„არის გზა, არის ნელი თამაში…”
გალაკტიონი
პოლიტიკური ვითარება როდესაც იცვლება, არ იბნევიან ორი კატეგორიის ადამიანები: ისინი, ვინც რწმენითა და პატიოსნებით მიდიან მიზნის მიმართულებით და ისინი, ვინც მუდამ იმას ეტმასნებიან, ვის მხარესაც გამარჯვების სასწორი გადაიხრება. პირველნი იმ გზაზე რჩებიან, რომელიც სწორად მიაჩნიათ; მეორენი კი ელვის სისწრაფით იცვლიან პოზიციას ახალი რეალობის შესაბამისად.
საქართველოში რუსეთის პოზიციასა და პოლიტიკას მხარს ის ნაწილი უჭერს, რომელიც, ჯერ ერთი, სიმართლის მხარეს დგას; მეორე კი ფიქრობს, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადის. საზოგადოების ეს ნაწილი მუდმივი შეტევის ობიექტია და მუდამ შევიწროებულია. მათ არც ტელეარხები აქვთ, არც არსად იწვევენ. რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც მედროვეა და იმის შესაბამისად იცვლის პოზიციას, როგორი პოლიტიკური კონიუნქტურა გამოიკვეთება, პრობლემა არ აქვთ, რადგან მუდამ ფარისევლურად იქცევიან, ყოველთვის იმ ტონალობაში საუბრობენ, „არც მწვადის და არც შამფურის დაწვის” მეტაფორით რომ მოიხსენიებენ ხოლმე და ერთი პიზიციიდან მეორეში რბილად და ხავერდოვნად გადადიან.
რუსეთს ახლა გაუჭირდა. უკრაინაში დასავლეთთან დაპირისპირება იმ ფაზაში გადავიდა, როცა ფორსირებულად მიიწევს წინ ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზეც გახშირდა ტერორისტული თავდასხმა და ინფრასტრუქტურული ობიექტების აფეთქება, რაც არასახარბიელო სურათს ქმნის. ამას მოხერხებულად იყენებენ დასავლური საინფორმაციო საშუალებები და ისეთ ვითარებას ხატავენ, თითქოს რუსეთი მარცხდება. ბევრჯერ ვთქვი და ერთხელ კიდევ გავიმეორებ: ნუ აჰყვებით ამ იაფფასიან პროპაგანდას. ეს ყველაფერი საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი უფროა, ვიდრე სამხედრო ვითარების ანალიზი. არ მინდა, ეს ნათქვამი ისე გამიგოთ, თითქოს რუსეთის წინაშე მდგარ სიძნელეებს ვერ ვხედავ. ვხედავ კიდეც, ვწერ კიდეც და ვლაპარაკობ კიდეც, მაგრამ იმასაც ვხედავ და ვამბობ, რომ ბირთვული ზესახელმწიფოს წინააღმდეგ დრონებით თამაში, რეალური სამხედრო სურათის ასახვა კი არა, პარალელური, ვირტუალური სამყაროს შექმნის უბადრუკი მცდელობაა.
ამ შესავლის შემდეგ ერთ კონკრეტულ პროექტზე მსურს ყურადღების გამახვილება. მას „პუტინის გზას” უწოდებენ. რამე მეტაფორულ (პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ) გზაზე კი არ არის საუბარი, პირდაპირი მნიშვნელობით მაგისტრალზეა საუბარი, რომელსაც ამიერკავკასიისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან სატრანზიტო დერეფნებს განსაკუთრებული მისია აკისრია, არა მხოლოდ ტვირთბრუნვისა და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური შესაძლებლობების, არამედ სუვერენიტეტის, ტრანზიტზე კონტროლის, ბაზრებზე წვდომის, უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და, თუ გნებავთ, წესრიგის ზრდის თვალსაზრისითაც. საუბარია რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო-საავტომობილო მაგისტრალზე აფხაზეთის გავლით, რომელიც ამიერკავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულების პარალელურად ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებითაც დააკავშირებს. რა შეიძლება ამაში დავინახოთ – ორი მიმართულების (აღმოსავლეთი-დასავლეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი) სატრანზიტო მაგისტრალის კონკურენცია თუ რეგიონის ყოველხრივი განვითარება, მისი მეტი დატვირთვის გზით მეტი პერსპექტივის გაჩენა? რა თქმა უნდა, მეორე. კი, კონკურენციაც იქნება, თუ გნებავთ, ამ ცნების უარყოფითი მნიშვნელობითაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დასავლეთისა და კაპიტალისტური