,,ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამა წლის 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკვე მეექვსე თვეა, გულბაათ რცხილაძე პატიმარია, მის საქმეს ადევს გრიფი ,,საიდუმლო”, სასამართლო პროცესი დახურულია, ხოლო ადვოკატს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. ამ მიზეზების გამო გულბაათ რცხილაძის საქმის შესახებ მისმა ოჯახმა და საზოგადოებამაც ცოტა რამ იცის.
პატიმრობის ექვსი თვის თავზე გულბაათ რცხილაძემ საპყრობილიდან გამოაგზავნა ვრცელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით გლდანის ციხიდან, 2-კაციანი კამერიდან, არა უმეტეს 14 კვ.მ ფართობისა, სადაც „შკონკიდან“ მხოლოდ ერთი ნაბიჯია, კედელს შუბლით რომ არ შეეჯახოს კაცი, მაგრამ ამ სივიწროვესაც ვუძლებ, ღვთის მადლით, ისევე, როგორც ვუძლებ უამრავი მნიშვნელოვანი წვრილმანის დეფიციტს, როგორიცაა დეზინფექციისა და პირადი ჰიგიენის საკითხები, რაც 21-ე საუკუნეში ნაცრეჟიმის მიერ აგებულ ამ მე-20 საუკუნის ტიპის ციხეს თავისთავად ახლავს, მაგრამ ყოფით პრობლემებზე საწუწუნოდ არ ვწერ ახლა, ციხის ყოფის აღწერას შემდგომშიც შევძლებ.
უწინარესად, უდიდეს მადლობას მოვახსენებ ყველა ჩემს მეგობარსა და ნათესავს, ვინც გამომეხმაურა, გულისტკივილი გამოხატა, დამიცვა, სანთელი დამინთო, მატერიალური დახმარება გამიწია თუ ჩემს ოჯახს მიუსამძიმრა მამაჩემის გარდაცვალება და, ზოგადად, გვერდით დამიდგა. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მყავხართ. არ დავიწყებ თქვენს ჩამოთვლას, მაინც გამომრჩება ვინმე და არ იქნება ლამაზი. ღმერთი ყველაფერს ხედავს და კეთილსაც და ბოროტსაც მიუზღავს იმას, რაც ეკუთვნის.
შევეცდები, საზოგადოებას გავაგებინო ჩემი მდგომარეობა ისე, რომ ამ ძალად გასაიდუმლოებული საქმის გაუთქმელობის ვალდებულება არ დავარღვიო.
სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, დარჩა მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა ბრალდებისა და დაცვის მხრიდან. ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდება იურიდიულად სრულად გავაქარწყლე – ჯაშუშობას ჩემი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია (მედავებიან ს/ს კოდექსის 314-ე მუხლის პირველ პუნქტს – „ჯაშუშობა“, რასაც ავტომატურად ერთვის 307-ე პრიმა მუხლი – „სამშობლოს ღალატი“). საქმე ის არის, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე არაერთხელ დაეთანხმა, რომ:
1. მე არ მქონია წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე და არც მათი მოპოვება მიცდია, არც სხვა რამე საიდუმლო გადამიცია ვინმესთვის;
2. არ მყოლია ინფორმატორები, არ შემიქმნია მსტოვართა ქსელი;
3. საერთოდ არ გავკარებივარ სახელმწიფო ორგანიზაციებს და 2003 წლიდან მაქვს დასრულებული მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში;
4. არავისთვის მომიპარავს რაიმე ტიპის ინფორმაცია, არავინ მომისყიდავს, დამიშანტაჟებია ან მომიტყუებია. საერთოდ, არანაირი კანონი არ დამირღვევია, ვინაიდან ჩემს ანალიტიკურ საქმიანობაში ვსარგებლობდი ღია, ლეგალური საინფორმაციო წყაროებით.
