თემურ ფიფია: რუსეთი საქართველოს მოკავშირე უნდა გახდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების საკითხში!

    ,,რუსეთს ძალიან სჭირდება სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე ძლიერი მოკავშირე საქართველოს სახით”

    თურქმა პარლამენტარებმა 10 პოლიტიკური პარტიიდან თავიანთ ხელისუფლებას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები და დაამყაროს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის. ამ პარტიებს თურქეთის პარლამენტში 206 მანდატი აქვთ, ეს საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 34%-ს შეადგენს.

    პარტიებმა პრესკონფერენცია 5 აგვისტოს გამართეს იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა ივნისის ბოლოს წამოიწყეს სახელწოდებით „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“.  პრესკონფერენციაზე თურქეთის „მუშათა პარტიის“ დეპუტატმა აჰმედ შიქმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და თურქეთს ისტორიული, ოჯახური და სოციალური ურთიერთობები აკავშირებს. მისი თქმით, თურქეთში დიდი ჩრდილოკავკასიური დიასპორაა, რაც რუსეთის მიერ XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის შედეგია.

    სავარაუდოდ, თურქეთში 500 000-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, ეს თითქმის ორჯერ აღემატება აფხაზეთის მოსახლეობას.

    აფხაზური დიასპორის კამპანიამ თურქეთის პარლამენტში საჯარო მხარდაჭერა ივლისის ბოლოსაც მიიღო, როდესაც პარტია „ახალი გზის“ თავმჯდომარის მოადგილე სელჩუკ ოზდაღმა ანალოგიურ მოთხოვნებით გამართა პრესკონფერენცია.

    თურქეთის ოპოზიციური პარტიების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არ გამოხმაურებია საქართველოს ხელისუფლება. არადა, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი თემურ ფიფია გვესაუბრება: 

    _ აღნიშნული თემა ქართულ პოლიტიკაში ჩაიკარგა. არადა, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს ჩვენთვის, თანაც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვისაც.

    ამა წლის 5 აგვისტოს თურქეთის, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას და ამ საკითხზე  ერთობლივი პრესკონფერენცია თურქეთის პარლამენტის შენობაში გამართა. მათ სურთ, თურქეთმა სოხუმთან სასწრაფოდ დაამყაროს პირდაპირი საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო კავშირები. საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის ეს დემარში არ გაიმართებოდა თურქეთის მმართველი ძალისა და  პრეზიდენტ ერდოღანის გარეშე. შესაბამისად, ეს სერიოზული განცხადებაა და აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    თურქი დეპუტატების მიმართვა თავიანთი ხელისუფლებისადმი აფხაზეთის სასწრაფოდ აღიარების შესახებ თურქეთში მცხოვრებ აფსუათა, ანუ ჩერქეზულ-ადიღეური დიასპორის მუშაობის შედეგია. ნახევარ მილიონამდე აღწევს მათი რაოდენობა. სოხუმი ყოველთვის ცდილობდა, ანტირუსულად განწყობილი ამ დიასპორის ჩასახლებას აფხაზეთში აფსუათა სასარგებლოდ დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესების მიზნით, რაც ანკარის ინტერესებშიც შედის.

    თურქი დეპუტატების ზემოაღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს აფხაზური ნაციონალისტური  წრეების წარმომადგენლებმა, მაგალითად, მეგრული წარმოშობის გააფსუებულმა ასლან კობახიამ, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ქართველების მიმართ. კობახია, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს აფხაზ საზოგადოებაზე, ზარ-ზეიმით მიესალმა თურქების ინიციატივას.

    საინტერესოა, რომ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები აღშფოთებას გამოთქვამენ  იმის გამო, რომ თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი იბრაჰიმ ავიძბა ფარულად ეწინააღმდეგება თურქების ინიციატივას; როგორც ამბობენ, მსგავს საქციელს „ქართველებისგან ელოდნენ და არა აფხაზისაგან.“ 

    _ რამ განაპირობა ავიძბას საქციელი? სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს ხომ უნდა აძლევდეს ხელს აფხაზეთის აღიარება?

    _ ჩემი აზრით, იბრაჰიმ ავიძბას  ასეთი საქციელი განპირობებულია მოსკოვის პოზიციით. რუსეთს თურქეთის ასეთი აქტივობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს ხელს. თურქული პარტიების დემარში მიმართულია აფხაზეთზე გავლენის გაძლიერებისკენ. თურქეთის მიერ აფხაზეთის აღიარება ჯერ თურქეთის ეკონომიკური ექსპანსიაში გადაიზრდება, შემდეგ კი აფხაზი, უფრო ზუსტად კი, ადიღეურ-ჩერქეზული წარმოშობის აფსუათა აფხაზეთში რეპატრიაციით დაგვირგვინდება, რომელსაც უდავოდ ხელს შეუწყობენ ისეთი ,,მოღვაწეები”, როგორიც არის ქართველთმოძულე კობახია, აფხაზეთის ე.წ. გმირი.