სამყაროსთვის როდის აქეთ ჩამოყალიბდა მიუღებელ და შემაშინებელ ფაქტორად კონკურენცია?! წარმოიდგინეთ ჯვარედინი მოძრაობით დატვირთული ამიერკავკასიის რეგიონი რა შესაძლებლობებს შეიძენს, თუკი ერთდროულად ამოქმედდება კონკურენციისა და შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების პრინციპები. მხოლოდ „ტრამპის გზის” ანუ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება სწორედ არაჯანსაღი მონოპოლიური მექანიზმის გამოყენებაა ჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ეს არის, პირველ რიგში, რეგიონისთვის შესაძლებლობათა ჩაკეტვის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების (რუსეთი, ირანი) ინტერესების უხეში შელახვით. ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბის სატრანზიტო შესაძლებლობას დაკარგავენ საქართველო და სომხეთი რუსეთსა და ირანს შორის დიდი ტვირთგამტარობის მქონე ამ პირდაპირი მაგისტრალის დახშობით, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს არ ეწერება აშშ-ისა და ევროპის გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში, რაც მათი უბინძურესი ჩანაფიქრია და რასაც მათი პოლიტიკური მიზნებისთვის სხვისი ეკონომიკური პერსპექტივის მსხვერპლად შეწირვა ჰქვია.
რუსეთის ინიციატივები, მათ შორის პროექტი „პუტინის გზა“, რომელიც წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციაზე „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2026“, უაღრესად აქტუალურია. გზა არამხოლოდ მარშრუტებსა და ტვირთბრუნვებს ან სატრანზიტო დერეფნებსა და მოგებას ნიშნავს, არამედ ინტერესების კვეთას (დადებითი შინაარსით), ნდობისა და ურთიერთგაგების ფაქტორის ამუშავებას, რომელიც უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ქმნიდა ყოველთვის და მომავალშიც შექმნის.
„პუტინის გზის” ინიციატივამ მედიაში სერიოზული გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა ექსპერტმა ეს პროექტი განიხილა, როგორც ალტერნატივა ამერიკული პროექტისა(TRIPP) რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში რუსეთის ყოფნის შესანარჩუნებლად.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „პუტინის გზის” მარშრუტი (რუსეთი-საქართველო-სომხეთი-აფხაზური მონაკვეთის გავლით) TRIPP-მდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამ მარშრუტის ფუნქციონირება საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ შეწყდა. აქედან გამომდინარე, ეს, ახალი იდეა კი არა, თავის დროზე კარგად აპრობირებული, მაგრამ ეპოქალური კატაკლიზმების შედეგად დაკარგული ღირებულებაა, რომლის აღდგენის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი დანაშაულია.
რუსეთის მხრიდან ამიერკავკასიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე არ არის აღდგენილი, სერიოზული ნაბიჯებია გადმოდგმული. მხედველობაში მაქვს 2023 წელს სავიზო რეჟიმის გაუქმება და სამოქალაქო საავიაციო ფრენების აღდგენა, რომლებიც სახალხო დიპლომატიის ხანგრძლივი მუშაობისა და უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის მიერ კეთილი ნების გამოვლენის შედეგი იყო. ამ მიმართულებით მუშაობა რომ უნდა გაგრძელდეს, ფაქტია, მაგრამ მას ეწინააღმდეგებიან დასავლეთის ის ხილული და უხილავი ძალები, რომლებიც ორ მიზანს ისახავენ:
1. ამიერკავკასიაში სატრანზიტო ქსელისა და ტვირთბრუნვის მონოპოლიზებას;
2. რუსეთსა და ამიერკავკასიას, რუსეთსა და ირანს შორის სატრანსპორტო-კომუნიკაციური ვაკუუმის შექმნას.
ეს იმ დროს, როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში მეზობელ სახელმწიფოებთან და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობა პრიორიტეტულ მიმართულებად არის გამოცხადებული.