ვიმეორებ: ამას მიდასტურებს პროკურატურაც. მაშ, რას მედავებიან? 314-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მეორე ნაწილი ჯაშუშობას დამატებით განსაზღვრავს, რომ იგი „აგრეთვე“ არის „საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“. აი, ამ „სხვა ინფორმაციას“ არის ჩაჭიდებული ბრალდების მხარე, რომელსაც მე თითქოს უცხოური დაზვერვის დავალებით ვაგროვებდი და გადავცემდი. მე კი მაქვს კონტრარგუმენტი, რომ მე არ მითანამშრომლია, ყოველ შემთხვევაში, შეგნებულად და წინასწარი ცოდნით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მყავს ათეულობით ნაცნობი უცხოელი კოლეგა, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ა.შ. არაერთ მათგანთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, გვქონდა აზრთა და შეფასებათა გაცვლა-გამოცვლა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანი სპეცსამსახურების ფარული თანამშრომელი აღმოჩენილიყო. მე რა, ყველას „ქსივა“ უნდა მოვითხოვო და გამოძიება ვაწარმოო, ასეთი ვალდებულება მაქვს? რა თქმა უნდა – არა. ასევე, რა თქმა უნდა, რომ არავის დაქვემდებარებაში 2003 წლიდან აღარ ვყოფილვარ – არც ქართველის და, მით უმეტეს, არც უცხოელის. ვიყავი მუდამ დამოუკიდებელი, არ მყოლია არც ზემდგომი, არც კურატორი და არც ხელმძღვანელი. სხვათა შორის, ინფორმაციების შეგროვება-გადაცემაში არასდროს ამიღია ფული, ინფორმაცია არ მიქცევია სავაჭრო პროდუქტად და „პრეისკურანტი“ არ მქონია დაწესებული. მე ვმუშაობდი ღიად, ვატარებდი საჯარო ღონისძიებებს – თქვენ აქედან მიცნობთ. ხოლო ჩემი მუშაობის პროცენტულად იმ მცირე ნაწილში, რომელიც ინფორმაციებთან მუშაობას შეეხება, მე ვწერდი ანალიტიკურ მოხსენებებს სხვადასხვა საკითხზე, ისეთებზე, რომლებიც საქართველოსა და ქართულ რეალობას ნაკლებად ეხებოდა. ჩემს მოსაზრებებსა და ანალიზზე გარკვეული მოთხოვნა უცხოელებში ყოველთვის იყო ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან, როდესაც გერმანიაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. აი, ამ ანალიტიკური მემორანდუმების შედგენაში ამა თუ იმ უცხო ქვეყნის საელჩო, უფრო ადრე გერმანიაში ყოფნისას – კერძო საკონსალტინგო კომპანია მიხდიდა ჯამურ ჰონორარებს, როგორც პოლიტოლოგიის დოქტორს, ოთხი ენის მცოდნეს, სპეციალისტსა და ექსპერტს გარკვეულ საკითხებში. მაგალითად, 2004 წელს ჩემმა გერმანელმა კოლეგამ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეში“ გამოაქვეყნა განცხადება და თავისი კომპანია, რომლის ძირითადი პარტნიორი მე ვიყავი, სხვას მიჰყიდა, ვინაიდან თავად ბრაზილიაში გადავიდა სამუშაოდ. ნება მიბოძეთ, ოდნავ დავიკვეხნო ეს ფაქტი, ვინაიდან ისე გამოვიდა, რომ ერთმა ბიზნესმენმა ჩემი მეშვეობით ფული იშოვა, სოლიდური ევროპული გაზეთის მეშვეობით კი მეორე ბიზნესმენსაც ჩემით აშოვნინა ფული…
თუმცა ბრალდება ასე შორს არ მიდის და გერმანელებთან ძალიან ძველ ურთიერთობას არ მედავება, როდესაც მე, ჩემი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, „ქართულ ოცნებას“ და ბ. ივანიშვილს ვეხმარებოდი ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მთელი საგარეო კავშირების გამოყენებით. დიახ, ჩემზე საქმე აღძრა ბაჩანა ახალაიამ, როდესაც ის იყო უშიშროებისა და შს მინისტრი, თუმცა, მის სასიკეთოდ უნდა ითქვას, არ დამიჭირა, ვინაიდან დაინახა, რომ „ნაციონალებთან“ თვით მძაფრი დაპირისპირების დროსაც კი კანონი არ დამირღვევია. ყოველ შემთხვევაში, ბაჩანა ახალაიას არ დასცალდა ჩემი დაპატიმრება, სამაგიეროდ, ის ძველი საქმე გენერალისიმუსმა მდინარაძემ, ოდესღაც იმავე ახალაიას ვექილმა, „გამიცოცხლა“ და დამიჭირა კიდეც. ის, რაც ახალაიამ ვერ მოახერხა ან არ იკადრა, მოახერხა და იცოდა „მამუ“-მ – ერთი დარტყმით მოსპო ჩემ მიერ წამოწყებული უნიკალური პროექტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც საქმით უწყობდა ხელს მშვიდობასა და დაახლოებას საქართველოსა და რუსეთს შორის. გენერალისიმუსს ჩემმა ცოდვამ სულ თვე-ნახევარში უწია, როდესაც იგი ბიძინა ივანიშვილმა დიდი სიმაღლიდან გადმოაგდო, თან ისე, რომ თავისიანების გასალანძღიც გახდა, თუმცა ჩემი საქმის განადგურება უკვე მოსწრებული ჰქონდა.
მივუბრუნდები ჩემდამი ბრალდებას 314/1-ის კონტექსტში. ამ მუხლის ზემოთ ნახსენები ჩანაწერიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ვალდებულია, ჩემ მიერ უცხოელ მზვერავთან განზრახ ურთიერთობასთან ერთად დაამტკიცოს, რომ მე რაღაც ინფორმაციებს საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოდ ვაგროვებდი და ვავრცელებდი – ამას ითხოვს კანონის ჩანაწერი. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც არ არის მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგოდ, დაწყებული პოლიტიკაზე ჩემი პირადი მოსაზრებებით, დასრულებული სპორტითა და ამინდის პროგნოზით, შეიძლება იქნას შეგროვებული და გავრცელებული ნებისმიერი მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი სამოქალაქო პირისათვის, რომელიც არ არის შეზღუდული დამატებითი ვალდებულებებით – ამ თავისუფლებას გვანიჭებს კონსტიტუციის მე-17 მუხლი. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც მთელი ჩემი საქმიანობით ქართველი ხალხის ინტერესებს ვემსახურებოდი, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რა დავწერე ან გავაკეთე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, მთელი ჩემი კარიერა ამ მართალი საქმის გამო გავიფუჭე (ახლა კი გამოდის, რომ ჩემი თავისუფლებაც შევწირე).
