მიხეილ ჟღენტი: დასავლეთი უკან არაფერზე დაიხევს მოლაპარაკებების ძველ, არაფრისმომცემ ფორმატში დასატოვებლად, რათა კვლავ განაგრძოს დესტრუქციული ქმედებები

    ,,დღეს ჩვენ გვიპირისპირდება აშშ-ზე უფრო სერიოზული ძალა, რომელსაც ევროპა და დიდი ბრიტანეთი ჰქვია...

    მიხეილ ჟღენტი
    მიხეილ ჟღენტი

    პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა და მის ახალ ამოცანად ,,რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება~ დაასახელა.

    რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს აქამდე სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ–კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტი კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა არაფორმალური დიალოგის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლობის რანგის ამაღლებაზე მიუთითებს. პრემიერმინისტრის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც ამბობენ, რომ ,,მიღებული გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნისა და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი აქამდე არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა `რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ალტერნატივის შექმნას ნიშნავს…~

    ვინ არის გიორგი ზურაბაშვილი და არის თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის რეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ ნება მომეცით, პირველ რიგში, მივულოცო ბატონ გიორგის ახალი და ძალზე საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა.

    გიორგი ზურაბაშვილი 1992 წელს გავიცანი. ის თანამედროვე დიპლომატიური სკოლის ღირსეული წარმომადგენელია, არის კარიერული დიპლომატი და კარგი ოჯახის შვილი. რაც შეეხება თანამდებობაზე დანიშვნასა და მომავალ საქმიანობას, ეს, გარდა პიროვნული და პროფესიონალური თვისებებისა, დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციაზე.

    მოგეხსენებათ, დიპლომატი ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, მას მოუწევს, გაატაროს ოფიციალური თბილისის პოლიტიკა, მაგრამ პიროვნების როლს, უნარ-ჩვევებს მაინც აქვს დიდი მნიშვნელობა.

    მოგეხსენებათ, მრავალი წელია, ჟენევის ფორმატი არსებობს და, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. მე არც ბატონი გიორგისა და არც მისი წინამორბედის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ, სანამ დასავლეთი იქნება შუამავალი, აღნიშნული ფორმატის პერსპექტივის ნაკლებად მჯერა.

    ბატონი ზურაბაშვილი სრულად არის ინფორმირებული იმ კონფლიქტების წარმოშობაზე, განვითარებასა და პერსპექტივაზე, რომლებიც ჩვენსა და რუსეთს შორის არსებობს. მორიდებულ ოპტიმიზმს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ძვრები, რომლებიც დასავლეთში ხდება, შეიძლება სასიკეთოდ იქნას გამოყენებული. დასავლეთის მრავალწლიანი ნეგატიური ჩართულობის მიუხედავად, იქნებ შეიცვალოს ვითარება და სასიკეთოდ განვითარდეს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის…

    საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილება ბატონ გიორგის დაეხმარება, საქართველო წარმოადგინოს ისეთ ქვეყნად, რომელსაც ყველა მხარე ენდობა. ნდობა და მხოლოდ ნდობა _ ეს არის წარმატების ფორმულა რუსეთთან ურთიერთობაში.

    როგორც ვიცი, სოხუმმა რამდენიმეჯერ დააყენა ეს საკითხი, ჩვენც არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას ფორმატის შეცვლისკენ, მაგრამ ეტყობა, ჯერ კიდევ არის იმის საფრთხე, რომ დასავლეთმა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ეს მომენტი, მით უფრო გუშინ დაწყებული პარტიების აკრძალვის სასამართლოს ფონზე, ოპოზიციის მხარდაჭერა გაიზრდება დასავლეთის მხრიდან.

    ვითარება ძალიან რთულია და ამ ფონზე პრემიერის ახალი წარმომადგენლის დანიშვნა იმედისმომცემია, თუმცა, თუ ხელისუფლების დამოკიდებულება არ შეიცვლება აღნიშნული ფორმატის მიმართ, შედეგის მიღწევა გაჭირდება…

    დასავლეთი უკან არაფერზე დაიხევს მოლაპარაკებების ძველ, გაუფასურებულ, არაფრისმომცემ ფორმატში დასატოვებლად, რათა კვლავ განაგრძოს დესტრუქციული ქმედებები.

    არის სხვა მომენტიც _ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ის ხუთი დესტრუქციული პარტია, არ გამოვრიცხავ, დასავლეთმა თვითონ გაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა. სწორედ ამ მომენტში ახალი პლატფორმა უნდა გავხსნათ…

    მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ გიორგი ზურაბაშვილს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაში.