იმ ვითარებაში, როდესაც ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიანმა რეალობამ ჩაანაცვლა, რომელიც შეუქცევადია, ვინ შეძლებს რუსეთის განდევნას ამიერკავკასიიდან? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ხომ კავკასიის გახლეჩვას ნიშნავს. ჩრდილოეთი კავკასია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, მაგრამ, ამასთანავე, სასიცოცხლო ძაფებით არის გადაბმული სამხრეთ კავკასიასთან (სისხლით, ნათესაობით, შერეული ქორწინებებით, წეს-ჩვეულებებით, მენტალიტეტით). ერთი რეგიონის ეს ორი განუყოფელი ნაწილი ერთმანეთისგან მოწყვეტილი აღმოჩნდება. დასავლეთის უზნეო გეოპოლიტიკური ზრახვები ნუთუ რეგიონისა და იქ მცხოვრები ხალხების ინტერესებზე მაღლა დგას?!
საქართველოში დასავლეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელთა როყიო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკებით მას, სრული უგუნურებაა. დიახ, უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ როგორ აპირებს ამას ის მთავრობა და დასავლეთის ის „მეხუთე კოლონა”, რომელიც ერთნაირად ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვას?! აღიარება წაიღეო, რუსეთს რომ უკიჟინებთ, თუკი მთავრობებს შორის ამის შესახებ ლაპარაკი არ შედგა, როგორ? ადგეს რუსეთი და ყოველგვარი დიპლომატიური, იურიდიული, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი საფუძვლის გარეშე და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოაცხადოს, რომ თვრამეტი წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილება უკან მიაქვს? ამის შემდეგ ან საკუთარ მოსახლეობას რა პასუხი გასცეს და, რაც მთავარია, რა უთხრას აფხაზ და ოს ხალხს, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული? რა უქნას სამხედრო ბაზებს, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დგას? როგორ შეიძლება, ასე სისულელემდე მისული ზედაპირულობით უდგებოდე საკითხს? დააკვირდით: ამ ნაწილში საქართველოს მთავრობის პოზიცია ოდნავ მაინც თუ განსხვავდება იმ ე.წ. აკაცუკების (დასავლეთის „მეხუთე კოლონა”) პოზიციისგან, აბსოლუტურად ერთი მიდგომა აქვთ. ეს დასაშვებია? როგორ შეიძლება, საქართველოს მთავრობის პოზიცია ასე საოცრად ემთხვეოდეს უცხო ქვეყნის აგენტურის პოზიციას? ეს, შემაშფოთებელი კი არა, შემზარავი ფაქტია!
„პუტინის გზის” რეალიზება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი იქნება, ვინაიდან აღმოსავლეთი-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის მარშრუტების სრული დატვირთვით მუშაობაში მასში მონაწილე ყველა სახელმწიფო ერთნაირად იქნება დაინტერესებული. ამიერკავკასია ის პირველი რეგიონი იქნება, რომლის ჰარმონიულ განვითარებაში ყველა ზესახელმწიფოს სურვილი ერთმანეთს დაემთხვევა– რუსეთის(„პუტინის გზა”); აშშ-ის(„ტრამპის გზა)”; ჩინეთის(„აბრეშუმის გზა”). სამი უდიდესი მაგისტრალური გზა იკვეთება ამიერკავკასიაში, თუ გნებავთ, საქართველოში. ჩვენი მხრიდან ამისთვის ხელის შეშლა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ მთავრობა გარედან იმართება. ეს არის პროექტი, რომელიც ერთნაირად მომხიბლავია მონაწილე ყველა ქვეყნისთვის – საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზებაიჯანისთვის, ირანისთვის, რუსეთისთვის. მაშ, რა ლოგიკით უნდა შეუშალო ხელი ამ გრანდიოზული პროექტის რეალიზაციას? ნუთუ მხოლოდ იმ არგუმენტით, რომელსაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში თხზავენ და შემდეგ მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის მიერ დაწყევლილი „აკაცუკები” იმეორებენ?! ეს არ არის არგუმენტი, ეს არ არის ლოგიკა, ეს სისულელეა!
