საქართველოში შექმნილ სავალალო დემოგრაფიულ ვითარებაზე არაერთხელ დაგვიწერია – მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება და, ვაი, რომ ამ შემცირებაში ქართველთა წილი მეტია. არ ვამბობთ, რომ ერები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, არ უნდა გამრავლდნენ ან მათზე აღმატებულnი ვართ, მაგრამ ადვილი გასაგებია, რომ, როცა ქვეყანას საქართველო ჰქვია, იქ ქართველებზე, ანუ ჩვენს ჯიშსა და ჯილაგზე შეგვტკივა გული. თუ ასე გაგრძელდება, შორს არ იქნება დრო, როცა საქართველოში ქართველი უმცირესობაში იქნება, და ეს ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ჰო, კატასტროფისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ და რატომღაც გვეგონა, რომ ხელისუფლების უმაღეს პირებს ამ ყველაფრის ადეკვატური ახსნა თუ აღქმა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა…
საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა. ვიღაცისთვის „სულ რაღაც“ 210 ბავშვი ბევრი შეიძლება არც იყოს, მაგრამ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, მით უმეტეს, რომ, იმავე საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ანუ იმავე პერიოდში, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 6 თვეში ქვეყნის მოსახლეობა 4505 ადამიანით შემცირდა. გამოდის, რომ ყოველდღიურად ვიღვიძებთ იმ გარემოში, რომელშიც წინა დღესთან შედარებით 25-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. გვერწმუნეთ, რომ ეს ძალიან ცუდია.
მოდი, სტატისტიკას გავყვეთ და რეგიონების მიხედვით ვნახოთ, სად რამდენი ბავშვი დაიბადა პირველ 6 თვეში: თბილისში – 6 889, აჭარაში – 2 061, იმერეთში – 1 985, ქვემო ქართლში – 1 982, კახეთში – 1 165, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 1 043, შიდა ქართლში – 992, სამცხე-ჯავახეთში – 621, გურიაში – 352, მცხეთა-მთიანეთში – 343, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 76. ბოლო მონაცემი ავიღოთ – ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და ლენტეხში 6 თვეში 76 ბავშვი დაიბადა, ანუ თვეში 12 ბავშვი, ე.ი. თითო მუნიციპალიტეტში, თვეში საშუალოდ – 3 ბავშვი. ახლა არცთუ შორეული წარსულის სტატისტიკას გადავხედოთ. მაგალითად, 1970 წელს ამ რეგიონში 1194 ბავშვი დაიბადა; 1989 წელს, როცა ეროვნული მოძრაობა პიკზე იყო, 751 ბავშვი დაიბადა, ამჟამინდელ მაჩვენებელზე ლამის ათჯერ მეტი. 2014 წელს ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა ამ რეგიონში 379 იყო, ახლა კი... ახლა კი… 76-ია. ხელისუფლება კი გვიმტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არის განპირობებული. არ მოგესმათ, სწორედ ასე ახსნეს შობადობის შემცირება.
„სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება – კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფასიანი იყო. სკოლები თავისთავად უფასო არის, უმაღლესი განათლება არის უფასო. ასევე, არის სხვა მხრივ წახალისებები. პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. სტატისტიკას რაც შეეხება, საქართველოს სტატისტიკა გვიჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას, რომ საქართველოში მესამე და მომდევნო შვილის სტატისტიკა არის სტაბილურად მაღალი. სხვათა შორის, ეს სტატისტიკა არის მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ თავის დროზე დაიწყო მესამე და შემდეგი შვილის მონათვლის პროცესი. მას შემდეგ ეს სტატისტიკა გაიზარდა და დღემდე მაღალია. სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკა არის პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ ან დაოჯახების რაოდენობაა ნაკლები, ან წყვილები პირველ და მეორე შვილზე თავს იკავებენ, ან გვიან შეეძინებათ ხოლმე. მთავარი მოტივატორი და წინაპირობა, მათ შორის დემოგრაფიული პროცესის, არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკურ თუ ფინანსურ პირობლემებში, არამედ ადამიანური მოტივაცია, რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები თავს იკავებენ იმიტომ, რომ დაკავებულნი არიან ჯერ კარიერით და შემდეგ გეგმავენ. დაგეგმვის მიმართ კულტურის შემოსვლა ბავშვის გაჩენის თუ მისი გაზრდის დაგეგმვაში გადადის. ის, რაც მანამდე სპონტანური, ემოციური იყო, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გამოდის, კარგად რომ ვცხოვრობთ, ბავშვები იმიტომ არ გვყავს და მერე რა, რომ ხშირად გვესმის: კი მინდა მეორე, მესამე თუ მეოთხე შვილის გაჩენა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მაქვსო. თურმე ეს ყველაფერი პირიქით ყოფილა და ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცოდით. ის, რომ 3-4 ბავშვს უფრო მეტი სჭირდება, მარტივი არითმეტიკაა და ეს „უფრო მეტი“ ოჯახებს აქვთ, მაგრამ თურმე შვილები მაინც არ უნდათ.