    _ აჭარაშიც ხომ არ შეინიშნება მსგავსი პროცესები, რომელსაც წინა ხელისუფლებამ დაუდო სათავე…

    _ დიახ, სამწუხაროდ, ამგვარ პროცესს ვხედავთ აჭარაშიც… თურქეთი და აფსუა ნაციონალისტები ელოდებიან მომენტს, როცა რუსეთი დასუსტდება და აფხაზეთისთვის ვეღარ მოიცლის. შემდეგ კი  თურქეთში გადახვეწილ აფსუებს ჩაასახლებენ ქართველებისგან დაცლილ სოფლებსა და ქალაქებში. აი, ეს მიზანი აქვს საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ მტერს, ნატოს წევრ თურქეთს, აგრეთვე, აფსუა ნაციონალისტებს, რომლებიც რუსებს უღალატებენ, როგორც კი საშუალება მიეცემათ, და თურქეთის მხარეს გადავლენ. აფსუა ნაციონალისტების ისტორიული მეგობარი ოსმალეთის იმპერიაა და არა რუსეთი.

    _ თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში საგანგებოდ ხაზგასმულია „აფხაზეთისა და თურქეთის ისტორიული და ნათესაური ურთიერთობები“…

    _ ეს შემთხვევითი არ არის. აფხაზეთის სასწრაფო „დეიზოლიაციის“ ინიციატივის წარდგენისას თურქეთის ,,მუშათა პარტიის” წარმომადგენელი აჰმედ შიკი პარტიათა ერთობლივ განცხადებაში აფხაზეთს უწოდებს მეზობელ ქვეყანას შავ ზღვაზე და მიუთითებს „შავი ზღვის ორი მხარის დაკავშირების აუცილებლობაზე“. აჰმედ შიკი ხაზს უსვამს „აფხაზეთისა და თურქეთის ისტორიულ და ნათესაურ ურთიერთობებს“, მას მხედველობაში აქვს ოსმალეთისა და ჩრდილოკავკასიური ნახევრადმომთაბარე აგრესიული ტომების საუკუნოვანი ანტირუსული და ანტიქართული ალიანსი, რომლის ფარგლებშიც ოსმალეთი მხარს უჭერდა და აქეზებდა ადიღურ-ჩერქეზულ ხალხებს მძარცველობითი და სისხლიანი ექსპანსიისაკენ კოლხურ-სვანური ანუ ქართული აფხაზეთის წინააღმდეგ.    

    _ თურქი პარლამენტარების მიერ აფხაზეთის აღიარებისაკენ მოწოდება სერიოზული იურიდიული საფუძველია. ხომ შეიძლება ის ჯერ თურქეთის პარლამენტმა, შემდეგ კი ერდოღანმაც გაიზიაროს და აღასრულოს? რას უნდა ველოდოთ რუსებისგან?

    _ რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება ეს ფაქტი „ვერ შეამჩნიონ“, მაგრამ იმედია, მოსკოვი მას უპირობოდ მხარს არ დაუჭერს.

    დიახ, რუსეთი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ცდილობს, ამჟამინდელი აფხაზეთი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მაგრამ ამ პროცესს თვითონ რუსეთისთვის შეიძლება ურყოფითი შედეგი მოჰყვეს. რუსეთი ამჟამად ვერ აკონტროლებს აფსუა ნაციონალისტებს, დიდი ქვეყნების მიერ აღიარებულ აფხაზეთში კი, მით უმეტეს, ვერ გააკონტროლებს.

    თურქეთის მიერ დღევანდელი ანტიქართული აფხაზეთის აღიარებას აუცილებლად მოჰყვება აფხაზეთის ანტირუსულ წარმონაქმნად გარდაქმნის მცდელობა, რომელსაც აფსუა ნაციონალისტებიც დაუჭერენ მხარს. თუ ეს ხელს აძლევს რუსეთს, მაშინ განაგრძოს ეს მუშაობა და მოითხოვის აფხაზეთის აღიარება თურქეთის მხრიდანაც. ამიერკავკასიაში სომხეთიც კი თურქეთის მოკავშირე ქვეყანა გახდა და აზერბაიჯანთან ერთად ეს სამი ქვეყანა ანტირუსული კოალიციის კონტურებს ქმნის. ამიერკავკასიაში ნატოს წევრი თურქეთის გავლენა განუზომლად გაძლიერდა და ის ამ გავლენის გაძლიერებას აფსუებისა და გააფსუებული კობახიების მეშვეობითაც შეეცდება.

    _ ვიღაცები საქართველოს ტერიტორიებს ინაწილებენ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ამის შესახებ კრინტს არ ძრავს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეაგირებს მომხდარზე საქართველოს ხელისუფლება, თურქეთის ოპოზიციის ნაწილის ინიციატივა აფხაზური  პასპორტების აღიარების შესახებ არასერიოზულად მიაჩნია?

    _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ოპოზიციური პარტიების ანტიქართული დემარში მკაცრად უნდა შეაფასოს და დაგმოს. ვიმედოვნებ, ეს ფაქტი არათუ უყურადღებოდ დარჩება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არამედ შესაბამისი არხებით რუსულ მხარესაც გააფრთხილებს თურქეთის არასასურველი ინტერესების შესახებ საქართველოს ძირძველ კუთხეში _ აფხაზეთში.

