Home ახალი ამბები საქართველო ამნისტირებულმა  ადამიანებმა კვლავ რომ ჩაიდინონ უმძიმესი დანაშაულები, პასუხს ვინ აგებს?

ამნისტირებულმა  ადამიანებმა კვლავ რომ ჩაიდინონ უმძიმესი დანაშაულები, პასუხს ვინ აგებს?

სააკაშვილის გამოშვება სამოქალაქო ომის პროვოცირების ტოლფასი იქნება და, ვინმე გამწარებულმა ქალბატონ პრეზიდენტს პასუხი რომ მოსთხოვოს, იქნება თუ არა ის ადამიანი (ან ადამიანები) თავის თავთან მართალი?!

177

ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“  პარლამენტში წარადგინა ამნისტიის შესახებ აქტის პროექტი,  რომლის განხილვაც დაიწყება და, როგორც ამბობენ, იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, უმრავლესობა პროექტს მხარს დაუჭერს. პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, ხოლო აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება. ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 273/1 და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. ¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ახლა  ვნახოთ, რა დანაშაულებზეა ლაპარაკი  265-ე და 273/1 მუხლებში.

მუხლი 265: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება. ისჯება ჯარიმით  ან  თავისუფლების აღკვეთით  ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 273/1: მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება….

რა თქმა უნდა, ამ მუხლს, რა თქმა უნდა,  აქვს ქვეპუნქტები, რომლებშიც  დეტალურად არის აღწერილი, როგორ და რა ისჯება, მაგრამ საინტერესო სხვა რამ არის:  265-ე მუხლში გარკვევით წერია, „ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება“, ანუ არ არის დაკონკრეტებული, მარიხუანას დათესვა ისჯება თუ ყაყაჩოსი, რომლისგანაც გაცილებით  მძიმე  ნარკოტიკს იღებენ. 273/1 მუხლში კი წერია, რომ ისჯება „კანაფის ან მარიხუანის შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება“. გულისხმობს თუ არა  გასაღება გაყიდვას? რა თქმა უნდა, გულისხმობს და გამოდის, ნარკოტიკების გამყიდველებსაც ვიწყალებთ. რა პარადოქსულიც უნდა იყოს, ბოლომდე საგანგაშო არც ეს არ არის. საგანგაშო არის ის, რომ… უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ გახმაურებული  საქმეების ნაწილს ჩამოვთვლით, რომლებზეც სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია და დამნაშავეები სასჯელს იხდიან: იაგო ნებიერიძეს, რომელსაც გორში 9 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა ედებოდა ბრალად, დანაშაული დაუმტკიცდა და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა;  შალვა აბულაძეს, იმავე „შალალოს“, რომელმაც რამდენიმე პოლიციელი გამოასალმა სიცოცხლეს,  სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს; ასევე – მალხაზ კობაურს, რომელმაც ამერიკელი სმიტების ოჯახი ამოწყვიტა და მკვლელობამდე ოჯახის დიასახლისი, ლორა სმიტი , გააუპატიურა, 4 წლის ბავშვს კი სიცოცხლე თავში გასროლით მოუსწრაფა… და მაგდა პაპიძეს, რომელსაც ქმრისა და შვილის მკვლელობა დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა…საინტერესოა ისიც, რომ ნებიერიძე და აბულაძე სამუდამო პატიმრობის შემსუბუქებას სხვა გახმაურებული დანაშაულების გახსნის შემთხვევაში ითხოვდნენ, ანუ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი იქნებოდა სასჯელი, ოღონდ სამუდამო არ ყოფილიყო. ჰოდა, ამ ხალხს სასჯელს შეუმსუბუქებენ და მისცემენ 30 წელს, რომლის ნაწილიც უკვე მოხდილი აქვთ და მერე გამოვლენ გარეთ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს 20 წლის შემდეგ მოხდება თუ 25-ის, ისინი გამოვლენ გარეთ. ვინმე აგვიხსნის, რატომ იქნება რომელიმე მათგანი უკეთესი? რატომ გახდებოდა უკეთესი ის  ქალი, რომელმაც მოსაკლავად ქმარ-შვილი გაიმეტა? რატომ არ მოკლავს აღარავის კობაური, რომელმაც ოჯახი გაწყვიტა – ოთხი წლის ბავშვს სანადირო თოფიდან თავში ესროლა… ან „შალალო“, რომელზეც ამბობდნენ, რომ სამართალდამცველების მიმართ აგრესია აქვს და მათ მხოლოდ იმიტომ ხოცავდა, რომ პოლიციელის ფორმა ეცვათ? ან ნებიერიძე, რომელმაც 9 წლის გოგონას გაუპატიურება ტელეფონით გადაიღო, მერე კი გაგუდა და ეს ტელეფონით გადაიღო იმიტომ, რომ შემდეგ ეყურებინა?  ან გიორგი ბეროზაშვილი, რომელმაც მშობლები დახოცა და მერე კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა? ბეროზაშვილს სააპელაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა ძალაში გასულ კვირას დაუტოვა… ჰო, ეს ხალხი გამოვა გარეთ ამ ამნისტიის მიღების შემდეგ და აღარაფერს ვამბობთ  მათზე, ვისაც სამუდამო პატიმრობა ნარკოტიკების გასაღების გამო აქვთ მისჯილი. ეს ადამიანები სიკვდილს ჰყიდდნენ და ჰყიდდნენ ჩვენს შვილებზე, შვილიშვილებზე… და ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? თუ 20-25 წლის შემდეგ  ამ ამნისტიის მიმღებნი პოლიტიკაში აღარ იქნებიან და პასუხისმგებლობაც სრულად ექნებათ მოხსნილი? და სად იქნება მაგ დროს სამართალი? თუ, როგორც ბოლო 30 წელია, სძინავს, მერეც საღათას ძილში  იქნება? და ამ ადამიანებმა მორიგი, უმძიმესი დანაშაულები რომ ჩაიდინონ, მერე რა მოხდება? ვიღაც იტყვის: შეგვეშალა და ვიჩქარეთო,   და მორჩება?

