15 სექტემბერს საქართველოს ყველა სკოლაში პირველკლასელთათვის პირველი ზარი ირეკება… ასე ხდებოდა ადრე, ახლა კი წლებია, არაერთ ქართულ სკოლაში პირველკლასელთათვის ზარი არ რეკავს, ეს იმიტომ, რომ პირველ კლასში შემსვლელი ბავშვი სოფლებში, უბრალოდ, აღარ არის; ჰო, იმ სოფლებში, რომლებშიც თაობები ზაფხულობით დასასვენებლად ჩადიოდნენ და იქ იმდენი ბავშვი ხვდებოდათ, გართობისა და თამაშის პრობლემა არ არსებობდა, დღეს კი…
მოდი, ჯერ ოფიციალურ სტატისტიკას გავეცნოთ:
წელს 188 საჯარო სკოლამ ვერც ერთი პირველკლასელი ვერ მიიღო, არანაკლებ საგანგაშოა, რომ 727 საჯარო სკოლაში შევიდა ხუთი ან ხუთზე ნაკლები პირველკლასელი. ადრე, აი იმ „ავადსახსენებელი“ სსრკ-ის პერიოდში სოფლებში უფრო მეტი ბავშვი იბადებოდა, ვიდრე ქალაქში და მიდიოდა კამპანია ქალაქელების წასახალისებლად. მათ უკიჟინებდნენ, რომ ერთი და ორი ბავშვი საკმარისი არ იყო და ერის გამრავლებაში საკუთარი წვლილი უნდა შეეტანათ. სოფლებში კი 4 და 5 შვილი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ახლა კი… ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ 2014 წელს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 223 სოფელი იყო სრულიად ცარიელი, ანუ იქ არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობდა. ბოლო 12 წელში ეს რაოდენობა… გაორმაგებულია. ჰო, ლამის 500-მდე სოფელში სულიერი აღარ დარჩა და იქ მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩადის თითო-ოროლა ოჯახი მამაპაპისეული სახლის გასანიავებლად. აღარავის ახსოვს, რომ 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად საქართველოში დაიწყო მოსახლეობის ბუნებრივი კლება, რომელიც 2007 წლამდე გაგრძელდა. ეს იყო ერთგვარი პირველი ეტაპი; მეორე ეტაპი დაიწყო 2020 წელს, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, მაგრამ… იცით, სად არის ძაღლის თავი დამარხული? ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. ამ დროს არსებობს მეორე სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ გარდაცვლილთა და ცოცხლად დაბადებულთა შორის სხვაობა რამდენიმე ათასია, ანუ მიმდინარეობს ბუნებრივი კლება. მაშ მოსახლეობის რაოდენობა როგორ მატულობს?! არ გეგონოთ, ციფრებით მანიპულირება ხდებოდეს, არა…
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან ყოველ წელს გადის სულ უფრო მეტი ქართველი და მათ ადგილს იკავებენ უცხოელები. 2023 წელს ემიგრაციის პიკი იყო, საქართველოდან 73 625 ადამიანი გავიდა, შემოვიდა 34 ათასამდე ადამიანი და უარყოფითი სალდოც დაფიქსირდა. 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე ოჯახის წევრი იყო ემიგრაციაში წასული. ბევრგან კი არა მხოლოდ წევრი, არამედ მთელი ოჯახი, მშობლებიც და ბავშვებიც, წასულები იყვნენ. 2023 წელს 0-14 წლამდე მოზარდების 35% წავიდა საქართველოდან, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 10,3% იყო, 2025 წელს – 9%. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები მშობლებთან ერთად წავიდნენ და მათი დიდი ნაწილი უკან დაბრუნებას არ აპირებს. როცა ამ სტატისტიკას გვაწვდიან, იქვე სიამაყით აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში წასულთა რაოდენობა მცირდება და ეს კარგია, მაგრამ იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ წამსვლელი აღარავინაა? ნელ-ნელა ერიც ბერდება და, 60 წელს გადაცილებული ქალი თუ კაცი რომ არ აიკრავს გუდა-ნაბადს და ბედის საძებნელად უცხოეთში არ წავა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დაახლოებით 15 წლის წინათ ევროპაში ჩემი კლასელი გოგონა და მისი სამი და წავიდნენ მშობლებთან ერთად. მამა გარდაეცვალათ და საბერძნეთში დაასაფლავეს, ორ დას ბერძენი მეუღლე ჰყავს, ერთს – იტალიელი და ერთსაც გერმანელი. ახლა, თქვენ თქვით, მათი შვილები ქართველებად გაიზრდებიან თუ ბერძნებად, იტალიელებად და გერმანელებად? ან ოდესმე მოუნდებათ დედის სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება? ასე ხდება ძალიან ბევრ შემთხვევაში და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რუსეთია, სადაც თავის დროზე აფხაზეთიდან დევნილმა არაერთმა ოჯახმა დაიდო ბინა და ახლა თუნდაც საფეხბურთო კლუბებში ქართული გვარის მქონე ათეულობით ფეხბურთელია, მაგრამ მოქალაქეობის გრაფაში რუსეთი უწერიათ და ამბობენ კიდეც, რომ მათი სამშობლო რუსეთია, რადგან იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ და ქართული ენა გამართულად 99%-მა არ იცის. რუსეთს კიდევ არა უშავს, ახლოსაა და ჩამოდიან მშობლების თუ აქაური ნათესავების ხათრით, მაგრამ ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში ათასობით ქართველი ბავშვი დაიბადა, რომლებმაც არც ენა იციან და არც აქაურობას იცნობენ. რამდენიმე წლის წინათ ამერიკაში დაბადებული ქართველი ექიმი, რომელიც ძალიან წარმატებულია, საქართველოში ჩამოიყვანეს და ჯანდაცვის მინისტრად სურდათ მისი დანიშვნა. იმ კაცმა ორ თვეს იცხოვრა საქართველოში, შეისწავლა აქაური ჯანდაცვის სისტემა, შეეცადა, პოლიტიკაშიც ჩაეხედა (სადამდეც ჩაახედეს, ჩაიხედა კიდეც) და კატეგორიული უარი თქვა მინისტრობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, ვისზეც არის ლაპარაკი. როცა მას პირადად ვკითხე, უარი რატომ თქვი-მეთქი, მოკლედ მომიჭრა: ჯერ არ გავგიჟებულვარო.