მე ვეუბნები ბრალდებას: თუკი ჩემი ინფორმაციები ან ქმედებები მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს, დაზვერვას გადავცემ თუ ჩვეულებრივ დიპლომატს – ის ხომ მაინც თავისი ქვეყნის დაზვერვას გადასცემს ამ მასალას?! შესაბამისად, თქვენ უნდა მედავოთ არა იმაზე, ვისთან მქონდა რაღაც ურთიერთობა, არამედ განიხილოთ, რა გავაკეთე. მაგრამ ბრალდების მხარე უბრალოდ „გამოჭერაზეა“, მე ვერ შევატყე, რომ მას სურს სიმართლის დადგენა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროკურატურას თავად უნდა წაეღო უკან ბრალდება. ყოველ შემთხვევაში, თუ გამომძიებლებს ჰქონდათ რაიმე ეჭვი, რომ მე უკანონობას ჩავდიოდი, ჩემი ელექტრონული ტექნიკისა და ქაღალდების ნაწილის ამოღების შემდეგ ისინი უთუოდ დარწმუნდებოდნენ, რომ არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ჩემი ქმედებები საქართველოს ინტერესების საზიანოდ არ ყოფილა ჩაფიქრებული და განხორციელებული, არამედ _ პირიქით. ჩემს მასალებს საქართველოს წინააღმდეგ, უცხოეთის დაზვერვა კი არა, ჯოჯოხეთის მაშხალაც ვერ გამოიყენებს.
ასეთი მდგომარეობაა სასამართლოში, მეტს ვერაფერს ვიტყვი, კანონს ვერ დავარღვევ და მეტი არც არაფერია იქ საინტერესო, გარწმუნებთ. გარეთ კი რა ვითარებაა, რასაც მე ვხედავ: ჩვენ მიერ ერთობლივად გაშლილ ქართულ-რუსულ სუფრას, მეგობრებო, ვიღაც ვირთხები ეპოტინებიან (ვგულისხმობ, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ვირთხებს), მაგრამ ეს ასე ხდება ხოლმე. ახლა თქვენ უნდა განაგრძოთ დაწყებული დიდი გზის გაფართოება, ვირთხები ამხილოთ და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეთ. ჯერ ვნახო, როგორ გადაწყვეტენ ჩემს ბედს და ისე ვიმოქმედებ. თუ მომისაჯეს 8-12-წლიანი პატიმრობა, მექნება ბევრი დრო წარსულზე სასაუბროდ და ბევრ საინტერესოს გაიგებთ, ვინ რას აკეთებდა და რუსეთი ვის როგორ ეხმარებოდა.
შევეცდები, როდესაც საშუალება მექნება (და თუ ნება დამრთეს), ხანდახან ჩემი თვალსაზრისი გაგიზიაროთ დიდ პოლიტიკაზე. ახლა მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი თავდაპირველი პროგნოზები ირანის ომზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გამართლდა: ირანი, მიუხედავად დიდი დანაკლისისა, დგას, როგორც კლდე ადიდებულ ზვირთებში. რეჟიმი ტრამპსა და ნეთანიაჰუს ჩამოეშალათ, ნაცვლად ირანის ჩამოშლისა, ირანის წინააღმდეგობამ რაღაც დროით მაინც იხსნა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, ვინაიდან დასავლეთის მორჩილი ირანი სამხრეთ კავკასიას საერთოდ შეუცვლიდა გეოპოლიტიკურ სტატუსს, მისი გაუფასურების მიმართულებით. ახლა კი ჩვენზე მოთხოვნა ნარჩუნდება, თუმცა მთავარია, თავად როგორ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ გეოპოლიტიკურ სტატუსს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის! მათ, ვინც პატიმრის ანგარიშზე ფულს მირიცხავთ ხოლმე, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით, ჩემი ოჯახის წევრები საკმარისად მეხმარებიან – მადლობა უფალს, შრომობენ და აქვთ შემოსავალი, გამწვდებიან. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ აბსოლუტურად ყველა თქვენგანს!
P.S. სუს-ს ჩემს საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაცია ნებაყოფლობით მივაწოდე. ჩემი ჩვენების საფუძველზე ვერც ერთ ადამიანს ვერასდროს დაიჭერენ. მტრებმაც მშვიდად იძინეთ, მაგრამ საჯაროდ დავასახელებ ერთ-ორ პროვოკატორს, რომლებსაც უნდა ერიდოთ.
გულბაათ რცხილაძე “