ახლა საქართველოს რუსეთის მიმართულებით ყველაფერი გაყინული აქვს. ოფიციოზის დონეზე არავინ არავის ელაპარაკება. რომ იტყვიან, ფოთოლიც კი არ იძვრის. რამდენიც უნდა ალამაზონ, დასავლეთთან (როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან) ურთიერთობა ბოლომდე გაფუჭებულია, რუსეთს სათოფეზე არ ეკარებიან. ასე რა გამოვა? რა შედეგზეა ეს გათვლილი? ნუთუ მართლა ფიქრობს ვინმე, რომ რუსეთში (პუტინი იქნება თუ მომავალი პრეზიდენტი) ერთ დილას გაიღვიებს და წამოიძახებს: აქამდე როგორ არ მომივიდა თავში, რომ ქართველებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავუბრუნო, დღესვე გავაკეთებ ამას! არ მოხდება ასე. ასეთი ფაბულა მოთხრობისთვის რომ გამოიყენოს მწერალმა ან ფილმისთვის სცენარისტმა და რეჟისორმა, ეს იქნება სიყალბისა და უნიჭობის დემონსტრირება, რადგან არ ხდება ასე, არც აქამდე მომხდარა და არც მომავალში მოხდება. თუ გინდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც გაკეთდეს, თვითონ უნდა გააკეთო რაღაც. ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი, კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა სტივ ჯობსი ამბობდა: „გადადგი ნაბიჯი და გზა თვითონ გამოჩნდება!” უფრო ძველი ნათქვამის გახსენებაც შეიძლება. მაგალითად, თეოდორ დოსტოევსკი ამბობდა: „გზაზე შედგომაზე მნიშვნელოვანი იმ მიზნის განსაზღვრაა, რომლისკენაც მივდივართ”. ეს გზა მინდა ან ეს გზა არ მინდაო, კი არ უნდა იძახო, მიზანი უნდა განსაზღვრო, რომელსაც გინდა მიაღწიო. გზამ კი არ უნდა მიგიყვანოს მიზნამდე, მიზანმა უნდა დაგაყენოს გზაზე: თითქმის იმავეს ამბობდა ო’ ჰენრი: „საქმე გზაში კი არ არის, რომელიც ავირჩიეთ, არამედ იმაში, რაც ჩვენშია, და რამაც ეს გზა აგვარჩევინა”. სხვა ალტერნატივა არ არსებობს – ან მიზნიდან უნდა დაიწყო, ან – გზიდან. ჩინელი გენიალური მოაზროვნე კონფუცი საკითხს ასე უცნაურად და უჩვეულოდ აყენებდა: „გზა რაღაცით აღემატება მიზანს”. მეორე გენიალური ჩინელი ლაო-ძი ტოლობის ნიშანს სვამდა: „გზა იქ მიდის, სადაც ჩვენ მივდივართ”. ანალოგიურად მსჯელობდა ამერიკელი მწერალი და მსახიობი ჯაკ კერუაკი: „გზა ცხოვრებაა და ცხოვრება გზაა”. „გზა ერთია, მასთან მისასვლელი ბილიკი – მრავალი”, – ამას ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი ამბობდა. ჩვენ ჯერ ვერც გზა გვიპოვია და ვერც გზამდე მისასვლელი ბილიკი, თითქოს სადღაც დავიკარგეთ. ამგვარ მდგომარებაზეც არის რაღაც ნათქვამი, სხვათა შორის, არცთუ ურიგო: „გზა რომ იპოვო, ჯერ უნდა დაიკარგო!” ეს არის ფრანგი მწერალი ბერნარ ვებერი . ჭეშმარიტად ფილოსოფიური რაკურსია, წუნს ვერ დასდებ, მაგრამ, ეს თუ ასეა, აქამდე გზა ნაპოვნი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ჩვენ დიდი ხნის წინათ დავიკარგეთ. ამანაც ვერ გვიშველა. დიდი ხნის წინათ დაკარგულები, დიდი ხანია, გზას ვეძებთ, მაგრამ ვერ ვაგნებთ.
ახლა ჩვენს რეგიონში გამავალი ორი გზა იკვეთება – „ტრამპის გზა” და „პუტინის გზა”. „ტრამპის გზა” აშკარად არ არის საჩვენო, რადგან საქართველოზე არც გადის, სადღაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უჩინარდება. „პუტინის გზა” კი ნამდვილად საჩვენოა, ვინაიდან ამიერკავკასიასაც კრავს, საქართველოზეც გაივლის და, რაც მთავარია, პირდაპირ აფხაზეთში ჩაგვიყვანს.
ქართველებო, არც ეს გზა მოგწონთ? მაშ, ის გზა სცადეთ, გალაკტიონი რომ ამბობს ქართულ, უსაფუძვლო, ბედოვლათურ, ხელოვნურ, ყალბ პოზასა თუ პოზიციაზე: „გზა არ ღირს დავიდარაბად, ძალზედ ხმაურობს პარტერი; არა სიზმარი, არამედ მართლა ვარ მილიარდერი “.
ვალერი კვარაცხელია