ისევ სავალალო სტატისტიკას დავუბრუნდეთ: 2022 წელს შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ასაკის ადამიანთა 65%-მა დატოვა ქვეყანა, 2023-ში ეს მაჩვენებელი 50% იყო, 2024 წელს კი 66%-ს მიაღწია, 2025 წელს – 65%-ს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახი ან ჯერ არ შეუქმნიათ, ან აქვთ და ერთი ან ორი ბავშვი გააჩინეს. რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ როგორმე ეს მდგომარეობა გამოასწოროს? რას აკეთებენ, თვითონ უკეთ იციან, ჩვენ კი იმას გეტყვით, რას არ აკეთებენ და, წესით, რა უნდა კეთდებოდეს. პირველ რიგში, აუცილებელია, გამოინახოს სახსრები იმისთვის, რომ დაფინანსდეს უშვილო წყვილების მკურნალობის ხარჯები. გაგიკვირდებათ და, ამას დაზღვევაც (კერძო, სახელმწიფო) არ ანაზღაურებს, რადგან თურმე მკურნალობა, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრელდეს, მაგრამ ისიც ხომ სათქმელია, რომ საქმე ბავშვს ეხება, ახალი სიცოცხლის დაბადებას და ეგებ, სახელმწიფომ ვალდებულება აიღოს, რომ რაღაც დოზით ჩაერთოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში?! ბევრი წყვილი, რომელსაც შვილი არ ჰყავს, მკურნალობს და საქმის ბოლომდე მიყვანას სწორედ უსახსრობის გამო ვერ ახერხებს, რადგან არ ჯდება ეს ყველაფერი იაფი. საუბარია ათიათასობით ლარზე და, თუ ოჯახს ეტყვიან, რომ ხელოვნური განაყოფიერებაა საჭირო, მაშინ ვაჭრობა 15 ათასი ლარიდან იწყება. შვილის ყოლის სურვილი ყველა დაქორწინებულ წყვილს აქვს, მაგრამ ახლა ის ვიკითხოთ, რამდენას შეუძლია ამ თანხის გადახდა და ამას პლუს შემდეგ ბავშვის გაზრდა, იმ ბავშვის, რომელსაც სპეციალური საკვების ერთი კოლოფი (არ აქვს მნიშვნელობა, ქაღალდის თუ ალუმინის შეფითვით), ერთ კვირას არ ჰყოფნის, ასეთი საკვების ფასი კი 40 ლარიდან იწყება. ამას დაუმატეთ პამპერსი, პედიატრთან ვიზიტები და მიხვდებით, რომ საქმე დიდძალ ფულთან გვაქვს. თანაც ხელოვნური განაყოფიერება არ არის იმის გარანტი, რომ ქალი აუცილებლად დაორსულდება, შესაძლოა, პირველი ცდა წარუმატებელი იყოს და მეორე, მესამე დასჭირდეს, რისთვისაც თანხას მეორედ და მესამედ იხდის, ანუ ექიმი და კლინიკა კი არ იბრალებენ, რომ რაღაც შეეშალათ, არამედ ისევ უშვილო დედაა დამნაშავე და ჭრილობაზე მარილს სწორედ მას აყრიან.
გაისად, სამწუხაროდ, უფრო მეტ სკოლაში არ დაირეკება ზარი პირველკლასელთათვის, უფრო ნაკლები ბავშვი იქნება სოფლად და დაცარიელებული სოფლების რაოდენობაც მოიმატებს. იქეთა წელსაც გადავაგორებთ და მერე საპარლამენტო არჩევნები მოგვადგება კარს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც დემოგრაფიისთვის გვეცლება და არც სოფლისთვის. ერთი ეგაა, სოფლებში ამომრჩეველი რომ აღარ დარჩება, მერე რას იზამენ კანდიდატები, ვის მიადგებიან, ხმა მოგვეცითო? თუ საბოლოო მიზანიც ეგაა და… ის სტატისტიკაც არსებობს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე 5-6 კაცი რომ არის რეგისტრირებული, მაგრამ ვითომც არაფერი, არჩევნები მაინც „მშვიდ გარემოში“ ტარდება.
ლევან გაბაშვილი







