2026 წლის 12-13 სექტემბერს ინდოეთში (ნიუ–დელიში) გაიმართა ბრიჩს-ის (ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა. ლათინური ასოებით – BRICS) მე-18 ყოველწლიური სამიტი. ღონისძიებას, რომელსაც კომპლექსი bharat Mandapam-ი მასპინძლობდა, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი უძღვებოდა. სამიტის მთავარი თემა იყო: „მედეგობის, ინოვაციების, თანამშრომლობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (Building for Resilience, Innovation, Cooperation and Sustainability).
ეს იყო გაფართოებული, 11-წევრიანი ბლოკის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი) ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. სამიტს პირადად დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი.
სამიტის ძირითადი შედეგები და თემები:
- ნიუ–დელის დეკლარაცია – ლიდერებმა ერთხმად მიიღეს 45-გვერდიანი ერთობლივი დეკლარაცია. მიუხედავად წევრებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, დეკლარაციამ მხარეებს მოუწოდა თავშეკავებისკენ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა თავი აარიდა ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების პირდაპირ დაგმობას;
- მარცვლეულის ბირჟა (Grain Exchange) – მხარი დაუჭირეს რუსეთის ინიციატივას ბრიჩს-ის მარცვლეულის ციფრული ბირჟის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური კომპანიების დომინაციის დაბალანსებას სოფლის მეურნეობის ბაზარზე;
- გლობალური მმართველობის რეფორმა – ჩინეთმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთისა და ბრაზილიის როლის გაძლიერების (მუდმივი წევრობის ამბიციების) სურვილი და ამ წინადადებისთვის მხარდაჭერა;
- ინდოეთ–ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები – სამიტის ფარგლებში გაიმართა ნარენდრა მოდისა და სი ძინპინის შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა საზღვრებზე მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.
ზოგად შტრიხებში ასეთი იყო სამიტის მუშაობა და შედეგები.
ვფიქრობ, რომ სამიტის მუშაობაში ყველაზე საინტერესო ეპიზოდი რუსეთის პოზიცია ანუ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა იყო, ვინაიდან ამ ორგანიზაციაში კამერტონის როლს სწორედ რუსეთი ასრულებს.
ვლადიმერ პუტინმა გამოსვლა ასე დაიწყო:
„პატივცემულო პრემიერმინისტრო მოდი! პატივცემულო კოლეგებო! ძვირფასო მეგობრებო! როგორც უკვე აღინიშნა, გაერთიანების წევრი ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა საკვანძო მიმართულებით. ეს ეხება პოლიტიკასა და უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და ფინანსებს, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებს. კოლეგებმა უკვე აღნიშნეს, რომ ბრიჩს-ი დღეს, ფაქტობრივად, მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანებაა. ითქვა ისიც, რომ ჩვენ დედამიწის ტერიტორიის დაახლოებით მესამედს ვიკავებთ, მსოფლიო მშპ-ის 40 პროცენტს ვქმნით და პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჩვენს ქვეყნებში ცხოვრობს, მაგრამ მსურს, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ გარემოებაზე, რომელიც თანამედროვე პირობებში, ჩემი აზრით, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს: ჩვენს ქვეყნებში თავმოყრილია უზარმაზარი, ძლიერი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პოტენციალი – სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბრიჩს-ში პარტნიორობა მუდმივად შენდება თანასწორობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე, ერთმანეთის კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნების, ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების პატივისცემაზე, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ბრიჩს-ის ავტორიტეტი და გავლენა მსოფლიოში განუხრელად იზრდება. გაერთიანებამ სამართლიანად დაიმკვიდრა ადგილი გლობალური მართვის ერთ-ერთ მთავარ ცენტრში. ჩვენს კოლეგიურ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე დიდწილად არის დამოკიდებული მოვლენების განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში. ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ სრულიად აქტუალურია ინდოეთის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული დღევანდელი შეხვედრის თემა „ინკლუზიური გლობალური მმართველობა და მრავალმხრივობის გაძლიერება“. მართლაც, ჩამოყალიბების პროცესში არსებული მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის პირობებში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიზრუნოთ ნამდვილი მრავალმხრივობის განმტკიცებაზე; გლობალური მმართველობის მექანიზმებსა და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურების საქმიანობაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართვაზე; მწვავე გამოწვევებსა და საფრთხეებზე პასუხების მოძიებაზე; საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე საყოველთაო კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად”.