    რუსეთში გამართულ სხვადასხვა ფორუმზე შევამჩნიე იმ თურქული ორგანიზაციების რეგულარული მონაწილეობა, რომლებიც ახლა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებითა და მათი პასპორტების ცნობის ინიციატივით გამოდიან. რუსულ მხარეს კარგი ურთიერთობა აქვს ამ ორგანიზაციებთან, ანტიდასავლურ, მაგრამ, ამასთანავე, ნაციონალისტურ პარტიებთან, რომლებიც ევრაზიულ სივრცეში თურქული ექსპანსიის მსტოვრები  არიან…

    მაგალითად, მოსკოვში, რამდენიმე საერთაშორისო ფორუმაზე, მათ შორის ანტიფაშისტურ ფორუმზე, თურქეთის ,,მუშათა პარტიის” დელეგაციაც დამხვდა, პარტიისა, რომელიც სომხების გენოციდს არ აღიარებს, სამაგიეროდ, მხარს უჭერს აფხაზეთის აღიარებას. ბოლოს მათთან არასასიამოვნო საუბარიც მქონდა…

    _ რუსეთი აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან ნატოს ჯარებს არ დაუშვებს. ნუთუ ხმას არ ამოიღებს, თუკი თურქეთი გადაწყვეტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

    _ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უარყოფითი შედეგები ჰქონდა და აქვს თვითონ რუსეთისთვისაც. რუსეთმა ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, რადგან სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსკოვს სხვა გზა არ დაუტოვა. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს ხელს არ აძლევს, საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მიზეზი იყოს. რუსეთს ძალიან სჭირდება სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე ერთიანი და ძლიერი მოკავშირე საქართველოს სახით, თუნდაც თურქეთის საპირწონედ. თუ თურქეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩათვალეთ, რომ მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

    დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. დღეს აფხაზეთში  ქართველები წნეხში ჰყავთ მოქცეული  _ გალელებსა და ოჩამჩირელებს აიძულებენ, გვარი შეიცვალონ და აფხაზებად გამოაცხადონ თავი. სოფლებს სახელები გადაარქვეს. სკოლებში ქართულ ენას არ ასწავლიან…

    მოკლედ, ძირძველ ტერიტორიებს ვკარგავთ, ამიტომ  ახლა მოქმედების დროა…

    _ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა ,,3+3” ფორმატს, სადაც ერთიან საქართველოზე იყო საუბარი. ამ ფაქტმა ხომ არ გაათავხედა თურქეთი?

    _ ,,3+3” ფორმატზე უარის თქმა დიდი შეცდომა იყო. ეს უარი განპირობებული იყო დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნების მოტივით. არადა, ახლა დასავლეთთან, არათუ კარგი ურთიერთობა, საინფორმაციო ომი გვაქვს გაჩაღებული. რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოსთან დაახლოებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველომ  შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა. რაც უფრო დავშორდებით რუსეთს, მით მეტად გაძლიერდება თურქეთის გავლენა ჩვენზე და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიაზე. თურქეთი დღეს თავს სამხრეთ კავკასიის ერთპიროვნულ ბატონ-პატრონადაც კი თვლის.

    _ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ჩვენი ძირძველი რეგიონები საჯილდაო ქვად რომ არ იქცეს?

    _ საქართველომ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას ნატოში ინტეგრაციაზე და მკაფიოდ განაცხადოს, რომ არ ითანამშრომლებს არც ერთ მხარესთან რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი ინტერესების საზიანოდ. კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ შესაბამისი მუხლი.

    პარალელურად უნდა დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ნორმალური ურთიერთობების აღდგენის მიზნით. უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და რუსეთს შევთავაზოთ სტრატეგიული ურთიერთობების სამოკავშირეო პროექტი, საგზაო რუკა, რომელშიც გაწერილი იქნება ერთობლივი ინტერესების სისტემაც და საქართველოს, როგორც ერთიანი ქვეყნის, ინტერესები. ამისთვის დიდი მუშაობა უნდა გასწიოს საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყებამ, რათა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა ყველა ასპექტი დაწვრილებით გაიწეროს. უნდა განისაზღვროს, რა გვინდა რუსეთისგან და ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ რუსეთის ინტერესების გასათვალისწინებლად. საქართველოს  სახელმწიფო სტრუქტურებში კომპეტენტური კადრები საკმარისადაა და ამ ამოცანას თავს გაართმევენ. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე საერთო დოკუმენტზე რუსულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის ორგანიზებაც. 

    რუსეთი საქართველოს მოკავშირე უნდა გახდეს, მათ შორის აფხაზეთისა და შიდა ქართლის (სამხრეთ ოსეთის) ეტაპობრივი, მაგრამ გარდაუვალი დაბრუნების საკითხში. თუ ხელისუფლება და საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, ამას მივაღწევთ!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here