რუსეთი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ზმნა „აღმოჩნდა” მთლად ზუსტად ვერ გამოხატავს ვითარებას, რომელშიც გარკვევას წინამდებარე სტატიაში შევეცდები – კი არ აღმოჩნდა, დიდი ხანია, ამ მდგომარეობაშია. რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებულია და მოქმედებს მთელი დასავლეთი, უფრო შორს რომ არ წავიდე, პირველი მსოფლიო ომიდან (1914-18 წ.წ.) მოყოლებული დღემდე (ისე, რა თქმა უნდა, შორს წასვლაც შეიძლება: მე-18 საუკუნეში შვედეთის რამდენიმე ლაშქრობა, მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის შემოსევა და სხვ.). კოლექტიური დასავლეთი რუსეთის მხოლოდ ისტორიული მტერი კი არ არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტრატეგიული მტერია. დასავლეთის (დღევანდელი ნატოს) სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია მიმართულია, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის დაშლისა და მისი აურაცხელი ბუნებრივი სიმდიდრის დაუფლებისკენ.
როგორი საოცარიც უნდა იყოს, რუსეთში დღემდე უჭირთ ამ ფაქტის სრული სიგრძე-სიგანით გაცნობიერება. საბჭოთა პერიოდში რუსეთში ეგონათ, რომ დასავლეთთან მხოლოდ იდეოლოგიური (ორი სისტემა – კაპიტალიზმი და სოციალიზმი) დაპირისპირება აქვთ და მეტი არაფერი. საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ ამ წინააღმდეგობის მოხსნის შემთხვევაში (ვთქვათ, საბჭოთა კავშირი კაპიტალიზმის გზას თუ დაადგებოდა) დაპირისპირება ავტომატურად გაქრებოდა და ჰარმონია შეიქმნებოდა. ეს იმ დროს, როცა მარქსის ერთ-ერთი ფუნდამენტური დებულებაა „წინააღმდეგობა კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის”, რომელიც კაპიტალიზმის უკანასკნელ სტადიაში უაღრესად გამწვავდება. რას ეფუძნებოდა საბჭოთა ლიდერების ინფანტილური წარმოდგენები, გაუგებარია. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი კაპიტალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, დასავლეთს კარი ფართოდ გაუღო, ნატოს წევრობაზეც კი თანხმობას აცხადებდა, მაგრამ ამით დასავლეთს გული ვერ მოულბო, მეგობრად და პარტნიორად ვერ აქცია და სტრატეგიული მტრობის რეჟიმიდან ფეხი ვერ მოაცვლევინა. დასავლეთს რუსეთი არათუ პარტნიორად, ვასალადაც კი არ სჭირდება, დასავლეთს მხოლოდ დაშლილი, გეოპოლიტიკური რუკიდან წაშლილი და მკვდარი რუსეთი სჭირდება. ნებისმიერი სხვა ფორმით არსებული რუსეთი დასავლეთისთვის მიუღებელია.
ეს არის ის უმთავრესი, რაც რუსეთმა ვერ გაიგო.
რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო ზესახელმწიფოდ ყოფნა. იგი, უმჯობესია, ევროპული ტიპის რიგით სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ნორვეგიის, ესპანეთის ან გერმანიის ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს. რუსებს უყვართ ტურიზმი, ხშირად დასეირნობენ ოქსფორდ-სტრიტზე (ლონდონი), შანზ – ელიზეზე (პარიზი), ვია დელ კორსოზე (რომი), უნტერ დენ ლინდენზე (ბერლინი) და წარმოუდგენიათ, რომ მათი სამშობლოც შეიძლება იმ ზომისა და მასშტაბის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, როგორებიც არის ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და ა.