 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენებს რომ ¼-ით უმცირდებათ სასჯელი, ეგ ცალკე თემაა. რას ვეუბნებით თუნდაც უმოწყალოდ ჩაცხრილული ნიკო კვარაცხელიას დედას? რას ვეუბნებით  უამრავ მშობელს, რომლებსაც შვილები მოუკლეს და არც თუ იშვიათად სრულიად უმიზეზოდ? კიდევ, იცით, რა გვაინტერესებს? არიან ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაშაულების გამო დაუსწრებლად აქვთ მისჯილი წლები და მათაც მოაკლდებათ სასჯელის ¼?

როგორც მოსალოდნელი იყო, ამნისტიის კანონპროექტი რადიკალურმა ოპოზიციამ ისევ მიხეილ სააკაშვილამდე დაიყვანა.

„სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს. ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, – ჰუმანიტარული ნიშნით, გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და  შეიწყალოს ის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გააკეთა და ისე როგორ იქნებოდა, ზურაბიშვილი არ გამოხმაურებოდა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე,  სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი ისეთი ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია – ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა.  კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს,  გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სააკაშვილი სადმე სხვაგან იყოს, ბევრი გზებია, რითაც ქვეყნებს ეს პრობლემა მოუგვარებიათ. აგერ, უკრაინამ აჩვენა, რომ მზად არის ექსტრადაციისთვის. ჩემი მხრიდან, მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასოდეს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში. კომენტარს არ ვაკეთებ, ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენა შეიძლება მოახდინო საგარეო ან შიდა ზეწოლით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვა ასე ვრცლად იმიტომ შემოგთავაზეთ (სტილიც დაცულია), რომ ის არც მწვადს წვავს და არც შამფურს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სააკაშვილის შეწყალების თემა თავის მორალურ  პასუხისმგებლობამდე დაიყვანა, ანუ პასუხს მხოლოდ საკუთარ თავთან ვაგებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის სააკაშვილის შესაწყალებლად, ოღონდ   შესაფერის მომენტს ელოდება.  ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილმა იმაზე ნაკლები ხალხი დახოცა, ვიდრე, მაგალითად „შალალომ“? ან ვინმეს ჰგონია, რომ იმაზე ნაკლები სისასტიკით დახოცა ადამიანები მიშამ და მისმა რეჟიმმა,ვიდრე კობაურმა? თუ გაუპატიურება არ ახლდა მიშას რეჟიმს და თავში საკონტროლო გასროლები? თუ ზღვაში გაყვანილი და ჩაძირული ადამიანები არ გვახსოვს? და ეს ყველაფერი ზურაბიშვილს თავის მორალურ პასუხისმგებლობამდე დაჰყავს და ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენსო. ზეწოლას კი არა, სააკაშვილის გამოშვება სამოქალაქო ომის პროვოცირების ტოლფასი იქნება და, ვინმე გამწარებულმა მერე ქალბატონ პრეზიდენტს პასუხი რომ მოსთხოვოს, იქნება თუ არა ის ადამიანი (ან ადამიანები) საკუთარ თავთან მართალი?!

„ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან და საკითხის კონკრეტული პირების  მიმართ დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა – პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია“, –  განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი  ოხანაშვილმა.

რატომ გვგონია, რომ ოხანაშვილი გვატყუებს? თუ ყველა იმ პირს მოეხსნება სასჯელის ¼, რომლებსაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სააკაშვილი წითელი კვერცხია და კონკრეტულად მას არ შეახებენ? ისე შეახებენ, როგორც დაგიბარებიათ და ამას დასავლეთი მარტივად უზრუნველყოფს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here