წლებია, გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს (ამ თემაზე საუბარი 2003 წლიდან დაიწყეს ნაციონალებმა), მუდმივად წინ მივდივართ, ევროპაში კი არა, ლამის მსოფლიოში საუკეთესოები ვართ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით, მაგრამ რით ვერ გავიზარდეთ ისე და რით ვერ მივედით იქამდე, რომ ეს ზრდა შეწყდეს?! ვთქვათ: მორჩა, იმის იქით აღარაფერია, განვვითარდით, დავსტაბილურდით! ეს ყველაფერი რიგით ადამიანებზე ხომ უნდა აისახოს?! სწორედ რიგით ადამიანებზე ამის ასახვის პრობლემა გვაქვს ყველაზე მეტად და ყველაზე მწვავედ, მაგრამ ამაზე აქცენტს არავინ აკეთებს. თუ საბჭოთა პერიოდში წინ მივიწევდით, ვმრავლდებოდით, ახლა რა დაგვემართა? იმხანად საშუალო ფენა უფრო ძლიერი იყო, ახერხებდა დოვლათის შექმნას, ყველას ჰქონდა მეტ-ნაკლებად გადანახული გარკვეული თანხა და სტუმრის მოსვლის არავის ეშინოდა.
კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო სტატისტიკა, რომელიც დემოგრაფიულ მაჩვენებელზე პირდაპირ არის მიბმული: 2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა, რაც პროცენტულად 60,91%-ია. არის თუ არა ეს უზარმაზარი რაოდენობა? რა თქმა უნდა, არის. ჰოდა, რატომღაც გვგონია, რომ განქორწინების ასეთი სტატისტიკის გამოც არის უარყოფითი მაჩვენებელი. დანგრეული ოჯახი რას ნიშნავს? ჰყავთ ერთი შვილი და… მეორე შვილს ფიზიკურდ ვეღარ გააჩენენ, განქორწინდნენ და იმიტომ; თუ მეორედ იქორწინებენ, ეგ სხვა საკითხია. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა განქორწინებულ მამაკაცს ასევე განქორწინებული ქალი მოჰყავს ცოლად და ორივეს ჰყავთ შვილები, შესაბამისად, საერთო შვილებზე უკვე ნაკლებად ფიქრობენ. ისიც გვგონია, რომ განქორწინების ასეთი მაჩვენებელი მაინცდამაინც კარგი ცხოვრებისგან არ უნდა იყოს გამოწვეული. არ გვგონია, რომ ოჯახები ფინანსურად დალხენილი არიან, პრობლემა არ აქვთ ამ მიმართულებით და მაინც განქორწინებას გადაწყვეტენ ხოლმე.
სამწუხარო რეალობა გვაქვს, ძალიან სამწუხარო. როგორ არ გავიხსენოთ, ათიოდე წლის წინათ იაპონელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელშიც ისინი მარტივად ხსნიდნენ, რის გამო ემუქრებოდა 2050 წლისთვის რამდენიმე ერს გადაშენება. სახელმწიფოს გაქრობა კი არა, ერის გადაშენება იყო მათი კვლევის ობიექტი და ჩამოთვლილთა შორის ქართველი ერიც იყო მოხსენიებული. ეგებ, ათიოდე წლის წინათ ეს ყველაფერი ისე მძაფრად არ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს, როცა ციფრებით არის დამტკიცებული, რომ ყოველდღიურად 25 კაცით შემცირებულ ქვეყანაში ვიღვიძებთ, საფრთხე აშკარაა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ სტატისტიკის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებთ და თითქოს არც გვსურს, რაიმე შევცვალოთ. თითქოს ყველა თავის ნაჭუჭშია გამოკეტილი და საერთო პრობლემაზე მსჯელობა და ფიქრი არავის უნდა. პატრიარქმა შიო მესამემ გააკეთა აქცენტი ამაზე, დემოგრაფიაზე მუდმივად საუბრობდა მისი წინამორბედი პატრიარქი ილია მეორე, მაგრამ რეალური ბერკეტები საპატრიარქოს არ აქვს და ის, რაც აწ განსვენებულმა ილია მეორემ მოიფიქრა (ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლას ვგულისხმობ), ეკლესიის მხრიდან, ალბათ, მაქსიმუმი იყო.
ბესო ბარბაქაძე