შ., რაც კატასტროფული შეცდომაა. რუსეთი ან ზესახელმწიფოდ დარჩება, ან დაამთავრებს არსებობას, სხვა ალტერნატივა მას არ აქვს. 2000 წლის ივნისში მოსკოვში ვიზიტით მყოფ აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას პუტინმა იკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა რუსეთის ნატოში გაწევრება. კლინტონის პირველი რეაქცია პოზიტიური იყო („რატომაც არა!“), თუმცა მოგვიანებით, თავის გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, აშშ-ის მხარემ ეს იდეა გამორიცხა. საოცარია! ნატო არის ორგანიზაცია (სამხედრო ბლოკი), რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა. რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, ანუ ნატო დღემდე თუ არსებობს, იგი რუსეთის წინააღმდეგ ფუნქციობს. მაშ, რანაირად არის შესაძლებელი, რუსეთი იყოს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სამხედრო ბლოკის წევრი სახელმწიფო?! ეს ხომ სისულელეა, აბსურდია, ნონსენსია! როგორ შეიძლებოდა, პუტინს ეს საკითხი დაესვა?! საქმე ის არის, რომ რუსეთში, იმ დროს კი არა, დღესაც არ არსებობს „სტრატეგიული მტრის” გაგება და შეგნება. ამის შეგნება კი არა, შეგრძნებაც არ არსებობს, არაცნობიერი ფსიქიკურის დონეზეც კი არ არსებობს იმპულსი იმისა, რომ ამ რეალობამ ცნობიერში გადმოინაცვლოს. დასავლეთს მტრად აღიქვამენ, მაგრამ სტრატეგიულ მტრად ვერა, ანუ ვერ აცნობიერებენ იმას, რის შესახებაც ზემოთ უკვე ვთქვი. რუსეთში დღემდე ჰგონიათ, რომ, საბოლოო ჯამში, გარკვეული დათმობების ფასად დასავლეთთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ დასავლეთს არ სჭირდება არანაირი რუსეთი – არც მორჩილი, არც დამჯერი, არც დანამატად და ყმად ჩამოყალიბებული. დასავლეთს საბჭოთა კავშირივით გამქრალი და ისტორიის სიღრმეში გაუჩინარებული რუსეთი სჭირდება. ეს არის ის, რასაც მე „სტრატეგიულ მტრობას” ვუწოდებ. მტრობა არა იმ მიზნის მისაღწევად, რომ მისგან რაღაც მიიღოს – გუბერნიად მისი ჩამოყალიბება, ხარკის მიღება, ნედლეულის ბაზად და გასაღების ბაზრად მისი ჩამოყალიბება (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მდგომარეობა მიღწეული ჰქონდათ, მაგრამ ეს არ იკმარეს), არა, მისი საბოლოო განადგურება, დაშლა და წაშლა – ეს არის მიზანი. ეს ვერ გააცნობიერა რუსეთმა, რის გამოც დღემდე საუბრობენ მოლაპარაკებებზე, ურთიერთობების აღდგენაზე და ა.შ., რაც დიპლომატიის გამოვლენა კი არ არის, რეალურ ვითარებაში გარკვევის დეფიციტის გამოხატულებაა.
ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს, რომლის დაჯერებაც კი ჭირს. მიზნად დასახვა ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფოს განადგურებისა, ეს, დანარჩენ მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ, ხომ შეიძლება მათთვისაც (დასავლეთისთვისაც) დამღუპველი აღმოჩნდეს?! შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ უკვე შექმნეს ამის ისტორიული პრეცედენტი. საბჭოთა კავშირიც ხომ ბირთვული ზესახელმწიფო იყო, რომელიც ისე დაშალეს, რომ, ბირთვული რაკეტა კი არა, სანადირო თოფიდანაც კი არ გაუსვრიათ. ხომ გახსოვთ, სამმა მთვრალმა სულელმა (ელცინი, კრავჩუკი, შუშკევიჩი) ბელოვეჟის ტყეში რაღაც ბითურობას (საბჭოთა კავშირის ნაცვლად, დსთ-ს შექმნას) რომ მოაწერა ხელი, შედეგი? მეოთხე (უფრო დიდმა) სულელმა გორბაჩოვმა მათი დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის ნაცვლად განცხადება გააკეთა: „დსთ-ს შექმნის შეახებ შექმნილი ვითარების გამო ვტოვებ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტს!”
