გზაც იქით ჰქონიათ!

    პარიზი ჩვენი სახლია

    ევროპაში (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობები მიმდინარეობს. ის, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, ცხოვრების დონის დაცემასა და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. აქციები გაიმართა პარიზში, ლიონში, მარსელში, ტულუზაში, ლილსა და სტრასბურგში. პარიზსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში, მაღაზიების ძარცვაში, შენობების დაზიანებასა და ხანძრებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

    დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, დაშავდა ასობით პოლიციელი. თითქმის ანალოგიური ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სხვა ქვეყნებშიც…

    თავდაპირველად სტუდენტური პროტესტით დაწყებული ტალღა ფართომასშტაბიან კრიზისად იქცა, რომელსაც ხელი შეუწყო ცხოვრებისა და საწვავის ფასების ზრდამ, ასევე საჯარო სექტორის პრობლემებმა.

    საფრანგეთი

    ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე არეულობაა. საპროტესტო აქციებზე მილიონამდე ადამიანი გამოდის. იძარცვება ბიზნესები და მაღაზიები. იწვის შენობები, ისტორიული ნაგებობები. პროტესტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო სკოლებში მასწავლებლების დეფიციტისა და ინფრასტრუქტურის გაუარესების გამო, რომელსაც მოგვიანებით პროფკავშირები და ე.წ. ყვითელი ჟილეტები შეუერთდნენ, რომლებიც ცხოვრების მაღალ ხარჯებსა და საწვავის ფასებს აპროტესტებენ.

    ალბანეთი

    უკვე კვირაზე მეტია,  დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები ძალადობრივ ფაზაშია. დემონსტრანტები პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან,  საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აჯანყებულებმა ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს, ფოსტასა და სასამართლოს შენობებს. სტუდენტები განათლების მაღალ გადასახადებსა და კორუფციას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ. პროტესტს თან ახლავს უკმაყოფილება ფუფუნების რეზორტის (საკურორტო დასასვენებელი კომპლექსის) მშენებლობის გამო, რომელშიც დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერია ჩართული.

    იტალია

    მილანში ნიღბიანმა პირებმა ბარიკადები აღმართეს, პოლიციას ქვები დაუშინეს და ქალაქის ცენტრში მაღაზიები დაარბიეს. ასობით დემონსტრანტი დაკავებულია.

    მოსახლეობა ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას აპროტესტებს.

    პორტუგალია და ბელგია

    ლისაბონში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში უძრავი ქონების (ბინების) გაძვირებისა და დაბალი შემოსავლების გამო. დემონსტრანტები როსიოს მოედანზე ღამეებს ათევენ.

    ბრიუსელში ასობით ახალგაზრდა სტუდენტი დაუპირისპირდა პოლიციას. ისინი უმაღლესი განათლების გაძვირებასა და დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ.

    ანალიტიკოსების აზრით, ბოლო კვირის განმავლობაში ევროპის მასშტაბით აგორებული საპროტესტო ტალღა და ძალადობრივი არეულობა აღარ არის მხოლოდ ლოკალური უკმაყოფილების გამოხატულება. საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმებისა (მაგალითად, Social Europe) და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების შეფასებით, აშკარაა ღრმა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურმა ფაქტორმა განაპირობა:

    ეკონომიკური საფუძველი

    ინფლაცია; ცხოვრების ხარჯების ზრდა; მსყიდველობითი უნარის დაცემა.დემონსტრანტებისმთავარი ლოზუნგია – „ფისკალური და სოციალური სამართლიანობა“. მაგალითად, პორტუგალიაში უძრავი ქონების ფასები 2017 წლის შემდეგ გაორმაგდა, რამაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიზისი შექმნა. პროფკავშირებისა და სოციალური მოძრაობების (მათ შორის, საფრანგეთის „ყვითელი ჟილეტების“) ანალიზით, კორპორაციული მოგება გაცილებით  სწრაფად იზრდება, ვიდრე რეალური ხელფასები, ეს მოსახლეობის ღარიბ ფენებსა და საშუალო კლასს შორის უფსკრულს აჩენს. სახეზეა საჯარო სექტორის, განათლების, ჯანდაცვის დეგრადაცია. საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის ფინალურ ეტაპზე პოლიტიკური ლანდშაფტი სრულიად ფრაგმენტირებულია. მთავრობის უუნარობამ, დაამშვიდოს ქუჩა, გამოიწვია ის, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა უპრეცედენტო ვანდალიზმს მიმართეს (მაგალითად, ლიმოჟის ისტორიული მერიის გადაწვა).

    დასავლელი ექსპერტების პროგნოზით, თუ ევროპული მთავრობები არ გადახედავენ თავიანთ ფისკალურ პოლიტიკას, არ მოახდენენ მშრომელთა უფლებების ინტეგრირებას ეკონომიკურ პროექტებში და არ შეაჩერებენ ცხოვრების გაძვირების ტემპს, პროტესტი კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს. ძალოვანი მეთოდებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით კრიზისის ჩახშობის მცდელობა მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანია და გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიას უწყობს ხელს.

    როგორც ვხედავთ, ევროპა ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში შევიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სოციალურ პროტესტს, არეულობას, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლას ევროპაში დიდი ხნის ისტორია აქვს. დუღილის ეს პროცესი გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევე ჩაქრება, როგორც აქამდე მომხდარა. შეიძლება ასეც ვიფიქროთ, მაგრამ შესაძლებელია, მთლად ასე მარტივადაც არ იყოს საქმე.