ასეთია მასშტაბური გათვლები, რომლებიც გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებში შედის. პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ გლობალურ ცვლილებებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს და შეუქცევადი ხასიათი აქვს:
„დღეს მსოფლიო ასპარეზზე მართლაც კარდინალური გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური გარდაქმნები მიმდინარეობს. ბევრი რამ იცვლება და, პირველ რიგში, იცვლება ადამიანის ცხოვრების წესი, მედიცინის დონე, გარემოს ხარისხი, საზოგადოების სტრუქტურა და მსოფლიოს დემოგრაფიული რუკა.
წარსულს ბარდება საერთაშორისო ურთიერთობების ერთპოლუსიანი სისტემა, რომელიც ქვეყნების ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა. ძალთა ბალანსი ახალი ცენტრების – გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სასარგებლოდ გადანაწილდება. სულ უფრო მეტი სახელმწიფო ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებს მზადყოფნას, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და მონაწილეობა მიიღოს გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში”.
ყველაზე საინტერესო, მაგრამ ყველაზე დაძაბული ეპიზოდი პრეზიდენტ პუტინის გამოსვლისა ის იყო, როდესაც მან ყურადღება იმ სირთულეებზე გაამახვილა, რომლებიც დასავლეთიდან მოდის:
„მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება სირთულეების გარეშე არ მიმდინარეობს. ამას თქვენთან ერთად ვხედავთ. ეს პროცესი წინააღმდეგობას აწყდება მათგან, ვინც არსებითად კოლონიური კატეგორიებით აზროვნებას არის მიჩვეული, სამყაროს ყოფს „აყვავებულ ბაღად“ და „ველურ ჯუნგლებად“ (პუტინმა აქ ჟოზეპ ბორელის ის უხეირო, მაგრამ ცნობილი, ნათქვამი გაიხსენა, რომლითაც მან დასავლეთი და დანარჩენი მსოფლიო ერთმანეთთან დააპირისპირა) და სურს, იცხოვროს სხვის ხარჯზე. ისინი არ არიან მზად, მიიღონ შეცვლილი რეალობა და ყველანაირად ცდილობენ მზარდი კონკურენტების შეკავებას. საქმეში ერთვება ნებისმიერი საშუალება, მათ შორის სატარიფო ომები, არალეგიტიმური სანქციები, შანტაჟის მცდელობები, საშინაო საქმეებში ჩარევა და უბრალოდ უხეში ძალა. აღვივებენ ძველ დაძაბულობის კერებს, პარალელურად, ახალი კონფლიქტებისა და უთანხმოებების პროვოცირებას ახდენენ. ამის შედეგად ირღვევა საერთაშორისო ურთიერთობების მთელი სისტემა, მცირდება რიგი მრავალმხრივი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ეფექტიანობა”.
ასე დაახასიათა რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის პოზიცია, რომელიც საერთაშორისო განვითარებისა და ტენდენციების შემაფერხებელ ძალად ჩამოყალიბდა და მთელ მსოფლიოს გლობალური დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამასთან დაკავშირებით პუტინმა გაეროს როლზეც ისაუბრა:
„ამის გათვალისწინებით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო საქმეებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალური როლის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. მისი წესდება საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მცდელობისა, იგი ჩაანაცვლონ რაღაც წესრიგით, რომელიც თითქოსდა ეფუძნება გარკვეულ, გაუგებარია, ვის მიერ შედგენილ, „წესებს“.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ბრიჩს-ის თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად კვლავ შევუწყოთ ხელი გაეროს საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ამას ხელს შეუწყობდა გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოება და აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლობის გაზრდა”.
