სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 ივლისს საგრანტო პროგრამა გამოაცხადა და უკვე ამ თვის ბოლოდან სამინისტროში არაერთი განაცხადი შევა. ფერმერები, რომლებიც სამინისტროს მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და, რაც მთავარია, დაწესებული სტანდარტებით განახორციელებენ პროექტებს, დახარჯული თანხის 50%-ს სახელმწიფოსგან მიიღებენ გრანტის სახით, ანუ საჩუქრად. მაგალითად, ააშენეთ ფერმა, დახარჯეთ 2 მილიონი და მშენებლობის დასრულებისა და ჩაბარების შემდეგ სახელმწიფო მილიონს დაგიბრუნებთ, ანუ 2-მილიონიანი ფერმა მილიონად დაგრჩებათ. ეს ძალიან კარგია და ჩამონათვალიც ლამის ყველაფრის მომცველია – მეფრინველეობა, თევზის მოშენება, მესაქონლეობა (როგორც სასუქი, ასევე სახორცე და მერძეული ჯიშები), მეცხვარეობა, მეფუტკრეობა… ანუ ფინანსდება ყველაფერი… მეღორეობის გარდა. ჰო, თუ გაქვთ სურვილი, ღორების ფერმა გააკეთოთ, მოამრავლოთ, მოაშენოთ, ამის გაკეთებას მხოლოდ საკუთარი სახსრებით თუ შეძლებთ, რადგან სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ამბობს. სანამ ამ ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილების მიზეზებზე ვისაუბრებთ, ღორის ადგილობრივ წარმოებაზე ვთქვათ.
საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 20, 254 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორები შემოვიდა, რომელიც 2009 წლის შემდეგ (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესადარებლად: 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხალი ღორების იმპორტმა 15,286 მლნ დოლარი შეადგინა, ეს წლევანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 32,5%-ით ნაკლებია. 2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტის ეს მაჩვენებელი 13,358 მლნ დოლარი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 11,213 მლნ დოლარი, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივნისში – 8,397 მლნ დოლარი.
ხომ საინტერესოა, საიდან შემოგვყავს ღორები? იმპორტიორი ქვეყანა ერთია – რუსეთი და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ცოცხალი ღორების 100% რუსეთზე მოდის. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ ექვს თვეშიც საქართველოში შემოყვანილი ცოცხალი ღორების 100% რუსეთზე მოდიოდა, ანუ აქ სიახლე არ არის. წინა წლებში კი ცოცხალი ღორები, რუსეთის გარდა, დანიიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან და ბულგარეთიდანაც შემოგვყავდა, მაგრამ იმპორტის ზრდის პარალელურად ქვეყნების რაოდენობა შემცირდა და ყველაზე მომგებიანი რუსეთიდან იმპორტი გახდა. შედეგად, ამჟამად მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელზე ვართ დამოკიდებულნი. ჰო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმპორტიორს შემოყვანილი ღორის ცოცხლად გაყიდვის უფლება არ აქვს, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიკლას და, რაც მთავარია, არ უნდა გაამრავლოს, ამიტომ შემოყვანილი ღორების 100% დაკოდილია…
სახელმწიფო გვეუბნება, რომ ღორების მოშენებას საფრთხეების გამო არ აფინანსებს, ანუ დიდია შანსი, ღორს გაუჩნდეს დაავადება და 2-3 დღეში მთელი ფერმა ამოწყდეს. თანაც თურმე არ არსებობს ვაქცინა, რომლითაც აცრა და თავის დაზღვევა შეიძლება. რა უფლება გვაქვს, სახელმწიფო სტრუქტურებს არ დავუჯეროთ, მაგრამ მოდი, მარტივი კითხვები დავსვათ: თუ ღორების მოშენება საშიში და წამგებიანია, როგორ ახერხებენ რუსეთი, ბელარუსი, დანია, ბულგარეთი მათ წარმოებას? როგორ ახერხებენ, რომ ათიათასობით ღორს ამრავლებენ და თითქმის არ უკვდებათ? კიდევ ერთ, არანაკლებ „მარტივი“ კითხვა – სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცოცხალ ღორს ისე არ შემოუშვებს, თუ არ აქვს სერთიფიკატი, რომ ცხოველი ჯანმრთელი და, რაც მთავარია, აცრილია, ანუ საქართველოში შემოდის ჯანმრთელი და აცრილი ღორი და რატომ არ აქვს შემომყვანს ასეთი ღორის გამრავლების უფლება? თანაც, კანონით რომ კრძალავ, არ გაამრავლო, სარისკოაო, ის კაცი რისკავს, სახელმწიფო ხომ არა და, თუ იზარალებს, მხოლოდ თვითონ. ჰოდა, რატომ ვკრძალავთ? ახლა არ თქვათ, სახელმწიფო კონკრეტული ბიზნესმენის ჯიბეს უფრთხილდებაო. წლების წინათ ქვემო ქართლში ფერმერს ორ დღეში 500-ზე მეტი ღორი დაეხოცა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ხელახლა იყიდა, კვლავ აამუშავა ფერმა და ისიც კი თქვა, ყოველ 3 წელიწადში რომ დამეხოცოს, მაინც მიღირს, ისეთი მომგებიანიაო. ხვდებით, სად არის ძაღლის თავი დამარხული?! ადამიანი მზად არის, ყოველ მესამე წელს წარმოება ხელახლა დაიწყოს, რადგან უღირს.