    _ რას ითხოვს რუსეთი ჩვენგან და შესაძლებელია ჩვენი მხრიდან მათი მოთხოვნის შესრულება? ვგულისხმობ საზღვრების დემარკაციას… რუსეთის მოთხოვნები მკაცრია, რა არის ამის მიზეზი?

    _ მიზეზი არის საქართველოს ჯიუტი უარი დიალოგის დაწყებაზე; აქედან დუმილი, იქიდან მოთხოვნები… აქედან ულტიმატუმი ჯარების გაყვანის შესახებ, იქიდან გამკაცრებული პირობები… სად არიან ჩვენი ე.წ. მეგობრები? ემზადებიან რუსეთთან ომისთვის… დასავლეთმა, სამწუხაროდ, ჭკუა ვერ ისწავლა და თვითმკვლელობაზე მიდის. რაც უნდათ, ის უქნიათ, ჩვენ კი ჩვენი დიდი პრობლემები გვაქვს და, საიდან დავიწყოთ, არც კი ვიცით… დასავლეთი ჯერ არ წასულა, რუსეთი ჯერ არ მოსულა და ვართ ასე… დრო კი ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს…

    ის, რაც ტრამპმა გაუკეთა უკრაინას, ვფიქრობ, ჩვენი მოთმინებისა და დასავლეთისადმი იმედის ბოლო წერტილი უნდა იყოს… ვიცი, მათი ვერაგი ბუნება რა დიდი საფრთხეა ჩვენთვისაც _ ,,ავი ძაღლის~ პოზაში მყოფებმა შეიძლება აქ სცადონ დესტაბილიზაციის მოწყობა.

    ალბათ, ნახეთ, მთელი ოპოზიცია ციხესიმაგრედ ქცეულ ბრიტანეთის საელჩოში რომ იკრიბება. იქ მიდიან ფრანგები, გერმანელები და ა.შ. ბრიტანეთმა აიღო ,,ლიდერობის~ დროშა და, მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძალიან სახიფათო და ანგარიშგასაწევ ძალად რჩება. ბრიტანეთმა სხვისი ხელით არაერთი ომი გააჩაღა. ამჟამადაც რუსეთს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მტკივნეული საკითხის მოგვარება და სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შეუძლია, ხელს რომ არ უშლიდნენ ანგლოსაქსები. _

    _ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებით მოქმედებს, საქართველო თითქმის თამაშგარე მდგომარეობაშია… რა გვეშველება?

    _ აშშ და რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პატარა ქვეყნები კი გაცვლის ობიქტები არიან. აშშ-მა არა მხოლოდ საქართველო, მთელი ევროპა მიატოვა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანასაც ანალოგიური ბედი ელის…

    ამერიკა მიდის კონტინენტიდან და ის ქვეყნები იმედგაცრუებული დარჩებიან, აშშ-ის მიერ გახელებული რუსეთს რომ ებრძოდნენ. ჩვენ რა ვქნათ? _ პირველ რიგში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უნდა აღიაროს 35-წლიანი დამღუპველი კურსი, რომელიც დასავლეთმა და ამერიკამ მოგვახვიეს თავს. დამნაშავის ძებნა არაფერს მოგვცემს, რადგან ყველამ ყველაფერი იცის, ყველა დიდი ქვეყანა პატარებისა და სუსტების ხარჯზე ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას…

    3 ნოემბერს არჩევნებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენზე ნაკლებად აისახება. საქართველო დღეს უფრო რთულ ვითარებაშია, ვიდრე იყო 2024-2025 წლებში. რატომ? _ იმიტომ, რომ რეგიონში ახალი მიმართულების ქვეყნები გამოჩნდნენ, როგორიცაა აზერბაიჯანი და, გაგიკვირდებათ, სომხეთი. მათი გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში ძალიან დიდია. აზერბაიჯანელებისა და სომხების რაოდენობა საქართველოში, თუ არ ვცდები, 600 ათასს აღწევს და ისინი ხშირად ანგარიშს უწევენ ოფიციალურ ბაქოსა და ერევანს. ეს ქვეყნები კი დღეს პროდასავლურები არიან და არა პროამერიკელები.

    ვინ იცის, რა დროს გადაწყვეტს მავანი ნისლიან ალბიონზე ან ანკარაში, რომ საქართველოს რუსეთისკენ მიმავალი გზა შეუცვალოს და ,,ჭეშმარიტ გზაზე~ დააბრუნოს…

    დღეს ჩვენ გვიპირისპირდება აშშ-ზე უფრო სერიოზული ძალა, რომელსაც ევროპა და დიდი ბრიტანეთი ჰქვია…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here