ასეთი პრეცედენტი როდესაც აქვთ, რატომ არ მოინდომებენ ამ უკვე აპრობირებული მეთოდის ხელმეორედ გამოყენებას?! დასავლელთა მხრიდან ეს ლოგიკურია და ვფიქრობ, ასეც მოქმედებენ, მაგრამ რას აკეთებს ან რას ფიქრობს რუსეთი? გორბაჩოვი მოღალატე იყო, პუტინს მასთან ვერ შევადარებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს მრავალი ფაქტი, რომელთა ახსნა ჭირს ან, საერთოდ, ვერ ხერხდება. რის მაქნისია ის წყეული დსთ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს (ბოდიში ამ უხერხული გამოთქმისთვის) შეტენა?! სტრუქტურა, რომელიც არ მუშაობს და არც არასდროს იმუშავებს, რისთვის უნდა შეინარჩუნო?! იქნებ ჩემი ჩაუხედავობის ბრალია, მაგრამ დსთ-ს შესანარჩუნებლად დახარჯული თანხებიც გადაყრილია და ამ ორგანიზაციაზე რაიმე სახის იმედის დამყარებაც ფუჭია. იგივე ითქმის რუსეთის მონაწილეობით შექმნილ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზეც, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც: „საბაჟო კავშირი”, „ევრაზიული კავშირი” და ა.შ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაც კი („ოდეკაბე”), რომელიც სამხედრო დატვირტვის მქონეა, არც ისე დიდი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა. ის სახელმწიფო, რომლის ირგვლივაც ასეთი ორგანიზაციები ჩნდება, ეკონომიკური და სამხედო თვალსაზრისით განსაკუთრებულ ძალას თუ არ წარმოადგენს, დანარჩენი მონაწილეები ყოველთვის გარეთ იყურებიან. „ოდეკაბეს” წევრებს თვალი ნატოსკენ უჭირავთ, ევრაზიული კავშირის წევრებს – ევროკავშირისკენ. ასე სერიოზული გაერთიანება ვერ შეიქმნება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (უფრო სწორად, რუსეთმა „ოდეკაბეს” სახელით) ყაზახეთი სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნა, მაგრამ ყასიმ ჟომარტ თოყაევს ამერიკელებთან კურკური არ შეუწყვეტია. სომხეთი დსთ-ის წევრიც არის და „ოდეკაბესიც”, მაგრამ…
რუსეთში ბევრი საბედისწერო შეცდომაა დაშვებული.
* სტალინს (გარდაცვალების შემდეგ) დასავლეთმა ომი გამოუცხადა. ეს რუსეთისთვის გამოცხადებული ომია და შენ, რუსეთი რომ ხარ, ამ ომში დასავლეთის (შენი სტრატეგიული მტრის) მხარეს რატომ ერთვები?
* საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემასაც დასავლეთმა ომი გამოუცხადა და შენ, რუსეთი რომ ხარ, ამ ომში დასავლეთის მხარეს როგორ და რატომ აღმოჩნდი?!
* უკრაინასთან რუსეთის ომი დასავლეთის ინტერესებში რომ არის, ამას მტკიცება არ სჭირდება და შენ, რუსეთი რომ ხარ, ამ დილემას სხვა გადაწყვეტა რატომ ვერ მოუძებნე?!
* აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის ფაქტორი დასავლეთს რუსეთ-საქართველოს შორის მტრობის გასაღვივებლად სჭირდება და შენ, რუსეთი რომ ხარ, რატომ უწყობ ხელს მდგომარეობას, რომელიც შენვე გაზიანებს?!
* დასავლეთს სჭირდება, რომ რუსეთს იდეოლოგია არ ჰქონდეს, ვინაიდან იდეოლოგიის გარეშე ქვეყანა შიგნიდან ვერ შეიკვრება. შენ, რუსეთი რომ ხარ, რატომ აიტაცე ეს აბსურდი და რატომ გგონია ეს სწორი, როდესაც შენმა სტრატეგიულმა მტერმა, რაც კარგი ცნება არსებობს (თავისუფლება, დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის უფლება და სხვ.), ყველაფერი საკუთარ იდეოლოგიად გამოაცხადა, შენ კი განიარაღებული დაგტოვა?!
* 9 მაისს მთავარ დღესასწაულად (მთავარ გამარჯვებად) თუ აცხადებ, ისიც ხომ უნდა აღიარო, რომ იმ ომში მილიონები საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის გადასარჩენად იხოცებოდნენ, ერთ-ერთი მთავარი დევიზი კი ასეთი იყო: „სამშობლოსთვის, სტალინისთვის!”. შენ კი, რუსეთი რომ ხარ, საბჭოთა კავშირსაც, სოციალისტურ სისტემასაც და სტალინსაც ერთნაირად რომ ებრძვი, 9 მაისი რანაირად გამოდის შენი მთავარი დღესასწაული?!
ეჰ, რუსეთო, რუსეთო! ის მაინც გვითხარი, რას აპირებ და საით მიდიხარ. იდეოლოგია წარსულთან დამოკიდებულებაც არის და აწმყოსთან კავშირიც, მაგრამ იგი, პირველ რიგში, მომავლის გააზრებაა. რუსეთო, მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო შემოგყურებს, მათ შორის, ის გიგანტი სახელმწიფოებიც, რომლებიც თითქოს თვითონ წყვეტენ საკუთარ ბედს; შემოგყურებენ იმიტომ, რომ უშენოდ (ურუსეთოდ) მსოფლიოს ბედი ვერ გადაწყდება, ამიტომ ყველას აინტერესებს, რას აპირებ, რისთვის იბრძვი; რა იქნება შენი ორიენტირი – სოციალური სამართლიანობა თუ მოგებისა და მოხვეჭის ფსიქოლოგიაზე აგებული ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებმაც მსოფლიო მრავალჯერ შეიყვანა ჩიხში, ახლა კი შესაძლებელია, ბირთვულ აპოკალიფსში გადაჩეხოს. ასეთ შემთხვევაში, ძნელია სათქმელად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, შენ გაიმარჯვებ თუ დასავლეთი, საბოლოოდ ერთნი თუ ხართ ორივე.
ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. მე მიყვარს ისტორიული სიმართლის მქონე, ზნეობის მქადაგებელი, უდიდესი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელი, ქრისტიანობის ჭეშმარიტი ბურჯი და, ამ თვალსაზრისით, მესამე რომად აღიარებული რუსეთი. მე ევროპაც მიყვარს – ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების შედევრების ევროპა, მაგრამ მთელი არსებით მძულს ფაშიზმისა და ორი მსოფლიო ომის შემოქმედი, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ჯოჯოხეთზე ხელისმომწერი, მსოფლიოზე გაბატონების მსურველი და უსამართლობის ბაირახტარი დასავლეთი მთელი მისი პოლიტიკით, მისი სიყალბით, მისი ფარისევლობით, მისი დეზინფორმაციით, მისი გარყვნილებითა და მისი მძარცველური ინსტინქტებით, ამიტომ ვდგავარ რუსული პოლიტიკის მხარეს, მაგრამ მაშფოთებს ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები, დასავლეთის ტერორისტული აქტები, რომლებსაც იგი უკრაინის სახელით რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს. იმედი მაქვს, რომ ეს რუსეთისთვის ისტორიულად დამახასიათებელი უკიდეგანო მოთმინების გამოვლენაა და არა ის, რომ ფაშისტურ-ტერორისტული დასავლეთი იმარჯვებს.
ისე, ფაქტია, რომ რუსეთში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს; პირველ რიგში – მიდგომები და დამოკიდებულებები, როგორც საკუთარ ისტორიასთან, ასევე ყოფილ მოკავშირეებთან და დასავლეთთან. უნდა დაინგრეს ხრუშჩოვისდროინდელი სტერეოტიპები, მხილებულ იქნას სკკპ მეოცე ყრილობის ცილისმწამლებლური და სამარცხვინო გადაწყვეტილება ე.წ. პიროვნების კულტის შესახებ. მხილებული უნდა იქნას 1937 წლის დასავლური კამპანია ე.წ. პოლიტიკური რეპრესიების შესახებ. უნდა მოხდეს სტალინის პიროვნების სრული რეაბილიტაცია.
მოაცილეთ ისტორიას სიცრუე, დაუბრუნეთ მას უსამართლოდ უარყოფილი სიმართლე და მოვა გამარჯვება, რომელიც იგვიანებს. უთხარით ხალხს, რას აშენებთ, როგორ მომავალზე ხართ ორიენტირებულნი და დაუბრუნდება მას რწმენა, იმედი და ერთიანობა, რომლებიც გამარჯვების აუცილებელი პირობა და საწინდარია. ალბათ, ამის გარეშეც შეიძლება გამარჯვების მიღწევა, მაგრამ ზოგჯერ არც აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ორივე მხარეს ერთნაირად გულისამრევი პრაგმატიზმი ამოძრავებს – სრული უზნეობით, კონტრპროდუქტული ღირებულებებით, გარყვნილი ცნობიერებით, ისტორიისადმი შეფურთხებით, აწმყოსადმი ცინიზმითა და სამომავლო ნიჰილიზმით. ამ თვალსაზრისით შეკითხვები ჩნდება: რუსულმა ოცდაათწლიანმა კაპიტალიზმმა ხომ არ წაშალა ზღვარი დასავლურ და რუსულ მენტალობას შორის? გამოუსწორებელი დაღი ხომ არ დაასვა რუსულ ყოფიერებასა და ცნობიერებას? ხომ არ დააყენა საკითხი ისე, რომ სულერთია, ვინ გაიმარჯვებს, რადგან იერემია წინასწარმეტყველის წიგნში მოხსენიებულ ორ ბოროტებას დაემსგავსნენ ისინი.
პირველი ბოროტება: „ხალხმა ზურგი შეაქცია ჭეშმარიტ ღმერთს – სიცოცხლის, მშვიდობისა და მადლის ულევ სათავეს”.
მეორე ბოროტება: „ღვთის ნაცვლად მათ დაიწყეს მცდარი, ცარიელი გამოსავლის ძებნა. ეს ჰგავს გატეხილ ჭას, რომელიც წყალს ვერ იჭერს და წყურვილს ვერასდროს მოგიკლავს”.
იმედია, ასე არ არის!
ვალერი კვარაცხელია