პუტინი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასაც შეეხო. დიდი ხანია, მომწიფდა გლობალური ეკონომიკური მართვის ინსტიტუტების — საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გაუმჯობესების საკითხიც. ყველა ეს ორგანიზაცია სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში შეიქმნა და დღეს უჭირთ იმ ვითარებასთან ადაპტაცია, როდესაც ბიზნესაქტივობა განვითარებადი ბაზრებისკენ ინაცვლებს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაც და მსოფლიო ბანკიც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის დიალოგის არხებს წარმოადგენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნების კოორდინაციის გაძლიერება. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, როდესაც ბრიჩს-ის თავმჯდომარე რუსეთი იყო, სხვა საკითხებთან ერთად ამოქმედდა WTO-ს (მსოფლიოს სავაჭროორგანიზაცია)https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D_%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90 საკითხებზე კონსულტაციების მექანიზმი.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ მოქმედი მმართველობის ინსტიტუტების მოდერნიზაცია საკმარისი აღარ არის. გაჩნდა სრულიად ახალი სფეროები, როგორიცაა პლატფორმული ეკონომიკა, ფინანსური ტექნოლოგიები და ციფრული ვაჭრობა. ყველა მათგანს საკუთარი, ცალკეული ინსტიტუტები და რეგულირების წესები სჭირდება და ამ ინსტიტუტების შექმნაში ჩვენს გაერთიანებას თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი როლის შესრულება.
ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაო უკვე მიმდინარეობს, რომელზეც უკვე იყო საუბარი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ბრიჩს-ის სხვა სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი, იყვნენ შანხაიში ივლისში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის თანადამფუძნებლები”.
პუტინი რუსეთის იმ ინიციატივებსაც შეეხო, რომლებსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს საბოლოო ფორმირების საქმეში:
„ასევე მინდა გავიხსენო, ჩემი აზრით, რამდენიმე სასარგებლო რუსული ინიციატივა – კერძოდ, ბრიჩს-ის ფარგლებში გადახდისა და ანგარიშსწორება-სადეპოზიტო ინფრასტრუქტურის შექმნა, გაერთიანებაში ახალი საინვესტიციო პლატფორმის, გადაზღვევის მექანიზმისა და მარცვლეულის ბირჟის დაფუძნება. მოხარული ვართ, რომ ბრიჩს-ის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ბიზნესწრეების აქტიურ ინტერესს ვხედავთ. ამის შესახებ გუშინ ბრიჩს-ის ბიზნესფორუმის პლენარულ სხდომაზე იყო საუბარი. ბრიჩს-ის ბიზნესსაბჭოს წევრ მეწარმეებს აქვთ მრავალი განსხვავებული ინიციატივა და წინადადება პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. იგეგმება ამბიციური მრავალმხრივი პროექტების განხორციელებაც”.
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ორგანიზაციის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი:
„დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნიუ–დელიში მიმდინარე ბრიჩს–ის სამიტი ადასტურებს: ჩვენს გაერთიანებას აქვს ფართო პერსპექტივები ერთობლივი მუშაობისთვის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, გლობალური მმართველობის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად – მსოფლიოში ნამდვილი მრავალპოლუსიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის და ყველა ჩვენს ინდოელ კოლეგას იმისთვის, რომ მათ შექმნეს ასეთი შესანიშნავი, სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ატმოსფერო ჩვენი მუშაობისთვის.
დიდი მადლობა!”
ბრიჩს-ის ინდოეთის სამიტმა დაადასტურა, რომ ეს ორგანიზაციაც საბოლოოდ შედგა; მრავალპოლუსიანი მსოფლიო შეუქცევადი გახდა და მსოფლიოს პოლიტიკის სიმძიმის ცენტრმა დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაინაცვლა.
ვალერი კვარაცხელია







