიული კუთხით რეგრესს განიცდითო, როგორი რეაქცია იქნება. შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და იმ არასამთავრობოების ოფისები ქარს გაატანოს. საქართველოში კი  ყველა არასამთავრობო  სასათბურე პირობებშია. მათთვის მთავარია,  ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად დააკნინონ, კრიტიკული წერილები წერონ და დაფინანსება გარანტირებული აქვთ. მოდი, ერთად გავიხსენოთ, ბოლოს რომელმა არასამთავრობომ როდის თქვა დადებითი საქართველოზე, რომელმა არასამთავრობომ მოიწონა რამე, რაც ქვეყანაში გაკეთდა. ვერ იხსენებთ ხომ? გამოდის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ათეულობით არასამთავრობოდან არც ერთს არ მოსწონებია ამჟამინდელი ხელისუფლების ერთი ქმედებაც კი, ანუ ისინი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მარგინალები არიან და, რაც უფრო მეტად  ამოსვრიან ლაფში სამშობლოს, მით მეტ დაფინანსებას მიიღებენ, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან აკეთებენ.

ჰოდა, ზემოაღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა; გვეცოდინება, რომ კონკრეტული არასამთავრობოს უკან დგას მაგალითად, სოროსის ფონდი ან რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, ან რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური. მუდმივად გამჭვირვალობაზე რომ გვითითებენ არასამთავრობოები, ნახევარზე მეტს სახელწოდებაში „გამჭვირვალობა“ რომ უწერია, რატომ არ სურთ, რომ  გამჭვირვალე თავად იყვნენ და ხმამაღლა ისაუბრონ ფინანსებზე?! მაგრამ ასეთ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ საუბარი არა ათასებზე, არამედ ასიათასობით ევროზე და არც თუ იშვიათად მილიონებზეა. ჰო, მილიონებზე, ფულზე, რომელსაც დასავლეთი იხდის, და როგორ გგონიათ, იხდის იმისთვის, რომ აქ ვიღაცას უბრალოდ მაღალი ხელფასი ჰქონდეს, თუ იმისთვის, რომ იმ „ვიღაცამ“ ბოლო ხმაზე იყვიროს: ხელისუფლება არ ვარგა და შესაცვლელიაო?!

იმედს ვიტოვებთ, რომ 20 თებერვალს დარეგისტრირებული კანონი აუცილებლად დამტკიცდება და უკვე მომავალ კვარტალში გვეცოდინება, ვინ ვის მხარეს დგას რეალურად და ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here