    რა მაქვს მხედველობაში?

    მოვლენებს სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ  ვითარება სტანდარტული არ არის. ეს გაცილებით ღრმა კრიზისის მაუწყებელ მოვლენას ჰგავს. საქმე ის არის, რომ მსოფლიოში გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიწყო, რომლებიც ასეთივე ხასიათის კრიზისის გამოძახილია:

    1. მიმდინარეობს ერთპოლუსიანი მოწყობიდან მრავალპოლუსიან მოწყობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი;

    2. დაძაბულობა თითქმის მივიდა ღია მსოფლიო ომამდე და ბირთვული დაპირისპირების დაწყებამდე;

    3. დადგა კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადია, როდესაც ყველანაირი კრიზისი, საბოლოო ჯამში, ერთ დიდ, სისტემურ კრიზისში იყრის თავს.

    პროტესტის მონაწილეები ახლოსაც არ არიან იმის გაცნობიერებასთან, რომ მათი პრობლემები ვერც ხელფასის ზრდით გადაწყდება და ვერც პროდუქციის გაიაფებით, ვერც სამუშაო საათების შემცირებითა და ვერც პირობების გაუმჯობესებით, ასეთი შესაძლებლობა კიდეც რომ არსებობდეს. მათი პრობლემები ვერც პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების გადადგომით მოგვარდება და ვერც ხელახალი არჩევნების ჩატარებით. ამ  პრობლემის გადაჭრა ეკონომიკური და სოციალური რეფორმებით ვერ მოხერხდება. მათი ხსნა სოციალისტურ რევოლუციაშია, რომელიც სახელმწიფოთა სათავეში სოციალისტურ მთავრობებს მოიყვანს, რაც ერთადერთი (ისტორიის მიერ აპრობირებული) მეთოდია სოციალური უსამართლობის მძიმე სენით დაავადებული საზოგადოების განკურნებისა. მხოლოდ სოციალისტური რევოლუციის გზით მოსულ მთავრობებს შეუძლიათ მთელი ქონების ნაციონალიზაცია, არსებული რესურსებისა და ბუნებრივი სიმდიდრის სახელმწიფოს ხელში თავმოყრა და სამართლიანი კანონების მიღების გზით სახალხო დოვლათის სწორი გადანაწილება.

    სხვათა შორის, იგივე პროცესია ჩასატარებელი რუსეთშიც, რომელიც თითქმის საუკუნოვანი განვითარების გზას ჩამოაცილეს და კაპიტალიზმის ყველაზე საზიზღარ, ყველაზე ულმობელ და  ველურ ფორმაში ჩაძირეს. რამდენიც უნდა იფართხალოს კაცობრიობამ, კაპიტალიზმის გზით სიარული ნიშნავს ომების, უსამართლობისა და უპერსპექტივობის გზით სიარულს. ერთ წელიწადში იქნება, ათ წელიწადში თუ სულაც საუკუნის შემდეგ, კაცობრიობას მოუწევს სოციალური უსამართლობისთვის უარის თქმა, რადგან სამართლიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. რამდენიც უნდა ლანძღონ სოციალისტური სისტემა და  აქონ კაპიტალისტური სიბინძურე, ამ უკანასკნელს  სამართლიანი ცხოვრების პირობების შექმნის რესურსი არ აქვს. რამდენი დოვლათიც უნდა შექმნას კაპიტალისტურმა სისტემამ, მდიდრები დოვლათის შემქმნელი მშრომელებისთვის უკანასკნელი ლუკმის წართმევაზე იქნებიან გამეცადინებულნი, იმიტომ, რომ ასეთია კაპიტალისტური სისტემის თვისება, ბუნება, წესი და ხასიათი. მტაცებელს არ შუძლია საკუთარ ბუნებაზე უარის თქმა, რადგან ეს მისთვის დაღუპვას ნიშნავს. ასევეა კაპიტალისტიც. ცალკეული კაპიტალისტის დაღუპვა საქმეს ვერ გამოასწორებს, კაპიტალიზმი მთლიანად უნდა დაიღუპოს, იგი, როგორც სისტემა უნდა განადგურდეს. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს ვიღაცის ნება-სურვილზე კი არ არის დამოკიდებული, ისტორიის კანონზომიერებაა და გარკვეულ დროსა და სიტუაციაში აუცილებლად მოხდება.

    * ის, რომ აშშ-სა და ევროპას შორის წინააღმდეგობა მწვავდება და დასავლეთი, როგორც ერთიანი პოლტიკური მექანიზმი, ირღვევა, კაპიტალიზმის სისტემური კრიზისისა და კრახის მაუწყებელია;

    * ის, რომ ნატო და ევროკავშირი იშლება, კაპიტალიზმის სასიკვდილო აგონიის გამოხატულებაა;

    * ის, რომ ევროპაში ფაშიზმის რეანიმაციის პროცესი დაიწყო, კაპიტალიზმის უკანასკნელი გაფართხალებაა;

    * ის, რომ ევროპა სოციალურ პრობლემებში იხრჩობა, მაგრამ უკანასკნელ თანხებს, საკუთარი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაკმაყოფილების ნაცვლად, შეშლილი უკრაინის ყულაბაში ყრის, დასავლური კაპიტალიზმის აღსასრულის მომასწავებელია.

    გზაც იქით ჰქონიათ!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here