გამოდის, ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია და მოდი, ეს ციფრებშიც ვნახოთ. ღორი საშუალოდ 10 გოჭს ზრდის, თანაც წელიწადში ორჯერ აქვს მაკეობის პერიოდი, ანუ წელიწადში 20 გოჭი გამოდის. 10-კილოგრამიანი გოჭის ფასი 250 ლარიდან იწყება და, ოცივე რომ გაიყიდოს (იყიდება), ერთი ღორის მოგება წლიურად 5000 ლარია. ამას გამოაკელით დაახლოებით 2 ათასი ლარი ღორისა და გოჭების კვებისთვის და გამოვა, რომ ერთი დედა ღორის წლიური მოგება 3 ათასი ლარია. ახლა იანგარიშეთ, რა იქნება მოგება, როცა ფერმაში 500 დედა ღორი გყავს და მიხვდებით, რომ საქმე მილიონიან ბრუნვას ეხება. ღორის ხორცი და მილიონები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში რომ არის, ბოლო მონაცემებიც ადასტურებს – იმის მიუხედავად, რომ შემოყვანილი ღორების ხორცი გემოვნური თვისებებით დიდად ვერ გამოირჩევა, ხორცი მაინც იყიდება და მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. მაშინ რატომ არ ცდილობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ სფეროს განვითარებას და რატომ არ აქვს მეღორეობა შეტანილი საგრანტო დაფინანსებაში? რეალურად რისკები არაფერ შუაშია, საკუთარი ფულით რომ დააპიროთ დიდი ფერმის შექმნა, მაშინვე ჩნდებიან კეთილისმსურველები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ საქმეში ფულის ჩადება არ ღირს, რომ რისკიანია, რომ წამგებიანია და ეს ადამიანები არსად ჩანან მანამ, სანამ ღორების ფერმის გაკეთებას გადაწყვეტთ. ისე ხომ არ გამოდის, რომ ეს კონკრეტული მიმართულება კონკრეტული ადამიანის (ან ადამიანების) ხელშია, ღორებზე ექსკლუზივი თუ მონოპოლია აქვს აღებული და არ სურს, ვინმე ჩაერიოს თუნდაც მცირედით და მოგებიდან, რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებს, 1 მილიონი ლარი აიღოს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს იცის ირგვლივ ყველამ, იციან ამ ადამიანის (თუ ადამიანების) სახელები და გვარები და ითვალისწინებენ.
არადა, საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები რჩება უნიკალური ქართული ჯიშის ღორი. ჯაგრიანი, ცოტა შეუხედავი, მაგრამ უგემრიელესი ხორცით და, რაც მთავარია, ადგილობრივ გარემოს შეგუებული სახეობა, რომელსაც ტყეებში ზრდიდნენ, კოლტებად დაჰყავდათ და შემდეგ ტყის ნობათით ნაკვებ-ნასუქი ხორცი ბაზარზე გაჰქონდათ. ახლა კი… ახლა ეს ტყეებიც კერძოა, აკრძალულია იქ ღორების ყოლა და… ფილმ „უდიპლომო სასიძოში“ რომ ამბობს აკაკი ვასაძის გმირი – „ღორი მაშინ არის კარგი, როცა მისი შენახვა იაფი ჯდება“-ო. ეგ არის ზუსტად. იაფი ჯდებოდა, იაფად იყიდებოდა და, რაც მთავარია, ხორცი ნატურალური იყო. ახლა კი… 6 თვის ბურვაკი რომ 120 კილოგრამს იწონის, არ არის ნორმალური. არც ის არის ნორმალური, ერთი მუჭა საკვები რომ ჰყოფნის გასასუქებლად. ეს ხორცი აღარ არის, ეს ქიმიური ნაერთი გამოდის და ბოლოს როდის შეიგრძენით ნამდვილი, ძველებური მწვადის სუნი, დაფიქრდით და თქვით.
ზოგადად, წარმოების სფეროში აკრძალვები (თუ საქმე კანონდარღვევას არ ეხება) არ შეიძლება. დაუშვებელია, ადამიანს „ურჩიო“, რომელი საქონლის ყოლა შეუძლია და რომლის – არა. მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი საკუთარი თანხით აპირებს რაღაცის გაკეთებას, გარისკვას და სახელმწიფოს არ დააზარალებს. ნაციონალების ზეობის პერიოდში მონოპოლიებზე რომ გაჩნდა ეჭვი, პირველად მაშინ შეირყა „ვლასტი“ და, მოპოვებულის შენარჩუნებას ხელების გადაგრეხვით რომ შეეცადნენ, ბიზნესის დაშნებით რომ ცდილობდნენ ფონს გასვლას, მანდ გაჩნდა უდიდესი ბზარი. განაწყენებულმა ბიზნესმა, დასაქმებული ხალხიც და ფინანსებიც სხვა მიმართულებით წარმართა, ის სხვა კი ხელისუფლების შეცვლის წყურვილი იყო და სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ, მით უმეტეს, როცა საქმე საკვებ პროდუქტსა და სოფლის მეურნეობას ეხება, სფეროს, რომელიც აუცილებლად გამოსასწორებელი და „ამოსაქაჩია“? თურქეთის მაგალითი აიღეთ, ყველა შეზღუდვა და გადასახადი ლამის გაანულა და დღეს, რეგიონში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. ანალოგიურის გაკეთება, თუნდაც რეგიონული მასშტაბით, ჩვენც შეგვიძლია.
ლევან გაბაშვილი







