მგლის ფიქრი

    მგლის ფიქრი

    საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დღემდე არ იცის, როგორ დაიკარგა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. პროპაგანდა თავისას აკეთებს: „რუსეთი ოკუპანტია!” ეს ისე ხმამაღლა, ისე ბევრჯერ და ისე დამაჯერებლად ითქვა, რომ ამ ტრაფარეტის წინააღმდეგ მოტანილი ნებისმიერი არგუმენტი უსუსური ჩანს. ფაქტებიც ისეა წარმოჩენილი და დალაგებული, რომ რუსეთის ოკუპანტობას მტკიცებაც კი არ სჭირდება.

    ფაქტები:
    – ვის მხარეს იდგა რუსეთი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კონფლიქტის დროს?
    – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის.
    – ვინ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?
    – რუსეთმა.
    – ვისი სამხედრო ბაზებია განლაგებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე?
    – რუსეთის.

    დასკვნა, რომელიც ამ მოღაღადე ფაქტებს თავისთავად (ავტომატურად) მოჰყვება:
    რუსეთი ოკუპანტია!

    ამ ფონზე როგორ უნდა ამტკიცო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დატრიალებული მოვლენები არა რუსული, არამედ ამერიკული სცენარით განხორციელდა? ჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული აშშ, რომ საქართველოს ძორძველი ტერიტორიები რუსეთის განკარგულებაში გადასულიყო? შეკითხვა თითქმის რიტორიკულია, ანუ თავშივე შეიცავს პასუხს, რომელიც ასეთია – რა სისულელეა საკითხის ასე დაყენება?! ერთი შეხედვით, მართლაც რატომ უნდა ყოფილიყო ამერიკელთა ინტერესში ის ამბავი, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის განკარგულებაში გადასულიყო და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზები განთავსებულიყო? დასავლეთი რატომ მოიქცეოდა ასე? ხმამაღლა და პათეტიკურად დასმულ ამ შეკითხვას მშვიდად ვპასუხოთ: იმიტომ, რომ სპეცსამსახურების მიერ მოფიქრებული ამ რთული კომბინაციის (ოპერაციის) ჩატარების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დაუძლეველი წინააღმდეგობა გაჩნდებოდა, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან დიალოგის საშუალებას არ მისცემდა და სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივას, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ჟანგბადივით საჭიროა, გადაკეტავდა. ამის შემდეგ ამერიკელებს საქართველოში თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცემოდათ. ასეც მოხდა. რუსებმა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზეთსა და ცხივნალში პოზიციები განიმტკიცეს, მაგრამ დანარჩენი საქართველო ამერიკელთა ხელში აღმოჩნდა. დასავლეთის სპეცსამსახურების პროექტმა „რუსეთი ოკუპანტია!” ისე კარგად იმუშავა, რომ ამ აქტის შემდეგ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს მტრებად აღიქვამენ. საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ:

    * ამერიკელებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად რუსეთისგან საქართველოს მტრობა იყიდეს;

    * რუსეთმა, თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვის სანაცვლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიიღო;

    * საქართველომ კი, მისი ჭკუით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობით რუსეთის ხელიდან დასხლტომისა და დასავლეთთან მიკედლების პერსპექტივა გაიჩინა.

    ვინ მოიგო და ვინ იზარალა?

    * ამერიკელებს არაფერი უზარალებიათ, მოგების სახით კი რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი საქართველო მიიღეს, რაც მათთვის ამიერკავკასიაში გეოსტრატეგიული პოზიციის განმტკიცებაა;

    * რუსებმა საქართველოს სახით ამიერკავკასიაში მოკავშირე დაკარგეს, მაგრამ დანაკარგის კომპენსაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავიანთი სამხედრო ბაზების განთავსებით მოახერხეს;

    * ქართველებმა ვერც ვერაფერი მოვიგეთ და დიდი ტერიტორიული ზარალიც განვიცადეთ.

    ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის შესაბამისად განხორციელდა და მასში საქართველოს გარკვეული პოლიტიკური და სამხედრო წრეები მონაწილეობდნენ. ეს რომ ასე იყო, ადვილად მისახვედრია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არც ლოგიკის სჯერათ და არც ფაქტების. „შეთქმულების თეორიების არ გვჯერა!” – ისე აცხადებენ ისინი, თითქოს ისტორიაში შეთქმულება არსად მომხდარა. ამგვარი „ურწმუნო თომების” დასარწმუნებლად სიტუაცია ზოგჯერ გარკვეულ მტკიცებულებებს გვთავაზობს. ამ კონკრეტულ ვითარებაში მხედველობაში მაქვს ნიკა გვარამიას ერთი განცხადება, რომელსაც, საჭირო კონტექსტში თუ ჩავსვამთ, უაღრესად საინტერესო სურათს მივიღებთ. აი, რა თქვა მან: ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ…”

    რას ნიშნავს ეს ნათქვამი?

    სახელმწიფოს ესა თუ ის ტერიტორია ამა თუ იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ხელს თუ უშლის, მან, სტრატეგიაზე კი არა, ტერიტორიებზე უნდა თქვას უარი. გვარამიას აზრით, ფაშინიანმა ყარაბახზე უარის თქმით დაძლია რუსეთთან მიჯაჭვულობა და დასავლეთის მიმართულებით სიარულისთვის ხელ-ფეხი გაეხსნა, ამიტომ არის გვარამია ფაშინიანით აღფრთოვანებული. გვარამიას ამ ფორმულას თუ განვაზოგადებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის შემომტკიცების გზას არ უნდა დავადგეთ, ვინაიდან ეს გზა რუსეთთან ურთიერთობის გზაა, ხოლო ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა კი არა, მისგან ჩამოცილება უნდა გვინდოდეს, ამიტომ სჯობს, ფაშინიანივით უარი ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სანამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან რამე სახის თანამშრომლობის აუცილებლობამდე მიგვიყვანს.

    ახლა იმაზეც დავფიქრდეთ, საიდან მოვიდა ეს აზრი, გვარამიას თავში დაიბადა? არა. ეს არ არის გვარამიას თავში დაბადებული აზრი. ეს არის იდეა, რომელიც ამ საქმეში თავიდანვე იყო ჩადებული. დასავლეთმა ტერიტორიები დაგვაკარგვინა იმ შედეგზე გათვლით, რომ ეს რეალობა სამუდამო მოცემულობად ექცია. ძირძველი ქართული ტერიტორიების დაკარგვა უნდა ყოფილიყო რუსეთთან სამუდამო მტრობის გარანტი. ეს რეალობა დე ფაქტო დამდგარია, მაგრამ დე იურე არ არის გაფორმებული. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი, გვარამიასგან განსხვავებით, არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას. სხვათა შორის, არც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პერსპექტივის დაკარგვას შეეგუება ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, ვინაიდან საქართველოს ხსნა ეგზისტენციური ხასიათის საფრთხისგან სწორედ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაშია. გვარამია ამერიკული სპეცსამსახურებისგან მიღებული დავალებების შესაბამისად ფიქრობს. „მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ” (ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია”).

    მეტი ფიქრი რომ არ იცის და არ შეუძლია, სწორედ იმ ადამიანს გაახმოვანებინეს ის, რასაც დასავლეთი აპირებს იმ შემთხვევაში, თუ აქ აგენტოკრატიის აღდგენა შეძლეს. ასეთ შემთხვევაში ისინი გეგმავენ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დე ფაქტო არსებობს (დაკარგული ტერიტორიები), დე იურე გააფორმონ, ანუ ისევე გვაღიარებინონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როგორც ფაშინიანს აღიარებინეს ყარაბახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

    გვარამიას გონებასუსტობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მან ვერ გააცნობიერა დღევანდელი მთავრობის პრინციპული პოზიცია – არავითარი ვასალობა დასავლეთისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში! ამიტომაც არ აიტაცეს გვარამიას ეს „დიდებული” პოლიტიკური მიგნება არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში.

    მმართველ გუნდში აღნიშნეს: „გვარამიას სიტყვები არის უსამშობლოების კლასიკური მაგალითი, მოღალატეობრივი რიტორიკის გაგრძელება, როდესაც პოლიტიკოსები მზად არიან, საკუთარი სარგებლისთვის ყველაფერი დათმონ. ოპოზიციის ლიდერები ამგვარი განცხადებებით ამზადებენ ნიადაგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის) თემით მანიპულირებისთვის”.

    გვარამიას ეს როშვა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტრაგედია შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაგეგმილი დიდი ვერაგობის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც გაცილებით უფრო ცუდ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს, ვიდრე დღეს გვაქვს.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here